Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-380(2კ-21) 18 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

კასატორი (მოსარჩელე) - თ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. კ-ამ 2020 წლის 11 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიმართ და მოითხოვა „თ. რ.-ს ასული კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მაისის №MOD 7 20 00003378 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის თ. კ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საავიაციო ბრიგადის ...ის ...ის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, თ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მაისის №MOD 7 20 00003378 ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. კ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

კასატორი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მაისის ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებში, გამორკვეულ იქნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები: -„სახმელეთო ჯარებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №949 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №1075 ბრძანებით 2016 წლის 19 დეკემბერს გაუქმდა საავიაციო ბრიგადა, მასთან ერთად ...ი და მის საშტატო განრიგში შემავალი სამოქალაქო ექიმის შემდეგი თანამდებობები: ა) ...ი, რომელზეც დანიშნული იყო თ. კ-ა (სახელმწიფო სერტიფიკატის მიხედვით ნებადართული სპეციალობა - „საოჯახო მედიცინა“); ბ) ექიმი-სპეციალისტი, რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით - „ზოგადი ქირურგია“; გ) ექიმი-სპეციალისტი, რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით - „ნევროლოგია“; დ) ექიმი-სტომატოლოგი, რომელზეც დანიშნულ მოსამსახურეს ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით – „ქირურგიული სტომატოლოგია“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 19 დეკემბრის №1073 ბრძანებით დამტკიცებული შერეული საავიაციო ...ის საშტატო ნუსხის მიხედვით, შეიქმნა ფრენების მართვისა და უზრუნველყოფის ჯგუფის (მარნეული) სამედიცინო პუნქტი (მარნეული), რომლის საშტატო განრიგში შევიდა სამოქალაქო ექიმის სამი თანამდებობა: ა) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციას შეადგენს „ქირურგიული სტომატოლოგია“, სადაც თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დანიშნულ იქნა საავიაციო ბრიგადის ...ის ექიმი-სტომატოლოგი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია“; ბ) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციას შეადგენს „ზოგადი ქირურგია“, სადაც თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დანიშნულ იქნა საავიაციო ბრიგადის ...ის ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით - „ზოგადი ქირურგია“; გ) ექიმი-სპეციალისტი, რომლის ფუნქციას შეადგენს „ნევროლოგია“, სადაც თანამდებობრივი გადაადგილების საფუძველზე, დანიშნულ იქნა საავიაციო ბრიგადის ...ის ექიმი სპეციალისტი, რომელსაც ჰქონდა სახელმწიფო სერტიფიკატი ნებადართული სპეციალობით - „ნევროლოგია“. ახლად შექმნილი შერეული საავიაციო ...ის ფრენების მართვისა და უზრუნველყოფის ჯგუფის (მარნეული) სამედიცინო პუნქტის მარნეულის საშტატო განრიგში აღარ იქნა გათვალისწინებული ...ის სამოქალაქო თანამდებობა. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თ. რ.-ს ასული კ-ა, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2016 წლის 19 დეკემბრიდან. რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებული საავიაციო ბრიგადისა და ახლად შექმნილი შერეული საავიაციო ...ის საშტატო ნუსხების თანახმად, ...ის შტატი გაუქმდა როგორც დასახელებით, ისე ფუნქციურად. გაუქმებული საავიაციო ბრიგადის ...იდან ორი ექიმი-სპეციალისტი (ფუნქციებით „ზოგადი ქირურგია“ და "ნევროლოგია") ახალ საშტატო ნუსხაში გადმოვიდა იმავე ფუნქციით და დასახელებით, რომლებზეც გადაადგილდნენ შესაბამისი სპეციალობის მოსამსახურეები, მესამე ექიმი-სტომატოლოგის თანამდებობას შეეცვალა მხოლოდ სახელი და შენარჩუნებულ იქნა მისი ფუნქცია („ქირურგიული სტომატოლოგია“). ექიმი სპეციალისტის თანამდებობაზე (ფუნქციით „ქირურგიული სტომატოლოგია“) გადაადგილებულ იქნა მოსამსახურე ნებადართული სპეციალობით - „ქირურგიული სტომატოლოგია". კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში, თ. კ-ასთვის შეთავაზებულ იქნა საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ... დივიზიონის სამედიცინო პუნქტის ექიმი-სპეციალისტის თანამდებობაზე (...) დანიშვნა, რაზედაც მან უარი განაცხადა. ამდენად, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად დასაბუთებული იყო და არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაკმაყოფილებულ ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას თ. კ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

კასატორი თ. კ-ა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ასკ-ის 32.4 მუხლი და სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა მისი სააპელაციო საჩივარი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს ერთხელ უკვე გამოყენებული ჰქონდა 32.4 მუხლი და ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ მესამე წრეზე გაგვიშვა. საკასაციო სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. კ-ა თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 18 აპრილის №MOD 1 17 00002674 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე №3/441-17. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხსენებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს განუმარტა, რომ ახალი აქტის გამოცემისას მათ უნდა შეეფასებინათ შემდეგი საკითხი: ,,გასათვალისწინებელია, რომ ექიმ სპეციალისტთა და ექიმ თერაპევტთა ფუნქციების განმსაზღვრელი აქტი ორგანომ ვერ წარადგინა, ამდენად სამინისტრო ვერ ადასტურებს რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ არსებული შტატების ფუნქციებს შორის არსებით სხვაობას, ახალი საშტატო ერთეულის დაკავების მიზნებისთვის თ. კ-ას კვალიფიკაციის არასათანადოობას, შტატების სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე ყოფნას“. კასატორი მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს განუმარტა, რომ საშტატო ნუსხა, როგორც რეორგანიზაციამდე, ისე რეორგანიზაციის შემდგომ არსებული შემოიფარგლებოდა მხოლოდ თანამდებობების ჩამონათვალით. არ არსებობდა, რაიმე სახის ფუნქციების განმსაზღვრელი აქტი, რომელიც განსაზღვრავდა, თუ რა მოვალეობების შესრულება ევალებოდა ...ს და რატომ ვეღარ შეასრულებს აღნიშნულს იგი ...ის რანგში. შესაბამისად, ახალი წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა სწორედ იმ საკითხებზე, რაც მას დავალებული ჰქონდა უზენაესი სასამართლოს მიერ. სამწუხაროდ თავდაცვის სამინისტრომ ახალი აქტი გამოსცა ისე, რომ სრულად უგულებელყო სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებები. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია/გააჩნდა თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება, თუ კონკრეტულად რა პროფესიის/მიმართულების ექიმები უნდა დანიშნულიყვნენ ახალ საშტატო ერთეულზე. სადავო აქტით ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ ახალი საშტატო ერთეული ითვალისწინებდა ნევროლოგის, ზოგადი ქირურგისა და ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულებებს, თუმცა აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოვალეობის შემსრულებლის ს. ნ-ას 2017 წლის 19 მაისის წერილი თანდართული დოკუმენტაციით, რომლითაც დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა 3 ექიმი სპეციალისტის შტატი. არსად არ არის ნახსენები, რომ აღნიშნულ სამ შტატზე აუცილებლად ქირურგი, ნევროლოგი და სტომატოლოგი უნდა დანიშნულიყვნენ. არ არსებობს თანამდებობრივი ინსტრუქცია, თუ ვინ რა ფუნქციებს ასრულებს ახალ სამ საშტატო ერთეულზე და რატომ ვერ შეძლებდა მოსარჩელე თავისი ფუნქციების შესრულებას. მოპასუხე მხარე უბრალოდ ზეპირსიტყვიერად განმარტავს, რომ ახალი სამი შტატის ფუნქციაა სტომატოლოგია, ქირურგია და ნევროლოგია. მოპასუხეს არ გააჩნია კონკრეტული ინსტრუქცია, თუ რა ფუნქციებს ახორციელებს ზემოხსენებული საშტატო ერთეულები და რატომ ვერ შეძლებდა იგივე ვალდებულებების შესრულებას თ. კ-ა.

თ. კ-ა აღნიშნავს, რომ სადავო აქტში საუბარია იმ გარემოებაზე, რომ სხვა დანიშნულ პირებს გააჩნდათ კონკრეტული სერტიფიკატები, თუმცა აღსანიშნავია, რომ სერტიფიკატები არასდროს ყოფილა სამსახურში მიღების წინაპირობა. მითუმეტეს გაუგებარია, თუ რატომ უნდა მიენიჭოს ზოგადი ქირურგის სერტიფიკატს უპირატესობა საოჯახო მედიცინის სერტიფიკატთან, როდესაც თავად საშტატო ერთეულით არ არის განსაზღვრული კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები ახლად შექმნილი ...ის შტატით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ჩატარებულ წარმოების ოქმზე, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო გადაწყვეტილების მიღებას. ხსენებულ ოქმში საუბარია იმ გარემოებაზე, რომ რომელი პროფესიის ექიმი უფრო საჭიროა, წყვეტს სარდლობის ხელმძღვანელობა. აღნიშნული გულისხმობს იმ გარემოებას, რომ ფაქტობრივად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს თავდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებას, რომელიც არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან არ არსებობს ნორმატიული მასალა საშტატო ერთეულების ფუნქციების შესახებ, ასევე არ არის დასაბუთებული, თუ რის გამო ვერ შეძლებდა მოსარჩელე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, თუმცა მიიჩნევს, რომ მას არ უნდა გამოეყენებინა ასკ-ის 32.4 მუხლი, რადგანაც, აღარ არსებობს საკითხის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნების საჭიროება. ფაქტია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია შემდეგი მტკიცებულებები: 1. ექიმ სპეციალისტთა და ექიმ თერაპევტთა ფუნქციების განმსაზღვრელი აქტი. 2. ნორმატიული აქტი/თანამდებობრივი ინსტრუქცია, რომლითაც განისაზღვრება, თუ კონკრეტულად რა პროფესიის/მიმართულების ექიმები უნდა დანიშნულიყვნენ ახალ საშტატო ერთეულზე. 3. თანამდებობრივი ინსტრუქცია ან/და რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ახლად შექმნილ ...ების შტატზე უნდა დანიშნულიყვნენ აუცილებლად ქირურგი, ნევროლოგი, სტომატოლოგი და არა თერაპევტი. კასატორის მოსაზრებით აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ნორმატიული მასალა რომ ჰქონოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, იგი მას დაეყრდნობოდა წინამდებარე საქმის ფარგლებში და უზრუნველყოფდა მის წარმოდგენას განსახილველ საქმეზე. სასამართლოს მიერაც იქნა გამოთხოვილი და მოპასუხემაც განმარტა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების მასალები და მეტი არაფერი აქვთ წარმოსადგენი. მოპასუხეს არ გააჩნია რაიმე სახის თანამდებობრივი ინსტრუქცია, თუ რას საქმიანობს ...ი ან/და რატომ ვერ შეძლებს ... აღნიშნული ფუნქციების შესრულებას. არ არსებობს, რაიმე სახის გადაწყვეტილება/ინსტრუქცია, რომ ...ის პოზიციაზე აუცილებლად ქირურგი, ნევროლოგი და სტომატოლოგი უნდა იქნეს დანიშნული. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით ცოტა ბუნდოვანია, თუ რატომ უბრუნებს სასამართლო მეორეჯერ ადმინისტრაციულ ორგანოს 32.4 მუხლის გამოყენებით. ფაქტია, რომ ადმინისტრაციული ორგანო ახალს ვერაფერს გამოიკვლევს და წარმოადგენს, რადგანაც ის საკითხები, რისი გამოკვლევაც უზენაესმა სასამართლომ უკვე ერთხელ დაავალა, დარჩა აღუსრულებელი. ადმინისტრაციული ორგანო ფიზიკურად ვერ წარმოადგენს იმას, რაც მას არ გააჩნია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი შიდა ინსტრუქცია ან/და ნორმატიული მასალა, თუ რა ფუნქციებს ასრულებენ ...ები და რატომ ვერ შეასრულებს მას ..., ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია საკითხის ხელახლა თავდაცვის სამინისტროსთვის დაბრუნება. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი და თავად მიეღო გადაწყვეტილება და აღედგინა მოსარჩელე ...ის თანამდებობაზე.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ წერილობით გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსგან, შეიძლებოდა თუ არა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ...ის მარნეულის საავიაციო სამედიცინო პუნქტის ექიმი-სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნულიყო ნებისმიერი პროფილის ექიმი. ხსენებულ განცხადებაზე, თავდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 9 სექტემბრის წერილით განგვიმარტა, რომ ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დაინიშნოს პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი დიპლომი და ექიმის ლიცენზია. აღნიშნული წერილით, არ ყოფილა განმარტებული, რომ ...ის თანამდებობა მოიაზრებდა მხოლოდ სტომატოლოგის ან/და ნევროლოგის შტატს. შესაბამისად, ცალსახად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს ...ს თანამდებობაზე, რომელსაც წარმოადგენს ...ის პოზიცია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტების მატერიალური კანონიერების შეფასება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დავის არსებით გადაწყვეტაზე ანუ მართლმსაჯულების ფუნქციაზე უარის ტოლფასია. აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში კი შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას, სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების დადგენის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე. სასამართლო დავის გადაუწყვეტლად აქტს ბათილად ცნობს იმ შემთხვევაში, როდესაც აშკარაა, რომ გადაწყვეტილების მიღება საჭიროებდა გარკვეული გარემოებების გამოკვლევას, რომელსაც გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნული ნორმის (სასკ-ის 32.4 მუხლი) გამოყენების აუცილებლობა განსაზღვრული გარემოებების შემთხვევაში არსებობს, კერძოდ - როდესაც სასამართლოს თავად არ შეუძლია ან ვერ ხერხდება სასამართლო წესით იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელიც აუცილებელია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესაფასებლად. გარდა ზემოაღნიშნულისა, აშკარაა, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავად არ მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც საკუთარ თავს დაავალდებულებს, რომ თ. კ-ას აუნაზღაუროს განაცდური. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყო აუცილებელი, რომ სააპელაციო სასამართლოს თავად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად გადაწყდებოდა სადავო საკითხი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლი, რადგან თავად შეეძლო დავის არსებითი გადაწყვეტა. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილია საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა არსებითი გარემოება და სამართლებრივი შეფასების საჭიროება არ ქმნის ხსენებული მუხლის გამოყენების საფუძვლებს.

შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომელშიც არ დაკმაყოფილდა თ. კ-ას სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებულ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდება სრულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 მაისის და 21 მაისის განჩინებებით, თ. კ-ასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით (საქართველოს კონსტიტუციის 25.1 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული ნორმით გარანტირებული შრომის უფლება გულისხმობს მოქალაქის უფლებას, გააჩნდეს წვდომა საჯარო სამსახურზე და სახელმწიფოს ვალდებულებას არ დაუშვას პირის საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ შრომის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და ექვემდებარება შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მნიშვნელოვანია, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი უნდა იყოს დამაჯერებლად დასაბუთებული.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თ. კ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლების კანონიერება.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 18 მაისის ბრძანების თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი, ყოფილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საავიაციო ბრიგადის ...ის ..., თ. კ-ა გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 20 აპრილიდან. თ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო რეორგანიზაცია, რასაც შედეგად მოჰყვა შტატების შემცირება; კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შერეული საავიაციო ...ის სამედიცინო პუნქტში, ექიმი-სპეციალისტის საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა და ნაცვლად ...ის 4 ექიმი-სპეციალისტის საშტატო ერთეულისა (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“), დამტკიცდა სამედიცინო პუნქტის ექიმი-სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამხედრო პირი“) 1 და ექიმი-სპეციალისტის (საშტატო კატეგორია „სამოქალაქო პირი“) 2 - სულ 3 საშტატო ერთეული.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. კ-ამ ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოხსენებული ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდგომ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ძალაში დარჩა. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის №ბს-1317(2კ-18) განჩინებით ამომწურავადაა განსაზღვრული ის გარემოებები, რომელთა გამოკვლევა და დასაბუთება დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ წარმოუდგენია სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამომწურავი პასუხი გაეცემოდა განჩინებაში დასმულ საკითხებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ადმინისტრაციულ ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია სადავო საკითხი შეისწავლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, სამინისტროს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმება, ახალ საშტატო ნუსხაში ტოლფასი თანამდებობის არარსებობა. შტატის ფუნქციური დატვირთვით შენარჩუნების შემთხვევაში დასაბუთებას საჭიროებს კონკრეტული მოხელისათვის უპირატესობის მინიჭება, რაც უნდა განხორციელდეს თ. კ-ასა და არსებულ, შენარჩუნებულ საშტატო ერთეულზე დანიშნული მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევების, გამოცდილების, კომპეტენციის, პიროვნული მახასიათებლებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სხვა გარემოებების ურთიერთშედარების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის №ბს-110-103(2კ-13) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეშვეობით. ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ, ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად, მათი გამოკვლევა-დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურებისა და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული. აღსანიშნავია, რომ მართალია, სასამართლოს მიერ სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრებს ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილად ჩატარებისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებას, თუმცა არ მოიაზრებს მხარის მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების შესაძლებლობას შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უნდა სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები; კერძოდ, რეორგანიზაციის შედეგად მართალია შემცირდა შტატთა რაოდენობა და არსებული 4 სამოქალაქო კატეგორიის შტატიდან დარჩა მხოლოდ 2 სამოქალაქო კატეგორიის შტატი, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ გარემოებაზე მითითება არ ასაბუთებს თ. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების კანონშესაბამისობას. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სამინისტრომ ვერ დაადასტურა რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ არსებული შტატების ფუნქციებს შორის არსებითი სხვაობა, ახალი საშტატო ერთეულის დაკავების მიზნებისათვის თ. კ-ას კვალიფიკაციის არასათანადოობა, შტატების სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე ყოფნა. კადრების განკარგულებაში მოხელის ჩარიცხვის ოთხთვიანი ვადა სწორედ იმ მიზნით არის განსაზღვრული, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შეძლოს საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევა და შემდგომში მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა ან მისი გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ თ. კ-ას მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა, უკეთუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ იგი სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული იქნებოდა უკანონოდ და შესაბამისად, სამსახურში აღდგენას მოჰყვებოდა განაცდური ხელფასის ანაზღაურება. ვინაიდან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა გულისხმობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მის ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების დავალდებულებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. კ-ასა და საქართველსო თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თ. კ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა