ბს-176(კ-22) 29 სექტემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. შ-ამ 27.11.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 19.11.2019წ. N04-1942/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.12.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2020წ. გადაწყვეტილებით მ. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. შ-ას მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილებით მ. შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.09.2020წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.11.2019წ. №04–1942/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. შ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, სოხუმი, ...ას ქ. N3. მ. შ-ამ 18.01.1996წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ. თბილისი, ...ის II მ/რ, კორპ. N33, ბინა N64, ხოლო 13.03.2001წ. ჩუქების ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული ბინა მ. შ-ამ აჩუქა შვილს - მ. შ-ას. საქმეში დაცული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 19.11.2019წ. წერილის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით მ. შ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მოსარჩელე მ. შ-ას განაცხადში მითითებული ჰყავს: 1) მეუღლე, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ე. შ-ა, დაბ. ... წელს, ომის ვეტერანი, პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ); 2) შვილი, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი ვ. შ-ა, დაბ. ... წელს; 3) შვილიშვილი, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი კ. შ-ა, დაბ. ... წ; 4) რძალი - ლ. ქ-ა, დაბ. ... წელს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 04.12.2019წ. დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მ. შ-ას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მიენიჭა 7 ქულა. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო არ არის, რომ მ. შ-ას დევნილი ოჯახი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 19.11.2019წ. №04–1942/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) მ. შ-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 13.03.2001წ. შვილზე - მ. შ-აზე გასხვისებულ, საცხოვრებელ სახლში ცხოვრება - უპირობოდ არ გულისხმობს, რომ სადავო შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელის, მ. შ-ას დევნილი ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება, ამასთან, ის გარემოება რომ მოსარჩელემ, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ განაცხადის გაკეთებამდე, 18 წლით ადრე, შვილზე გაასხვისა (გააჩუქა) მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა და ამავდროულად გააგრძელა ამავე საცხოვრებელ ფართში ცხოვრება არ წარმოადგენს დარღვევას და შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონისა და სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამის ნორმებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელის სასწრაფოდ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საჭიროების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან მ. შ-ა ცხოვრობს შვილის სახელზე გასხვისებულ სახლში. მონიტორინგის მასალების თანახმად, მოსარჩელე 1996 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს ...ის მე-2 მ/რ რაიონში, კორპ. N33, ბინა N64-ში, რომელიც გასხვისებული აქვს მის შვილზე - მ. შ-აზე. მონიტორინგის მასალები, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა. მოსარჩელის ოჯახი შეუფერხებლად, 1996 წლიდან სარგებლობს შვილზე გასხვისებული საცხოვრებელი ბინით. კასატორი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამის მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდენენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მონიტორინგის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს თავის საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული აქვს მცდარი ინფორმაცია. საცხოვრებლის სწრაფად ან რამდენიმე საცხოვრებლის მიღების მოტივით დევნილთა ოჯახები მიმართავენ სხვადასხვა ხერხს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დევნილი ოჯახები, რომლებიც ელოდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფას და რომელთაც დიდი სურვილი აქვთ სწრაფად მიიღონ ბინა, ასხვისებენ ბინებს, ასევე ქირაობენ ბინებს. ხშირია ოჯახების ხელოვნურად გაყოფის მცდელობებიც. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად. ის ფქატი, რომ ოჯახი დასაკმაყოფილებელია სახელმწიფოსგან საცხოვრებლით, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა მათ ამ შემთხვევაში აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდნონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით მიიღონ საცხოვრებელი ფართი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელე მ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. №39 სხდომის ოქმის თანახმად, სამოთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მ. შ-ას ოჯახს, რომელიც შეფასებულია 7 ქულით. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა შვილზე გასხვისებულ სახლში ცხოვრების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.11.2019წ. №04-1942/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 10.10.2019წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) მ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეზე დადგენილია, რომ მ. შ-ა ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის II მ/რ, კორპ. N33, ბინა N64-ში, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას. 13.03.2001წ. დადებული ჩუქების ხელშეკრულებით, მან აღნიშნული ბინა აჩუქა შვილს - მ. შ-ას. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებულ განაცხადში მ. შ-ას მითითებული არ ჰყავს შვილი - მ. შ-ა. საჯარო რეესტრის 19.11.2019წ. წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული მონაცემებით მ. შ-ას საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით) 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს შვილზე გასხვისებულ ბინაში, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). უფრო მეტიც, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 7 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე ცხოვრებას. ამასთანავე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა საცხოვრებელთან დაკავშირებით მითითებული მცდარი ინფორმაცია, აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ მ. და მ. შ-ებს შორის ჩუქების ხელშეკრულება დადებულია 13.03.2001წ, ხოლო სადავო ბრძანება საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულია 19.11.2019წ., შესაბამისად საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება მოცემულ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის სწრაფად მიღების მოტივით ბინის გასხვისების თაობაზე. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში დაცულ ქირავნობის ხელშკრულებაზე, რომლის მიხედვითაც მ. შ-ამ 22.08.2020წ. შ. ტ-ასგან სამი თვით იქირავა 96 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და გადაიხადა პირველი და ბოლო თვის ქირავნობის საფასური (ს.ფ. 262-264).
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. შ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.11.2021წ. გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი