საქმე №ბს-377(კ-22) 21 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 28 ივლისს ლ.ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. ამასთან, ლ.ნ-ემ მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სს „ს...ს“ აკრძალვოდა მისთვის გაზმომარაგების მიწოდების შეწყვეტა.
ლ.ნ-ის მითითებით, 2020 წლის 9 იანვარს სს „ს...ის“ მიერ მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №004719, რომელშიც აღნიშნულია, რომ ლ.ნ-ის საკარმიდამო ეზოში აღმოჩენილი იქნა ,,გაზის გამანაწილებელი დაბალი წნევის ქსელზე მრიცხველის გვერდის ავლით უკანონოდ, ფარულად მიერთებული ე.წ. შტუცერი რეზინის მილით, რომელიც გაზსადენის საყრდენის გავლით ჩადებულია მიწაში“ და „ამ აღმოჩენის“ საფუძველზე მოქალაქე ლ.ნ-ეს დაეკისრა 4027.49 ლარის გადახდა. სს „ს...ის“ თანამშრომლების მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული ლ.ნ-ისა და მისი წარმომადგენლის მითითებები, არც ის გარემოება, რომ თითქმის ორი ათეული წლის წინანდელი მიერთებით (როგორც დათვალიერებით დადგინდა 90-იან წლებშია გაკეთებული), გამორიცხულია გაზის მოხმარება, ასევე, თითქმის ყოველწლიურად ხორციელდება იმავე სამსახურის მიერ მონიტორინგი და ამ წლების მანძილზე ერთხელაც არ ჰქონია ადგილი გაფრთხილებას, რომ თითქოსდა ლ.ნ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონოდ გაზის დატაცებას. ლ.ნ-ის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, სადაც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, 4027 ლარის ნაცვლად ლ.ნ-ეს დაეკისრა 3138 ლარის გადახდა. ლ.ნ-ე მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული ის ობიექტური გარემოებები, რაც წარდგენილ იქნა მისი და მისი წარმომადგენლის მიერ და მიიღო უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით ლ.ნ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს დადგენილებით ლ.ნ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ლ.ნ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სს „ს...ს“ ... აბონენტზე (ლ.ნ-ე) ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველყოფა დაევალა.
ლ.ნ-ემ მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, საბოლოოდ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილების, ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით სახდელის დადების შესახებ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილებისა და სს ,,ს...ის“ 2020 წლის 9 იანვრის №004719 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ბათილად ცნობა და მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტა, ლ.ნ-ის თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილებით ლ.ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილება ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით სახდელის დადების შესახებ და შეწყდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება; გაუქმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №1/11131 გადაწყვეტილება და ლ.ნ-ე გათავისუფლდა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის გამო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
წარმოდგენილი მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არის დადასტურებული ასკ-ის 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის ფაქტი - ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცება ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარება მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი და საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები მიუთითებენ მხოლოდ იმაზე, რომ ლ.ნ-ის საკარმიდამო ეზოში გამავალ გაზგამანაწილებელ ქსელზე მრიცხველის გვერდის ავლით ფარულად მიერთებული იყო ე.წ. შტუცერი რეზინის მილით, რომელიც გაზსადენის საყრდენის გავლით ფარულად ჩაფლული იყო მიწაში, რაც აპრიორი არ ნიშნავს ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცებას ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარებას მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით, ვინაიდან მოცემული ფაქტი განყენებულად არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, თუ ასევე არ დადასტურდა, რომ აღნიშნული უკანონო განშტოებით ხდებოდა სარგებლობა. მოცემულ ფაქტებზე კი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მეტიც, ვერ იქნა მოპოვებული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ უკანონო განშტოების არსებობის ფაქტი ცნობილი იყო ლ.ნ-ისათვის (გარეშე თვალისთვის არ იყო ხილული). ამასთან, ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტიც, რომ გაზის მილზე არსებული უკანონო განშტოებიდან პრაქტიკულად შესაძლებელი იყო გაზის შიდა ქსელზე დაერთება და აღურიცხავი გაზის მოხმარება. გარდა ამისა, მხარის მიერ წარმოდგენილი ბუნებრივი აირის მოხმარების მონაცემების ანალიზიც ვერ ამყარებდა იმ რწმენას, რომ გაზის დატაცება ხდებოდა ლ.ნ-ის მიერ.
სასამართლოს მითითებით, კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით ლ.ნ-ე აღრიცხულია აბონენტად 2012 წლის 1 ნოემბრიდან. აღმოჩენილი უმრიცხველო განშტოების ხანდაზმულობა საქმეზე დადგენილი არ არის და შესაბამისად არ არის უარყოფილი ვარაუდი იმის შესახებ, რომ იგი ათეული წლების წინ იყო დამონტაჟებული, რასაკვირველია ბუნებრივი აირის დატაცების მიზნით. თუმცა, შემდეგში მილი ჩამარხული იქნა მიწაში და აღარ ხდებოდა მისით სარგებლობა. საქმეზე ვერ დგინდება ის თარიღი, როდის დაიწყო ან როდის შეწყდა გაზის უკანონო მოხმარება, რაც სავსებით შესაძლებელია ყოფილიყო ის დრო, როდესაც ლ.ნ-ე არ იყო აბონენტი, ან საერთოდ ოპერირებდა სხვა გაზგამანაწილებელი კომპანია. ასეთ შემთხვევაში კი ლ.ნ-ეს ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა გაზის უკანონო მოხმარებისათვის.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლ.ნ-ის ბრალეულობა ასკ-ის 961 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომაში.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 იანვარს ლ.ნ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული სახდელი დადების შესახებ დადგენილების გაუქმება და დარიცხული ზიანის თანხის ჩამოწერა. კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილებით განუხილველად დარჩა ლ.ნ-ის მიმართ გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილება ასკ-ის 961 მუხლით. აღნიშნულის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ლ.ნ-ემ გაუშვა გასაჩივრების ასკ-ის 273-ე მუხლით განსაზღვრული 10-დღიანი ვადა (15 იანვრის დადგენილება გაასაჩივრა 31 იანვარს), რაც სასამართლომ არ გაიზიარა, ვინაიდან გასაჩივრების ვადის ათვლა ასკ-ის 273-ე მუხლის თანახმად იწყება დადგენილების ჩაბარების დღიდან, მაშინ როცა წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილება ჩაბარდა არა სახდელდადებულ პირს ლ.ნ-ეს, არამედ რ.თ-ეს, რომელიც არ იყო კანონის თანახმად საამისოდ უფლებამოსილი პირი, ვინაიდან სსკ-ის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში, რაც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ასეთი დოკუმენტი კი საქმეში წარმოდგენილი არ არის, რითაც ასევე დარღვეულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლება მონაწილეობა მიიღოს მისი საქმის განხილვაში. მით უმეტეს, რომ ასკ-ის 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოცემული კატეგორიის საქმის განხილვაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. ადმინისტრაციულ ორგანოს არ მიუღია არანაირი ზომა საქმის განხილვის პროცესში ლ.ნ-ის დასწრების უზრუნველსაყოფად.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის მითითებული დანაწესებიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ვალდებული იყო განეხილა სს ,,ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილების კანონიერების საკითხი, რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული დადგენილების განუხილველად დატოვების ნაწილში.
სასამართლოს მითითებით, 2020 წლის 21 იანვარს შპს „ს...ის“ იმერეთის რეგიონული ოფისის მთავარი იურისტის გ.ქ-ის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯთაღრიცხვის აქტი, რომლითაც ზიანის ოდენობამ შეადგინა 4027 ლარი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აბონენტ ლ.ნ-ზე 4027 ლარის დარიცხვა და დარიცხვა განხორციელდა 5505 კბმ ბუნებრივი აირის ოდენობით, ღირებულებით 3138 ლარი.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს რა შემთხვევაშია ვალდებული ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება და აღნიშნა, რომ არცერთი ზემოაღნიშნული გარემოება საქმეზე დადგენილი არ არის. მეტიც, თვით გასაჩივრებული დადგენილებაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილად არ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა რომელიმე ზემოხსენებულ გარემოებას.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულად თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას, თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილება აბონენტ ლ.ნ-ზე თანხის დარიცხვის ნაწილშიც და ლ.ნ-ე უნდა გათავისუფლებულიყო უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის გამო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილებაზე საჩივრები წარადგინეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და სს „ს...მა“, რომელმაც გასაჩივრებული დადგენილების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით დადგინდა, რომ სს „ს...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივრები განხილულიყო როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების საქმეზე მიღებული სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების (დადგენილების) გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი სააპელაციო საჩივრები - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სს „ს...ის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, პირის სამართალდარმღვევად მიჩნევისათვის და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის პირველ რიგში სახეზე უნდა იყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც ნკანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ადსკ-ის მე-10 მუხლი), ხოლო ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უნდა შეფასდეს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომლებსაც ამავე კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც ლ.ნ-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდა, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა - გაფრთხილება, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიანტის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის გადაცემის ან განაწილების ქსელიდან ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) ტრანსპორტირების სისტემიდან ან განაწილების ქსელიდან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცებისთვის, მიუხედავად დატაცების ფორმისა, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) მოხმარებისთვის მისი აღრიცხვის გარეშე ან აღრიცხვის წესების დარღვევით. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის შეფასება, რომ ადსკ-ის 961 მუხლის პირველი ნაწილით პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მხოლოდ უმრიცხველო განშტოების აღმოჩენა, საიდანაც არ ხდება (არ დასტურდება) ბუნებრივი აირის დატაცება, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე მოხმარება, არ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას. განსახილველ საქმეზე, არცერთი კონკრეტული ქმედება, რაც ლ.ნ-ის მხრიდან ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას დაადასტურებდა მითითებული არ ყოფილა. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მომხმარებელთან აღმოჩენილი უმრიცხველო განშტოება დანადგარების დაერთების გარეშეც ქმნიდა ლ.ნ-ისთვის ბრალად შერაცხული სამართალდარღვევის შემადგენლობას, არღვევდა რა ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებს და რაც თავის მხრივ, წარმოშობდა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის საფუძველს. პალატამ მით უფრო არ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია, როცა უმრიცხველო განშტოება აღმოჩენილი იქნა ლ.ნ-ის საკარმიდამო ეზოში, მიწაში დაფლული, სარქველდაცმული, გაყვანილი გაურკველ დროს და დაუდგენელი პირის მიერ. პალატამ განმარტა, რომ სამართალდარღვევა ქმედების შემადგენლობის შესაბამისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებაა. დასჯის შესაძლებლობის წინაპირობა ბრალის არსებობაა, ხოლო ბრალეული მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეიძლება იყოს. ამდენად, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის არც ადსკ-ის 961 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა - ბრალი, შესაბამისად, სახეზე არ არის არც ბრალად შერაცხული სამართალდარღვევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პალატა ვერ შეაფასებდა ლ.ნ-ის ქმედებას ადსკ-ის 961 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაცდომად, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები/მონაცემები, გამორიცხავდა აღნიშნული მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციის შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ლ.ნ-ისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ ქ. ...ში, ...ის ქ. №19-ში მდებარე ლ.ნ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში 2019 წლის 23 დეკემბერს შპს „ს...ის“ წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს გამავალი გაზის გამანაწილებელი დაბალი წნევის ქსელზე მრიცხველის გვერდის ავლით უკანონოდ, ფარულად მიერთება, რასთან დაკავშირებითაც იმავე დღეს ადგილზე შედგა აქტი. კასატორის მითითებით, დადგენილი და დადასტურებული დატაცების ფაქტის გამო, კომპანიამ 2020 წლის 9 იანვარს ლ.ნ-ეს შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი და 2020 წლის 15 იანვარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის შედეგად სს „ს...ის“ უფლებამოსილმა პირმა №004719 დადგენილებით ლ.ნ-ე სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება, ხოლო აბონენტს სეზონურობის გათვალისწინებით უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დაარიცხა 4027,49 ლარი (დარიცხვა დაკორექტირდა კომისიის მიერ).
კასატორის მითითებით, სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს სწორედ უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობის არასწორი შეფასება - გაზის გამანაწილებელ ქსელზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის გვერდის ავლით ფარული/უკანონო დაერთების თაობაზე.
კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს შეფასებებს, რომლითაც უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილებით „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ლ.ნ-ის მოთხოვნის განუხილველად დატოვება. კასატორის მითითებით, დადგენილება ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ხოლო საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში. ამასთან, სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, აქტის კანონიერებას ამოწმებს არა სასარჩელო სამართალწარმოების, არამედ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ და „ბ1“ პუნქტების თანახმად, მაგისტრი მოსამართლეები პირველი ინსტანციით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით განიხილავენ საქმეებს: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე; სასამართლოში წარდგენილი შესაბამისი ოქმის საფუძველზე, სასამართლოს მიერ განსახილველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თაობაზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების გასაჩივრების წესი მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის XXII თავით, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევათა გასაჩივრების წესსა და ვადებს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილება, გარდა ამ კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მხარეებმა შეიძლება ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო დადგენილება. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოოა და არ საჩივრდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდართვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი. საქმის წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განსახილველ შემთხვევაში, ლ.ნ-ემ მოთხოვნის დაზუსტების შედეგად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილების, ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით სახდელის დადების შესახებ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილებისა და სს ,,ს...ის“ 2020 წლის 9 იანვრის №004719 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ბათილად ცნობა და მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტა, ლ.ნ-ის თანხის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება მოითხოვა.
დადგენილია, რომ 2020 წლის 9 იანვარს სს „ს...ის“ თანამშრომლის მიერ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის საფუძველზე, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №004719.
სს „ს...ის“ მიერ 2020 წლის 15 იანვარს მიღებული №004719 დადგენილებით ლ.ნ-ეს დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაფრთხილების სახით.
ამასთან, 2020 წლის 21 იანვარს შპს „ს...ის“ იმერეთის რეგიონული ოფისის მთავარი იურისტის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯთაღრიცხვის აქტი, რომლითაც ზიანის ოდენობამ შეადგინა 4027,49 ლარი.
სადავო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ იმსჯელა - 1. ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით სახდელის დადების შესახებ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილებაზე და 2. ლ.ნ-ისთვის უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის თანხის დარიცხვის საფუძვლიანობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით ლ.ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განუხილველი დარჩა ლ.ნ-ის მოთხოვნა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილების გაუქმების თაობაზე; უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აბონენტ ლ.ნ-ეზე 4027,49 ლარის დარიცხვა და დარიცხვა განხორციელდა 5505,6 მ3 ბუნებრივი გაზის ოდენობით, ღირებულებით 3138,13 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით ლ.ნ-ის სარჩელი მიჩნეულ იქნა საჩივრად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილებით ლ.ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილება ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით სახდელის დადების შესახებ და შეწყდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება; გაუქმდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №1/11131 გადაწყვეტილება და ლ.ნ-ე გათავისუფლდა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის გამო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით დადგინდა, რომ სს „ს...სა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საჩივრები განხილულიყო როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების საქმეზე მიღებული სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების (დადგენილების) გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები - საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სს „ს...ის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ლ.ნ-ისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ №004719 ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის საფუძველზე. ამავე კოდექსის 2281 მუხლის შესაბამისად, 961 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ შესაბამისად ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის სექტორის სათანადო ლიცენზიანტებს და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს. ამდენად, სს „ს...ის“ მიერ ლ.ნ-ეს სამართალდარღვევისათვის სახდელი შეეფარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილებით. სადავო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილებით კი განუხილველი დარჩა ლ.ნ-ის მოთხოვნა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში კომისიის გადაწყვეტილების კანონიერებაზე მსჯელობა, ადმინისტაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილების ნაწილში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილების შემოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტების საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე. ის გარემოება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების შესახებ, იმთავითვე არ ქმნის გასაჩივრების საფუძველს, რამეთუ გასაჩივრების წესი დადგენილია ნორმატიულად და საფუძველს არის მოკლებული იმპერატიული დანაწესის ჩანაცვლება სასამართლოს განმარტებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ძირითადად ლ.ნ-ის სამართალდამრღვევ პირად ცნობას ეფუძნება და კასატორი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიუხედავად, კვლავ სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს ხდის სადავოდ.
რაც შეეხება ლ.ნ-ის მიმართ უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხის დარიცხვას, აღნიშნულის კანონიერება მოწმდება სასარჩელო წარმოების ფარგლებში, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის თანხის დარიცხვის ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის თანხის დარიცხვის ნაწილში საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილებით გაუქმდა სს „ს...ის“ 2020 წლის 15 იანვრის №004719 დადგენილება ლ.ნ-ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით სახდელის დადების შესახებ და შეწყდა მოცემული ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კი უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის დადგენილება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, რამდენადაც ადმინისტრაციული სამართალდართვევის საქმეზე მიღებული დადგენილებების საქმის წარმოება სასამართლო სისტემაში არის ორსაფეხურიანი და საქმის წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სცილდება სამართალდარღვევის არსებობის საკითხი, რამეთუ სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის არც ადსკ-ის 961 მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, არც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა - ბრალი, შესაბამისად, სახეზე არ არის არც ბრალად შერაცხული სამართალდარღვევა, რაც საფუძველს აცლის ლ.ნ-ისთვის უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის თანხის დარიცხვას.
ამასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს რა შემთხვევაშია ვალდებული ბუნებრივი გაზის უკანონო მომხმარებელი გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება, ხოლო განსახილველ შემთხვევაში მითითებული ნორმით გათვალისწინებული არცერთი გარემოება საქმეზე დადგენილი არ არის.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულად თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას, თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ივნისის №01/11-131 გადაწყვეტილება აბონენტ ლ.ნ-ეზე თანხის დარიცხვის ნაწილში და ლ.ნ-ე მართებულად გათავისუფლდა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის გამო თანხის გადახდის ვალდებულებისაგან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საკასაციო საჩივარზე 18.03.2022წ. №339 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/კ 204400200) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინებაზე, სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის თანხის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/კ 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18.03.2022წ. №339 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა