საქმე №ბს-235 (კს-22) 29 სექტემბერი, 2022წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ჯ...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
მესამე პირები - მ. მ-ე, სს „ს...ა“, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2022წ. განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ჯ...ამ“ 10.04.2020წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 29.10.2019წ. №..., 06.03.2020წ. №... და 17.03.2020წ. №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე მოსარჩელემ მოითხოვა მარეგისტრირებელი ორგანოს 28.10.2009წ. №... და 25.07.2011წ. №... გადაწყვეტილებებით მიღებული სარეგისტრაციო მონაცემების ძალაში დატოვების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.2020წ. განჩინებით, შპს „ჯ...ის“ სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ გადაიგზავნა განსჯად ახალციხის რაიონულ სასამართლოში.
შპს „ჯ...ამ“ 08.05.2020წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და დააზუსტა მოპასუხეთა წრე, კერძოდ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მოპასუხედ დასახელდა ამავე სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ სს „ს...ა“ და მ. მ-ე, ასევე სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 13.05.2021წ. გადაწყვეტილებით, შპს „ჯ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯ...ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2021წ. განჩინებით შპს „ჯ...ას“ სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, დავის საგნის ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.
შპს „ჯ...ის“ გენერალურმა დირექტორმა ი. კ-ემ 31.01.2022წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე დადგენილი რეგულაციების დაცვის მიზნით კომპანიის პასუხისმგებელი თანამშრომლები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდა განხორციელდა დაგვიანებით, განცხადებას დაერთო 25.01.2022წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2022წ. განჩინებით შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონულის სასამართლოს 13.05.2021წ. გადაწყვეტილებაზე და შპს „ჯ...ის“ გენერალური დირექტორის 31.01.2022წ. განცხადება დარჩა განუხილველი, ასევე აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე 25.01.2022წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 28.12.2021წ. განჩინება აპელანტის გენერალური დირექტორის თანაშემწეს მ. ჟ-ას 10.01.2022წ. ჩაბარდა. ამდენად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული შვიდ დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 11.01.2022წ. და დასრულდა 17.01.2022წ.. აპელანტის მიერ განცხადება და ბაჟის ქვითრის დედანი გამოგზავნილი იქნა ფოსტის მეშვეობით 28.01.2022წ., 11 დღის დაგვიანებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 63-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში (2022 წლის 17 იანვრის ჩათვლით), რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2022წ. განჩინება შპს „ჯ...ამ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.12.2021წ. განჩინება ჩაბარდა შპს „ჯ...ის“ დირექტორის თანაშემწეს მ. ჟ-ას 10.01.2022წ. ფოსტის მეშვეობით. 31.01.2022წ. აპელანტმა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს აცნობა, რომ პანდემიის გამო კომპანიის პასუხისმგებელი პირები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რის გამო სახელმწიფო ბაჟი დაგვიანებით იქნა გადახდილი. აღნიშნული საპატიო გარემოებად უნდა მიჩნეულიყო, ამასთან მოქმედი კანონმდებლობით ხარვეზის შესახებ განჩინება უნდა ჩაბარდეს იურიდიული პირის ოფიციალურ წარმომადგენელს - დირექტორს, უფლებამოსილ პირს, ასევე განსაკუთრებული მინდობილობის საფუძველზე აღჭურვილ პირს. მოცემულ შემთხვევაში განჩინება ჩაიბარა არაუფლებამოსილმა პირმა, რომელზეც არ იყო გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კომპანიის დირექტორი ი. კ-ე, რომელმაც განცხადებით მიმართა სასამართლოს, მას განჩინების გაცნობიდან დაცული ჰქონდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული შვიდდღიანი ვადა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სსკ-ის 73.8 მუხლზე და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.02.2022წ. განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.2021წ. განჩინებით შპს „ჯ...ას“ სააპელაციო საჩივარზე დადგენილ იქნა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 7 დღიანი ვადა. ზემოაღნიშნული განჩინება შპს „ჯ...ას“ გაეგზავნა დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ მისამართზე და 10.01.2022წ. ჩაბარდა საზოგადოების დირექტორის თანაშემწეს მ. ჟ-ას. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 11 იანვრიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ 28.12.2021წ. განჩინება სარჩელში მითითებულ მისამართზე შპს „ჯ...ას“ გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს და ასეთ პირს მხოლოდ კომპანიის დირექტორი ი. კ-ე წარმოადგენდა. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 73.8 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყების იმ პირისათვის გადაცემის სავალდებულობა, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირს/დირექტორს, ან რომლის მიერ გაცემულია მინდობილობა ასეთი დოკუმენტის ჩაბარების უფლებამოსილებით, არ არის დადგენილი. აღნიშნული ნორმა მიუთითებს იმ პირზე/სტრუქტურულ ერთეულზე, რომელთაც შესაძლებელია ჩაბარდეთ ორგანიზაციისთვის გაგზავნილი სასამართლოს გზავნილები, ასეთებია: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - შესაბამისი უფლებამოსილი პირი. მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა საზოგადოების დირექტორის თანაშემწეს მ. ჟ-ას (ტ. 2, ს.ფ. 150). კერძო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე სადავო არ არის მ. ჟ-ას მითითებულ თანამდებობაზე (დირექტორის თანაშემწე) ყოფნის ფაქტი, პირიქით კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ფოსტის საშუალებით 10.01.2022წ. ჩაბარდა შპს „ჯ...ის“ დირექტორის თანაშემწეს მ. ჟ-ას, ასევე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული მასალებით სასამართლოს გზავნილები სარჩელში მითითებულ მისამართზე ბარდებოდა ამავე პირს - მ. ჟ-ას (იხ. ტ. I, ს.ფ. 51, 106, 350, ტ. II, ს.ფ. 5, 21, 75, 126). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე განთავსებულია სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი. განჩინების ჩაბარების დამადასტურებელ უკუგზავნილზე ჩაბარების თარიღად მითითებულია 10.01.2022წ., შესაბამისად, შპს „ჯ...ისთვის“ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესასვსებად განსაზღვრული 7 დღიანი ვადა ამოიწურა 17.01.2022წ. 24 საათზე, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა 25.01.2022წ., ხოლო სააპელაციო სასამართლოს განცხადება სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად წარედგინა 31.01.2022წ., სადაც ფოსტისათვის გადაცემის თარიღად მითითებულია 28.01.2022წ. (ტ. 2, ს.ფ. 153), შესაბამისად აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული ხარვეზის შესასვსებად განსაზღვრული ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პანდემიის გამო კომპანიის პასუხისმგებელი პირები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, რის გამო სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა დაგვიანებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესასვსებად განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების ან სხვა შინაარსის მოთხოვნით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება შეასრულოს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუს 22.04.2016წ. განჩინება, საქმე №ას-299-284-2016, სუს 15.07.2016წ. განჩინება, საქმე №ას-558-533-2016). კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სახელმწიფო ბაჟის დაგვიანებით გადახდა გამოწვეული იყო კომპანიის პასუხისმგებელი პირების თვითიზოლაციაში ყოფნით, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ არის დაცული. გარდა ამისა, თვითიზოლაციის ყოფნის შემთხვევაში აპელანტს შეეძლო კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით სასამართლოსათვის ეცნობებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე, ასევე სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად წარედგინა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის, ამის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოების თაობაზე ინფორმაციის სასამართლოსთვის მიწოდების შეუძლებლობაზე, ამგვარი გარემოების არსებობა საქმის მასალებითაც არ დასტურდება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისთვის რელევანტური არ არის.
სსკ-ის 368.5 მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟის არ არის გადახდილი, სასამართლოს ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო, არსებობდა შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამო კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ...ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.02.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი