Facebook Twitter

საქმე №ბს-622(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 22 თებერვალს ბ.თ-ამ, ნ.თ-ამ, ლ.თ-ამ და ხ.თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები წარმოადგენენ აფხაზეთიდან, კერძოდ, ...ის რაიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც წლებია ცხოვრობენ მისამართზე - ქ. ..., სოფ. ..., ...ის ბინა I, სართული №7. მოსარჩელეთა მითითებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ არის ნგრევადი ობიექტი, რაც დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით. მოსარჩელეებს არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი, რის გამოც ნგრევად შენობაში ცხოვრებით საფრთხე ექმნება მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოსარჩელეების მითითებით, აღნიშნულ ობიექტში მათი ცხოვრების ფაქტს ადასტურებს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხის 2021 წლის 28 იანვრის №03-161/ო ბრძანებით დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელეებს დევნილის სტატუსის შესაბამისად სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ.

ამდენად, მოსარჩელეებმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-161/ო ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის მოსარჩელეების - ბ.თ-ას, ნ.თ-ას, ლ.თ-ას, ხ.თ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.თ-ას, ლ.თ-ას, ხ.თ-ასა და ნ.თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-161/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოსარჩელეების - ბ.თ-ას, ნ.თ-ას, ლ.თ-ას, ხ.თ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო მონიტორინგის შედეგები. კერძოდ, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად, 2020 წლის 27 ივნისს, მოხდა ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტში (მდებარე: ...ის მუნიციპალიტეტი, სოფ. ... (ყოფ. ...ის ბინები)) მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა. აღწერის დროს ბ.თ-ა და მისი ოჯახი მითითებულ მისამართზე არ იმყოფებოდნენ. აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შედგა ობიექტის აღწერის ოქმი. აღწერის ფორმაში მიეთითა მეზობლების გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით, დევნილთა ოჯახი იმყოფებოდა ...ის რაიონის სოფელ ...ში, ბ.თ-ას დასთან, ხ.თ-სთან.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 17 ივლისს, ხ.თ-ამ №25877 განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა დამატებით მისი საცხოვრებელი მისამართის გადამოწმება. 2020 წლის 17 სექტემბერს, კიდევ ერთხელ მოხდა მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დევნილი ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით ...ის რაიონში, ს. ...ში მდებარე „...ის ბინებში“ დამატებითი ვიზიტის განხორციელება, მაგრამ მოსარჩელეები არც ამჯერად იმყოფებოდნენ ნგრევად ობიექტში. მისამართზე იმყოფებოდა მხოლოდ მათი არასრულწლოვანი შვილი (მონიტორინგის განხორციელების დროს იყო 17 წლის) ნ.თ-ა. გასაუბრებით დადგინდა, რომ ბ.თ-ა მეუღლესთან - ლ.თ-ასთან ერთად იმყოფებოდა ...ში, სოფელ ...ში, დასთან, ხ.თ-სთან; ბ.თ-ას მშობლები - ლ. და ნ. იმყოფებოდნენ ...ში, სოფელ ...ში; მოსარჩელეების უფროსი შვილი - ნ.თ-ა სტუდენტია და ცხოვრობდა დეიდასთან ...ში.

სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მისამართზე არ ყოფნა იმთავითვე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განსახლების ობიექტის მიტოვებად, რამეთუ როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტს წარმოადგენს, სრულიად ბუნებრივია და დასაშვებია ისიც კი, რომ მასში მცხოვრებ პირს/პირებს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით გარკვეული პერიოდის მანძილზე/დროებით მოუწიოთ ასეთი საცხოვრებლის დატოვება, რაც ვერ იქნება აღქმული მოსარჩელეთა საწინააღმდეგოდ.

სააპელაციო პალატისათვის განსაკუთრებით ბუნდოვანია ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნა, მოსარჩელეთა მიერ განსახლების ობიექტის მიტოვების შესახებ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მათივე რეგისტრაციის ადგილის (...ის რაიონი, სოფელი ..., ბინები, კორპუსი 1, ბინა 7) გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. კერძოდ, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენდა, რომ მოსარჩელეთა სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 9 თებერვლით დათარიღებული ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გაცემული №39, №40, №41, №42 ცნობები, რომლითაც დადასტურებულია, რომ 1997 წლიდან 2021 წლამდე ბ.თ-ა და ლ.თ-ა, ხოლო 2002 წლიდან 2021 წლამდე ნ.თ-ა, 2000 წლიდან 2021 წლამდე კი ხ.თ-ა ნამდვილად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ძველი ...ის ბინებში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2021 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით, ბ.თ-ას ოჯახის რეიტინგი შეადგენს 49 420 ქულას, ხოლო შემწეობის მიმღებად ოჯახი რეგისტრირებულია ...ის რაიონის სოფელ ...ში, ... ბინების კორპუსი 1, ბინა 7-ში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დეკლარაციის შესაბამისად, თ...ის ოჯახის საცხოვრებელი მისამართია: მუნიციპალიტეტი ..., ადმინისტრაციული ერთეული ..., ბინა, კორპუსი 1, ბინა 7.

2021 წლის 18 თებერვლით დათარიღებული სსიპ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის №... საჯარო სკოლის №... ცნობის მიხედვით, ნ.თ-ა 2009 წელს ჩაირიცხა სსიპ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის №... საჯარო სკოლის პირველ კლასში და სწავლობს მე-12 კლასში. 2021 წლის 30 ივნისით დათარიღებული სსიპ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის №... საჯარო სკოლის ... ცნობის მიხედვით, ნ.თ-ა 2009 წელს ჩაირიცხა სსიპ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის №... საჯარო სკოლის პირველ კლასში და 2020-2021 სასწავლო წელს დაასრულა მე-12 კლასი. ამავე ცნობით, 2009-2021 წლების პერიოდში ნ.თ-ას სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არცერთ კლასში არ უსწავლია.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ...ის რაიონის, სოფელ ...ში ...ის ბინებში, მოსარჩელეთა მეზობლად მცხოვრები ათობით პირის ხელმოწერით დადასტურებულია, რომ ბ.თ-ა ოჯახის წევრებთან, ნ.თ-ასთან, ლ.თ-ასთან და ხ.თ-ასთან ერთად, 1997 წლიდან ცხოვრობს ...ის რაიონის, სოფელ ...ში ...ის ბინებში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სასკ-ის 17.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ წინამდებარე შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ თავი ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს და ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული აქტის კანონიერების მტკიცება და მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენა, რაც გახდებოდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის უარყოფის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს ნგრევად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ობიექტში მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტი. კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მონიტორინგის სამსახურის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ბ.თ-ა და მისი ოჯახი არ წარმოადგენენ ნგრევადი ობიექტის - „...ის ბინების“ ფაქტობრივ მაცხოვრებლებს. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები მოსარჩელეთა საცხოვრებელი ადგილის დადგენის მიზნით ორჯერ იმყოფებოდნენ მისამართზე. პირველი ვიზიტის დროს არავინ დახვდათ მისამართზე, რა დროსაც მეზობლებმა განუმარტეს, რომ ისინი იმყოფებოდნენ სოფელ ...ში, ბ.თ-ას დასთან - ხ.თ-სთან. დამატებითი ვიზიტის დროს კი მისამართზე იმყოფებოდა მხოლოდ ნ.თ-ა, რამდენადაც მათთვის ცნობილი იყო, რომ განცხადების საფუძველზე სააგენტო კიდევ ერთხელ შეამოწმებდა მათ. ამდენად, მონიტორინგის მიერ განხორციელებული აღწერისა და დამატებით შედგენილი გასაუბრების ოქმის მიხედვით კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ოჯახი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 28 იანვრის №03-161/ო ბრძანების კანონიერება, რომლითაც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. ზუგდიდში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელეები ითხოვენ სააგენტოსთვის მათი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებული პირებს - დევნილებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, არ არიან დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე ...ის ბინები ექსპერტიზის დასკვნის თანახმად წარმოადგენს სოცოცხლისთვის საფრთხის შემცველ, ნგრევად ობიექტს, თუმცა კასატორის მტკიცებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოკვლეული ინფორმაციით არ დადასტურდა, რომ აღნიშნულ ფართში მოსარჩელეები ფაქტობრივად ცხოვრობენ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ნგრევად ობიეტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, რომ იგი არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. განსახილველ შემთხვევაში კი, ...ის რაიონის სოფელ ...ში ძველი ...ის ბინებში მოსარჩელეთა ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ...ის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობები, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დეკლარაციის მიხედვით, თ...ის ოჯახი რეგისტრირებულია და მათ საცხოვრებელ მასამართად მითითებულია ...ის რაიონის სოფელ ...ში, ...ის ბინების კორპუსი 1, ბინა 7. საქმეში ასევე წარმოდგენი... სსიპ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ის №... საჯარო სკოლის ცნობები. მოსარჩელეთა მეზობლად მცხოვრები ათობით პირის ხელმოწერით კი დადასტურებულია, რომ ბ.თ-ა ოჯახის წევრებთან ერთად 1997 წლიდან ცხოვრობს ...ის რაიონის სოფელ ...ში ...ის ბინებში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში.

აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ მისამართზე, უტყუარად ვერ ადასტურებს, რომ ისინი ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ ნგრევად ობიექტში. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს მათივე რეგისტრაციის ადგილის (...ის რაიონი, სოფელი ..., ...ის ბინები, კორპუსი 1, ბინა 7) გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. კერძოდ, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელეთა სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა