№ბს-1050(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ჭ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - შპს „ს...ი“, შპს „ა...ი“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 29 ოქტომბერს ი. ჭ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ი. ჭ-ის 2018 წლის 25 ოქტომბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებასა და განხილვაში მიღების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაებნენ შპს „ს...ი“ და შპს „ა...ი“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ი. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-მა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით ი. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემობები, კერძოდ: 2018 წლის 02 თებერვალს ი. ჭ-მა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის VIII მ/რ, კომერციული ფართი №1, სართული 1, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) ნასყიდობის ხელშეკრულება; 2) პ/მ ასლები.
2018 წლის 02 თებერვლის სარეგისტრაციო განცხადების მიღების ბარათით ირკვევა, რომ დაინტერესებულ პირს (განმცხადებელს) ეცნობა სარეგისტრაციო განცხადების თაობაზე ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) მოძიების შესაძლებლობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 06 თებერვალს №... წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს №A17134786-009/004 გადაწყვეტილების საფუძველზე მოთხოვნილია მოვალეთა რეესტრით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა მოვალის შპს „ა...ის“ უძრავ ქონებაზე, ს/კ ... და მოითხოვა ინფორმაცია მიწის ყადაღა ვრცელდება თუ არა ამ კომერციულ ფართზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 თებერვლის №...-05 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა №... წერილზე პასუხის მიღებამდე.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის №A17134786-009/006 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ სააღსრულებო ბიუროს მიერ მოთხოვნილ იქნა №... მომართვის საფუძველზე დადებული ყადაღის გაუქმება შპს „ა...ის“ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის VIII მ/რ, საკადასტრო კოდი ....
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №...-07 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №...-08 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა №... წერილზე პასუხის მიღებამდე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №...-10 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №...-11 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარსადგენი იყო ყველა პარტნიორის გადაწყვეტილება განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად მხარეს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №...-12 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა ვადაგადაცილებული სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №...-13 გადაწყვეტილებით, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
2018 წლის 25 ოქტომბერს ი. ჭ-მა №... საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 20 მარტის №...-13 გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ი. ჭ-ს უარი ეთქვა №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №...-13 გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2018 წლის 20 მარტს, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 21 მარტს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იყო 2018 წლის 25 ოქტომბერს. შესაბამისად, 25 ოქტომბერს, განმცხადებლის მიერ საჩივრის წარდგენისას მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა იყო გასული.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისის, ...ის VIII მ/რ, კომერციული ფართი №1 (მშენებარე), სართული 1, საკადასტრო კოდი ..., შპს „ს...ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ი. ჭ-ის მიერ სარჩელის და სააპელაციო საჩივრის ძირითად არგუმენტზე, რომ 2018 წლის 20 მარტის №...-13 გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ამასთან, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ გადაწყვეტილება 2018 წლის 20 მარტს, აქტის გამოცემის ერთთვიანი ვადის დარღვევით მიიღო, აღნიშნული აქტის მიმართ არ შეიძლება დადგინდეს გასაჩივრების ვადა, რაც „ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე“ 2018 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების და სამართალურთიერთობის სტაბილურობის შენარჩუნებას მიზნით, კანონმდებელი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის ერთთვიანი ვადის დარღვევის შემთხვევას და ცალსახად ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა მიიჩნევა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად, ხოლო ვინაიდან, პირი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, არ არის ვალდებული უსასრულოდ ჰქონდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის მოლოდინი, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული საჩივრით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის სისტემური განმარტების საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დადგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა შემდეგი 4 კუმულატიური პირობა: 1) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემის ვადა; 2) პირი, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევას განიხილავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უარის თქმად; 3) პირი, რომლის მიმართვის საფუძველზეც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს; 4) პირის მიერ უფლებამოსილ ორგანოში საჩივრის წარდგენისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ვადის დარღვევით, თუმცა გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, რომელიც შეიცავს მისი გასაჩივრების ვადას და წესს, აღნიშნული აქტის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი ვერ გავრცელდება და გასაჩივრების ვადა მისი ოფიციალური გაცნობიდან უნდა აითვალოს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც განსაზღვრულია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის სპეციალური წესი.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-7 პუნქტით კანონმდებელი ცალსახად განსაზღვრავს, რომ გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ასევე ჩაითვლება გადაწყვეტილების მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის - www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულის მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ი. ჭ-ის მიერ სადავოდ ქცეული „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ №...-13 გადაწყვეტილება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge 2018 წლის 20 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო გასაჩივრების ვადის ათვლა ამავე წლის 21 მარტიდან დაიწყო, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზირა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ი. ჭ-ის 2018 წლის 25 ოქტომბრის საჩივრის მარეგისტრირებელ ორგანოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით წარდგენის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჭ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, საკასაციო სასამართლოს მიერ დასადგენია ერთგვაროვანი პრაქტიკა იმ სამართლებრივ პრობლემასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ადმინისტრაციული ორგანო თავად გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, დასაშვებია თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს გამოცემული სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლისათვის გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მხოლოდ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტის, გასაჩივრების ვადის ათვლა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ 2018 წლის 02 თებერვალს ი. ჭ-მა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის VIII მ/რ, კომერციული ფართი №1, სართული 1, გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა: 1) ნასყიდობის ხელშეკრულება; 2) პ/მ ასლები.
2018 წლის 02 თებერვლის სარეგისტრაციო განცხადების მიღების ბარათის მიხედვით, დაინტერესებულ პირს (განმცხადებელს) ეცნობა სარეგისტრაციო განცხადების თაობაზე ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) მოძიების შესაძლებლობა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 თებერვლის №...-03 გადაწყვეტილებით, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო ყადაღა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 06 თებერვალს №... წერილით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს №A17134786-009/004 გადაწყვეტილების საფუძველზე მოთხოვნილია მოვალეთა რეესტრით გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნა მოვალის შპს „ა...ის“ უძრავ ქონებაზე, ს/კ ... და მოითხოვა ინფორმაცია მიწის ყადაღა ვრცელდება თუ არა ამ კომერციულ ფართზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 06 თებერვლის №...-05 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა №... წერილზე პასუხის მიღებამდე.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 თებერვლის №A17134786-009/006 წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სსიპ სააღსრულებო ბიუროს მიერ მოთხოვნილ იქნა №... მომართვის საფუძველზე დადებული ყადაღის გაუქმება შპს „ა...ის“ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი თბილისი, ...ის VIII მ/რ, საკადასტრო კოდი ....
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №...-07 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 08 თებერვლის №...-08 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა №... წერილზე პასუხის მიღებამდე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 თებერვლის №...-10 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 თებერვლის №...-11 გადაწყვეტილებით მარეგისტრირებელმა ორგანომ მიიჩნია, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარსადგენი იყო ყველა პარტნიორის გადაწყვეტილება განცხადებით მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამავე გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად მხარეს 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 19 მარტის №...-12 გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შედეგად განახლდა ვადაგადაცილებული სარეგისტრაციო წარმოება.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №...-13 გადაწყვეტილებით, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
№... სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 მარტის №...-13 გადაწყვეტილება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge 2018 წლის 20 მარტს გამოქვეყნდა და შეიცავდა მისი გასაჩივრების ვადას და წესს.
2018 წლის 25 ოქტომბერს ი. ჭ-მა №... საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2018 წლის 20 მარტის №...-13 გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოთხოვნილი უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 26 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით ი. ჭ-ს უარი ეთქვა №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ოქტომბრის №... „რეგისტრაციის შესახებ“ გადაწყვეტილებით, უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისის, ...ის VIII მ/რ, კომერციული ფართი №1 (მშენებარე), სართული 1, საკადასტრო კოდი ..., შპს „ს...ის“ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ამავე კოდექის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენამდე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის ვადის დარღვევით, თუმცა გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, რომელიც შეიცავს მისი გასაჩივრების ვადას და წესს, აღნიშნული აქტის მიმართ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი ვერ გავრცელდება და გასაჩივრების ვადა მისი ოფიციალური გაცნობიდან უნდა აითვალოს, რასაც მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სახეზე გვაქვს არა ვადის დარღვევით გამოცემული აქტი, არამედ ადმინისტრაციულ წარმოების პროცედურების გავლის შედეგად (სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ) გამოცემული აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლითაც დადგენილია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის სპეციალური წესი. აღნიშნული კანონის 27-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ასევე ჩაითვლება გადაწყვეტილების მარეგისტრირებელი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება, ხოლო მე-8 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს როგორც ქაღალდის მატარებელზე, ასევე ელექტრონული და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ელექტრონული სახით დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის - www.napr.gov.ge შესაბამისი ბმულის მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობიდან, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში - გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს დადგენილად მიჩნეულ გარემოებაზე, რომელსაც არც მოსარჩელე ხდის სადავოდ, რომ №... სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებით მიღებული „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ №...-13 გადაწყვეტილება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge 2018 წლის 20 მარტს გამოქვეყნდა და შეიცავდა მისი გასაჩივრების ვადას და წესს.
2018 წლის 02 თებერვლის სარეგისტრაციო განცხადების (№...) მიღების ბარათის მიხედვით, დაინტერესებულ პირს (განმცხადებელს) ეცნობა სარეგისტრაციო განცხადების თაობაზე ინფორმაციის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (www.napr.gov.ge) მოძიების შესაძლებლობა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური რეგულაციის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების განმცხადებლისთვის ოფიციალურად გაცნობად მიიჩნევა აქტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება და სწორედ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან იწყება აქტის გასაჩივრების დადგენილი ვადის ათვლა. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ №...-13 გადაწყვეტილება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე - www.napr.gov.ge 2018 წლის 20 მარტს გამოქვეყნდა, ხოლო გასაჩივრების ვადის ათვლა ამავე წლის 21 მარტიდან დაიწყო, ი. ჭ-ის 2018 წლის 25 ოქტომბრის საჩივარი მარეგისტრირებელ ორგანოში გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით იყო წარდგენილი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომ „გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება აქტის ოფიციალურად გაცნობის დღიდან, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმობს აქტის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებას და არა მხარისათვის უშუალოდ ჩაბარებას“, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება, საქმეზე №ბს-707-703(კ-17)).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. ჭ-ს საკასაციო საჩივარზე 10.03.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ჭ-ს (პნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჭ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინება;
3. ი. ჭ-ს (პნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.03.2020წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი