Facebook Twitter

საქმე №ბს-444(კ-22) 7 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ჭ-ი, ს. ჭ-ი, ა. ჭ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ლ. ჭ-იმა, ს. ჭ-იმა და ა. ჭ-იმა მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანების დანართი იმ ნაწილში, რომელიც ეხება, მოსარჩელე ლ. ჭ-ის; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელე ლ. ჭ-ის ოჯახის ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების შესახებ.

სარჩელის თანახმად, ლ. ჭ-ი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა №1, შპს „...“ (...). აღნიშნული შენობა მიჩნეულ იქნა ნგრევად ობიექტად და მოხდა იქ მაცხოვრებელი დევნილების განსახლება. თუმცა ლ. ჭ-ის განსახლება განხორციელდა მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, კერძოდ, გარდა იმისა, რომ არ გაითვალისწინეს მოსარჩელის ორი შვილი - ს. ჭ-ი და ა. ჭ-ი, ამასთან, იგი დაკმაყოფილებულ იქნა, როგორც მისი ძმის ოჯახის წევრი, თუმცა ისინი არ არიან ერთი ოჯახის წევრები და არ ეწევიან ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას.

მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2020 წლის 20 ოქტომბერს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი №62) შესაბამისად, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 28 ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსაზღვრა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს განეკუთვნებოდა ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ნგრევადი ობიექტი შპს „...“ (...). 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა ზემოაღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. 2020 წლის 30 ივნისს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ობიექტზე იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერის მიზნით. ლ. ჭ-ის ოჯახის წევრების მხოლოდ ნაწილი იყო მისამართზე, სწორედ მათთან შედგა გასაუბრება და შეივსო მონიტორინგის ფორმაც. მონიტორინგის განხორციელების დროს ოჯახის უფროსმა - მ. ჭ-იმა ლ. ჭ-ი მიუთითა ოჯახის წევრად და მასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ლ. მეუღლესთან - ნ. რ-ესთან ერთად იმყოფებოდა წალკაში, ნ.-ს მშობლებთან. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 20 ოქტომბერს (სხდომის ოქმი №62) იმსჯელა მოსარჩელის და მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა დევნილი ოჯახი კრიტერიუმების მინიჭების გარეშე სულადობის გათვალისწინებით, ერთი ოროთახიანი და ერთი ოთხოთახიანი ბინით ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩაზე. მინისტრის №320 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, ჩატარდა კენჭისყრა, 2020 წლის 23 ოქტომბერს ოჯახთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №266 და წერილობითი თანხმობა, რომელსაც ოჯახის ყველა წევრმა, მათ შორის, ლ. ჭ-იმა ხელი მოაწერა. ის ფაქტი, რომ დევნილ ოჯახს უნდა გადაცემოდა ერთი 2-ოთახიანი და ერთი 4-ოთახიანი ბინა მათ, სადავოდ არ გაუხდიათ. ამას მოწმობს მათ მიერ წერილობით თანხმობაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა. ამრიგად, თანხმობის წერილზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის დროს მხარეთათვის ცნობილი იყო მათი ერთ ოჯახად დაკმაყოფილების საკითხი და გადასაცემი საცხოვრებელი ფართის ოთახების ოდენობაც. რაც შეეხება ლ. ჭ-ის მეუღლეს და შვილებს, მოსარჩელე თავად აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ნ. რ-ე, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. შესაგებელს თან ერთვის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2016 წლის 25 ოქტომბერს და რომლის თანახმადაც მოხდა ნ. რ-ეის დაკმაყოფილება. კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც დამავალი შტო, დაკმაყოფილებულად ითვლებიან დედის - ნ. რ-ეის სარეგისტრაციო ნომერზე მყოფი შვილებიც - ა. და ს. ჭ-იები. ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე. ამრიგად, მოსარჩელის მეუღლე და შვილები სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით და მათ მიმართ ვერ განხორციელდება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის, ს. ჭ-ისა და ა. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანების დანართი იმ ნაწილში, რომელიც ეხება, მოსარჩელე ლ. ჭ-ის; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე ლ. ჭ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას ჰყავს მეუღლე - ნ. რ-ე და ორი არასრულწლოვანი შვილი - ს. და ა. ჭ-ი; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმის თანახმად, ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტი - შპს „...“ (...) განხილულ იქნა, როგორც ნგრევადი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი გადაწყდა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე; გ) საქმეზე წარმოდგენილი მონიტორინგის ჯგუფის 2020 წლის 30 ივნისის ადგილზე აღწერის ფორმით დასტურდება, რომ აღწერის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...“ (...), სადაც ადგილზე დახვდათ მოსარჩელეების ოჯახის წევრების ნაწილი, თავად მოსარჩელე ობიექტზე არ იმყოფებოდა. მონიტორინგის განხორციელების დროს, ოჯახის უფროსმა - მ. ჭ-იმა ერთ-ერთ ოჯახის წევრად მიუთითა ლ. ჭ-ი, ამასთან, განმარტა, რომ ლ. მეუღლესთან - ნ. რ-ესთან ერთად იმყოფებოდა წალკაში, ნ.-ს მშობლებთან; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმის თანახმად, მოსარჩელის და მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდა და მათ, კრიტერიუმების მინიჭების გარეშე, სულადობის გათვალისწინებით გადაეცათ ერთი ოროთახიანი და ერთი ოთხოთახიანი ბინა ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩაზე; ე) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 28 დეკემბერს გამოსცა №03-3433/ო ბრძანება მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, სადაც ოჯახის წევრებად მითითებული არიან: მ. ჭ-იი, ნ. ქ-ა, ა. ქ-ა, ლ. ქ-ა, არ. ჭ-ი, დ. გ-ე, გ. ჭ-ი, მ. ყ-ი, ალ. ჭ-ი და ი. ჭ-ი; ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდა კენჭისყრა, სადაც გამოცხადდა მოსარჩელის ოჯახი, მათ შორის, თავად ლ. ჭ-ი და 2020 წლის 23 ოქტომბერს ოჯახის თერთმეტივე წევრთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №266 და წერილობითი თანხმობა ბინების მიღებაზე, რომელსაც ლ. ჭ-იმაც მოაწერა ხელი. ოჯახის წევრებს გააჩნდათ ორი განსხვავებული სარეგისტრაციო ნომერი, კერძოდ, 6 წევრის სარეგისტრაციო ნომერი იყო - 061-05114, 2 წევრის - 061-05289, ხოლო ორი წევრი არის არადევნილი; ზ) მიღება-ჩაბარების აქტში, მოსარჩელის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები მითითებული არ არიან ოჯახის წევრებად.

სასამართლომ განმარტა, რომ დევნილი ოჯახის განსაზღვრის ერთ-ერთ კრიტერიუმს პირთა მუდმივად ცხოვრების ფაქტი წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული პირების მოსარჩელის ოჯახის წევრად მიჩნევის საფუძვლად დასახელებულია, მხოლოდ და მხოლოდ ის გარემოება, რომ მას გააჩნია დევნილის იგივე სარეგისტრაციო ნომერი, რაც სხვა ოჯახის წევრებს. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს და იმ ფუნდამენტურ უფლებას, რასაც ერთ ოჯახად ცხოვრების გამო ბინით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შესწავლილი მოსარჩელის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი და მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერზე დაყრდნობით, უგულვებელყოფილ იქნა ლ. ჭ-ის უფლება - ცალკე ცხოვრების ფაქტის არსებობის პირობებში დაკმაყოფილდეს, როგორც ცალკე ოჯახი. ამასთან, საგულისხმოა, რომ თუ დადასტურდება სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოსარჩელისა და სხვა პირების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, მოპასუხემ უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები) პირთა რიცხოვნობის განსაზღვრისას, რადგან მოსარჩელის მეუღლის 2016 წელს ცალკე ოჯახად დაკმაყოფილება არ გულისხმობს მოსარჩელის, როგორც დევნილი პირის დაკმაყოფილების წინაპირობას. ამრიგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული პირების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტში პირთა რიცხოვნობა, მოსარჩელის მეუღლისა და შვილების გათვალისწინებით და სადავო აქტის გამოცემის დროისთვის და მიღებული ინფორმაციის შესწავლის შემდგომ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებისთვის კრიტერიუმების მინიჭების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შემდეგ, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება - არსებობს თუ არა მოსარჩელეებთან მიმართებით საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საფუძველი და უშუალოდ მოსარჩელეებთან მიმართებით, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, გამოიკვლიოს მათი ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტში პირთა რიცხოვნობა, მოსარჩელის მეუღლისა და შვილების გათვალისწინებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საკითხის გადაწყვეტისათვის, რამეთუ შესაძლოა აღნიშნული გახდეს მოსარჩელეებისათვის ხელსაყრელი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. ჭ-ის, ს. ჭ-ის და ა. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განმარტებით, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელე ლ. ჭ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელსაც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი. მას ჰყავს მეუღლე - ნ. რ-ე და ორი არასრულწლოვანი შვილი - ს. და ა. ჭ-ი. მოცემულ ეტაპზე სასამართლო შეფასების საგანს წარმოადგენს, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, არსებობს თუ არა მოსარჩელეთათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ოჯახი არის ერთად მცხოვრებ ადმიანთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან საერთო ოჯახური ყოფით. ერთად მცხოვრებ პირთა ჯგუფის ოჯახად მიჩნევისთვის განმსაზღვრელია არა ნათესაური კავშირი, არამედ ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის გაძღოლის ფაქტი. საგულისხმოა, რომ ოჯახის ცნებასთან მიმართებაში ამავე განმარტებას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტი. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შესწავლილი მოსარჩელის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი და მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერზე დაყრდნობით, უგულვებელყოფილ იქნა ლ. ჭ-ის უფლება - დაკმაყოფილდეს, როგორც ცალკე ოჯახი. თუ დადასტურდება სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოსარჩელისა და სხვა პირების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, მოპასუხემ უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები) პირთა რიცხოვნობის განსაზღვრისას, რადგან მოსარჩელის მეუღლის 2016 წელს ცალკე ოჯახად დაკმაყოფილება არ გულისხმობს მოსარჩელის, როგორც დევნილი პირის დაკმაყოფილების წინაპირობას.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაადგინოს არსებობს თუ არა მოსარჩელეებთან მიმართებით საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საფუძველი და უშუალოდ მოსარჩელეებთან მიმართებით, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით, გამოიკვლიოს მათი ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტში პირთა რიცხოვნობა, მოსარჩელის მეუღლისა და შვილების გათვალისწინებით და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სადავო აქტის გამოცემისას სააგენტომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები სრულყოფილად და ამომწურავად შეისწავლა და მოთხოვნა დააკმაყოფილა იმ მოცემულობით, როგორც ობიექტის აღწერისას მონიტორინგის ფორმაში იყო მითითებული. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის ოჯახი გამოცხადდა კენჭისყრაზე, ხელი მოაწერეს თანხმობის წერილს და მიღება–ჩაბარების აქტს. ამდენად, ფართის გადაცემის არც ერთ ეტაპზე ოჯახის არც ერთ წევრს პრეტენზია არ გამოუთქვამს შემადგენლობასთან დაკავშირებით. მხოლოდ სააგენტოს დირექტორის მიერ აქტის გამოცემის შემდეგ გახადა ლ. ჭ-იმა დაკმაყოფილების თაობაზე ბრძანება სადავო. მოსარჩელე და ბრძანების დანართში, ასევე მონიტორინგის ოქმში მითითებული პირები რეალურად ცხოვრობდნენ ერთად, ერთ მისამართზე და ერთ სარეგისტრაციო ნომერზე. კანონი მიზნებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო ნომრის არსებობა, არამედ ნათესაური ან თუნდაც არანათესაური კავშირის მქონე პირების მუდმივად ერთად ცხოვრება და შინასამეურნეო საქმიანობის ერთად განხორციელების ფაქტის არსებობა. ოჯახის წევრებად უნდა ჩაითვალონ ის პირები, რომლებიც ერთ ფართში ცხოვრობენ და ერთად ეწევიან შინასამეურნე საქმიანობას. ამრიგად, სადავოდ გამხდარი ბრძანებით მოხდა ორ განსხვავებულ სარეგისტრაციო ნომერზე მყოფი და ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების დაკმაყოფილება. სულადობის გათვალისწინებით მათზე მოხდა ერთი 2-ოთახიანი და ერთი 4-ოთახიანი ბინის გადაცემა. ლ. ჭ-ის, როგორც ერთ-ერთ სარეგისტრაციო ნომერზე (061-05114) მყოფ პირს, ოჯახის წევრებთან ერთად გადაეცა საცხოვრებელი. ასევე, გაუგებარია სასამართლოს მითითება, რომ კომპენსირებული პირების გათვალისწინება მოხდეს მხარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა განხილვისას. მოსარჩელის მეუღლე და შესაბამისად, დამავალი შტოს წარმომადგენლები შვილები - ა. და ს. ჭ-იები სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე არიან საცხოვრებლით უზრუნველყოფილი და მათი დაკმაყოფილების საკითხის ხელახლა განხილვა ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და მიზნებს.

კასატორის განმარტებით, 2020 წლის 20 ოქტომბერს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის ოქმის (ოქმი №62) შესაბამისად, განხორციელდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 28 ნგრევადი და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტის აღწერა, მათში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ ოჯახთა განსაზღვრა, შესაბამისი ოქმების შედგენა და ფოტომასალის მომზადება. ერთ-ერთ ასეთ ობიექტს განეკუთვნებოდა ქალაქ ქუთაისში, ...ის ქ. №1-ში მდებარე ნგრევადი ობიექტი შპს „...“ (...). 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად (დღეს მოქმედი 2021 წლის 8 აპრილის 01-30/5 ბრძანება), განხორციელდა აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. 2002 წლის 30 ივნისს მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ზემოაღნიშნულ ობიექტზე იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერის მიზნით. მოსარჩელის ოჯახის წევრების მხოლოდ ნაწილი იყო მისამართზე, სწორედ მათთან შედგა გასაუბრება და შეივსო მონიტორინგის ფორმაც. მონიტორინგის განხორციელების დროს ლ. ჭ-ი ოჯახის უფროსმა - მ. ჭ-იმა მიუთითა ოჯახის წევრად და მასთან დაკავშირება განმარტა, რომ ლ. მეუღლესთან - ნ. რ-ესთან ერთად იმყოფებოდა წალკაში, ნ.-ს მშობლებთან. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 20 ოქტომბერს (სხდომის ოქმი №52) იმსჯელა მოსარჩელის და მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა დევნილი ოჯახი კრიტერიუმების მინიჭების გარეშე სულადობის გათვალისწინებით, ერთი ოროთახიანი და ერთი ოთხოთახიანი ბინით ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩაზე. მინისტრის №320 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად ჩატარდა კენჭისყრა, ოჯახი გამოცხადდა კენჭისყრაზე და 2020 წლის 23 ოქტომბერს ოჯახთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №266 და წერილობითი თანხმობა, რომელსაც ოჯახის ყველა წევრმა, მათ შორის, ლ. ჭ-იმა ხელი მოაწერა. ის ფაქტი, რომ დევნილ ოჯახს უნდა გადაცემოდა ერთი 2-ოთახიანი და ერთი 4-ოთახიანი ბინა, მათ სადავოდ არ გაუხდიათ. ამას მოწმობს მათ მიერ წერილობით თანხმობაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა. შესაბამისად, დევნილი ოჯახისთვის ცნობილი იყო, რომ სააგენტომ მათ გადასცა ბინა (ოროთახიანი და ოთხოთახიანი), რაც შეესაბამებოდა ნორმატიული აქტით დადგენილ სტანდარტებს.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული პირების ერთ ოჯახად ცხოვრება დგინდება საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმის მიხედვით. მხარეები არიან ქმედუნარიანი, სრულწლოვანი პირები და ზემოაღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერის დროს გამოხატეს თავისუფალი ნება და თანხმობა საცხოვრებელ ფართის მიღებაზე შეთავაზებული პირობებით. ამასთან, მხარე თავად აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე ნ. რ-ე, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ბინით. შესაგებელს თან ერთვოდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია 2016 წლის 25 ოქტომბერს და რომლის თანახმადაც მოხდა ნ. რ-ეის დაკმაყოფილება. კანონის, მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც დამავალი შტო, დაკმაყოფილებულად ითვლებიან დედის - ნ. რ-ეის სარეგისტრაციო ნომერზე მყოფი შვილებიც - ა. და ს. ჭ-იები. ამდენად, ასეთი მოცემულობის პირობებში სასამართლომ არასწორად დაავალა სააგენტოს, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას კომპენსირებული პირებიც განიხილოს ოჯახის შემადგენლობაში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. მხარეებს განემარტათ, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად განხილული იქნებოდა მათი დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მოსარჩელე - ლ. ჭ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას ჰყავს მეუღლე - ნ. რ-ე და ორი არასრულწლოვანი შვილი - ს. და ა. ჭ-იები (ს.ფ. 13-14); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმის თანახმად, ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტი - შპს „...“ (...) განხილულ იქნა, როგორც ნგრევადი და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების საკითხი გადაწყდა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე (ს.ფ. 17-24); გ) საქმეზე წარმოდგენილი მონიტორინგის ჯგუფის 2020 წლის 30 ივნისის ადგილზე აღწერის ფორმით დასტურდება, რომ აღწერის მიზნით მონიტორინგი განხორციელდა ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...ში“ (...), სადაც დახვდათ მოსარჩელეების ოჯახის წევრების ნაწილი, თავად მოსარჩელე ობიექტზე არ იმყოფებოდა. მონიტორინგის განხორციელების დროს ოჯახის უფროსმა მ. ჭ-იმა ერთ-ერთ ოჯახის წევრად მიუთითა ლ. ჭ-ი, ამასთან, განმარტა, რომ ლ. მეუღლესთან - ნ. რ-ესთან ერთად იმყოფებოდა წალკაში, ნ.-ს მშობლებთან (ს.ფ. 28); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 ოქმის თანახმად, მოსარჩელის და მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი გადაწყდა და მათ, კრიტერიუმების მინიჭების გარეშე, სულადობის გათვალისწინებით გადაეცათ ერთი ოროთახიანი და ერთი ოთხოთახიანი ბინა ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩაზე (ს.ფ. 17-24); ე) დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 28 დეკემბერს გამოსცა №03-3433/ო ბრძანება მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, სადაც ოჯახის წევრებად მითითებული არიან: მ. ჭ-იი, ნ. ქ-ა, ა. ქ-ა, ლ. ქ-ა, არ. ჭ-ი, დ. გ-ე, გ. ჭ-ი, მ. ყ-ი, ალ. ჭ-ი და ი. ჭ-ი (ს.ფ. 25, 16); ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად, ჩატარდა კენჭისყრა, სადაც გამოცხადდა მოსარჩელის ოჯახი, მათ შორის, თავად ლ. ჭ-ი და 2020 წლის 23 ოქტომბერს ოჯახის თერთმეტივე წევრთან გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №266 და წერილობითი თანხმობა ბინების მიღებაზე, რომელსაც ლ. ჭ-იმაც მოაწერა ხელი. ოჯახის წევრებს გააჩნდათ ორი განსხვავებული სარეგისტრაციო ნომერი, კერძოდ, 6 წევრის სარეგისტრაციო ნომერი იყო - 061-05114, 2 წევრის - 061-05289, ხოლო ორი წევრი არის არადევნილი (ს.ფ. 26, 27); ზ) მიღება-ჩაბარების აქტში, მოსარჩელის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები მითითებული არ არიან ოჯახის წევრებად (ს.ფ. 26); თ) ლ. ჭ-იმა 2021 წლის 25 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და განმარტა, რომ განსახლების პროცესში მისი ოჯახი შეუერთდა ძმის ოჯახს, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ბინით, როგორც ცალკე ოჯახი (ს.ფ 11); ი) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის მიმართვით ლ. ჭ-ის ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის №62 ოქმის შესაბამისად, ლ. ჭ-ის ოჯახს გადაეცა 4+2 ოთახიანი საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ხელახლა განიხილოს მისი ოჯახის საცხოვრებელი პირობები (ს.ფ. 15);

მოცემულ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს სწორედ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ’’ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანების - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შეფასება წარმოადგენს, კერძოდ, რამდენად ობიექტურად იქნა გათვალისწინებული ლ. ჭ-ის და მისი შვილების - ს. ჭ-ის და ა. ჭ-ის ინტერესები აღნიშნული ბრძანების გამოცემისას, რომლის საფუძველზეც ოჯახს გადაეცა ერთი ოროთახიანი და ერთი ოთხოთახიანი საცხოვრებელი ფართი. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 8 აპრილის მიმართვა ადასტურებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ლ. ჭ-ის მიიჩნევს იმ პირად, რომელსაც დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ერთხელ უკვე აქვს მიღებული საცხოვრებელი ფართი, ხოლო ს. ჭ-ის და ა. ჭ-ის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით ვინაიდან მათი დედა - ნ. რ-ე, როგორც დევნილი პირი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს მოეხსნა ვალდებულება დააკმაყოფილოს ისინი საცხოვრებელი ფართით, როგორც დამავალი შტოს შთამომავლები.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სადავო აქტის კანონშეუსაბამობის დადგენისას და მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ძირითად არგუმენტად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა შესწავლილი მოსარჩელის ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი და მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერზე დაყრდნობით, უგულვებელყოფილ იქნა ლ. ჭ-ის უფლება დაკმაყოფილდეს, როგორც ცალკე ოჯახი. ამასთან, სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ თუ დადასტურდება, სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოსარჩელისა და სხვა პირების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, მოპასუხემ უნდა გაითვალისწინოს მოსარჩელის ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები) პირთა რიცხოვნობის განსაზღვრისას, რადგან მოსარჩელის მეუღლის 2016 წელს ცალკე ოჯახად დაკმაყოფილება არ გულისხმობს მოსარჩელის, როგორც დევნილი პირის დაკმაყოფილების წინაპირობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელის და მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული პირების ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ასევე, მიღება-ჩაბარების აქტში პირთა რიცხოვნობა, მოსარჩელის მეუღლისა და შვილების გათვალისწინებით და სადავო აქტის გამოცემის დროისთვის და მიღებული ინფორმაციის შესწავლის შემდგომ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მოსარჩელეებისთვის კრიტერიუმების მინიჭების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ’’ ქვეპუნქტით განმარტებულია, რომ დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ხოლო „ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადასტურებულია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა განხორციელდა ორ სარეგისტრაციო ნომერზე რეგისტრირებული თერთმეტწევრიანი ოჯახის, კერძოდ, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ მ. ჭ-იი, ნ. ქ-ა, ა. ქ-ა, ლ. ქ-ა, არ. ჭ-ი, დ. გ-ე, გ. ჭ-ი, მ. ყ-ი, ალ. ჭ-ი, ი. ჭ-ი და ლ. ჭ-ი. ასევე დადგენილია, რომ მ. ჭ-იი, ნ. ქ-ა, არ. ჭ-ი, გ. ჭ-ი, ალ. ჭ-ი, ი. ჭ-ი და ლ. ჭ-ი რეგისტრირებული არიან ნომრით 061-05114, ა. ქ-ა და ლ. ქ-ა რეგისტრირებული არიან ნომრით 061-05289, ხოლო დ. გ-ე და მ. ყ-ი არიან ოჯახის არადევნილი წევრები. ამასთან საყურადღებოა, რომ მოსარჩელის მეუღლე და შვილები ზემოაღნიშნული ოჯახის შემადგენლობაში გათვალისწინებულნი არ არიან.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს დევნილი ოჯახის ცნების განმარტებას, რასაც ითვალისწინებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ’’ ქვეპუნქტი. მოცემული ნორმის მიხედვით, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).

ამავე მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) არის ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილებას.

მოცემულ შემთხვევაში ლ. ჭ-ი განმარტავს, რომ მისი ოჯახი არ შედგება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანებით გათვალისწინებული პირებისაგან, არამედ მისი ოჯახის წევრები არიან: მეუღლე ნ. რ-ე, შვილები - ს. და ა. ჭ-იები. ისინი ცხოვრობენ შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ...ის ქუჩა №1, შპს „...“ (...), თუმცა განცალკევებით ზემოაღნიშნულ ბრძანებაში დასახელებული პირებისაგან და ეწევიან დამოუკიდებელ შინასამეურნეო საქმიანობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მტკიცების ტვირთი არის მათ მიერ მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება იმის თაობაზე, რომ წარმოადგენდნენ ცალკე ოჯახს და გააჩნდათ სადავო ბრძანებაში დასახელებული პირებისაგან განცალკევებული საოჯახო მეურნეობა, ხოლო ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მოსარჩელეები მხოლოდ მითითებით შემოიფარგლნენ, რომ არ არიან გასაჩივრებულ ბრძანებაში დასახელებული პირების ოჯახის წევრები, თუმცა საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მათ მიერ არათუ ცალკე ოჯახად ცხოვრების და დამოუკიდებლად შინასამეურნეო საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი (არც მითითებული), არამედ ისიც კი არ მიუთითებიათ ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...ში“ (...) რა ფართი ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ უდავოდ დადგენილია, რომ მონიტორინგის ჯგუფის მიერ ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...ში“ (...), 2020 წლის 30 ივნისს ადგილზე აღწერის დროს არც ლ. ჭ-ი და არც მისი მეუღლე და შვილები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, ხოლო ოჯახის უფროსმა - მ. ჭ-იმა ოჯახის წევრად მხოლოდ ლ. ჭ-ი დაასახელა. ამასთან საყურადღებოა, რომ ლ. ჭ-ი მონაწილეობდა, როგორც ბინების განაწილების მიზნით გამართულ კენჭისყრაში, ასევე მან მონაწილეობა მიიღო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაში და წერილობით გამოხატა თანხმობა იგი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული ყოფილიყო, როგორც მ. ჭ-იის, ნ. ქ-ას, ა. ქ-ას, ლ. ქ-ას, არ. ჭ-ის, დ. გ-ეის, გ. ჭ-ის, მ. ყ-ის, ალ. ჭ-ის და ი. ჭ-ის ოჯახის წევრი. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება რაიმე უკანონო სახის ზემოქმედება ლ. ჭ-იზე, რაც მას აიძულებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე.

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების მიღებისას, გარდა იმისა, რომ არ გამოუკვლევია მოსარჩელეთა ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტი, ამასთან შეფასება არ მიუცა ლ. ჭ-ის მიერ მიღება-ჩაბარების აქტსა და საცხოვრებელი ფართის მიღების შესახებ წერილობით თანხმობაზე ხელმოწერისათვის.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად დევნილ ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებები დაკმაყოფილდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კონკრეტული საცხოვრებელი ფართები სადარბაზოებისა და სართულების მიხედვით გაუნაწილდებათ, კომისიის მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით.

ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების გათვალისწინებით, დევნილი ოჯახი ვალდებულია განაცხადოს წერილობითი თანხმობა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეთავაზებული კონკრეტული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე. აღნიშნული თანხმობისა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების შესახებ, გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოადგენს განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების, კანონმდებლობის შესაბამისად, კონკრეტულ გასანაწილებელ საცხოვრებელ ფართ(ებ)ში განსახლების საფუძველს. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საცხოვრებელი ფართის კონკრეტულ მისამართს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილების გადაწყვეტილების ნებაყოფლობისა და თავისუფალი არჩევნების პრინციპს, რომლის გათვალისწინებით დევნილები საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ნებაყოფლობით და ზეგავლენის გარეშე იღებენ ძირითად გადაწყვეტილებებს. საკასაციო სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში ლ. ჭ-ის მიმართ არ დასტურდება არანაირი სახით უკანონო მოქმედება, რამაც მას მიღება-ჩაბარების აქტსა და წერილობით თანხმობაზე ხელის მოწერა აიძულა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეების მიერ არათუ წარმოდგენილი არ არის ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...ში“ (...) ცალკე ოჯახად ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არამედ ასეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებაც კი არ არის განხორციელებული სარჩელსა და სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით და რომლითაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 28 დეკემბრის №03-3433/ო ბრძანების დანართი, იმ ნაწილში, რომელიც ეხება, მოსარჩელე ლ. ჭ-ის; ასევე, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეთა ოჯახთან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში, ვინაიდან მოსარჩელეთა ქ. ქუთაისში, კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...ში“ (...) ცალკე ოჯახად ცხოვრების ფაქტის დადგენის გარეშე, არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევა და გადაწყვეტილების მიღების ფაქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე, რაც შესაძლოა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გამხდარიყო.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, წინამდებარე დავის ფარგლებში განმარტოს კასატორის მიერ მითითებული სადავო საკითხი იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ რადგან მოსარჩელის მეუღლე ნ. რ-ე, როგორც დევნილი პირი დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით, უნდა მოხდეს თუ არა ამ უკანასკნელის, ასევე მისი შვილების (დამავალი შტოს ნათესავები) - ა. და ს. ჭ-იების გათვალისწინება და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვროს ლ. ჭ-ისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართის მოცულობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ნიშნავს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას.

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ლ. ჭ-ის მეუღლე ნ. რ-ე, როგორც დევნილი პირი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით და აღნიშნული განხორციელდა 2016 წელს, ანუ ჯერ კიდევ მოსარჩელესთან ქორწინებამდე (ს.ფ. 107-117). ასევე დადგენილია, რომ ლ. ჭ-ის და ნ. რ-ეის შვილები, მოსარჩელეები - ა. და ს. ჭ-იები დაიბადნენ 2017 წელს და 2019 წელს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ა. და ს. ჭ-იები, როგორც ნ. რ-ეის პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლები, ითვლებიან საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებულად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ ლ. ჭ-ის ოჯახი არის ქ. ქუთაისში კ. ...ის ქ. №1-ში მდებარე ობიექტში - შპს „...ში“ (...) განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახი და მისი წევრები არიან ნ. რ-ე, ს. და ა. ჭ-იები, ეს ფაქტობრივი გარემოება გათვალისწინებული უნდა იქნეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის დროს. აღნიშნული დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა, როგორც ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ოჯახის წევრებად არადევნილი პირებიც მოიაზრებიან, ასევე სადავო საკითხის ასეთივე მოწესრიგებაზე მიუთითებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდენენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის დასაბუთებული, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, განჩინება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წანამძღვრებს, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების წინაპირობაა. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე