Facebook Twitter

საქმე №ბს-917(კ-21) 29 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. ც-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 28 მაისს ო. ც-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ო. ც-ას სახელზე დარეგისტრირების თაობაზე (სახელმწიფოს რეგისტრირებული თანამესაკუთრეობის უფლების ამოღება), გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ო. ც-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ც-ამ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, დასახლება ...ი, ...ს ქ. №14-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 2009 წლის 12 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 397.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ...; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1.

„სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა, ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის, რის საფუძველზეც, ქ. თბილისში, ...ი, ზონა „ბ“-ში მდებარე უძრავი ქონება, სართული 1, ფართი: 154.11 კვ.მ., ოთახების რაოდენობა 7, ს/კ: №..., პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთი) ლარად გადაეცა ო. ც-ას.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულების საფუძველზე, 2010 წლის 25 იანვარს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა („გამყიდველი’’) და ო. ც-ას („მყიდველი’’) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ნებაყოფლობით და ღირსეულ განსახლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რომლის თანახმად, ო. ც-ას გადაეცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ზონა „ბ’’, სართული 1, ფართი: 154.11 კვ.მ., ოთახების რაოდენობა 7, ს/კ: №....

შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ი, ზონა „ბ“, კოტეჯი №37, საკადასტრო კოდით: №....01.500, სართული 1, ფართი 154.11 კვ.მ., 2010 წლის 26 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა ო. ც-ას სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 397.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობები: №1.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 05 დეკემბრის №... მიმართვით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კომპეტენციის ფარგლებში განსახილველად გადაიგზავნა ...ში მცხოვრებ პირთა კოლექტიური განცხადება, რომელიც ეხებოდა ...ში არსებულ კოტეჯებზე რეგისტრირებული თანასაკუთრების უფლების რეგისტრაციის საკითხს. ო. ც-ას მოთხოვნის ნაწილში, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურმა 31.12.2018 წელს მიიღო №... პირობითი განცხადება უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №...) რეგისტრირებული მონაცემებიდან თანამესაკუთრის/სახელმწიფოს ამოღების თაობაზე (დაინტერესებული პირი: ო. ც-ა).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 09.01.2019 წლის №...-03, 17.01.2019 წლის №...-05 და 28.01.2019 წლის №...-07 სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნას წარმოადგენდა უძრავი ნივთის რეგისტრირებული მონაცემებიდან სახელმწიფოს ამოღება. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 09 იანვრის №... წერილით დოკუმენტაცია განსახილველად გადაუგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოება განახლდებოდა აღნიშნულ წერილზე პასუხის მიღების მიღებისთანავე.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 09 იანვრის №... წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ განმცხადებელი ო. ც-ა ითხოვდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების გაუქმებას და კერძო საკუთრებაში გადაცემას. შესაბამისად, სააგენტოს ეთხოვა კომპეტენციის ფარგლებში საკითხის განხილვა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 06 თებერვლის №7/6859 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერით დადგენილი იქნებოდა ქ. თბილისში, ...ში, ზონა „ბ"-ში მდებარე 397 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფართი, ამასთან, დადგენილი იქნებოდა თითოეულ მასში განთავსებული ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობა. ამავე წერილის თანხმად, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ ზემოაღნიშნულ შენობა-ნაგებობაში სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას დაქვემდებარებული ფართები არ არსებობდა - „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ დასახელებული ნორმის თანახმად, სახელმწიფოს მიერ განკარგული შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს ენიჭებოდა ამავე შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (განაშენიანების ფართობის შესაბამისად) საკუთრების უფლება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 თებერვლის №... წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეთხოვა მათთან დაცული დოკუმენტაციის ასლების მიწოდება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ამასთან, იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში ეცნობებინათ სახელმწიფოს მიერ განკარგული ქონების ადგილმდებარეობა, სრული სახით იყო განკარგული თუ დარჩენილი იყო განსაკარგავი ფართი №... კოდზე რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობა №1-ში.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 მარტის №7/13835 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №14-ში მდებარე 397 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში (ს/კ: №...) არსებული ფართ(ებ)ის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია (მათ შორის ო. ც-ას მიერ) და ასევე, ინფორმაცია პრივატიზებული ფართ(ებ)ის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ სააგენტოს არქივში არ იძებნება. ამავე წერილით საჯარო რეესტრს ეცნობა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირების საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას და განკარგვას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 მარტის №7/13835 წერილის თანახმად, ო. ც-ას სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში არ იძებნება. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 30 კალენდარული დღის ვადაში.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.

2019 წლის 01 აპრილს ო. ც-ამ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 02 მაისის №... გადაწყვეტილებით ო. ც-ას უარი ეთქვა 2019 წლის 01 აპრილის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №4-ში მდებარე 397 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) მდებარეობს ერთი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის განაშენიანებაც არ მოიცავს მიწის ნაკვეთის სრულ ფართს. ამასთან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოძიებული ინფორმაციით, ვერ დადგინდა შენობა-ნაგებობაში ო. ც-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის გარდა, არსებობს თუ არა სხვა ფართებიც. დაინტერესებული პირი ითხოვს, მთლიანი 397 კვ.მ მიწის ნაკვეთის (და არა შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართის) მისი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებას და რეგისტრირებული მონაცემებიდან თანამესაკუთრის - სახელმწიფოს ამოღებას, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, თბილისში, ...ში, ...ს ქ. №14-ში მდებარე 397 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულებით ო. ც-ას გადასცა შენობა-ნაგებობაში არსებული 154 კვ.მ. ფართი, შესაბამისად, უძრავი ნივთის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს არ განუკარგავს კვლავ მის საკუთრებად რჩება და მყიდველს მასზე საკუთრების უფლება არ შეუძენია.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მარტის №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ო. ც-ას სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არქივში არ იძებნება და დაევალა კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 17 აპრილის №... გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მიღებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინებით ო. ც-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. ც-ამ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ო. ც-ას შორის 2010 წლის 25 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ო. ც-ას კერძო საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისი, ...ი, ... ქუჩა №14-ში (ყოფილი: ქ. თბილისი, ...ი, ზონა „ბ“ სახლი №37) მდებარე ერთსართულიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი 154,11 კვ.მ. ფართით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...). ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად დაედო: 1. საქართველოს კანონი - „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ 2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულება 3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1-1/1415 ბრძანება - „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“.

ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განხორციელების საფუძველზე 2010 წლის 26 იანვარს საჯარო რეესტრში ო. ც-ას სახელზე დარეგისტრირდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი, თუმცა შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი 397 კვ.მ. დარეგისტრირდა როგორც „თანასაკუთრება“. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულების პირველი მუხლის ჩანაწერის თანახმად - „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (დანართის შესაბამისად) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად გადაეცეთ ამ განკარგულების დანართში მითითებულ პირებს (შემდეგში - მყიდველი).“ ხოლო, აღნიშნული განკარგულების დანართში სათაურად მითითებულია - „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების ნუსხა და იმ პირთა ჩამონათვალი, რომელთა ოჯახის უფროსებსაც საკუთრებაში გადაეცემათ საპრივატიზებო ქონება“ რის შემდგომაც მითითებულია საპრივატიზებო ქონება - „ქ. თბილისი, ...ი, ზონა „ბ“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...“, ამის შემდგომ კი ცხრილში მითითებულია ო. ც-ას, როგორც ოჯახის უფროსის მონაცემები, ოთახების რაოდენობა (შვიდი) და საცხოვრებელი ფართი - 154.11 კვ.მ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს ს/კ ..., რაც მოიცავს ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 397 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთსაც.

კასატორი აღნიშნავს, რომ ს/კ ... შეიქმნა იმ მიზნით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება, მასზე არსებული შენობა-ნაგებობითა და მიწის ნაკვეთით უნდა გატანილიყო საპრივატიზებოდ და ამ საკადასტრო კოდის შექმნიდან 22 დღეში ეს ქონება პრეზიდენტმა სიმბოლურ ფასად პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა მას. საქართველოს პრეზიდენტმა ამ განკარგულების გამოცემისას იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2009 წლის 29 დეკემბერს მოქმედი აღნიშნული კანონის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ამ კანონის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობების განსაზღვრა.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლზე, რომლის თანახმად უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ასევე სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულება, რომლის საფუძველზეც ჩატარდა პრივატიზება ს/კ ... არსებულ ქონებაზე, მოიცავდა როგორც მასზე აშენებულ შენობა-ნაგებობას, ასევე 397 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. საქართველოს პრეზიდენტმა ქონება გაიტანა მთლიანად და არა ცალ-ცალკე. კასატორის მითითებით, მარტო შენობა-ნაგებობის პრივატიზება, რომ მომხდარიყო, მაშინ ცალკე დარეგისტრირდებოდა შენობა-ნაგებობა და ისე გავიდოდა საპრივატიზებოდ. მოცემულ შემთხვევაში კი ნათელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ...ში, „ბ“ ზონაში საკადასტრო კოდზე ... არსებული ურავი ქონება მასზე განთავსებული 397 კვ.მ. მიწის ნაკვეთითა და შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიჰყიდა მას და იგი არის ამ ქონების სრული და კანონიერი მესაკუთრე, ხოლო საჯარო რეესტრმა კი დაუშვა შეცდომა რეგისტრაციის მომენტში, როცა ქონება თანასაკუთრებაში დაარეგისტრირა. მას უნდა ეხელმძღვანელა როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, სრულად შეცდომითა და არაკომპეტენტურად არის შედგენილი, ვინაიდან საფუძვლებში საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება არასწორადაა მითითებული, რომელიც საერთოდ არანაირი კავშირში არაა ...ში, „ბ“ ზონაში საკადასტრო კოდზე ... არსებული ურავი ქონებასთან. აღნიშნული ქონება განიკარგა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულებით, ხოლო ხელშეკრულებაში სხვა ნომერი და თარიღია მითითებული.

კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ იხელმძღვანელა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებებით, კერძოდ არც კი განიხილა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 დეკემბრის №... განკარგულება, რითაც ო. ც-ას პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა ...ში, „ბ“ ზონაში საკადასტრო კოდზე ... არსებული უძრავი ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. ც-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით ო. ც-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ც-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი განსაზღვრავს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების სხვადასხვა საფუძვლებს, მათ შორის, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ხსენებული კანონის 22-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით და 62 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს. ამავე კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი არის მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრში შენობა ნაგებობაზე რეგისტრირებული საკუთრების უფლება ვრცელდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება რეგისტრირდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ განკარგულია მხოლოდ შენობა-ნაგებობა, მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლება რეგისტრირდება ამ შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 თებერვლის №7/6859 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერით დადგენილი იქნებოდა ქ. თბილისში, ...ში, ზონა „ბ"-ში მდებარე 397 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფართი, ამასთან, დადგენილი იქნებოდა თითოეულ მასში განთავსებული ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ფართის ოდენობა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 07 მარტის №7/13835 წერილით კი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქ. №14-ში მდებარე 397 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაში (ს/კ: №...) არსებული ფართ(ებ)ის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების ამსახველი დოკუმენტაცია (მათ შორის ო. ც-ას მიერ) და ასევე, ინფორმაცია პრივატიზებული ფართ(ებ)ის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ სააგენტოს არქივში არ იძებნება.

ქ. თბილისში, ...ში, ...ს ქუჩა №4-ში მდებარე 397 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №...) მდებარეობს ერთი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის განაშენიანებაც არ მოიცავს მიწის ნაკვეთის სრულ ფართს. ამასთან, სარეგისტრაციო დოკუმენტაციით და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან მოძიებული ინფორმაციით, ვერ დადგინდა შენობა-ნაგებობაში ო. ც-ას საკუთრებაში რეგისტრირებული ფართის გარდა, არსებობს თუ არა სხვა ფართებიც.

დაინტერესებული პირი ითხოვს, მთლიანი 397 კვ.მ მიწის ნაკვეთის (და არა შენობა-ნაგებობის განაშენიანების ფართის) მისი საკუთრების უფლებით დარეგისტრირებას და რეგისტრირებული მონაცემებიდან თანამესაკუთრის - სახელმწიფოს ამოღებას, თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, თბილისში, ...ში, ...ს ქ. №14-ში მდებარე 397 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლება, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულებით ო. ც-ას გადასცა შენობა-ნაგებობა 154 კვ.მ. ფართით, შესაბამისად, უძრავი ნივთის ის ნაწილი, რომელიც სახელმწიფოს არ განუკარგავს კვლავ მის საკუთრებად რჩება და მოსარჩელეს მასზე საკუთრების უფლება არ შეუძენია. ო. ც-ას მხოლოდ საცხოვრებელი ფართით და არა მიწის ნაკვეთით დაკმაყოფილება დადგენილია საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებითაც. აღნიშნულის საწინააღმდეგო არგუმენტი ან მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არც ქვედა ინსტანციის სასამართლოში და არც უზენაეს სასამართლოს სხდომაზე არ წარმოუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს, სადავო აქტების კანონიერების შესახებ, ვინაიდან, უფლების დამდგენი დოკუმენტის არ არსებობს პირობებში არ იკვეთება მიწის ნაკვეთის მთლიან ფართზე - 397 კვ.მ (და არა შენობა-ნაგებობის განაშენიანების შესაბამის ფართზე) ო. ც-ას ინდივიდუალური საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ო. ც-ას საკასაციო საჩივარზე 12.08.2021წ. №25478697 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ო. ც-ას (პნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. ც-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 მაისის განჩინება;

3. ო. ც-ას (პნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.08.2021წ. №25478697 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა