Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

Nბს-1011 (კ-22) 18 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2022წ. გადაწყვეტილებით სს „...ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.11.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „...ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 07.05.2021წ. Nს/კ 675-24 კონტროლის აქტი და სსიპ სამედიინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 01.07.2021წ. N02/9407 გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს 16.09.2022წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ ვერ ირკვეოდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ სსკ-ის 397.1 მუხლით დადგენილი, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დაცვის საკითხი. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2022წ. გადაწყვეტილება კასატორს 18.07.2022წ. ჩაბარდა. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 09.08.2022წ. წარადგინა, რასაც ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კანცელარიის მიერ საკასაციო საჩივარზე დასმული შტამპი. ამავე დროს, საკასაციო საჩივარს თან ერთვის კონვერტი, რომელზეც არ ფიქსირდება ფოსტის სამსახურისთვის ჩაბარების დამადასტურებელი რაიმე რეკვიზიტი. ზემოაღნიშნულის გარდა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 300 ლარს. შესაბამისად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის ფოსტის სამსახურისთვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა, მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2022წ. განჩინება გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე და 26.09.2022წ. ჩაბარდა ადრესატს. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 03.10.2022წ. 24 საათზე (ორშაბათი) ამოიწურა. ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი კასატორმა 18.10.2022წ. წარმოადგინა უზენაეს სასამართლოში. განცხადებას თან ერთვის ფოსტისთვის გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ გზავნილი (ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება) ფოსტას 13.10.2022წ. ჩაბარდა. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.

სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ამასთანავე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 28.09.2022წ. N06818 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.03.2022წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 28.09.2022წ. N06818 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი