საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-181(კ-22) 12 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.ბ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ა.ბ-ამ 2019 წლის 30 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2337/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც 1993 წლიდან დღემდე ცხოვრობს ავარიულ და ნგრევად ობიექტში, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5-ში მდებარე ... „...“ შენობაში. 2010 წელს დაქორწინდა და ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, დევილის სტატუსიდან გამომდინარე, ისინი ითხოვდნენ გრძელვადიან საცხოვრებელ ფართს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს დევნილთა განსახლების ობიექტი, როგორც ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში, გათვალისწინებულ იქნა დასახურ ობიექტთა სიაში, ხოლო იქ მცხოვრები დევნილები მოხვდნენ ფართით უპირობოდ დასაკმაყოფილებელ ოჯახთა სიაში.
კასატორის მითითებით, 2019 წლის აგვისტოში მათ საცხოვრებელ ფართში იმყოფებოდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც დააფიქსირა მოსარჩელის ნგრევად შენობაში ცხოვრების ფაქტი. 2019 წლის 11 დეკემბერს კი, მოსარჩელემ იმავე მისამართზე მიიღო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 11 დეკემბრის №03/225 წერილი და მასზე თანდართული, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ იმავე სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2337/ო ბრძანება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებლის არსებობის საფუძვლით, რაც არასწორია. ამდენად, მოსარჩელემ სადავო აქტის ბათილად ცნობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ბ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე არის აფხაზეთითად იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. დევნილის სტატუსი აქვთ ასევე მინიჭებული ა.ბ-ას შვილებს - ა.ბ-ს და ი.ბ-ს. დევნილი ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი, ..., ...ის ქ. №5, ... „...“ (...);
ა.ბ-ამ 2018 წლის 5 ოქტომბერს ოჯახის სახელით შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რომელშიც აღნიშნა, რომ მისი ოჯახი არ არის სოციალურ პროგრამაში და ოჯახის ამჟამინდელი საცხოვრებელი სტატუსი არის ყოფილი დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტი. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ა.ბ-ას განაცხადი, კრიტერიუმების მიხედვით, შეფასდა 0 ქულით;
2019 წლის 11 ივნისს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №5-ში, ... „...“ შენობაში განხორციელდა მონიტორინგი, სადაც მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ოჯახის უფროსი წევრი - ი.ბ-ა და მისი მეუღლე - თ.ბ-ა. შვილი - ირ.ბ-ა და რძალი - ნ.მ-ი იმყოფებოდნენ სამუშაოდ. მათივე განმარტებით, მეორე შვილი - ა.ბ-ა და რძალი - ო.დ-ი ცხოვრობდნენ ქირით, მისამართზე: თბილისი, ... ქ. №12. დამატებითი ინფორმაციის გრაფაში მითითებულია, რომ 1994 წლიდან დღემდე ოჯახს დაკავებული აქვს ზემოაღნიშნული ფართი - 28 კვ.მ.. ოჯახის უფროსებს მშობლები გარდაცვლილები ჰყავთ. რძლის - ნ.მ-ის მშობლები კი ცხოვრობენ ქირით ...ის გამზირზე. რძლის და-ძმა ცხოვრობენ მშობლებთან ერთად. მეორე რძალი - ო.დ-ი არის ორმაგი მოქალაქე, მისი მშობლები და და ცხოვრობენ უკრაინაში;
2019 წლის 30 აგვისტოს საკითხის შემსწავლელი ორგანოს წარმომადგენლები დამატებითი მოკვლევის მიზნით, გამოცხადნენ ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №12-ში, ა.ბ-ას მიერ გასხვისებულ სახლში, სადაც გასაუბრება მოხდა ა.ბ-ასთან, ასევე, ვიზიტის დროს ადგილზე დახვდათ სტუმრად მისული დედა - თ.ბ-ა და ძმა - ირ.ბ-ა. გასაუბრებისას გაირკვა, რომ მამას - ი.ბ-ას საკუთრებაში ჰქონდა სახლი (თბილისი, ...ის ქუჩის მიმდებარედ), რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ოჯახმა გაყიდა და დარჩენილი დანაზოგით იყიდა ...ის ქუჩაზე მიწის ნაკვეთი. ოჯახმა დაიწყო მშენებლობა, რისთვისაც საქართველოს ბანკიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან აიღო სესხები და ააშენეს სახლი. ასევე გაირკვა, რომ ა.ბ-ას ოჯახს როგორც ბანკში, ასევე კერძო იპოთეკარებთან, შეექმნა ფინანსური პრობლემები, რის გამოც ოჯახი იძულებული გახდა 2019 წლის თებერვალში გაეყიდა ...ის ქუჩაზე მდებარე სახლი ვინმე თ.შ-ზე, რომელიც არის ა.ბ-ას დედის მხრიდან ნათესავი (შორეული), რომელთანაც მას აქვს ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული (ქირა 800 ლარი). დამატებით ა.ბ-ამ განმარტა, რომ ...ის ქუჩაზე ცხოვრობს მეუღლესა და შვილებთან ერთად;
საჯარო რეესტრის 2017 წლის 5 მაისის ამონაწერის თანახმად, დასტურდება, რომ ა.ბ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №12-ში (ს/კ ...) მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იყიდა თ.შ-მ. საჯარო რეესტრის 2019 წლის 2 სექტემბრის ამონაწერის თანახმად კი, აღნიშნული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ.მ-ის სახელზე.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად, განხილულ იქნა საკითხი ყველაზე მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 20 ნგრევადი ობიექტისა და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე 5 ობიექტის, მათ შორის, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №5-ში მდებარე ... „...“ დახურვის შედეგად, სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი ობიექტებიდან მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. ამავე ოქმის საფუძველზე, ა.ბ-ას უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით დადგენილ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებზე. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამასთან, ამავე წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ამ წესის შესაბამისად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის, იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება - უზრუნველყოს დევნილი ოჯახი გრძელვადიანი საცხოვრებლით, როგორც წესი, ხორციელდება კრიტერიუმების საფუძველზე, საჭიროებათა პრიორიტეტულობის პრინციპით, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს წარმოადგენს ნგრევად საშიშს, ამ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ოჯახის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდება მინიჭებულ ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე. შესაბამისად, დევნილი ოჯახის, ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დაუყოვნებლად გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას დევნილი ოჯახის ნგრევად საშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება წარმოადგენს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №12-ში მდებარე საცხოვრებელის სახლის არსებობა. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და მოწმის ჩვენებით უარყოფილია მოსარჩელე ა.ბ-ას ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №5-ში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და დადასტურებულია მის ოჯახთან ერთად, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №12-ში ცხოვრება. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა მონიტორინგის სამმართველოს მიერ შედგენილი ოქმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნაზე, პრიორიტეტი მიენიჭათ იმ დევნილ ოჯახებს, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ მათი რეგისტრაციის ადგილზე და სხვა თავშესაფარი არ გააჩნდათ.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ა.ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2337/ო ბრძანება და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე ა.ბ-ას განცხადებასთან დაკავშირებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას და მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესზე“, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო სადავო აქტის გამოცემისას დაეყრდნო 2019 წლის 11 ივნისსა და იმავე წლის 30 აგვისტოს განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში მოძიებულ ინფორმაციას, თუმცა განმარტა, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახი ქირით იყვნენ გასულები, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა.ბ-ა არ ცხოვრობს/არ უცხოვრია აღნიშნულ მისამართზე. მოსარჩელის განმარტებით, ქირით გადასვლა განპირობებული იყო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით, თუმცა ქირის საფასურის გადახდის შეუძლებლობის გამო მას მოუწია მის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ...ის ქუჩაზე დაბრუნება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კლარა ნაყოფიას ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელის ოჯახი გარკვეული პერიოდით გადასული იყო ქირით, მაგრამ ამჟამად უწყვეტად ცხოვრობს ...ის ქუჩაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ამ ეტაპზე არ იყო დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით ისე ეთქვა უარი საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფაზე, რომ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. კერძოდ, საკითხის განხილვის ფარგლებში, სადავო აქტის მიღებამდე, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, არ დაადგინა მოსარჩელის ოჯახის ქირით სხვა ბინაში ცხოვრება დროებითი იყო თუ არა, ასევე, არ გამოკითხა სადავო მისამართზე მცხოვრები პირები.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია მოწინააღმდეგე მხარისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით დაუსაბუთებელი იყო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ა.ბ-ას განაცხადი განიხილა კრიტერიუმების გარეშე, ვინაიდან საქმე ეხებოდა ნგრევად ობიექტს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კი, გამოიკვეთა და დადასტურდა რამდენიმე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება, კერძოდ, მოსარჩელეს ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №12-ში საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ნივთი, რომელიც დღეის მდგომარეობით გასხვისებულია, თუმცა მოსარჩელე ოჯახთან ერთად ფაქტობრივად გასხვისებულ სახლში აგრძელებს ცხოვრებას. ასევე დადგინდა, რომ ოჯახის შექმნის შემდეგ ა.ბ-ას აღარ უცხოვრია ...ის ქ. №5-ში. ფაქტობრივი საცხოვრებლის დაზუსტების მიზნით, მონიტორინგი განხორციელდა აგრეთვე ...ის ქ. №12-ში. აღნიშნულ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლები შეხვდნენ განმცხადებელს. მისი განმარტებით, ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ამავე ბინაში და იხდის ქირას - 800 ლარს, რაც იმის დასტურია, რომ მოსარჩელე ნგრევად ობიექტში არ ცხოვრობს. შესაბამისად, არც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე. ამრიგად, მოკვლევის მასალების საფუძველზე, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის არსებობის საფუძვლით. ამასთან, აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ ცხოვრობს ნგრევად ობიექტში და მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება შეისწავლა და გამოიკვლია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო. სააგენტომ შეისწავლა ა.ბ-ას საქმე და დაადგინა, რომ პირი აუცილებელ და სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს, რადგან ნგრევად ობიექტში არ ცხოვრობს. მას აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი, თუმცა აღნიშნული უარი ხელს არ უშლის სააგენტოს, რომ რიგითობით, კრიტერიუმების საფუძველზე, განიხილოს მისი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხი. შესაბამისად, სამინისტროს გასაჩივრებული აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ა.ბ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება, რადგან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემა იმთავითვე არ ნიშნავს ამ აქტის კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერების შეფასებისას, აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების გარდა უნდა შემოწმდეს სხვა ასპექტებიც, მათ შორის - წარმოების ფორმალური წესების დაცვა, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის ვალდებულების შესრულება, დაინტერესებული მხარეების ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართვა, დამდგარი შედეგის საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობა და სხვა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართებში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა კი უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ანალოგიურ მოწესრიგებას შეიცავს და დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვისას დადგენილი კრიტერიუმების გარეშე ნგრევად ობიექტში მცხოვრები ოჯახებისათვის პრიორიტეტის მინიჭებას ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენობა, რომელშიც დევნილი ოჯახი ცხოვრობს, წარმოადგენს ნგრევადსაშიშს, უპირატესობა ენიჭება ოჯახის უსაფრთხოებას და კანონმდებლობა ითვალისწინებს ქულათა მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, დევნილი ოჯახის დაუყოვნებლივ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რისთვისაც აუცილებელია დადასტურდეს დევნილი ოჯახის ნგრევადსაშიშ შენობაში ფაქტობრივად ცხოვრება და დროებით ადგილზე არ ყოფნა არ შეიძლება გახდეს განსახლებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა ბუნებრივად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ადგილი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და, შესაბამისად, არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.
განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ ა.ბ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა .... დევნილის სტატუსი აქვთ ასევე მინიჭებული ა.ბ-ას შვილებს: ა.ბ-ს (დევნილის მოწმობა ...) და ი.ბ-ს (დევნილის მოწმობა ...). აღნიშნული პირების დროებით საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქუჩის №5, ე.წ. ... „...“ (...). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქ. №5-ში მდებარე შენობა (... „...“) წარმოადგენს ნგრევად ობიექტს, მიმდინარეობს აღნიშნული ობიექტიდან მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დევნილი ოჯახის მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ მოსარჩელე ა.ბ-ა რეალურად არ ცხოვრობდა სადავო ფართში, რის გამოც უარი ეთქვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კლარა ნაყოფიას ჩვენებაზე, რომელიც განმარტავს, რომ მოსარჩელის ოჯახი გარკვეული პერიოდით გადასული იყო ქირით, მაგრამ ამჟამად უწყვეტად ცხოვრობს ...ის ქუჩაზე. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ქირით გადასვლა განპირობებული იყო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით, თუმცა ქირის საფასურის გადახდის შეუძლებლობის გამო, მას მოუწია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ...ის ქუჩაზე დაბრუნება.
საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების (მოსარჩელის მეზობლების) საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელე და მისი ოჯახი ქირით ცხოვრობდნენ, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა.ბ-ა არ ცხოვრობს/არ უცხოვრია ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №5-ში მდებარე ... „...“ შენობაში. ამდენად, ა.ბ-ასთვის აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივად არყოფნის გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეფუძნება მხოლოდ ოჯახის გადამოწმების მიზნით შედგენილი მონიტორინგის მასალებს, რომელიც საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ ასახავს რეალურ ფაქტობრივ მდგომარეობას, არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რაც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობაა მაშინ, როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე, ამ ეტაპზე, არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებით, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა ნგრევადი ობიექტი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, რამ გამოიწვია მონიტორინგის დროს დევნილის რეგისტრირებულ მისამართზე არყოფნა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირატესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მითითებული აქტის - „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა.ბ-ასა და მის მეუღლესთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ მათ არასრუწლოვან შვილებს ა. და ი.ბ-ს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ოჯახი ელოდება მესამე შვილს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ ა.ბ-ას ოჯახი არის ნგრევად ობიექტში რეგისტრირებული და განსახლებას დაქვემდებარებული ოჯახი, რომლის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობა მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ ვერ დაასაბუთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და სადავო საკითხის გადაუწყველტად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი. შესაბამისად, სააგენტოს კანონიერად დაევალა საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემა ა.ბ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის გადასაწყვეტად. ამრიგად, მოცემულ საქმეზე მიღებული სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და დასაბუთებული და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ა.ბ-ას შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე და დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, სასამართლო მოკლებულია ახალი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობას, იგი არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას, რის გამოც ა.ბ-ას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები (№1099-22 და №ბ-1524-22 განცხადებებზე თანდართული მტკიცებულებები) დაუბრუნდეს მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. ა.ბ-ას შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები (№1099-22 და №ბ-1524-22 განცხადებებზე თანდართული მტკიცებულებები) დაუბრუნდეს მხარეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე