Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-699(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ჯ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 18 მაისს თ. ჯ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1546/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, თ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1546/ო ბრძანება; მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, თ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მეორე მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“, ,,ვ“ ქვეპუნქტებზე, მე-6 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმაზე“ (დანართი N2), „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმაზე“ (დანართი N4), „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმზე“ (დანართი N7) და „სოციალურ კრიტერიუმზე“ (დანართი N8).

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „კრიტერიუმები“ განისაზღვრება დევნილი ოჯახის მიერ სამინისტროსთვის, ამავე ნორმატიული აქტით დამტკიცებული კითხვარის შევსების შედეგად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ამდენად, მართალია, დევნილთა ოჯახებს გააჩნიათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლება, თუმცა მოცემული უფლების რეალიზაცია დაკავშირებულია როგორც დევნილის სტატუსის ქონასთან, ისე დევნილთა ოჯახის შეფასების შედეგებთან. მინიჭებული ქულების ოდენობაზეა დამოკიდებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრისით დაკმაყოფილების რიგითობის, პრიორიტეტულობის განსაზღვრა. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული N7 დანართის „დ“ პუნქტი ადგენს, რომ დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით, ხოლო N8 დანართის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით, ენიჭება 2,5 ქულა. ამასთან, ოჯახში 2 არასრულწლოვანზე გათვალისწინებულია ერთი ქულა, ხოლო თუ მშობელი ან ქვრივი იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე, აღნიშნული ოჯახისთვის 1,5 ქულის მინიჭების საფუძველია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის გზით. პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან, მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება, მოსარჩელის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის ბინაში ასევე იმყოფებოდა სხვა პიროვნება (მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილების მამა - ბ. გ-ე), არ ქმნის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ განმცხადებლის ბინაში მყოფი პიროვნება არის მასთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირი, ვერ იქნება გაზიარებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელის ქორწინებაში ყოფნის ფაქტი. ამასთანავე, არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ერთჯერადად ბინაში მყოფ პირთან ერთად საერთო მეურნეობის განხორციელების ფაქტს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალების მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება თ. ჯ-ას რეგისტრირებული ქორწინება. ამასთანავე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ. ჯ-ას მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი. გარდა ამისა, მოსარჩელის შვილების დაბადების მოწმობებში, ერთ შემთხვევაში, მამის მონაცემები საერთოდ არ არის მითითებული, ხოლო მეორე შემთხვევაში, მითითებულია დედის განცხადების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მიერ მცდარი ინფორმაციის წარდგენა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, როდესაც იგი არსებითი ხასიათისაა. არსებითი ხასიათი გულისხმობს მის გავლენას მინიჭებული ქულების ოდენობაზე, რასაც, განსახილველ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. თ. ჯ-ას, რომელსაც წინასწარი შეფასებით განსაზღვრული ჰქონდა 6 ქულა, მარტოხელა მშობლისთვის მინიჭებული 1,5 ქულის შემცირების პირობებშიც კი, აღნიშნული სხვაობა არ უქმნიდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს, რამეთუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომის N19 ოქმის მიხედვით, ოროთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა.

პალატამ ასევე მიუთითა „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ ნორმებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თ. ჯ-ას ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდება 2 არასრულწლოვანი, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად და დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით. მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის N1-30/ნ ბრძანების შესაბამისად, „დევნილი ოჯახი“ განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). მოცემულ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ნათესავური კავშირი ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე აქვს ოჯახის წევრს თუ არა. სამოქალაქო ქორწინების გაფორმება არ წარმოადგენს ორი ზრდასრული ადამიანის ერთად ცხოვრების აუცილებელ წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუდასტურა, რომ ბ. გ-ეს მეუღლის სტატუსი აქვს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით. მოსარჩელე მხარემ ისეთი ფაქტობრივი გარემოებები გააჟღერა მთავარ სხდომაზე, რომელთა დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ იყო წარმოდგენილი. ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად შეისწავლა ოჯახის მდგომარეობა, საჭიროებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ იმ პირობებში დაავალა სააგენტოს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც უამრავი უსახლკარო დევნილი ოჯახის დაკმაყოფილების ვალდებულება არსებობს და ადმინისტრაციული ორგანო მათ საკითხზე მსჯელობს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს ყურადღება არ მიაქცია და გადაწყვეტილება მხოლოდ მხარის მიერ გაკეთებული განმარტების სენსიტიურობიდან გამომდინარე მიიღო.

კასატორი მიუთითებს, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, თბილისში დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, განიხილა ბინების განაწილების საკითხი. სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ განახორციელა მონიტრინგს დაქვემდებარებული განაცხადების მოკვლევა, შეადგინა შესაბამისი ოქმები და მოამზადა ფოტომასალა, იმ კატეგორიის ოჯახებზე, რომელთაც წინაწარი შეფასებით მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა. მათ შორის, კომისიას განსახილველად გადაეცა თ. ჯ-ას მიერ წარდგენილი განცხადება. წინასწარი შეფასებით მხარეს მოპოვებული ჰქონდა 6,5 ქულა. აღნიშნული განცხადების საფუძველზე და მხარის ოჯახური მდგომარეობის/საცხოვრებელი პირობების მოკვლევის მიზნით, თავდაპირველად მონიტორინგი განხორციელდა 2020 წლის 17 ნოემბერს, განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე (თბილისი, ...ის „ა“ მ/რ, კორპუსი 66, ბინა N1). შევსებულ იქნა შესაბამისი მონიტორინგის ფორმა. მხარეები იმყოფებოდნენ მისამართზე. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს მხარემ განუცხადა, რომ მისამართზე ქირით ცხოვრობენ 2018 წლიდან, შ. ა-ის საკუთრებაში. მხარემ განაცხადა, რომ მეუღლეს - ბ. გ-ეს დაშორდა 2010 წლიდან და მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ შემაკავებელი ორდერები ძველია (2017-2019წწ). ამასთანავე, როგორც მხარემ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებს განუმარტა, დედამ - ს. ჟ-ამ 2018 წელს გაყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (თბილისი, ...ის III მ/რ, კორუსი 14, ბინა 68), ხოლო მოსარჩელის ძმას - ი. ჯ-ას სააგენტომ შეუსყიდა საცხოვრებელი სახლი. გარდა ამისა, მოსარჩელის 2020 წლის 19 ივნისის N20817 განცხადების საფუძველზე, მოსარჩელის დედა - ს. ჟ-ა დაემატა განაცხადში. შემოწმებისას მისამართზე იმყოფებოდა თავად მოსარჩელე და მამაკაცი, რომელმაც მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს თავი გააცნო, როგორც მეგობარი მამაკაცი - გ. თ-ა. სტუმარს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი თან არ ჰქონდა, ადგილზე მისი იდენტიფიცირება ვერ მოხდა. გადაღებულ იქნა ფოტომასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული პირი შინაურულად გამოიყურებოდა. ამასთან, 2021 წლის 2 ივლისის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, გამოკვლეულ იქნა მოპოვებული ინფორმაცია და დადგინდა, რომ თ. ჯ-ას ბინაში იმყოფებოდა მისი მეუღლე - ბ. გ-ე, რაც დასტურდება სამოქალაქო რეესტრის ბაზაში არსებული მონაცემებით. აღნიშნული პირის თაობაზე მოსარჩელემ მონიტორინგის სამსახურს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია - თითქოს განქორწინებულია და წლებია, მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით, მხარე ამტკიცებს, რომ მეუღლესთან განქორწინებულია, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული მასალები წარედგინა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა, რომ მოთხოვნა არ დაეკმაყოფილებინა, მეუღლესთან თანაცხოვრების საკითხზე არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს მიერ გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, სათანადოდ გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. გადაწყვეტილება მიღებულია ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“. აღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N7) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N8). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. N7 დანართის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა) ქირით ან ქირის გარეშე, ფასდება 1,5 ქულით, ხოლო N8 დანართის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით, ენიჭება 2,5 ქულა. ამავე დანართის „ბ“ ქვეპუნქტით, ოჯახში 2 არასრულწლოვანზე გათვალისწინებულია ერთი ქულა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ მშობელი ან ქვრივი, იძულებულია, მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე, აღნიშნული ოჯახისთვის 1,5 ქულის მინიჭების საფუძველია (ამავე შინაარსის ნორმებს შეიცავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი N1), „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). აღნიშნული ბრძანება ჯერ კიდევ მოქმედებდა მოცემულ სადავო საკითხზე დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილების მიღებისას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო თ. ჯ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1546/ო ბრძანების გამოცემას).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. ჯ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და იგი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილია თბილისი, ...ის „ა“ მიკრო რაიონი, კორპუსი 66, ბინა 1.

თ. ჯ-ას ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მისამართზე: თბილისი, ...ის მასივი, „ა“ მ/რ, პირველი სადარბაზო, პირველი სართული, კორპუსი 66, ბინა N1.

2018 წლის 4 ივნისს, თ. ჯ-ამ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. განმცხადებელმა შეავსო შესაბამისი კითხვარი. 2019 წლის 23 ოქტომბერს თ. ჯ-ამ კვლავ მიმართა განცხადებით სამინისტროს, მისი განაცხადის ქ. თბილისში ბინის მიღებაზე გადატანის მოთხოვნით.

თ. ჯ-ას განცხადების საფუძველზე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეაფასა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიანიჭა 6,5 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნაქირავები - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2,5 ქულა; თ. ჯ-ა - მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე - 1,5 ქულა).

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის N19 საოქმო გადაწყვეტილებით თ. ჯ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა, მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების გამო.

ზემოაღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2021 წლის 23 აპრილს გამოსცა N03-1546/ო ბრძანება, თ. ჯ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე.

საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა ზემოაღნიშნული „წესის“ შესაბამისად მინიჭებულ ქულათა რაოდენობა (ნაკლებობა), არამედ მეუღლესთან თანაცხოვრების თაობაზე არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მითითებული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის შესაძლებლობას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლი. კერძოდ, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტი ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის შედგენას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეუღლე და მასთან თანაცხოვრების ფაქტის არარსებობის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწოდებული აქვს მცდარი ინფორმაცია. საქმეზე წარმოდგენილია აღნიშნულის საპირისპირო გარემოების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ ფიქსირდება თ. ჯ-ას რეგისტრირებული ქორწინება. ამასთანავე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ას მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი. გარდა ამისა, მოსარჩელის შვილების დაბადების მოწმობებში, ერთ შემთხვევაში მამის მონაცემები საერთოდ არ არის მითითებული, ხოლო მეორე შემთხვევაში მითითებულია დედის განცხადების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის ბინაში სხვა პიროვნების დაფიქსირების შესახებ გარემოებაზე მითითება, ვერ ამყარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტს, თ. ჯ-ას საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძვლიაანობის თაობაზე. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად არ დასტურდება სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელის ქორწინებაში ყოფნის ფაქტი. ასევე არ არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ერთჯერადად ბინაში მყოფ პირთან ერთად საერთო მეურნეობის განხორციელების ფაქტს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამის ნორმებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმოქმედა ბავშვის საუკეთესო ინტერესის შესაბამისად - მიუხედავად იმისა, რომ თ. ჯ-ას ოჯახის შემადგენლობაში ფიქსირდება 2 არასრულწლოვანი, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა აღნიშნული ინტერესი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 23 აპრილის N03-1546/ო ბრძანება უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, თ. ჯ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე