საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
Nბს-1016 (კ-22) 17 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ხ-ეის, ა. ტ-ეის, თ. თ-ეის, ე. გ-ას და ხ. ი-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2022წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2022წ. განჩინებით გ. ხ-ეის, ა. ტ-ეის, თ. თ-ეის, ე. გ-ას და ხ. ი-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2020წ. განჩინება და 21.10.2020წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა გ. ხ-ეის, ა. ტ-ეის, თ. თ-ეის, ე. გ-ას და ხ. ი-ას მიერ.
საკასაციო სასამართლოს 16.09.2022წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ კასატორებს არ ჰქონდათ მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე სახის დასაბუთებას. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა აგრეთვე სსკ-ის 396.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა კასატორების წარმომადგენელი გ. ფ-ი, თუმცა საკასაციო საჩივარზე ასახული ხელმოწერა იყო ასლი და არა დედანი. ამასთანავე, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის "გ" ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 300 ლარს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2022წ. განჩინებით კასატორებს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, სსკ-ის 396-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედანისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2022წ. განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს გ. ფ-ის (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება საქმეში დაცული ძალაში მყოფი შესაბამისი მინდობილობებით (ტ.1, ს.ფ. 139-145, ტ.5, ს.ფ. 255-257)) საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (აღნიშნულ მისამართზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.gba.ge) არსებული საადვოკატო ბიუროების რეესტრის მონაცემებით, მდებარეობს საადვოკატო ბიურო) და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 28.09.2022წ., ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 05.10.2022წ. 24 საათზე (ოთხშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, გ. ხ-ეის, ა. ტ-ეის, თ. თ-ეის, ე. გ-ას და ხ. ი-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ეის, ა. ტ-ეის, თ. თ-ეის, ე. გ-ას და ხ. ი-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2022წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი