Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-774(კ-22) 28 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ჭ-ემ 2020 წლის 5 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის №03-2064/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ნ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის №03-2064/ო ბრძანება ნ.ჭ-ის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

კასატორის განმარტებით, ნ.ჭ-ის ეკომიგრანტი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა მონიტორინგის შედეგად დადგენილი ფაქტი აუცილებელი განსახლების საჭიროების არარსებობის შესახებ. სააგენტომ შეისწავლა ეკომიგრანტი ოჯახის მიერ განაცხადში დაფიქსირებული ინფორმაცია, ასევე მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლების მიერ 2013 წლის 13 ნოემბრის N799-ე ბრძანების შესაბამისად მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე (იმერეთი, ..., სოფ. ...) განხორციელდა ადგილზე შემოწმება და შეივსო შესაბამისი ფორმა. საცხოვრებელი სახლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სახლის დაზიანება შეესაბამებოდა პირველ კატეგორიას - იყო დაზიანებული, დეფორმირებული. ოჯახი არ არის სოციალურად დაუცველი. 2020 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, წინასწარი შეფასების შედეგად მხარემ დააგროვა 17.0 ქულა: საცხოვრებელ სახლს აღენიშნება პირველი კატეგორიის დაზიანება-10 ქულა; სხვა საცხოვრებელი არ აქვს საკუთრებაში - 6 ქულა, პენსიონერი, რომელიც ცხოვრობს მარტო - 1 ქულა.

დამატებითი მოკვლევის მიზნით 2020 წლის 22 ივნისს მონიტორინგი განხორციელდა ნ.ჭ-ის შვილების, გ.ჭ-ის საცხოვრებელ მისამართზე ...ში, ...ის ქ. N25 და ასევე, 2020 წლის 30 ივნისს დ.ჭ-ის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში, ...ის დასახლება, 1 მ/რ. ა კორპ. განხორციელებული შემოწმების შედეგად მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე სააგენტომ მიიჩნია, რომ ნ.ჭ-ეს კანონიერად ეთქვა უარი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, რადგან მონიტორინგისა და თავად მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა საშუალება ესარგებლა შვილების ალტერნატიული საცხოვრებელი სახლით. კომისიამ 2020 წლის 21, 22 სექტემბრის (სხდომის ოქმი N19) სხდომაზე განიხილა ნ.ჭ-ის საკითხი და 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ მე-3 მუხლის მიხედვით, ოჯახის მიერ მოპოვებული ქულის გათვალისწინებით ამ ეტაპზე არ მიანიჭა პრიორიტეტი საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის პროცესში და არ დააკმაყოფილა მისი განაცხადი შვილების ალტერნატიული საცხოვრებლის ქონის გამო. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, სააგენტოს გასაჩივრებული აქტი გამოცემული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები, შესაბამისად, დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებულია სოციალური გარანტიები, მათ შორის, განსახლების უფლება ვრცელდება ეკომიგრანტის სტატუსით მოსარგებლე ოჯახებზე. დასახელებული ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ (დანართი N1) მე-2 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულია შესაბამისი სამსახურის მიერ განაცხადების დამუშავების პროცედურა და მოიცავს ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე გადამოწმების შედეგად დადგინდება, რომ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ამ პროცედურით გათვალისწინებული კრიტერიუმებით პრიორიტეტის მოპოვების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის ერთ ან რამდენიმე წევრს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ან რეგისტრირებულია სხვა პირის სახელზე, რომლითაც სარგებლობს შეუზღუდავად, ოჯახს დააკლდება 6 ქულა ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის კრიტერიუმში.

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნ.ჭ-ე არის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებულ პირი, რომელიც ითხოვს საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. მისი შვილები ცხოვრობენ სხვადასხვა მისამართზე ...სა და ქ.თბილისში თავიანთ ოჯახებთან ერთად, რაც დადასტურებულია მონიტორინგის მასალებით. სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 5 ოქტომბრის N03-2064/ო ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ ეტაპზე არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას, შვილების ალტერნატიული ფართის გამო.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო ვარაუდს იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არსებობდა მოსარჩელის საცხოვრებლით დაკმაყოფილების საჭიროება, მაშინ როდესაც გაურკვეველია რამდენად ჰქონდა მოსარჩელეს შვილებთან საცხოვრებელ ფართში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, წინასწარი შეფასებით მოსარჩელეს მიენიჭა 17.0 ქულა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის გადაწყვეტილებით ნ.ჭ-ის განცხადება ალტერნატიული ფართის გამო არ დაკმაყოფილდა, რაც 6 ქულის დაკლების საფუძველს წარმოადგენდა, კომისიის 2020 წლის 21, 22 სექტემბრის N19 სხდომის ოქმით კი მოსარჩელეს ისევ უფიქსირდება 17 ქულა. აღნიშნული გარემოება დამატებით ადასტურებს ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილად ჩატარების ფაქტს და საჭიროებს დამატებით კვლევას კრიტერიუმების შეფასების შედეგად მინიჭებული ქულის რაოდენობის დადგენის თვალსაზრისით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების ხელახალი შესწავლისა და გამოკვლევის დროს, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული საკითხები, მათ შორის, გაითვალისწინოს მოსარჩელის შვილების საცხოვრებელ მისამართზე განხორციელებული მონიტორინგით დადგენილი გარემოებები: ოჯახის წევრთა რაოდენობა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საცხოვრებლის კუთვნილება, აგრეთვე - საცხოვრებელი სახლების მოცულობა შეესაბამება თუ არა ოჯახის წევრთა სულადობას და არსებობს თუ არა მოსარჩელის იქ გადასახლების შესაძლებლობა, სულადობისა და საცხოვრებელი პირობების გათვალისწინებით და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შეუძლია დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მოსარჩელის ოჯახი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებას. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, სადავო აქტი არ ემყარება განსახილველ საკითხზე არსებულ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რის გამოც სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა