საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-691(კ-21) 24 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ...ის მუნიციპალიტეტის მერია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - თ. ი-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ი-იმა 2020 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა ...ის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ...ის მუნიციპალიტეტის მერის ... წლის ...ს №... ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის თ. ი-ის სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების დავალება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი ... წლის ...ს დაინიშნა ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ...ის თანამდებობაზე და მას შემდეგ, მისი მუშაობის განმავლობაში, ადგილი არ ჰქონია მის მიმართ რაიმე სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას, ხოლო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დროისათვის მისთვის „...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ისა და მერის მოადგილისთვის ფუნქციათა განაწილების შესახებ“ მუნიციპალიტეტის მერის ... წლის 15 აპრილის №331/ს ბრძანებით განსაზღვრული საკურატორო სტრუქტურული ერთეულების გამართული მუშაობის შედეგად 2020 წლის ბიუჯეტით რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების საკასო შესრულების მიხედვით, ...ის მუნიციპალიტეტი საქართველოს 57 მუნიციპალიტეტს შორის ლიდერთა ათეულში რეიტინგით მეოთხე ადგილს, ხოლო ...ა-მ...ის რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. თ. ი-ი სარჩელში აღნიშნავდა, რომ 2020 წლის 21 აგვისტოს თავის სამუშაო ოთახში, ...ის მუნიციპალიტეტის მერმა - თ. მ-იმა თ. ი-ის გააცნო მის მიერ შემუშავებული სქემა და შესთავაზა მას დაეტოვებინა თანამდებობა, გადასულიყო სხვა თანამდებობაზე, ხოლო მერის მოვალეობას შეასრულებდა თ. მ-ის მიერ მოყვანილი ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისის წაგების შემთხვევაში დანიშნავდა მერის მოადგილის პოზიციაზე. ამავდროულად, ნდობით აღჭურვილი პირი მალევე გადადგებოდა თანამდებობიდან და ისევ თ. მ-ი განახორციელებდა მერის უფლებამოსილებას 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თ. მ-ი აპირებდა კენჭისყრას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებულ საუბარს თათბირზე მოწვეული მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. თ. ი-ის მხრიდან შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ, თ. მ-ი აღნიშნული პირებისა და ასევე სხვა პირების მეშვეობით კვლავ სთავაზობდა მის წინადადებაზე თანხმობას და მოსაფიქრებლად აძლევდა გონივრულ ვადას. მოსარჩელის განმარტებით, თ. მ-ი თავის გადაწყვეტილებას თ. ი-ის სხვა თანამდებობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით ამართლებდა იმით, რომ თუკი თ. ი-ი მერის ...ის პოზიციიდან შეასრულებდა მერის მოვალეობას, მასზე ზეწოლას განახორციელებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არ მისცემდნენ შემდგომში თანამდებობის დატოვების გზით თ. მ-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში მისთვის ადგილის დათმობის შესაძლებლობას. 2020 წლის ...ს თ. მ-იმა, მას შემდეგ, რაც მოსარჩელისგან საბოლოოდ მიიღო უარი მისი სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, შესაბამის სამსახურს დაავალა მოემზადებინა ბრძანება თ. ი-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ ბრძანება მიღებული იყო დასაბუთების გარეშე, პოლიტიკური თანამდებობის პირის - მერის პირადი კეთილდღეობის მიზნით.
2020 წლის 16 ნოემბერს თ. ი-იმა განცხადებით მიმართა ...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლსა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხისათვის ...ის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ნებისმიერი სხვა პირის დანიშვნის აკრძალვა.
...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, თ. ი-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხე ...ის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ...ის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ნებისმიერი სხვა პირის დანიშვნა. აღნიშნული განჩინება საჩივრით გასაჩივრდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია საჩივრის ავტორის აპელირება იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ სასარჩელო მოთხოვნასა და უზრუნველყოფის ღონისძიებას შორის არ არსებობდა კავშირი, რადგან თ. ი-ის მოთხოვნას წარმოადგენდა ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის თანამდებობაზე აღდგენა, რაც არ გამორიცხავდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ...ის მუნიციპალიტეტის მოადგილის თანამდებობაზე, რამდენადაც მოადგილის თანამდებობა მათ შორის მოიცავდა ...ის თანამდებობას, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარში წარმოდგენილი არ იყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები, რაც განაპირობებდა საჩივრის უარყოფასა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვებას.
...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის მერის ... წლის ...ს №... ბრძანება, თ. ი-ი აღდგენილ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის თანამდებობაზე და ...ის მუნიციპალიტეტის მერიას თ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, თვეში 1500 ლარის ოდენობით, ... წლის ...დან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული და სათანადოდ შეფასებული არ ყოფილა ის ძირითადი ფაქტობრივი გარემოება, რაც გახდა მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იგნორირებული იყო საქმიანობის მხოლოდ კანონიერების პრინციპზე დაყრდნობით წარმართვის აუცილებლობა, რაც ითვალისწინებდა უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით დადგენილ ფარგლებში, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევდა უფლებას კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განეხორციელებინა რაიმე მოქმედება. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით დაირღვა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და შეიზღუდა მისი ინტერესები. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება, ე.ი. სათანადო წესების დაცვით გადაწყვეტილების მიღება, დიდწილად განაპირობებდა აქტის კანონიერებას და დასაბუთებულობას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტი არ შეიცავდა რაიმე მითითებას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ...ის რაიონული სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე გამორიცხავდა აქტის გასაჩივრებისას შემდეგ სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, ვინაიდან სწორედ საკითხის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, დადგენილი გარემოებებისათვის სამართლის ნორმის შეფარდება უნდა განაპირობებდეს აქტის სამართლებრივ შედეგს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტის კანონიერების შემოწმებისას ადმინისტრაციული ორგანოს ასეთივე წარმატებით შეეძლო მიეთითებინა ნებისმიერი სხვა ნორმატიული აქტი, რომლითაც შეიძლება გაემართლებინა მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ ამგვარი სამომავლო ინტერპრეტაციების თავიდან არიდებას ემსახურებოდა მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ, მიღებისას საკითხის გადაწყვეტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება.
...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელე ისე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, რომ მას არ მისცა შესაძლებლობა წარედგინა საკუთარი მოსაზრება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დაინტერესებულ მხარეს ადმინისტრაციული წარმოებისას მიეცემოდა შესაძლებლობა გაექარწყლებინა ...ის მუნიციპალიტეტის მერის არგუმენტები, წარედგინა მათთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო მხოლოდ ამ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა შესაბამისი დასაბუთებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ...ის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გათავისუფლების მთავარ საფუძვლად მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, მერის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მერის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, გამომდინარე ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 54-ე, 58-ე და 59-ე მუხლების საფუძველზე და რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლება მერის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებში უპირობოდ უნდა მომხდარიყო და რომ ზემოხსენებული კანონის 59-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ საჭიროებდა დასაბუთებას, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებდა მერის ...ე, თუ მერის ...ე თანამდებობაზე დანიშნული არ არის - მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს - მერის უხუცესი მოადგილე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის არგუმენტები ეწინააღმდეგებოდა ზემოხსენებული მუხლით დადგენილ რეგულაციას, იმდენად, რამდენადაც იგი პირდაპირ უთითებდა მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევაში ...ით ან მოადგილით მერის დროებით ჩანაცვლების თაობაზე. მითითებული ნორმის საპირისპირო განმარტების შემთხვევაში, იქმნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო რჩებოდა მაღალი რანგის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების გარეშე, რაც მეტი ალბათობით შეაფერხებდა ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციების ჯეროვნად განხორციელებას, რაც თავისთავად საფრთხეს შეუქმნიდა მის სტაბილურობასა და გადაწყვეტილებაუნარიანობას. სააპელაციო პალატამ ამ მხრივ ყურადსაღებად მიიჩნია თავად აპელანტის კრიტიკული მიდგომა მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ...ის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ნებისმიერი სხვა პირის დანიშვნის აკრძალვასთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...ის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის წარმომადგენელი არ ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს და აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მერს უფლებამოსილება აქვს, თავისი შეხედულებით, ზოგადი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეარჩიოს პირი და დანიშნოს მოადგილედ. ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს მერი. მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სადავო აქტი არ საჭიროებდა დასაბუთებას, ვინაიდან დაინტერესებული მხარისთვის ცნობილი იყო ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზედაც იყო გამოცემული სადავო აქტი.
კასატორის აღნიშნავს, რომ მერის ...ისა და მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტული საფუძვლები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მიღებული საკრებულოს დადგენილებით. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება კი არ არეგულირებს განსხვავებულად აღნიშნულ საკითხს. მერის ...ისა და მოადგილის უფლებამოსილებები არ არის ერთი და იგივე. აღნიშნულ უფლებამოსილებებს ანაწილებს მერი თავისი ბრძანებით, რომელიც რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის, 57-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 61-ე მუხლის მესამე პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად. ასევე უფლებამოსილებების ცვლილებასთან დაკავშირებითაც გამოსცემს ბრძანებას, რომელიც რეგულირდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი კი ითვალისწინებს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სააპელაციო სასამართლოს უნდა განესხვავებინა პოლიტიკური თანამდებობა ბიუროკრატიული ადმინისტრაციისაგან. ასევე მიზანშეწონილი იქნებოდა საჯარო მმართველობის განმახორციელებელი და პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი პირების გამიჯვნა, ერთი მხრივ თანამდებობები, რომელთა დაკავება სრულად პოლიტიკური პროცესის ნაწილს წარმოადგენს და მეორე მხრივ, თანამდებობები, რომლებზეც შერჩევა მხოლოდ პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება და მათი არჩევისას ადმინისტრაციული ორგანო არ ხელმძღვანელობს კონკრეტული პირის შერჩევის პოლიტიკური მიზანშეწონილობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მერი წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს. სწორედ ეს უკანასკნელი არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მიერ მინდობილი მანდატის შესრულებაზე, ხოლო მისი ...ე წარმოადგენს იმ პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც საკუთარი, კანონით ვიწროდ გაწერილი უფლებამოსილებებისა და ფუნქციების ფარგლებში ეხმარება და შესაძლებელს ხდის მერის ამოცანათა პრაქტიკულ რეალიზაციას. მერს დანიშვნა-განთავისუფლებაზე მინიჭებული აქვს ფართო დისკრეცია და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად (რომლებიც არ ვრცელდებოდა მერიის თანამდებობის პირებზე), მხოლოდ მის უშუალო შეხედულებაზე იყო დამოკიდებული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა განსხვავებით სხვა მოსამსახურეთაგან, რომელთა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციისას გამოიყენება "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესი. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად ...ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწინააღმდეგის თ. ი-ის დანიშვნა მოხდა მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კონკურსისა და თანამდებობის დასაკავებლად კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე, რაზეც "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის გათვალისწინებით მოცემულ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ კანონის სხვა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებას და სხვა სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას არეგულირებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს შრომის კოდექსის დავალებით. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ნება, მუნიციპალიტეტის მერის საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს. აგრეთვე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე თ. ი-ი ...ის მუნიციპალიტეტის მერის მიერ არის დანიშნული და იმავე მერის ბრძანებით განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მერის ...ე წარმოადგენდა მერიის თანამდებობის პირს, რომელსაც მერი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საკუთარი შეხედულებით, სწორედ ექსკლუზიური უფლებამოსილება წარმოადგენს სამართლებრივ დასაბუთებას ...ის მერის ...ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რაც არ შეიცავს დასაბუთებას გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, თუმცა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ნორმების გათვალისწინებით არ წარმოადგენს ბრძანების უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს. კასატორის მოსაზრებით, როდესაც სამართლის ნორმის ადრესატების ერთი ჯგუფი, სხვა ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად განიხილება, მოწესრიგების ლოგიკიდან გამომდინარე, ამ ჯგუფებს შორის არსებული განსხვავება უნდა ამართლებდეს დადგენილ უთანასწორობას, კავშირი დიფერენცირების ნიშანსა და განსხვავებულად განხილვას შორის უნდა იძლეოდეს რაციონალური ახსნის შესაძლებლობას და სამართლებრივად განსხვავებული შედეგები ფაქტობრივად არსებული განსხვავების პროპორციული უნდა იყოს. სადავო ბრძანების გამოცემისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მერს თავისუფლებას ანიჭებს საკუთარი შეხედულებითა და პასუხისმგებლობით შეერჩია მერის ...ე/მოადგილეები, განესაზღვრა მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, უნარ-ჩვევები და ისე მიეღო გადაწყვეტილება მის შერჩევაში. მუნიციპალიტეტის მერის ...ის/მოადგილეების დანიშნულებიდან და არსიდან გამომდინარე მათი თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება განსხვავებული რეგულაციაა. ასეთი მსჯელობა კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით (59-ე მუხლი), მერის პირველ მოადგილეს უფლებამოსილება განესაზღვრა მერის უფლებამოსილების ვადით და ეს უფლებამოსილება, სხვა საფუძვლებთან ერთად, უწყდება მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესი მერს თავისუფლებას ანიჭებს საკუთარი პასუხისმგებლობით შეარჩიოს მერის ...ე/მოადგილეები და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება მისი თანამდებობაზე დანიშვნისა თუ გათავისუფლებაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისაგან დამოუკიდებლად. აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას, ვინაიდან სახეზე გვაქვს მერისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება, რაც შეესაბამება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ობიექტურ მიზნებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ...ის მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მოწინააღმდეგე მხარის თ. ი-ის გათავისუფლებით არ დარღვეულა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც მერის უფლებამოსილებას წარმოადგენდა თავისი შეხედულებით დაენიშნა და გაეთავისუფლებინა მერის ...ე/მოადგილეები, ამდენად ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის ...ს №... ბრძანება თ. ი-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად, რის გამოც სახეზე არ გვაქვს აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობის და თ. ი-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად. ამავე განჩინებით გადაწყდა საკასაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ. ი-ის სარჩელის უარყოფის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 27 ნოემბრის №... ბრძანების შესაბამისად, თ. ი-ი დაინიშნა ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის თანამდებობაზე, ხოლო ამავე მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის ...ს №... სადავო ბრძანების საფუძველზე იგი განთავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ...ის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის ...ს №... ბრძანების კანონიერება წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ თ. ი-ი სადავო ბრძანების უკანონობის საფუძვლად მის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებს, ხოლო მოპასუხის - ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მტკიცებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მერის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და მას დასაბუთების ვალდებულება არ ეკისრებოდა.
ამდენად, სადავო საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებასთან მიმართებაში ...ის მუნიციპალიტეტის მერის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები წარმოადგენს, რა დროსაც გადამწყვეტია დადგინდეს ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის სამსახურიდან გათავისუფლება აკისრებდა თუ არა მერს აქტის დასაბუთების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს იმგვარ უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგი. ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილების მიმნიჭებელი კანონის მიზნების შესაბამისად და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე უნდა მოქმედებდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ კანონზე, რომელსაც წარმოადგენს სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. იგი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 52-ე მუხლი განსაზღვრავს მერიის თანამდებობის პირებს, რომლის მიხედვით, მერიის თანამდებობის პირები არიან: ა) მერი; ბ) მერის ...ე; გ) მერის მოადგილე; დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსახურეებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გამიჯნულია მერიის მიერ თანამდებობის პირთა და მერიის სხვა მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება; კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტი ეხება მერის მიერ მერიის თანამდებობის პირების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხოლო „ა.დ“ ქვეპუნქტი - მერიის მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას. მოცემულ შემთხვევაში, ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ე - თ. ი-ი თანამდებობაზე დაინიშნა ზემოაღნიშნული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც თანამდებობის პირი, ხოლო ამავე მუნიციპალიტეტის მერის ... წლის ...ს №... ბრძანებით განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირებს წარმოადგენენ სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, მუნიციპალიტეტის მერი, მერის მოადგილე, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერიის თანამდებობის პირს წარმოადგენს მერის ...ე. ამდენად, ვინაიდან თ. ი-ი იკავებდა ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის თანამდებობას, იგი წარმოადგენდა პოლიტიკური თანამდებობის პირს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე, შესაბამისად, აღნიშნული კანონით ვერ მოწესრიგდება სადავო ურთიერთობა.
