საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-148(კ-22) 28 სექტემბერი, 2022 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ. ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2019 წლის 10 დეკემბერს ბ. ქ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, არის აფხაზეთიდან დევნილი, ჰყავს მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. დევნილობიდან დღემდე არ გააჩნია საცხოვრებელი სახლი. 2019 წელს მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №04-1905/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №04-1905/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელე ბ. ქ-ას ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №04-1905/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. ქ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320-ე ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №6) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც, მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს, რაც არასწორია, ვინაიდან, სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომლის განსახლებაც გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროებაა. მონიტორინგის ოქმის თანახმად, მოსარჩელე 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ბებიის საკუთრებაში არსებულ სახლში. კომისიამ მიიჩნია, რომ ბ. ქ-ას ოჯახი გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა ბებიის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრების გამო. იგი შეუზღუდავად, ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი დამაბრკოლებელი გარემოების გარეშე სარგებლობს აღნიშნული საცხოვრებლით. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დააგროვა 7.5 ქულა ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო მოსარჩელისათვის ამ ეტაპზე საცხოვრებლის გამოყოფის თაობაზე უარის თქმა იყო კანონიერი და დასაბუთებული, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით. მართალია მოსარჩელემ პირველ ინსტანციაში გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ბინის მესაკუთრესთან - ბებიასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და მას სურს, რომ მოსარჩელემ ბავშვებთან ერთად სახლი დატოვოს, თუმცა მას არცერთი ინსტანციის სასამართლოსთვის ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გაითვალისწინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №04-1905/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ბ. ქ-ას ოჯახისათვის, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.
ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ. ქ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა: აფხაზეთი, ხოლო ამჟამად მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, სამგორის რაიონი, ..., ... კვარტ., მე-3 კორპ., ბინა ..., სადაც ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
დადგენილია, რომ ბ. ქ-ას ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი და მათი ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ოჯახი პერიოდულად ცხოვრობს ბებიის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, თუმცა მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და მოსარჩელე ხშირად ფიქსირდება ოჯახთან ერთად სხვადასხვა მისამართზე.
ბ. ქ-ას განაცხადის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეაფასა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 7,5 ქულა (დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავთან/ახლობელთან - 1,5 ქულა; დევნილი ოჯახის არასრულწლოვანი 4 წევრი - 3 ქულა; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრაცია - 3 ქულა).
ბ. ქ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ბ. ქ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი ოჯახის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ბებიის სახლში ცხოვრების გამო. ამავე სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატის განმარტებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა (7.5) საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს ჰყავს 6 სულიანი ოჯახი, რომელსაც სტაბილურად ერთი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია.
ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუსგ Nბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; Nბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; Nბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).
სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის N04-1905/ო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე