Facebook Twitter

საქმე #ბს-217(კ-22) 22 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 29 ნოემბერს შპს „ვ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, შპს „ვ...ს“ საკუთრებაში აქვს ...ში, სოფელ ...ს მიმართულებით გამავალი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელიც გამიჯნული და განცალკევებულია სხვა სუბიექტის საკუთრებაში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელისგან. შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელით მარაგდება მის არეალში მოქცეული ყველა მომხმარებელი.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2008 წელს შპს „ვ...მა“ ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელი შეიძინა შპს „მ...საგან“, რომელიც 2004 წლიდან წარმოადგენდა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტს და უშუალოდ ახდენდა ბუნებრივი გაზის მიწოდებასა და მომხმარებლებზე განაწილებას. შპს „მ...“ და შპს „ვ...ი“ (შპს „მ...საგან“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის შეძენის შემდგომ) განუხრელად იცავდნენ კანონმდებლობის მოთხოვნებსა და ლიცენზიის პირობებს. დასახელებულ სუბიექტებს არასდროს მიუღიათ შენიშვნა ან/და გაფრთხილება, მათ შორის, ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა და მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოსაგან.

მოსარჩელის მითითებით, 2008 წელს შპს „ვ...მა“ მის საკუთრებაში არსებული უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი იჯარით გადასცა შპს „ბ...ს“. ქსელი იდეალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პრაქტიკულად არ ჰქონდა გაზის დანაკარგი. შემდგომში, შპს „ბ...ი“ შეერწყა სს „ს...ს“, რომელმაც საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, გაარგძელა შპს „ვ...ის“ კუთვნილი გაზის გამანაწილებელი ქსელით სარგებლობა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით 2017 წლის ზაფხულში საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა, რის შემდგომაც, სს „ს...ს“ შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ფლობისა და გამოყენების საფუძველი აღარ გააჩნია, თუმცა იგი მაინც განაგრძობს ამ ობიექტის გამოყენებას.

მოსარჩელის განმარტებით, მომხმარებელთა უსაფრთხო და შეუფერხებელი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ვ...მა“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის მიღების მოთხოვნით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და წარადგინა ყველა აუცილებელი დოკუმენტი და მტკიცებულება. გამანაწილებელი ქსელის საიმედოობა, ასევე, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ჩართვა და სხვა არსებითი საკითხები, რომლებიც საკმარისია ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემისათვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი შპს „ვ...ის“ მიერ ლიცენზიის მოთხოვნამდე, ჯერ კიდევ 2004 წელს, როდესაც ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაიცა შპს „მ...ს“ სახელზე.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 ნოემბრის #84/2 გადაწყვეტილებით შპს „ვ...ს“ უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე, თუმცა იგი აკმაყოფილებდა ლიცენზიის მიღებისათვის დადგენილ ყველა პირობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილებით შეილახა შპს „ვ...ის“ კანონიერი ინტერესები, უხეშად დაირღვა საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის კონსტიტუციური უფლებები, საფრთხე შეექმნა დაახლოებით ათასამდე აბონენტის საიმედო გაზმომარაგებას.

მოსარჩელის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში არ იქნა მიღებული, რომ შპს „ვ...ი“ უფლებამოსილია, არ დაუშვას საკუთარ ქსელზე ნებისმიერი მესამე პირი, მათ შორის, სს „ს...ი“, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უკანონო პოზიციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მას აღარ გააჩნია გაზგამანაწილებელი ქსელის ფლობისა და სარგებლობის იურიდიული საფუძველი, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ უნდა იყენებდეს აღნიშნულ ქონებას.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა „შპს „ვ...ზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 ნოემბრის #84/2 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც შპს „ვ...ის“ სახელზე გაიცემა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ლიცენზია ...ში, ...ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული გაზსადენების ფარგლებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „ს...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ვ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინებით შპს „ვ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 2017 წლის 7 ნოემბრის #84/2 გადაწყვეტილებით, შპს „ვ...ს“ უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ...ში არსებული მომხმარებლები იყვნენ „ს...ის“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულები, აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოსარჩელე შპს „ვ...ი“ არ აკმაყოფილებდა სალიცენზიო პირობას - ბუნებრივი გაზის მომხმარებლის მომარაგება ამ მომხმარებლის არარსებობის გამო, რაც ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენდა ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტი არ იზიარებდა მოწინააღმდეგე მხარის მითითებას და აღნიშნავდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც მან ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით მიმართა მოწინააღმდეგე მხარეს, სს „ს...ის“ სალიცენზიო არეალში არ იყო შესული ...ის ის ტერიტორია (...ი, ...ის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია), სადაც განთავსებული იყო შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელი.

სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მითითებას და განმარტა, რომ საქმეში არსებული საქმის მასალებით უდავოდ დასტურდებოდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერაც მართლზომიერად იქნა დადგენილი, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს, სს „ს...ე“ გაცემული იყო ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია სადავო ტერიტორიაზე. კერძოდ, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 18 დეკემბრის #34/2 გადაწყვეტილებით სს „ს...ე“ გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, ხოლო სს „ს...ის“ 2016 წლის 20 მაისის წერილის საფუძველზე, 2016 წლის 13 ივლისის #48/36 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დანართი #1-ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში მდებარე, სს „ს...ის“ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელის ფარგლები, რომლებშიც შესულია ...იც. ასევე, აბონენტების შესახებ სს „ს...ის“ ბილინგის ბაზის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ სს „ს...ი“ ახორციელებდა ...ში, ...ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ აბონენტების გაზით მომარაგებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროსაც და დავის განხილვის დროინდელი მდგომარეობითაც, სს „ს...ი“ ბუნებრივი გაზის განაწილებას ახორციელებდა ...შიც, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში. შესაბამისად, უდავო იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სს „ს...ის“ ვალდებულებას წარმოადგენდა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით უწყვეტად და სტაბილურად მომარაგება.

რაც შეეხებოდა აპელანტის მითითებას, რომ სს „ს...ი“ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც სარგებლობდა შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული გამანაწილებელი ქსელით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოადგენილი არ იყო. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ 2008 წლის 1 ივლისის #7, 2009 წლის 25 იანვრის #25/1 და 2011 წლის 29 მარტის ხელშეკრულებებით შპს „ბ...ს“ (უფლებამონაცვლე სს „ს...ი“) იჯარით გადაეცა ...ში წრიულზე განლაგებული 9-კილომეტრიანი გაზსადენი, რომელის მეშვეობით სს „ს...ი“ ახორციელებდა ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას. 2017 წლის 11 სექტემბერს სს „ს...სა“ და შპს „ვ...ს“ შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 17 აგვისტოდან შეწყდა მხარეთა შორის გაფორმებული გაზსადენის იჯარით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება. ასევე, საქმის მასალებს ერთვოდა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2018 წლის 6 ივნისის #1/08-1-1049 წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შპს „ვ...ი“ არ იყო რეგისტრირებული შპს „გ...ში“, როგორც მიღების წერტილი და 2017 წლის ივნისის თვიდან მაგისტრალური გაზსადენიდან აღარ მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სს „ს...ი“ 2017 წლის ივნისის თვიდან აღარ სარგებლობდა შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული ქსელით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი ასევე არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლში 2018 წლის 4 მაისს განხორციელებულ #2326 საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლითაც 26-ე მუხლს დაემატა 11 პუნქტი, ამ ნორმით დაუშვებლად იქნა მიჩნეული ერთ ტერიტორიულ ერთეულში (ქალაქი, დაბა, სოფელი) ორი ან ორზე მეტი განაწილების ლიცენზიის ან წყალმომარაგების ლიცენზიის გაცემა. აპელანტმა მიუთითა, რომ აღნიშნული ცვლილება განხორციელდა სადავო აქტის გამოცემის შემდეგ და ამასთან, არსებული მდგომარეობით ნორმა ძალადაკარგული იყო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ აღნიშნული ცვლილება განხორციელდა სადავო აქტის გამოცემის შემდეგ და ამასთან, ეს კანონი ძალადაკარგული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს მიღებული „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან, თუმცა იმ პერიოდში მოქმედი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ელექტროენერგიის ბაზრის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი სამართლებრივი რეგულირების ფარგლებშიც, მართებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება მასზედ, რომ მოცემულ ეტაპზე სახეზე არ იყო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონისმიერი საფუძველი, რამდენადაც საკანონმდებლო აქტში განხორციელებული იყო ისეთი ცვლილება, რომელიც გამორიცხავდა უკვე მოქმედი ლიცენზიის მოქმედების პირობებში იმავე ტერიტორიულ ერთეულში სხვა განაწილების ლიცენზიის გაცემას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე უსაფუძვლო იყო აპელანტის მითითება, რომ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმით შეიზღუდა მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან იგი თავის საკუთრებაში არსებულ ნივთს ვერ იყენებდა დანიშნულებისამებრ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შპს „ვ...ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა ლიცენზიის პირობებს, რომელიც, თავის მხრივ, ეხებოდა სპეციფიკური რეგულირების სფეროს, აღნიშნული ლიცენზიის გაცემის ერთადერთ პირობად სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა არ მოიაზრებდა მხოლოდ გამანაწილებელი ქსელის საკუთრებაში არსებობას. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ შპს „ვ...ი“ საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებელს ვერ ნახულობდა, არ შეიძლებოდა გამხდარიყო ლიცენზიის გაცემის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ვ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ სს „ს...ი“ ...ში, ...ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ვერ განახორციელებს სხვა გამანაწილებლით აბონენტთა მომარაგებას, რადგანაც ამ ტერიტორიაზე მას არ გააჩნია მილი, რასაც მოწმობს საჯარო რეესტრის ამონაწერები. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2018 წლის 6 ივნისის წერილით მტკიცდება, რომ ... ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აბონენტები 2018 წლამდე მარაგდებოდნენ შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული დ-150 რკინის მილით. ამავე წერილიდან თვალნათლივ ჩანს ისიც, რომ სს „ს...მა“ თვითნებურად გადაჭრა ტრანსპორტირების ტერიტორიაზე შპს „ვ...ის“ კუთვნილი აღრიცხვის კვანძი მთლიანად და შემდეგ თვითნებურად გადაჭრა დ-150 რკინის მილი, საიდანაც ხდებოდა ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა აბონენტის მომარაგება. შემდგომ, გადმოვიდა მის მიერ 2017 წელს აშენებული გაზსადენიდან და მოახდინა შპს „ვ...ის“ აბონენტების დაერთება. შესაბამისად, სს „ს...ი“ შპს „ვ...ის“ ქსელიდან აღარ იყენებს მხოლოდ დ-150 მილს, რომლის სიგრძეც არის 2.7 კმ. ამასთან, საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დგინდება, რომ შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არის 9 კმ სიგრძის გაზსადენი, ე.ი. 6.3 კმ გაზსადენი ისევ მოქმედებაშია.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ შპს „ვ...ის“ არეალში სს „ს...ს“ საკუთარი მილი არ გააჩნია (ახალი მილები გაყვანილია აბონენტების ხარჯით), რაც მტკიცდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერებითაც.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის 2018 წლის 6 ივნისის წერილით დგინდება, რომ შპს „ვ...ი“ არ არის რეგისტრირებული შპს „გ...ში“, როგორც მიღების წერტილი და 2017 წლის ივნისის თვიდან მაგისტრალური გაზსადენიდან აღარ მიეწოდება გაზი. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ სს „ს...ი“ 2017 წლის ივნისის თვიდან აღარ სარგებლობს შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული ქსელით. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს ზემოხსენებული წერილის შინაარსიდან, რამდენადაც ამჟამად შპს „ვ...ს“ არ აქვს ლიცენზია და გაზი უშუალოდ ამ იურიდიულ პირს ნამდვილად არ მიეწოდება, რაც ისედაც ცხადია.

კასატორი მიიჩნევს, რომ სს „ს...ი“ არ არის უფლებამოსილი, ...ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ განახორციელოს გაზის მიწოდება, რამდენადაც აღნიშნული ტერიტორიის გაზმომარაგებას 2004 წლიდან ახორციელებდა შპს „მ...“ იმ გამანაწილებლით, რომელიც შემდგომში შეიძინა შპს „ვ...მა“ და რომელიც შემდგომში იჯარის წესით გადაეცა შპს „ბ...ს“ (სს „ს...ის“ წინამორბედს).

კასატორი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიხედვით, მაშინ, როდესაც კომპანია იჯარით გადაცემულ ან ახალაშენებულ გაზსადენს იღებს, აუცილებელია, მან მიმართოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რათა გაფართოვდეს მოქმედების არეალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაწეული საქმიანობა ითვლება უკანონოდ. კასატორი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც შპს „ვ...მა“ მის საკუთრებაში არსებული გაზსადენი ...ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იჯარით გადასცა შპს „ბ...ს“, კანონიდან გამომდინარე, შპს „ბ...ი“ და შემდგომში სს „ს...ი“ ვალდებულები იყვნენ მიემართათ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის და მოეთხოვათ ...ში გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირება, ანუ მოეხდინათ არეალის გაზრდა, რაც არც ერთი კომპანიის მხრიდან არ განხორციელებულა.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2017 წელს სს „ს...მა“ ...ის ქუჩის მარჯვენა მხარეს გაიყვანა ახალი მილი (შპს „ვ...ისა“ და სს „ს...ის“ მილებს შორის დაშორებაა 20 მეტრი), რომელსაც გაზმომარაგება უნდა უზრუნველეყო ...ში ...ის მიმართულებით და ასევე ...ის ქუჩის მარჯვენა მხარეს.

კასატორი მიუთითებს, რომ ...ის ქუჩის მარცხენა მხარეს სს „ს...ს“ საკუთრებაში არ გააჩნია გამანაწილებელი ქსელი (არ არსებობს ამონაწერები საჯარო რეესტრიდან). ამ ტერიტორიაზე შპს „ვ...ს“ საკუთრებაში აქვს 6.3 კმ-იანი მილი, რაც მტკიცდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით. კასატორი აღნიშნავს, რომ მილის დიამეტრები სხვადასხვაა, რაც ადასტურებს შიდა ქსელის მოწყობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „შპს „ვ...ზე“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 ნოემბრის #84/2 გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც შპს „ვ...ის“ სახელზე გაიცემა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ლიცენზია ...ში, ...ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული გაზსადენების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონის მიზანია კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არსებული არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს საქართველოს წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებისა და ტარიფების სისტემების ჩამოყალიბება და ამ საფუძველზე წყალმომარაგების, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეჩერიზაციის, განაწილების, იმპორტის, ექსპორტისა და მოხმარების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, იმპორტის, ექსპორტის, ტრანსპორტირების, განაწილებისა და მოხმარების განსახორციელებლად გაწეული, ეკონომიკურად მიზანშეწონილი ხარჯების ზუსტი ასახვა ტარიფების სისტემებში. ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონის მიზანს წარმოადგენს ასევე ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით.

აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი გაზის მიზნებისათვის მიღების პუნქტი არის პუნქტი, რომელშიც გადაცემის ან/და განაწილების ლიცენზიატი გადამცემ ან/და გამანაწილებელ ქსელში მიიღებს ელექტრულ სიმძლავრესა და ენერგიას წარმოების ან/და სხვა გადაცემის ლიცენზიატის ან/და სხვა განაწილების ლიცენზიატის ქსელიდან, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელიდან და სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ელექტროენერგიის იმპორტის ჩათვლით, ან პუნქტი, რომელშიც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ბუნებრივ გაზს, იმპორტის ჩათვლით; ხოლო ამავე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა“ ან „ტრანსპორტირების სისტემა“ - ყველა მილსადენი, საკომპრესორო სადგური, საზომი სადგური და სხვა მოწყობილობა, რომლებიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის, მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან და რომელთაც ფლობს ან მართავს ან/და ექსპლუატაციას უწევს ტრანსპორტირების ლიცენზიატი. ტრანსპორტირების სისტემა მოიცავს ყველა მილსადენს და მოწყობილობას, რომელიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1,2 მპა-ზე მეტ წნევაზე სამუშაოდ, საკომპრესორო სადგურების, საზომი სადგურებისა და სხვა მოწყობილობების ჩათვლით, რომლებიც მითითებულია ტრანსპორტირების ლიცენზიაში.

ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი, ლიცენზიის პირობების თანახმად, ვალდებულია ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში: ა) მომსახურება განახორციელოს ამ კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და ლიცენზიატის საინვესტიციო პროგრამის მიხედვით; ბ) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომსახურების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურები; გ) შეიმუშაოს და წარუდგინოს კომისიასა და საზოგადოებას საინვესტიციო პროგრამა; ე) თავის სამუშაო ადგილზე უზრუნველყოს საზოგადოებისათვის შემდეგი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა: ე.ა) ლიცენზია და დამტკიცებული ტარიფები; ე.ბ) მომსახურების დამტკიცებული პირობები, რომლებიც შეიცავს მომსახურების უფლების შეძენისა და გაუქმების, აღრიცხვის, ანგარიშის მომზადებისა და დაგზავნის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის პროცედურებს; ე.გ) ლიცენზიატის ფუნქციონირების სტანდარტების აღწერა, რომელიც შეიცავს ახალი მომხმარებლების მიერთების პირობებს; ვ) დროულად გადაიხადოს კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და დააკმაყოფილოს ლიცენზიის მოთხოვნები.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ვ...მა“ და ...ში, ...ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ არსებული გაზსადენის ფარგლებში მოითხოვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 7 ნოემბრის #84/2 გადაწყვეტილებით შპს „ვ...ს“ უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ...ში არსებული მომხმარებლები არიან სს „ს...ის“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულები, აღნიშნულის გათვალისწინებით კი, მოსარჩელე შპს „ვ...ი“ არ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობას - ბუნებრივი გაზის მომხმარებლის მომარაგება ამ მომხმარებლის არარსებობის გამო, რაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სს „ს...ის“ სალიცენზიო არეალში არ იყო შესული ...ის ის ტერიტორია (...ი, ...ის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია), სადაც განთავსებულია შპს „ვ...ის“ საკუთრებაში არსებული გაზგამანაწილებელი ქსელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ 2017 წლის 17 აგვისტოს სს „ს...ე“ გაცემული იყო ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია სადავო ტერიტორიაზე. კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2013 წლის 18 დეკემბრის #34/2 გადაწყვეტილებით სს „ს...ე“ გაიცა ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, ხოლო სს „ს...ის“ 2016 წლის 20 მაისის წერილის საფუძველზე, 2016 წლის 13 ივლისის #48/36 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დანართი #1-ში მითითებულ დასახლებულ პუნქტებში მდებარე, სს „ს...ის“ მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის განაწილების ქსელის ფარგლები, რომლებშიც შესულია ...იც. ასევე, აბონენტების შესახებ სს „ს...ის“ ბილინგის ბაზის ამონაწერით დასტურდება, რომ სს „ს...ი“ ახორციელებს ...ში, ...ის ქუჩაზე და მის მიმდებარედ აბონენტების გაზით მომარაგებას. ამდენად, საქმის მასალებით დადასტურებულად არის მიჩნეული, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს, სს „ს...ი“ ბუნებრივი გაზის განაწილებას ახორციელებდა ...ში, მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი, დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელემ ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით მიმართა მოპასუხეს, სს „ს...ის“ სალიცენზიო არეალში შესული იყო ... შესაბამისი აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც არ გასაჩივრებულა, იგი იურიდიული ძალის მქონეა და სს „ს...ისათვის“ მთელი რიგი ვალდებულებების განმსაზღვრელ აქტს წარმოადგენს. სწორედ მისთვის დაკისრებული სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით, მან უნდა უზრუნველყოს ...ში არსებული მომხმარებლები შესაბამისი მომსახურებით. ...ში არსებული მომხმარებლები არიან სს „ს...ის“ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებულები. შესაბამისად, რამდენადაც სადავო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივი აირით სრულად მარაგდება სწორედ სს „ს...ის“ მიერ, არსებული მდგომარეობით, სადავო ტერიტორიაზე არსებული მომხმარებლები არ დგანან ბუნებრივი გაზის მიწოდების საჭიროების წინაშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე შპს „ვ...ი“ არ აკმაყოფილებს სალიცენზიო პირობას - მოთხოვნილ ტერიტორიაზე არ არსებობს მომხმარებელი, რომელიც საჭიროებს ბუნებრივი გაზით მომარაგებას.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ტერიტორიაზე (რომელზე გამავალ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელსაც კასატორი თავის საკუთრებად მიიჩნევს) სს „ს...ისათვის“ გაცემულ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიაში ცვლილების განხორციელებამდე, შპს „ვ...ისათვის“ იმავე ტერიტორიაზე ლიცენზიის გაცემას არ გააჩნია კანონიერი საფუძველი.

ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ელექტროენერგიის ბაზრის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოქმედი სამართლებრივი რეგულირების ფარგლებში, მოცემულ ეტაპზე სახეზე არ არის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონისმიერი საფუძველი, რამდენადაც არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება გამორიცხავს უკვე მოქმედი ლიცენზიის მოქმედების პირობებში იმავე ტერიტორიულ ერთეულში სხვა განაწილების ლიცენზიის გაცემას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ტ-ის (პ/ნ ...) შპს „ვ...ის“ (ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე 22.03.2022წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. ტ-ის (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „ვ...ის“(ს/კ ...) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 მარტის განჩინება;

3. ა. ტ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს „ვ...ის“ საკასაციო საჩივარზე 22.03.2022წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა