საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე ¹276აპ-12 24 ივლისი, 2012წ.
ე-ი ი. 276აპ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. წ-სა და მსჯავრდებულ ი. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ძ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 თებერვლის განაჩენით:
სახელმწიფო ბრალმდებლის, პროკურორ ე. ლ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დამტკიცდა სახელმწიფო ბრალმდებელ, პროკურორ ე. ლ-სა და განსასჯელ მ. ჩ-ს შორის 2011 წლის 18 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება.
მ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი _ 2 წელი ჩაეთვალა პირობითად. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მ. ჩ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი _ 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელი აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩათვლილი აქვს პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ჩ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი _ 1 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი _ 7 წელი ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 8 წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშა ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა, ამასთან, დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის _ პროკურორ ე. ლ-ს შუამდგომლობა და საქართველოს სსსკ-ის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართოლს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 მაისის ბრძანებით მ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 2000 ლარი უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2010 წლის 25 მაისიდან 2010 წლის 27 მაისის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო მოცემული განაჩენის გამოტანის მომენტიდან _ 2011 წლის 18 თებერვლიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ი. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) _ 9 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სრულად შეიკრიბა ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ი. წ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განახევრდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ი. წ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, მას ძირითადი სასჯელის სახით მოსახდელად დარჩა 4 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ი. წ-ს მიმართ მოცემული განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მის მიმართ დანიშნული და „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 4 წლით, 5 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. წ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 წლით, 8 თვითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 25 მაისიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 წლით _ საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ი. ე-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 2 ივნისიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი. წ-სა და მსჯავრდებულ ი. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ძ-ს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
b) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ი. წ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლით, ხოლო მსჯავრდებულ ი. ე-ს მიმართ _ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. წ-სა და მსჯავრდებულ ი. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ძ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: დ. სულაქველიძე
გ. შავლიაშვილი