№ბს-168(კ-22) 1 ივნისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - გენადი მაკარიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 25 სექტემბერს ე.გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-987/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ე.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-987/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ე.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, მე-6 მუხლზე, მე-13 მუხლზე, მე-14 მუხლზე, მე-19 მუხლზე, მე-20 მუხლზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლზე, მე-2 მუხლზე, მე-3 მუხლზე, მე-6 მუხლზე, ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველ მუხლზე, მე-2 მუხლზე, მე-6 მუხლზე, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-109/ნ ბრძანებაზე და განმარტა, რომ საქმის მასალების მიხედვით, ე.გ-ი დაბადებულია … წელს, არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო - აფხაზეთი, ..., .... დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) საქართველო, თბილისი, ..., მისამართის გარეშე. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ...ის ქ. №16/ ...ის ქ. №5. ე.გ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, მისი 5 სულიანი ოჯახი შედგება თვითონ ე.გ-ი, დედა რ.ქ-ნ (დაბ. …წ; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ..., ..., დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) საქართველო, თბილისი, ..., მისამართის გარეშე, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ...ის ქ. №16/...ის ქ. №5., ვეტერანი, მარჩენალდაკარგული), შვილი ე.ჯ-ე (დაბ. … წ.; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ..., .... დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) საქართველო, თბილისი, ..., ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ...ის ქ. №16/...ის ქ. №5.), შვილი თ.ჯ-ე (დაბ. … წ.; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ..., .... დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) საქართველო, თბილისი, ..., ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ...ის ქ. №16/...ის ქ. №5.), შვილი ს.ჯ-ე (დაბ. … წ; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - აფხაზეთი, ..., .... დროებითი საცხოვრებელი ადგილი (რეგისტრაციის ადგილი) საქართველო, თბილისი, ...,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თბილისი, ...ის ქ. №16/...ის ქ. №5.). რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, იღებს შემწობას. განქორწინების მოწმობის ( №...) მიხედვით, ე.გ-ი მეუღლესთან განქორწინდა … წელს. საქმეში წარმოდგენილი 15.01.2020 წლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით (ფაქტიური: თბილისი, ...ის ქ. №16, იურიდიული საქართველო, თბილისი, მისამართის გარეშე) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით შეფასებულია 10 ქულით, ხოლო 18.09.2020 წლის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით (ფაქტიური: თბილისი, ...ის ქ. №16, იურიდიული საქართველო, თბილისი, მისამართის გარეშე) დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების მიხედვით შეფასებულია 6.5 ქულით.
სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა, რომ ე.გ-ის დევნილი ოჯახი ექვემდებარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, თუმცა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-987/3 ბრძანებით (დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე), დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №36) ე.გ-ს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საგულისხმოა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 21.07.2020 წლის გადაწყვეტილების მიხედვით, სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3.0 და მეტი ქულა.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ მოსარჩელე ე.გ-ის დევნილი ოჯახი კითხვარის შევსების მომენტისათვის არ იმყოფებოდა მის მიერ განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, არ წარმოადგენს, შესაბამისი კრიტერიუმების მქონე დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი სადგომით უზრუნველყოფაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დევნილ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და იძულებულია იცხოვროს სხვადასხვა მისამართებზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, დადგინდეს მიაწოდა თუ არა მოსარჩელემ სააგენტოს საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაცია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს და განმარტავს, რომ კანონმდებლის მიზანს არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რა დროს რა მისამართზე იმყოფება იძულებით გადაადგილებული პირი. სასამართლოს განმარტებით რადგან მას აქვს საკმარისი ქულა იგი უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს სააგენტომ საცხოვრებლით და არ უნდა გაითვალისწინოს და არ შეისწავლოს დეტალურად საქმის რეალური ვითარება. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა დაადასტურეს ე.გ-ის მისამართზე, კერძოდ ქ. თბილისი, ...ის ქ. №5-ში (მეორე შესასვლელი ...ის ქუჩიდან) მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებიდან არ დგინდება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, მოწმისათვის დასმულ კითხვებზე თავად მოსარჩელე მხარე სცემდა პასუხს, გარდა ამისა სახლის მესაკუთრე ს.ტ-მა იმ კითხვასაც ვერ გასცა სწორი პასუხი თუ რამდენს უხდიდა ქირას მოსარჩელე. სახლის მესაკუთრის ჩვენებიდან როგორც ირკვევა ს.ტ-ი აღნიშნულ ბინას აქირავებს 2020 წლის ნოემბრიდან, ხოლო მოცემულ დავაში სადავო პერიოდს წარმოადგენს 2020 წლის მაისი, ივნისი, ივლისის პერიოდი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ე.გ-ი ზემოაღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 27 მაისის ადგილზე გამოცხადების და გასაუბრების ოქმი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მითითებულ მისამართზე მონიტორინგის მისვლის დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა და რაც ყველაზე მთავარია არც ერთმა იქ ფაქტობრივად მცხოვრებმა მეზობელმა ვერ დაადასტურა ე.გ-ის იქ ცხოვრების ფაქტი და აღნიშნეს, რომ აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ არ იცნობდნენ. მოსარჩელე კი სააგენტოში შევსებულ განაცხადში ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად უთითებდა თბილისი, ...ის ქუჩა №16 (...ის ქუჩა №5). სადავო პერიოდში მოქმედი №320 ბრძანების მე-5 მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის მცდარი აღნიშნულის თაობაზე მონიტორინგის სამსახურის მიერ მოპოვებული წარმოების მასალები გადაეცემა დევნილთა საკითხების კომისიას, რომელიც შემდეგ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სააგენტოს აქვს მონიტორინგის სამსახური, რომელსაც უშუალოდ ევალება დევნილი ოჯახების მიერ მოწოდებული ფაქტების გადამოწმება. სწორედ ამ მიზნით შემუშავებულია მონიტორინგის ფორმა, რომელშიც აისახება გამოკითხულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია. მოცემულ შემთხვევაში მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოკვლეული იქნა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი. სააგენტოს ფაქტის ნამდვილობის დასადასტურებლად შეუძლია მხოლოდ მონიტორინგის განხორციელება, სხვა მის ხელთ არსებული საშუალება არ არსებობს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იკვეთება განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი, მოსარჩელის საკითხი იმ მეთოდითაა გამოკვლეული, რა მეთოდიც დადგენილია ნორმატიული აქტით. №320 ბრძანების მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ თუ დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტიც განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის საცხოვრებელთან დაკავშირებით არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება. მოცემულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო პერიოდში, მაშინ როდესაც საკითხს განიხილავდა სააგენტო, მოსარჩელე არ ცხოვრობდა ზემოაღნიშნულ მისამართზე და თავისი ყოველდღიური ყოფაცხოვრებით არ იყო დაკავშირებული აღნიშნულ საცხოვრებელთან.
კასატორის განმარტებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, დაგროვილი აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რომელიც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად დევნილთა საკითხების დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილებამ. ამავე პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის მიხედვით კი დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილება ახდენს, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ გადმოცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და შესაბამისი მონიტორინგის ფორმის შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული განყოფილების შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელს უფლება აქვს, დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა და განსახლების სამმართველოს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ დევნილი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა (ქულები) გაზარდოს, მხოლოდ დევნილი ოჯახის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განყოფილების მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მე-3 მუხლის მიხედვით, ,,საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია მინისტრის №320 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოსთვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტიგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების თანახმად, თუკი დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი. აღნიშნული დათქმა ემსახურება მიზანს, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია იყოს რეალური და არ ისახავდეს მიზნად ადმინისტრაციული ორგანოს შეცდომაში შეყვანას. რამდენადაც დევნილებზე საცხოვრებლების გადაცემის მარეგულირებელი ნორმა, გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას და აღნიშნულით სურს, პირველ რიგში მოახდინოს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რომლებსაც არანაირი თავშესაფარი არ გააჩნიათ - რათა უწინარესად მოხდეს ყველაზე უფრო შეჭირვებული დევნილების თავშესაფრით დაკმაყოფილება - არსებითად სწორი ინფორმაციის წარმოდგენას აქვს დანიშნულება, რომ რეალური ვითარების გარკვევით, პირველ რიგში მოხედეს ყველაზე შეჭირვებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ცხადია, ეს ნორმა არაფრით არ უარყოფს და ეჭქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ეს ვალდებულება ცხადია ძალაში რჩება მათთან მიმართებითაც, ვინც არსებითად არასწორი ინფორმაციის წარდგენით შეეცადა საცხოვრებლის მიღებას, ოღონდ იმ დათქმით, რომ მათი დაკმაყოფილება მოხდება შემდეგ ეტაპზე, როდესაც მათ მიერ წარმოდგენილი იქნება სწორი და უტყუარი ინფორმაცია მათი ოჯახის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №16. სასამართლომ არ გაიზიარა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას და იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს. მონიტორინგის მასალებით მოპოვებული ინფორმაცია არის იმ ტიპის მტკიცებულება, რაც საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მივიჩნიოთ ე.გ-ის მიერ არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ე.გ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მას ჰყავს სამი შვილი - ე.ჯ-ე, თ.ჯ-ე, ს.ჯ-ე, და დედა - რ.კ-ი, რომლებიც ასევე არიან იძულებით გადაადგილებული პირები (ს.ფ. 11-15, 83).
დადგენილია, რომ მოსარჩელე ე.გ-ის განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 6.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ნაქირავები) – 1.5 ქულა, სოციალური კრიტერიუმი (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით - 3 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; განაცხადში მისამართი მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №16; (ს.ფ. 59).
დადგენილია, რომ მოსარჩელე ე.გ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი (ს.ფ. 69-82).
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ე.გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი. ამავე სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა (ს.ფ. 145-150).
დადგენილია, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2020 წლის 10 აგვისტოს გამოსცა №03-987/ო ბრძანება მოსარჩელე ე.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე (ს.ფ. 19).
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მხოლოდ ის გარემოება გახდა, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საცხოვრებელზე ბინაზე იყო არსებითად მცდარი, კერძოდ, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ე.გ-ის ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობს განაცხადში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №16/...ის ქ. №5.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე, მათ შორის ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №5 მდებარე უძრავი ქონების ერთ-ერთ მესაკუთრეს წარმოადგენს ს.ტ-ი (ს.ფ. 16-17). ეს უკანასკნელი, ასევე ლ.კ-ე (მოსარჩელის ოჯახის ახლობელი) და გ.კ-ე (მცხოვრები მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქ. №5) მოწმის სახით დაკითხულნი იქნენ სასამართლო სხდომაზე, რომლებმაც დაადასტურეს მოსარჩელის ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი ზემოდასახელებულ მისამართზე. საყურადღებოა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 15 ივნისით დათარიღებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა (ს.ფ. 138-142), რომლის თანახმად მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელის ოჯახი ადგილზე იმყოფებოდა. ამ მხრივ, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელის ოჯახი მისამართზე მონიტორინგის ჯგუფს მხოლოდ იმიტომ დახვდა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული ვიზიტის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც დევნილი ოჯახი განიმარტება, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი).
ამავე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი’’-ს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის (დანართი №9) (შემდგომში – მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-987/ო ბრძანება მოსარჩელე ე.გ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე დაეყრდნო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მოსარჩელე ე.გ-ის განცხადება საცხოვრებელზე იყო არსებითად მცდარი, რაც გამოიხატა მასში, რომ მისი ოჯახი არ ცხოვრობდა განაცხადში მითითებულ მისამართზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება მოსარჩელის ოჯახის ცხოვრების ფაქტი მის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №16. შესაბამისად, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაედასტურებინა, რომ მოსარჩელის მიერ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი. ამასთან საყურადღებოა, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო დანაწესი - ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი’’-ს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი განაცხადის განუხილველად დატოვება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დევნილის მიერ წარმოდგენილი არსებითად მცდარი ინფორმაცია გავლენას ახდენს შეფასებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი’’-ს მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, ვისაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მინიჭებული ჰქონდა 6,5 ქულა, თუმცა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით მოსარჩელის მიერ მიწოდებული იყო არსებითად მცდარი ინფორმაცია ე.გ-ის ოჯახს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ ვინაიდან, სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 აგვისტოს №03-987/ო ბრძანება ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებული ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, არის კანონშეუსაბამო, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე