Facebook Twitter

ბს-778 (კ-22) 29 სექტემბერი, 2022წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 24.01.2022წ. სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის გ. შ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჯარიმის - 28 000 ლარის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.

გორის რაიონული სასამართლოს 01.03.2022წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გ. შ-ას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით დაეკისრა 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2022წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 01.03.2022წ. გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა გ. შ-ას მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. შ-ას შორის 20.06.2017წ. გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.06.2009წ. N421 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი №1235 „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც გ. შ-ამ აიღო ვალდებულება შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახური გაეგრძელებინა ათი წლის ვადით სამხედრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ. აღნიშნული ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის, სამხედრო მოსამსახურეს ეკისრებოდა ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2021წ. ბრძანებით გ. შ-ა დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში და დადგენილი წესით, რაც კრედიტორს ანიჭებს პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მოთხოვნის უფლებას, თუმცა ამავდროულად, სააპელაციო სასამართლო ადასტურებს, რომ ვალდებულების სახის და დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ექვემდებარება შემცირებას. პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის გაფორმებული კონტრაქტი არ შეიცავს საფუძვლების დიფერენცირებას და პირგასამტეხლო 28 000 ლარის ოდენობით ერთიანია იმ პირობის მიუხედავად, როგორია ბრალის სიმძიმე და საფუძველი. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ პირობებში ჯარიმის 28 000 ლარით განსაზღვრა უკიდურესად მძიმეა, კაბალურ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და სრულად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე. სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით. აპელანტის მითითება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.06.09წ. N421 ბრძანებაზე არ ქმნის სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს, რადგან დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა უფრო მაღალი იერარქიის მქონე საკანონმდებლო აქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიუთითებს, რომ სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ, გ. შ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.06.2009წ. N421 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილებით დამტკიცებულ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-18 თავის მე-4 პუნქტით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურის მიერ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ფინანსური პასუხისმგებლობის სახეები: ჯარიმა, პირგასამტეხლო ან/და სწავლებაზე დახარჯული თანხების საკომპენსაციო თანხები, რომელთა გადახდის ვალდებულება სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის პირობების დარღვევის შემთხვევაში წარმოექმნება.

კასატორის მოსაზრებით, თავდაცვის მინისტრის 10.06.2009წ. N421 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული აანაზღაუროს ჯარიმა 28 000 ლარის ოდენობით, რადგან აღნიშნული ბრძანება დღემდე იურიდიული ძალის მქონე მრავალჯერადად შესასრულებელი აქტია და მითითებული ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის ფორმა უფორმდება ათასობით სამხედრო მოსამსახურეს. კასატორის მითითებით, სასამართლო პრაქტიკა ერთმანეთისაგან განასხვავებს სახელშეკრულებო და კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას). სახელშეკრულებო პირგასამტეხლო განისაზღვრება მხარეთა მიერ და შესაბამისად მისი ოდენობა, გამოთვლის წესი მხოლოდ მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარეობს, ხოლო რაც შეეხება კანონის შესაბამისად განსაზღვრულ პირგასამტეხლოს (ჯარიმას), იგი ექვემდებარება გამოყენებას იმის მიუხედავად, გათვალისწინებულია თუ არა მისი გადახდა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლო (ჯარიმა) განსაზღვრულია იმპერატიული ნორმით, მაშინ ის ექვემდებარება აუცილებელ გამოყენებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფორმა და განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა მოწესრიგებულია კანონის და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს (ჯარიმის) შემცირება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენს მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებულ პირობას, არამედ დადგენილია კანონისმიერი საფუძვლით.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხეს აყენებს უპირატეს მდგომარეობაში იმ ასობით სამხედრო მოსამსახურის მიმართ, ვისაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების საფუძველზე, უკვე დაკისრებული აქვთ იმავე სახის კონტრაქტის დარღვევისათვის ჯარიმის 28 000 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 20.06.2017წ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. შ-ას შორის დაიდო ხელშეკრულება, კონტრაქტი №1235 „ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი/წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. 08.07.2021წ. გ. შ-ამ პატაკით მიმართა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორს თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის მოთხოვნით, შემდგომი სამხედრო სამსახურის გაგრძელების სურვილის არქონის გამო. ამავე პატაკით განიმარტა, რომ გ. შ-ას თავდაცვის ძალებიდან წასვლის მიზეზი გამოწვეულია სამოქალაქო სასწავლებელში სწავლის გაგრძელების სურვილით და სხვა რაიმე პრეტენზია ხელმძღვანელობასთან არ გააჩნია, ამასთანავე, მისთვის ცნობილი იყო კონტრაქტის პირობების დარღვევის შედეგები. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.2021წ. №MOD 6 21 00001576 ბრძანებით გ. შ-ა დათხოვნილ იქნა საკონტარქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურიდან. 16.09.2019წ. №3123/19 კონტრაქტის 7.3 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემია სწავლის ნებისმიერ საფეხურზე გამორიცხავს სასწავლებლიდან ,,სამხედრო მოსამსახურეს" ამ ,,სამხედრო მოსამსახურის" ბრალით (მათ შორის არასათანადო დონეზე სწავლა და სასწავლებლის ისეთი წესების ბრალეულად დარღვევა, რომელიც იწვევს სასწავლებლიდან გამორიცხვას), აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ ,,სამხედრო მოსამსახურე" ვადამდე იქნა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე" უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს ,,სამინისტროს" 28 000 ლარის ოდენობით ჯარიმა და სამინისტროს მიერ მისი სწალის პერიოდში მგზავრობაზე (საქართველო - აშშ, აშშ - საქართველო) გახარჯული თანხა. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 23.08.2021წ. №MOD 7 21 00844437 ცნობით დასტურდება, რომ გ. შ-ას ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 4 წელს, 1 თვესა და 1 დღეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას წარმოადგენს, ის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა (კოდექსის 417-ე მუხ.), რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (კოდექსის 418-ე მუხ.).

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას გ. შ-ასათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს კანონით განსაზღვრულ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების შეუძლებლობის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც კანონის ძალის მქონე სამართლებრივი აქტით არის დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მისი წარმოშობის საფუძვლებს ენიჭება (კანონმდებლის მიერ თუ მხარეთა შეთანხმებით). ამასთან, მართალია, სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობის პირობებში, სასამართლოს მიერ მისი შემცირების შესაძლებლობას განსაზღვრავს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით და ვერ იქნება გამოყენებული კანონისმიერი პირგასამტეხლოს მიმართ, რადგან ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს (იხ. სუს 02.02.2015წ. №ას-1171-1116-2014 განჩინება; სუს 24.03.2014წ. №ას-1284-1226-2013 განჩინება). ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ "სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართვლოს მთავრობის 18.03.2014წ. N238 დადგენილება, კონტრაქტით პირობების დარღვევის შემთხვევაში, განსაზღვრავს ფინანსურ პასუხისმგებლობას კონკრეტული თანხის ოდენობის მითითების გარეშე, რაც ვერ გამორიცხავს სკ-ის 420-ე მუხლით დადგენილ სასამართლოს უფლებამოსილებას - საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. შ-ას შორის 20.06.2017წ. გაფორებული კონტრაქტი, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა. ამდენად, გ. შ-ას მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო, მისი წარმოშობის საფუძვლიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ხასიათისაა.

საკასაციო საამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს პირგასამტეხლო, თუკი არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ გ. შ-ა, ამერიკის შეერთებული შტატაბის სამხედრო აკადემიაში სასწავლებლად წასვლამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 19.06.2017წ. ბრძანებით ჩარიცხული იყო სსიპ დავით აღმშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მსმენელად და მინიჭებული ჰქონდა "...ის" წოდება. გ. შ-ამ პირნათლად შეასრულა აშშ-ის სამხედრო სასწავლებელში სწავლის 4 წლიანი ვალდებულება. გ. შ-ამ 20.06.2017წ. გაფორმებული კონტრაქატი შეწყვიტა პირადი პატაკის საფუძველზე. კონტრაქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, გ. შ-ას მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გონივრულ ფარგლებში - 2 000 ლარამდე შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.05.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი