Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე ¹219აპ-12 ქ. თბილისი

კ-ი ნ., 219აპ-12 3 ივლისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 იანვრის განაჩენით ნ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 1 მაისის ეპიზოდი), სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის გამოყენებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2011 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 31 მაისის ეპიზოდი) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 31 მაისის ეპიზოდი) _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2011 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2011 წლის 9 ივნისის ეპიზოდი) _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით მოხდა დანიშნულ სასჯელთა შეკრება და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. კ-ს ძირითად სასჯელად შეეფარდა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გაუქმდა ნ. კ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, პირობითი მსჯავრი და აღსრულდა დანიშნული სასჯელი _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2010 წლის 30 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მას ძირითად სასჯელად შეეფარდა 33 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ნ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 7 აგვისტოდან.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 იანვრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ნ. კ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან, 2011 წლის 3 აგვისტოდან, 17:45 საათიდან”.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები როგორც წინათ, ისე ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მოთხოვნათა შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განაჩენის განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მსჯავრდებულ ნ. კ-სათვის შერაცხული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ანალოგიურ საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ისე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც სწორადაა ასახული სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს, მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: დ. სულაქველიძე, გ. შავლიაშვილი