საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-712(კ-22) 22 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - ა. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ღ-ა
მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ღ-ამ 2021 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს. მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა: საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 19 აპრილის N53/1865 წერილის-ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ღ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, ჭიშკრის მოწყობის თაობაზე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე გამოტანილი განჩინებით საქმეში, მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით, მესამე პირად ჩართული იქნა ა. ს-ე.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ღ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 19 აპრილის N53/1865 ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილი წესით და ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება; აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა- ა. ს-ემ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, შესაბამისად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლებახოლო. კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით ა. ს-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, კასატორს - ა. ს-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სასამართლოსათვის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარის წარდგენა, სადაც მითითებული იქნებოდა გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზები), ასევე, სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივნისის განჩინება ა. ს-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (საჩხერე, ...ის №1) და 2022 წლის 20 ივლისს ჩაბარდა კასატორის მეუღლეს - ნ. ბ-ს(პ/ნ ...). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 21 ივლისს და ამოიწურა 2022 წლის 27 ივლისს, 24 საათზე (ოთხშაბათი). მიუხედავად ამისა, კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
კასატორმა 2022 წლის 16 სექტემბერს ...ს ფოსტის საშუალებით (საპროცესო ვადის დარღვევით), №ბ-1424-22 განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა საკასაციო საჩივარი. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, ვინაიდან, 2022 წლის 2 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 27 ივლისს 24 საათზე, ხოლო საკასაციო საჩივარი შემოტანილია 2022 წლის 16 სექტემბერს, აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკასაციო საჩივარი შემოტანილია ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ა. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე