საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-975(კს-22) 17 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. ჩ-ე (ასევე როგორც მ. ჩ-ის წარმომადგენელი)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 04 ივლისის განჩინება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. ჩ-ემ და მ. ჩ-ემ 2019 წლის 4 ნოემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 23 ოქტომბრის №04/55425 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, 2015 წლის 3 იანვრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (ქულების ამონაწერი) ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს გაეზარდათ ქულა 74 130-მდე და შეუწყდათ სოციალური დაუცველის სტატუსი; მოსარჩელეების ოჯახისათვის 28 720 ქულით სოციალური დაუცველის სტატუსის აღდგენა 2014 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ ფინანსური ზარალის - 6617 ლარის და მორალური ზიანის - 50000 ლარის ანაზღაურების დავალება; სასამართლოს მიერ 4 წლიანების გენერაციის დოკუმენტის ნამდვილობის გამოკვლევა და სიყალბის დადასტურების შემთხვევაში დასაბუთებულ განჩინებასთან ერთად საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2022 წლის 2 მაისის განჩინებით ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სასარჩელო განცხადების საფუძველზე აღძრულ ადმინისტრაციულ №3/8315–19 საქმეზე მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში: ბათილად გამოცხადდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ქულების ამონაწერი) 03.01.2015წ, რომლითაც გაეზარდათ ქულა 74 130-მდე და შეუწყდათ სოციალური დაუცველის სტატუსი; აღუდგეს ოჯახს სოციალური დაუცველის სტატუსი 28 720 ქულით 2014 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე; აუნაზღაუროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიყენებული ფინანსური ზარალი 6617 ლარის ოდენობით და მორალური ზიანი 50000 ლარის ოდენობით; გამოიკვლიოს სასამართლომ 4 წლიანების გენერაციის დოკუმენტის ნამდვილობა და სიყალბის დადასტურების შემთხვევაში დასაბუთებულ განჩინებასთან ერთად გადასცეს საგამოძიებო ორგანოებს - შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით, ა. ჩ-ისა და მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განჩინებით ა. ჩ-ის, აგრეთვე როგორც მ. ჩ-ის წარმომდგენლის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც ა. ჩ-ემ, აგრეთვე როგორც მ. ჩ-ის წარმომდგენელმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჩ-ის, აგრეთვე როგორც მ. ჩ-ის წარმომდგენლის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ა. ჩ-ის, ასევე როგორც მ. ჩ-ის წარმომადგენლის, კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი (საჩივარი შეიცავდა არაეთიკური და შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამებს) და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დასაბუთებული კერძო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობები (იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის). მასვე განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის შესახებ განჩინება ა. ჩ-ეს, აგრეთვე როგორც მ. ჩ-ის წარმომადგენელს, გაეგზავნა კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 27 სექტემბერს ჩაჰბარდა მ. ჩ-ეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
განსახილველ შემთხვევაში, ა. ჩ-ემ 2022 წლის 4 ოქტომბერს და 2022 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა განცხადებებით, რომლებიც ნაცვლად გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობებისა, კვლავ შეიცავს არაეთიკური და შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შევსებული, კერძოდ, არ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობების მითითებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ჩ-ის, აგრეთვე როგორც მ. ჩ-ის წარმომდგენლის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა