Facebook Twitter
№ბს-10(კ-22) 12 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ქ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2018 წლის 30 ოქტომბერს ნ. ქ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება - სხდომის ოქმი №1 - ნ. ქ-ის პროექტის უარყოფის ნაწილში; ბ) დაევალოს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის მეშვეობით, უზრუნველყოს კომისიაზე ნ. ქ-ის უშუალო მონაწილეობით „... „...“ ...“ ნ. ქ-ის პროექტის საფუძვლიანი განხილვა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. 21.12.2018წ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).

სარჩელის თანახმად, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2018 წლის 13 ივლისს გამოცხადდა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსი და დამტკიცდა კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისია. 2018 წლის 12 ოქტომბერს ნ. ქ-მა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარადგინა განაცხადი საპროექტო სახელწოდებით „... „...“ ...“. კონკურსის მე-2 ეტაპზე ნ. ქ-ის პროექტი ვერ გადავიდა, ხოლო მოსარჩელის წერილზე განემარტათ მის პროექტზე გაკეთებული შეფასებების საფუძვლიანობის თაობაზე, 2018 წლის 19 ოქტომბერს მომზადდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის პასუხი, რომლის თანახმად საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის თანახმად, ფონდი უზრუნველყოფს პროექტების შეფასებისათვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას, რომ ამავე დებულების მე-9 მუხლის თანახმად, პროექტების შეფასება ხორციელდება სამ ეტაპად, რომ პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება ,,კი’’ ,,არა’’, რომ კომისია შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების შესაბამისად და ფონდი შეფასების პროცესში არ ერევა. ფონდის 2018 წლის 19 ოქტომბრის პასუხთან ერთად ნ. ქ-ს გაეგზავნა სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტის’’ ანგარიში.

სარჩელის თანახმად, კომისიის წევრებს ნ. ქ-ის პროექტი საერთოდ არ წაუკითხავთ, რაც დასტურდება თავად კომისიის სხდომის ოქმით და ფონდის მიერ ნ. ქ-ისთვის გადაცემული ცხრილით, რომლის ორ გრაფაში - იდეის პატენტუნარიანობის და კომერციალიზაციის პოტენციალის ნაწილში ჩაწერილია ორი ,,არა’’. ფონდის კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერი ადასტურებს, რომ რაიმე საფუძვლიან განხილვას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ნ. ქ-თან დაკავშირებით რაიმე დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მიუღია. სადავო 2018 წლის 19 ოქტომბრის წერილში არ არის ნ. ქ-ის პროექტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების რაიმე არსებითი დასაბუთება, მასში ციტირებულია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების დანართი №2-ში მოცემული აღნიშვნა, რომ ,,თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება ,,კი’’ ,,არა’’, რომ ,,პროექტის კონცეფციის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელია ორივე კრიტერიუმში პროექტის კონცეფციამ მიიღოს დადებითი შეფასება’’. ანუ ფონდი აქცენტს აკეთებს ტერმინ ,,თვისებრივად’’-ზე როგორც ზედაპირულ შეფასებაზე, მაშინ როცა თავად ეს სიტყვა რისიმე სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს, რაც ფონდის კომისიას არც კი გაუკეთებია. საქართველოს მთავრობის დასახელებული დადგენილების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ნ. ქ-ის პროექტმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა ორი გადამწყვეტი კრიტერიუმის ფარგლებში: იგი არ არის ინოვაციური და პატენტუნარიანი და მას არ გააჩნია კომერციალიზაციის პოტენციალი. აღნიშნულზე მითითება გაკეთებული აქვს თავად პროექტის ავტორს ფონდში 2018 წლის 12 ოქტომბერს წარდგენილ განცხადებაში. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ’’ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციისა და ა. შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა პროექტი შეფასდება იდეის პოტენციური პატენტუნარიანობის მიხედვით და მხოლოდ დადებითი პერსპექტივის მქონე პროექტები გადავა შეფასების მეორე ეტაპზე. ნ. ქ-ის პროექტი ჯდება აღნიშნულ ნორმატიულ დანაწესში, რამდენადაც გრანტის მიღების შემთხვევაში მოხდება დანადგარის გაუმჯობესება და არსებითად გაიზრდება მისი კომერციალიზაციის პოტენციალი. ის საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი, რომ ფონდის კომისიის წევრებს ნ. ქ-ის პროექტი არ წაუკითხავთ და არ შეუსწავლიათ, დასტურდება იმითაც, რომ სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - ,,საქპატენტში’’ გამოგონებაზე ანუ სიახლეზე პატენტის მისაღებად ნ. ქ-ს განაცხადი შეტანილი ჰქონდა 2016 წლის 21 სექტემბერს, რაზეც 2017 წლის 1 სექტემბერს ,,საქპატენტის’’ მიერ გაცემულ იქნა ბრძანება №... „ნ. ქ-ის, ნ. ქ-ის სახელზე გამოგონების პატენტის გაცემის შესახებ“ და გაიცა პატენტი №..., რაც პროექტთან ერთად კანონმდებლობის მოთხოვნისამებრ წარდგენილი იყო სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, ანუ ფონდის კომისიას პროექტის განხილვის ეტაპზე ხელთ ჰქონდა უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულების გადაწყვეტილება და აღიარება, რომ ნ. ქ-ის გამოგონება იყო სიახლე, ნოვაცია და შესაბამისად, პატენტუნარიანი. აღნიშნული მტკიცებულება ფონდის კომისიის მიერ იქნა უარყოფილი და გაკეთდა აღნიშვნა პროექტის - გამოგონების პატენტუნარიანობაზე. როგორც ჩანს, ეთქვა რა პროექტს უარი არაპატენტუნარიანობის მოტივით, ფონდის კომისიამ ავტომატურ რეჟიმში ასევე უარყო გამოგონების კომერციალიზაციის პერსპექტივა. აქაც იკვეთება ფონდის კომისიის ზედაპირული დამოკიდებულება და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პირველეტაპგადალახული პროექტები თავიდანვე, წინასწარი განზრახვით თუ სხვაგვარი მოტივით იყვნენ ,,განწირული’’ წარმატებისთვის, ხოლო სხვა პროექტების, მათ შორის ნ. ქ-ის პროექტის ბედი მისი ფონდში წარდგენამდე იყო გადაწყვეტილი. საპროექტო განაცხადის კონცეფციის შესავალშივე აქცენტი გაკეთებულია მის კომერციულ დანიშნულებაზე და პერსპექტივაზე, რამდენადაც დანადგარის დანიშნულება არის აღმოჩენილი ტექნოლოგიით სათბობად განახლებადი ბიომასის და ადგილობრივი წვრილფრაქციული მყარი სათბობის გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენი ბიომასისგან ტერიტორიების განტვირთვას, გათბობისთვის ხე-ტყის ეკონომიას და ტყის გაჩეხვის შემცირებას, ასევე შეამცირებს სათბური გაზების გარემოში გამოყოფას, ანუ ერთ-ერთ მიზნად გარემოს დაბინძურებისაგან დაცვაც და გარემოზე ზრუნვაც მოიაზრება. შესაბამისად, ახალი დანადგარის ფართოდ გავრცელება და რეალიზაცია ერთმნიშვნელოვნად მის კომერციულ სარგებლიანობას ნიშნავს და არა პირიქით, როგორც ეს ფონდის კომისიის მიერ ,,არა’’-ს აღნიშვნით გაკეთდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ქ-ის პროექტი მეორე ეტაპზე გადასასვლელად აკმაყოფილებდა ორივე დადგენილ კრიტერიუმს - პატენტუნარიანობას და კომერციულ ღირებულებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება - სხდომის ოქმი №1 - ნ. ქ-ის პროექტის უარყოფის ნაწილში და დაევალა მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების - №1 სხდომის ოქმის კანონშესაბამისობის შემოწმება ნ. ქ-ის პროექტის უარყოფის ნაწილში.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით გამოცხადდა 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი და ამავე ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის პირობები ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. კონკურსში, ნ. ქ-ის მიერ წარდგენილი იქნა საპროექტო განაცხადის კონცეფცია და კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობის შესახებ განცხადება, რომლის თანახმად, პროექტის სახელწოდებაა „... „...“ ...“. აღნიშნულ პროექტს მიენიჭა სარეგისტრაციო შიფრი - ....

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართით განსაზღვრულია საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები თითოეული ეტაპისთვის, მათ შორის, დადგენილია პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები: 1) მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა) და 2) ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი. ამასთან, პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება კი/არა. პროექტის კონცეფციის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელია ორივე კრიტერიუმში პროექტის კონცეფციამ მიიღოს დადებითი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტით - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №1) ნ. ქ-ის პროექტის კონცეფციამ, სახელწოდებით „... „...“ ...“ (სარეგისტრაციო შიფრი - ...), შეფასების ორივე კრიტერიუმში - 1. მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა) და 2. ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი, მიიღო უარყოფითი შეფასება („არა“). კომისიამ მიიჩნია, რომ არ არის კარგად დასაბუთებული ინოვაციური კომპონენტი, არ განეკუთვნება გამოყენებითი კვლევების კატეგორიას.

საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის’’ 2018 წლის 17 სექტემბრის №... (...) წინასწარი ძიების ანგარიშით ირკვევა, რომ ნ. ქ-ის პროექტის ობიექტზე (დასახელება „...“) ჩატარდა კვლევა ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის და მიღებული შედეგების ანალიზი, რომელთა საფუძველზე გაიცა საქართველოს პატენტი .... ამავე ანგარიშის მიხედვით, განაცხადის წარდგენის თარიღამდე ცნობილ დოკუმენტებში აღწერილი მოწყობილობები არ მოიცავდნენ კონსტრუქციული თუ არსებითი ნიშნების იმავე ერთობლიობას, რითაც გამოხატული იყო მოცემული გამოგონების ობიექტი გამოგონების ფორმულაში გადმოცემული ნიშნების ერთობლიობით. შესაბამისად, ისინი ვერ უკარგავენ მას სიახლეს და საგამომგონებლო დონეს და აქედან გამომდინარე განსაზღვრავენ ტექნიკის ზოგად დონეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პატენტის გაცემის პირობებში, საფუძველს მოკლებული იყო კომისიის მოსაზრება მასზედ, რომ ნ. ქ-ის პროექტის კონცეფციით კარგად არ იყო დასაბუთებული ინოვაციური კომპონენტი.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მასზედ, რომ, თუკი პროექტს აქვს პატენტი, მაშინ იგი ვერ იქნება ინოვაციური. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პატენტუნარიანობის ამგვარი განმარტება არ გამომდინარეობს კონკურსის მიზნებიდან და უკვე გაცემული პატენტის არსებობა არ გამორიცხავს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის შესაძლებლობას, პირიქით, არსებული პატენტი ადასტურებს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომი განვითარებისთვის ხელშეწყობის საჭიროებას. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ნ. ქ-ის მიერ წარდგენილ პროექტს მიღებული ჰქონდა რა პატენტი, აღნიშნული მიუთითებდა გამოგონების სიახლეზე, საგამომგონებლო დონეზე და სამრეწველო გამოყენებადობაზე, რაც მოპასუხეს არ შეუფასებია.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონცეფციის შემფასებელმა კომისიამ ისე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და ზოგადად მიუთითა, რომ არ იყო კარგად დასაბუთებული ინოვაციური კომპონენტი და არ განეკუთვნებოდა გამოყენებითი კვლევების კატეგორიას, თუმცა კონკრეტულად რა გახდა კომისიის წევრების მხრიდან აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების საფუძველი პალატისათვის უცნობია, ვინაიდან გასაჩივრებული სხდომის ოქმიდან ვერ დგინდება, თუ რომელ მტკიცებულებებს დაეყრდნო კონცეფციის შემფასებელი კომისია და როგორ შეძლო დადგენილად მიეჩნია ზემოაღნიშნული გარემოებები, მით უფრო, რომ აღნიშნულის საწინააღმდეგოზე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის’’ 2018 წლის 17 სექტემბრის №... (...) წინასწარი ძიების ანგარიში. ამასთან, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას იმ გარემოების შესახებ, თუ რატომ არ გააჩნდა წარდგენილ პროექტს კომერციალიზაციის პოტენციალი, მაშინ, როდესაც საპროექტო განაცხადის კონცეფციაში პროექტის ავტორი მიუთითებდა კომერციალიზაციის მიზნით გარკვეულ ეტაპებზე, კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, პროექტის კომერციალიზაციას სჭირდებოდა მხოლოდ საწვავის მოსამზადებელი მოწყობილობების შეძენა, პირველივე წლის დასასრულს (პირველი ტრანშის მიღების შემდეგ) შესაძლებელი იქნებოდა საცეცხლე მოწყობილობის დამზადება, ხოლო მეორე წლის დასაწყისში განხორციელდებოდა პროდუქტის ფართო მასშტაბიანი დანერგვის მიზნით, მოწყობილობის მონტაჟი საჯარო სკოლაში ან საბავშვო ბაღში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას, სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა გარემოება და პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის შეფასების თითოეული კრიტერიუმი თვისებრივად არ შეფასებულა, როგორც ინოვაციურობის, ასევე კომერციალიზაციის პოტენციალის კუთხით. გარდა ამისა, არ შეფასებულა ის გარემოებები, რომლებსაც მოსარჩელე აღნიშნავდა მოცემულ საქმეზე და მოტივი თუ რატომ არ გაიზიარა ისინი ადმინისტრაციულმა ორგანომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული არ ყოფილა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებულ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების მე-3 მუხლის თანახმად: 1. გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი. 2. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისა და კომისიისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას; ე) გამარჯვებული საგრანტო პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს დადგენილი წესის შესაბამისად.

მოცემული დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროექტების შეფასება ხორციელდება სამ ეტაპად: ა) პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის შეფასება ხორციელდება კომისიის მიერ, რომელიც შედგება დარგობრივი ექსპერტებისაგან, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესის, სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) და ფონდის წარმომადგენლებისგან; კომისია შეფასებას ახორციელებს ამ დადგენილების დანართ №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად; აღნიშნული დანართი №2-ის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექპერტთა მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება კი/არა. პროექტის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელია ორივე კრიტერიუმში პროექტის კონცეფციამ მიიღოს დადებითი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის პროექტთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაკეთებულ იქნა შეფასებები დადგენილების დანართის შესაბამისად, კერძოდ, 1. მეცნიერება და ინოვაცია - არა. 2. ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი - არა. შესაბამისად, მოსარჩელის პროექტი ვერ გადავიდა კონკურსის მეორე ეტაპზე. ყურადღება გასამახვილებელია იმ გარემოებაზე, რომ პროექტს ორივე კრიტერიუმში უნდა მიეღო დადებითი შეფასება. სასამართლომ სადავო აქტი ბათილად ცნო მხოლოდ ერთ კრიტერიუმთან მიმართებით, კერძოდ, მეცნიერებისა და ინოვაციურობის მიმართულებით, რადგან პროექტს მიღებული ჰქონდა პატენტი. თუმცა, მან საერთოდ არაფერი მიუთითა მეორე კრიტერიუმზე - ტექნოლოგიურ ტრანსფერსა და კომერციალიზაციის პოტენციალზე. შესაბამისად, თუ ჩავთვლით, რომ პროექტი პირველ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, ის მაინც ვერ გადავიდოდა მეორე ეტაპზე, რადგან მეორე კრიტერიუმში მიიღო უარყოფითი შეფასება და სასამართლომ საქმის დამატებით გამოკვლევასთან მიმართებით ვერ მიუთითა მოპასუხეს, თუ რა გარემოებები გამოეკვლია მეორე კრიტერიუმთან დაკავშირებით. ამდენად, გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით იმგვარი შედეგი დგება, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მაინც ვერ იქნება მიღწეული - პროექტი ვერ გადავა მეორე ეტაპზე, ვინაიდან საუკეთესო შემთხვევაში მას ექნება ერთი კი და ერთი არა.
კასატორის განმარტებით, პროექტის შეფასების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებულ „საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების“ (დანართი №2) პირველი პუნქტის თანახმად, მეცნიერებისა და ინოვაციის კრიტერიუმში შედის ასევე იდეის პატენტუნარიანობა. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ პროექტში მოცემულ იდეამ შესაძლოა მომავალში მოიპოვოს პატენტი. თუკი პროექტს უკვე აქვს პატენტი, მაშინ იგი ამ კონკურსის მიზნებთან შეუსაბამოა, კერძოდ, ზემოაღნიშნული დებულების მე-2 პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია ხელი შეუწყოს გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას. შესაბამისად, ამ კონკურსის მიზანია მისი მეშვეობით გამოვლინდეს იდეები, რომლებმაც მომავალში განვითარების შედეგად შესაძლოა მიიღონ პატენტი (სიტყვა პატენტუნარიანი და არა პატენტის მქონე). თუკი დავუშვებდით, რომ აღნიშნულში მოიაზრება პატენტის მქონე პროექტი, მისი კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ინოვაცია სახეზე აღარ გვექნებოდა, რადგან იგი ერთ დროს ნამდვილად იყო ინოვაციური და იმიტომაც მიიღო პატენტი. შესაბამისად, პატენტის მიღების შემდგომ იდეამ სხვა რას უნდა მიაღწიოს. ამდენად, კომისიამ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის პროექტი ვერ იქნებოდა სიახლე - ვერ საბუთდებოდა მისი ინოვაციურობა.

კასატორის განმარტებით, პროექტის დასაბუთების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი არ საჭიროებს დასაბუთებას, თუ კანონი ითვალისწინებს მისი დასაბუთების გარეშე გამოცემის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებულ საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმების (დანართი 2) პირველი პუნქტის თანახმად, პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექპერტთა მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება კი/არა. პროექტის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელია ორივე კრიტერიუმში პროექტის კონცეფციამ მიიღოს დადებითი შეფასება. მოცემული ნორმატიული აქტი მოპასუხეს შესაძლებლობას აძლევდა თუნდაც დასაბუთების გარეშე შეეფასებინა პროექტი კი/არა პასუხებით. აღნიშნული განპირობებულია საკითხის თავისებურებებით და ამ ეტაპზე მისი სიახლისა და კომერციალიზაციის უნარის დასაბუთება არ მოითხოვება. თუმცა, მოპასუხემ საკმარისი დასაბუთება მაინც მიუთითა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.

კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილებაში არაა მითითებული სახეზე დამდგარი შედეგის აღსრულების ბერკეტი/შესაძლებლობა. აღნიშნული პროექტი დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოყოფილი გრანტი ათვისებულია, სამუშაო შესრულებულია და პროექტი დახურულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე, არ არსებობს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სარჩელის აღსრულების მექანიზმები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით გამოცხადდა 2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი (შემდგომში - კონკურსი); ამავე ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის პირობები ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის საპროექტო განაცხადის კონცეფციის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად; დამტკიცდა გამოგონების გახსნის ფორმა ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განაცხადის ფორმა ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად; დამტკიცდა კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ფორმა ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის საპროექტო წინადადების ფორმა ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად; დამტკიცდა პროექტის ძირითადი პერსონალის პროფესიული ბიოგრაფიის (CV) ფორმა ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად; დამტკიცდა პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის ფორმა ამ ბრძანების დანართი №8-ის შესაბამისად; დამტკიცდა პროექტის განხორციელების ბიუჯეტის და ბიუჯეტის დასაბუთების ფორმა ამ ბრძანების დანართი №9-ის შესაბამისად; დამტკიცდა თანადაფინანსების შესახებ ცნობის ფორმა ამ ბრძანების დანართი №10-ის შესაბამისად; დამტკიცდა სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ თანხმობის წერილის ფორმა ამ ბრძანების დანართი №11-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეობის შესახებ განცხადების ფორმა ამ ბრძანების დანართი №12-ის შესაბამისად; დამტკიცდა კონკურსის საგრანტო პროექტების საბიუჯეტო ხარჯების კლასიფიკაცია ამ ბრძანების დანართი №14-ის შესაბამისად (ტ.1. ს.ფ. 117-157); ბ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 19 ივლისის №103, 2018 წლის 9 ოქტომბრის №136 და 2018 წლის 11 ოქტომბრის №147 და 2018 წლის 26 ოქტომბრის №159 ბრძანებებით ცვლილებები შევიდა „2018 წლის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის გამოცხადების, კონკურსის პირობებისა და საკონკურსო განაცხადების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებაში და ბრძანების დანართი №1 დამტკიცებულ კონკურსის პირობებში (ტ.1. ს.ფ. 158-172); გ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №134 ბრძანებით შეიქმნა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისია. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ კომისია აფასებს „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების“ 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციას „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილების დანართი №2 პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (ტ.1. ს.ფ. 173); დ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 13 ივლისის №99 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში, ნ. ქ-ის (პროექტის ხელმძღვანელი) მიერ წარდგენილ იქნა საპროექტო განაცხადის კონცეფცია და კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილეობის შესახებ განცხადება, რომლის თანახმად, პროექტის სახელწოდებაა „... „...“ ...“. აღნიშნულ პროექტს მიენიჭა სარეგისტრაციო შიფრი - ... (ტ.1. ს.ფ. 180-183); ე) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №1) ნ. ქ-ის პროექტის კონცეფციამ, სახელწოდებით „... „...“ ...“ (სარეგისტრაციო შიფრი - ...), შეფასების ორივე კრიტერიუმში (1. მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა); 2. ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი.) უარყოფითი შეფასება („არა“) მიიღო. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არის კარგად დასაბუთებული ინოვაციური კომპონენტი, არ განეკუთვნება გამოყენებითი კვლევების კატეგორიას; ვ) სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის’’ 2018 წლის 17 სექტემბრის №... (...) წინასწარი ძიების ანგარიშის თანახმად, ნ. ქ-ის პროექტის ობიექტზე (დასახელება „...“) 2016 წლის 21 სექტემბერს წარდგენილი იყო განაცხადი გამოგონებაზე პატენტის მისაღებად, რომელზეც ჩატარდა კვლევა ტექნიკის დონის განსაზღვრისათვის და მიღებული შედეგების ანალიზი, რომელთა საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით გაიცა საქართველოს პატენტი .... ამავე დასკვნის შესაბამისად, განაცხადის წარდგენის თარიღამდე ცნობილ დოკუმენტებში აღწერილი მოწყობილობები არ მოიცავდნენ კონსტრუქციული თუ არსებითი ნიშნების იმავე ერთობლიობას რითაც გამოხატული იყო მოცემული გამოგონების ობიექტი გამოგონების ფორმულაში გადმოცემული ნიშნების ერთობლიობით, შესაბამისად, ისინი ვერ უკარგავენ მას სიახლეს და საგამომგონებლო დონეს და აქედან გამომდინარე განსაზღვრავენ ტექნიკის ზოგად დონეს (ტ.1. ს.ფ. 83, 193-194); ზ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 19 ოქტომბრის №MES 1 18 01351634 წერილით ნ. ქ-ს ეცნობა, რომ „კომისია შეფასებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება კი/არა. პროექტის კონცეფციის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელია ორივე კრიტერიუმში პროექტის კონცეფციამ მიიღოს დადებითი შეფასება“ (ტ.1. ს.ფ. 196); თ) სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის 21 დეკემბრის №MES 2 18 01643785 წერილით ნ. ქ-ს ეცნობა, რომ ფონდს არ მოეპოვება ინფორმაცია კონკურსში მონაწილე პროექტი ფლობს თუ არა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის მიერ გაცემულ პატენტს. ამავე წერილის თანახმად, კონკურსის პროგრამისა და პირობების თანახმად, კონკურსის პირველი ეტაპისათვის პროექტის ხელმძღვანელს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად უნდა გაეკეთებინა წინასწარი ძიების განაცხადი საქპატენტში, რათა შეფასებულიყო პროექტით გათვალისწინებული კვლევის კონცეფციის საგამომგონებლო დონე და პატენტუნარიანობა, რაც აისახა კონკურსის პირველი ეტაპის შეფასებაში (ტ.1. ს.ფ. 230).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62 ბრძანებით დამტკიცებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად ფონდი არის „მეცნიერების ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად ფონდი მიზანია: ა) საქართველოში მეცნიერებასა და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა საგრანტო და მინისტრის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებით, აგრეთვე ბილატერალური საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამული დაფინანსებით. ბ) გამორჩეული, საუკეთესო ხარისხის აკადემიური კვლევების მხარდაჭერა; გ) სამეცნიერო-კვლევითი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება; დ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა, მათი კვლევებისა და საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციის წახალისებით; ე) საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაცია; ვ) მეცნიერების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ზ) საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის შეფასება და განვითარება; თ) ფონდის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №85 დადგენილებით დამტკიცებულია დებულება „გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ეს დებულება აწესრიგებს კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების განხორციელების მონიტორინგის წესს. დებულების მე-2 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია არის კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციისა და მე-3 ეტაპზე პროექტის პრეზენტაციის შეფასებისა და გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით შექმნილი კომისიები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 სექტემბრის №134 ბრძანებით შეიქმნა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2018 წლის საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისია.

დებულების მე-7 მუხლის თანახმად კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის ფონდში წარდგენა; გ) კომისიის მიერ ფონდში წარდგენილი პროექტის კონცეფციების შეფასება; დ) კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეული პროექტის კონცეფციების ავტორთა მიერ სრული პროექტების წარდგენა ფონდში; ე) მეორე ეტაპზე გადასული პროექტების შეფასება დამოუკიდებელ ექსპერტთა მეშვეობით; ვ) კონკურსის მე-3 ეტაპზე გადასული პროექტების პრეზენტაცია კომისიის წინაშე და გამარჯვებულების გამოვლენა; ზ) დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიების დამტკიცება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.

დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად პროექტების შეფასება ხორციელდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე პროექტის კონცეფციის შეფასება ხორციელდება კომისიის მიერ, რომელიც შედგება დარგობრივი ექსპერტებისაგან, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) და ფონდის წარმომადგენლებისგან; კომისია შეფასებას ახორციელებს ამ დადგენილების დანართ №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროექტების შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;

დანართი №2-ის პირველი პუნქტის მიხედვით პირველ ეტაპზე დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ პროექტის კონცეფციის განხილვისას თითოეული კრიტერიუმის შეფასება ხორციელდება თვისებრივად, იწერება კი/არა. პროექტის კონცეფციის მეორე ეტაპზე გადასვლისთვის აუცილებელია ორივე კრიტერიუმში პროექტის კონცეფციამ მიიღოს დადებითი შეფასება.

ამავე მუხლის შესაბამისად პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის კრიტერიუმები არის: ა) მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა); ბ) ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე მხოლოდ იდეის პატენტუნარიანობა საკმარისი არ არის პროექტის მეორე ეტაპზე გადასასვლელად და ეს კრიტერიუმი მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელია მეცნიერებისა და ინოვაციის ნაწილის. შესაბამისად პროექტმა ერთდროულად დადებითი შეფასება უნდა დაიმსახუროს მეცნიერების, ინოვაციის, ტექნოლოგიის და კომერციალიზაციის პოტენციალის თვალსაზრისით.

მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს რა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, ასევე საქართველოს საპატენტო კანონის მე-12 მუხლის 1-6 პუნქტებზე განმარტეს, რომ საკონკურსო კომისიის მიერ პროექტის შეფასება ხორციელდება იდეის პოტენციური პატენტუნარიანობის მიხედვით, ხოლო მოცემულ შემთხვევაში ნ. ქ-ის მიერ წარდგენილ პროექტს მიღებული ჰქონდა პატენტი, რაც მიუთითებს გამოგონების სიახლეზე, საგამომგონებლო დონეზე და სამრეწველო გამოყენებადობაზე.

საქართველოს კანონის ,,საქართველოს საპატენტო კანონის’’ მე-12 მუხლის შესაბამისად (1) გამოგონება პატენტუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას; (2) გამოგონებას აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით; (3) გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის პრიორიტეტის თარიღისთვის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან; (4) გამოგონება სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი დამზადება ან მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში გამოყენება; (5) ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით; (6) სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრულის გარდა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი იმ განაცხადთან შედარებით, რომლის სიახლეც დგინდება, და ისინი გამოქვეყნდა განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ; (7) საგამომგონებლო დონის დადგენისას ტექნიკის დონეს არ მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის მისაღებად შეტანილ განაცხადებში მითითებული მონაცემები, რომლებიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზანი მოახდინოს გამორჩეული, საუკეთესო ხარისხის აკადემიური კვლევების მხარდაჭერა, უზრუნველყოს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის შეფასება და განვითარება, მიიღწევა კონკურსის ჩატარების გზით. საყურადღებოა, რომ საკონკურსო კომისია შედგება დარგობრივი ექსპერტებისაგან, „კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 თებერვლის №32 დადგენილებით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესის, სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) და ფონდის წარმომადგენლებისგან. ამდენად, ყველა გადაწყვეტილება, რაც უკავშირდება პროექტის შესაბამისობას მეცნიერების, ინოვაციის, ტექნოლოგიის და კომერციალიზაციის პოტენციალის თვალსაზრისით, მიიღება დარგის შესაბამისი სპეციალისტების მიერ. ამიტომ, მხოლოდ ის გარემოება, რომ პროექტს აქვს პატენტი და აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონეს, სამრეწველო გამოყენებადობას, არ გულისხმობს, რომ კომისიის მიერ აღარ უნდა მოხდეს მისი შეფასება და ასეთი პროექტი ავტომატურად უნდა გადავიდეს კონკურსის მომდევნო ეტაპზე. სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ იდეის პატენტუნარიანობა მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელია მეცნიერებისა და ინოვაციის ნაწილის. ამასთან, სამრეწველო გამოყენებადობა არ შეიძლება უპირობოდ მიჩნეული იქნას ტექნოლოგიის ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის წინაპირობად. ეს გარემოებები, კომისიის შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც გაითვალისწინება პროდუქტზე ადგილობრივ და/ან საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნის არსებობა, რომელიც პასუხობს ახალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას (გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს (ყველა პროექტი შეფასდება იდეის პოტენციური პატენტუნარიანობის მიხედვით და მხოლოდ დადებითი პერსპექტივის მქონე პროექტები გადავა შეფასების მეორე ეტაპზე), საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ დასახელებული პუნქტი არ გამოიყენება პროექტის შეფასებისათვის კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად, რასაც ცხადყოფს დებულების №2 დანართის მოთხოვნები და ზემოდასახელებული მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა პროექტის განხორციელების შედეგად პროტოტიპის, ნიმუშის, პროგრამული უზრუნველყოფის (software) ან ტექნოლოგიის შექმნა. აგრეთვე მნიშვნელოვანია კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროექტების გამოვლენა და კვლევის შედეგად სამრეწველო ნიმუშის/პროტოტიპის სახით ახალი/გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, მასალების, სამკურნალო საშუალების, მოწყობილობის, კონსტრუქციისა და ა. შ. შექმნა და შესაბამისი ტექნოლოგიის შემუშავება/სრულყოფა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კონკურსის პირველ ეტაპზე პროექტების კონცეფციის შემფასებელი კომისიის 2018 წლის 26 სექტემბრის საოქმო გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №1) ნ. ქ-ის პროექტის კონცეფციამ, სახელწოდებით „... „...“ ...“ (სარეგისტრაციო შიფრი - ...), შეფასების ორივე კრიტერიუმში (1. მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა); 2. ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი.) უარყოფითი შეფასება („არა“) მიიღო. კომისიამ მიიჩნია, რომ არ არის კარგად დასაბუთებული ინოვაციური კომპონენტი, არ განეკუთვნება გამოყენებითი კვლევების კატეგორიას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პროექტების კონცეფციის კრიტერიუმები კონკურსის პირველ ეტაპზე იყო: ა) მეცნიერება და ინოვაცია (მათ შორის იდეის პატენტუნარიანობა); ბ) ტექნოლოგიის ტრანსფერი და კომერციალიზაციის პოტენციალი. ანუ გარდა ობიექტური ფაქტორებისა, პროექტის შეფასების კონკრეტული კომპონენტები იძლეოდა სუბიექტური შეფასების შესაძლებლობასაც, თუმცა მათი გადაწყვეტა ხდებოდა დარგის შესაბამისი სპეციალისტების მიერ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ამოწმებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ კანონიერებას და არა მიზანშეწონილობას. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოცემის სუბიექტური საფუძვლები და მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა კომისიის დისკრეციის სფეროს შეადგენს და მასში სასამართლო ვერ ჩაერევა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ პროექტს ჰქონდა პატენტი არ ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლებოდა უარყოფითად შეფასებულიყო დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მეცნიერების, ინოვაციის, ტექნოლოგიის ტრანსფერის და კომერციალიზაციის პოტენციალის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში მითითებულ დასკვნებს და განმარტებებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით და კვლავაც იზიარებს, რომ დისკრეცია არ წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისაგან თავისუფალ სივრცეს (სუსგ 11.04.12წ. საქმე №ბს-1655-1627 (კ-11), 20.10.10წ. საქმე №ბს-342-331 (კ-10)), ადმინისტრაციული ორგანოს მიხედულება უკიდეგანო არ არის და მის ფარგლებში თვითნებობის, დისკრიმინაციის, დისკრეციული უფლებამოსილების გადაჭარბების ან არამიზნობრივი გამოყენების გამოვლენა დაუშვებელია, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანასწორობის ან კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, დისკრეციული უფლებამოსილება სამართლებრივად შებოჭილი თავისუფლებაა. დისკრეციული უფლებამოსილების ცნებისათვის იმანენტურია მისი სამართლებრივი ბოჭვა, რაც სასამართლო კონტროლის პირობებშია შესაძლებელი (იხ. სუსგ 07/03/2019 საქმე №ბს-797(კ-18)).

რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკონკურსო კომისიის საქმიანობაში არ ვლინდება კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები და კომისიის გადაწყვეტილება არ არის მიღებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, ასევე არ დასტურდება შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა კრიტერიუმის გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება ჰქონდა, რისი დარღვევაც საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს, კერძოდ, ექსპერტთა მიერ კონკურსანტის პროექტის შეფასება განხორციელდა ზემოაღნიშნული წესით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, რაც საფუძვლად დაედო სადავო გადაწყვეტილებას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების შესახებ და განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში არამართებულია სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, ვინაიდან აღნიშნული მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სადავო აქტი მიიღო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ნ. ქ-ს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო სასამართლოში გადახდილი 150 ლარის და საკასაციო სასამართლოში გადახდილი 300 ლარის (სულ 450 ლარის) ანაზღაურება, ხოლო ნ. ქ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელე ნ. ქ-ს დაეკისროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 450 ლარის (150 ლარი და 300 ლარი) ანაზღაურება;
5. ნ. ქ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: ქ. ცინცაძე


თ. ოქროპირიძე