ზემოაღნიშნული ნორმების ნორმების ანალიზიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მერს მისი ...ის დანიშვნა-გათავისუფლებაზე მინიჭებული ჰქონდა ფართო დისკრეცია და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად (რომელიც არ ვრცელდებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკური თანამდებობის პირებზე), მხოლოდ მის უშუალო შეხედულებაზე იყო დამოკიდებული აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, განსხვავებით სხვა მოსამსახურეთაგან, რომელთა შრომითსამართლებრივი ურთიერთობების რეგულაციისას გამოიყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესი. ამასთან, გასათვალისწინებელი იყო აღნიშნულ მუხლთან მიმართებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დამოკიდებულება, რომელიც უშუალოდ ადგენდა საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლებს და მიუთითებდა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც განსაზღვრავდა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, მერის პირველ მოადგილეზე არ ვრცელდებოდა. აღნიშნული ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი მმართველობის განხორციელება, რაც გულისხმობს რესურსების გონივრული გამოყენების გზით იმ შედეგის მიღებას, რომელიც პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად, ...ის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, ... წლის 27 ნოემბრიდან თე. ი-ი დაინიშნა ...ის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ. მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა სწორედ მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, კონკურსისა და თანამდებობის დასაკავებლად კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნების გათვალისწინების გარეშე. ხოლო ...ის მუნიციპალიტეტის მერის ... წლის ...ს ბრძანებით თე. ი-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. როგორც უკვე აღინიშნა, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით მოცემულ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ კანონის სხვა შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც თანამდებობის პირის თანამდებობიდან გათავისუფლების დასაბუთებასა და სხვა სამართლებრივი პროცედურების განხორციელებას არეგულირებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და საქართველოს შრომის კოდექსის დავალებით. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) გამოცემის ნება, მუნიციპალიტეტის გამგებლის საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს. ამასთან, ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი და 59-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მუნიციპალიტეტის მერის ...ე წარმოადგენდა მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელსაც მერი ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა საკუთარი შეხედულებით. გასაჩივრებული ბრძანება მოტივირებულია სწორედ მერის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე მითითებით, რომელიც შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას ...ის მუნიციპალიტეტის მერის ...ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა არ შეიცავს დასაბუთებას გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლებთან დაკავშირებით, რაც განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი ნორმების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ბრძანების უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიჩნევის საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მერს თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი შეხედულებითა და პასუხისმგებლობით შეერჩია მერის ...ე/მოადგილეები, განესაზღვრა მისი კვალიფიციურობა, ხელმძღვანელობითი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა, უნარ-ჩვევები და ისე მიეღო გადაწყვეტილება მის შერჩევაში. მუნიციპალიტეტის მერის ...ის/მოადგილეების დანიშნულებიდან და არსიდან გამომდინარეობდა მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების განსხვავებული რეგულაცია. აღნიშნულ მსჯელობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით (59-ე მუხლი), მერის პირველ მოადგილეს უფლებამოსილება უწყდება ახალი მერის არჩევისას (უფლებამოსილების დაწყებისას).
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესი, მერს, სადავო ბრძანების გამოცემისას, სრულ თავისუფლებას ანიჭებდა საკუთარი პასუხისმგებლობით შეერჩია მერის ...ე და ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება მის თანამდებობაზე დანიშვნასა თუ გათავისუფლებაზე - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისგან დამოუკიდებლად. ამასთან, აღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერ ვალდებულებას, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში სახეზე გვაქვს მერისთვის მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელება და საკითხის ამგვარი გადაწყვეტა შეესაბამება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ობიექტურ მიზნებს (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.05.2017წ. №ბს-894-886(კ-16) გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. №ბს-237-237(კ-18) გადაწყვეტილება).
განსახილველ შემთხვევაში ...ის მუნიციპალიტეტის მერი გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თ. ი-ის გათავისუფლებით არ დარღვეულა სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც მერის უფლებამოსილებას წარმოადგენდა თავისი შეხედულებით დაენიშნა და გაეთავისუფლებინა მერის ...ე. ამდენად, მერმა გადაწყვეტილება თ. ი-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიიღო მისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების რეალიზაციის შედეგად, რის გამოც სახეზე არ გვაქვს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, სადავო აქტის კანონიერების პირობებში, არ არსებობს თ. ი-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ი-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ... წლის 17 ნოემბრის განჩინებით, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხე ...ის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ...ის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ნებისმიერი სხვა პირის დანიშვნა, მოცემულ საქმეზე დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩლის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ...ის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ...ის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოპასუხე ...ის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ...ის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე ნებისმიერი სხვა პირის დანიშვნა;
5. ...ის მუნიციპალიტეტის მერიას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 07.07.2021წ. №02388 საგადახდო მოთხოვნით შეცდომით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე