Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-811(2კ-21) 28 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ.ნ-მა 2017 წლის 08 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2016 წლის 07 ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის NCB692171 ოქმის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ჩამორთმეული ხე-მასალის დაბრუნების დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 07 ნოემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის NCB692171 ოქმი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 12იანვრის გადაწყვეტილება (საჩივარი N...); მოპასუხეებს დაევალათ მ.ნ-ისთვის ჩამორთმეული ხე-მასალის დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინება მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილსა და 286-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება ხორციელდება სასაქონლო ზედნადებით, რომლის არარსებობაც საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს. ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ 4300 ლარის ღირებულების საქონლის 8,6მ3 ოდენობის ხე-ტყის პირველადი გადამუშავებით მიღებული პროდუქტების ტრანსპორტირება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე განახორციელა, გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 პრიმა ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მხრიდან არასამეწარმეო მიზნებისთვის ხე-ტყის ტრანსპორტირებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას სავალდებულოდ უნდა ჰქონოდა ხე-ტყის სოციალური ჭრის ნებართვა, რაც მოსარჩელეზე გაცემული არ ყოფილა. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილ იქნა მოსარჩელის მიერ მითითებული სარემონტო სახლის დათვალიერების და მიმდებარედ მცხოვრები პირების გამოკითხვის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ მ.ნ-ი არ ახორციელებდა სახლის რემონტს, შესაბამისად, სახეზეა ხის მასალის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობის მიზნით. ამრიგად, კასატორის მოსაზრებით, სამართალდარღვევის შესახებ მოპასუხეთა მიერ გამოცემული აქტები კანონშესაბამისია და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა DES 1 16 00109121 წერილით მიმართვის საფუძველზე, დათვალიერებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ..., რომელსაც მართავდა ე.ჭ-ე. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო მ.ნ-ის კუთვნილი წიწვოვანი ხის მასალა, რომლის მოცულობა შეადგენდა 8,6მ3, ხოლო მისი საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 4300 ლარს დღგ-ის ჩათვლით. გადამოწმებით დადგინდა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ხე-მასალა) ტრანსპორტირება ხდებოდა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. ი/მ მ.ნ-ი (ს/ნ ....) 2006 წლის 30 აგვისტოდან რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ სამეწარმეო საქმიანობას და მხოლოდ ის ფაქტი, რომ გადამხდელი არ ახდენს ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, არ შეიძლება მისი მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არ მოუხდენია საწარმოს ხელახალი რეგისტრაცია და არ ახდენდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას როგორც გადასახადის გადამხდელი, არ დასტურდებოდა ხე-მასალის ტრანსპორტირების სამეწარმეო მიზანი.

კასატორი განმარტავს, რომ სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული ტვირთის დანიშნულების ადგილის დათვალიერება და განხორციელდა ვიდეოჩაწერა. ვიდეომასალიდან გამომდინარე, არ დადასტურდა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ გადაზიდული დახერხილი ფიცარი ესაჭიროებოდა მამაპაპისეულ სახლში მიმდინარე რემონტისათვის, რადგან მ.ნ-ის მამის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე არავითარი სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს და სადავო სამართალდარღვევის ოქმი გამოიცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 286-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა სადავო აქტების გაუქმების წინაპირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 72-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სასაქონლო ზედნადების გამოწერა სავალდებულოა, თუკი ხორციელდება სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირება. მოცემული ვალდებულების დარღვევა წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად მიიჩნევა პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიხედვით კი, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძვლები და წესი გათვალისწინებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 252 მუხლით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზედნადების შევსების ვალდებულება არ ვრცელდება სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე. ამრიგად, საქონლის ტრანსპორტირებისას ზედნადების არსებობა სავალდებულოა სამეწარმეო საქმიანობისა და საქონლის რეალიზაციით მოგების მიღების შემთხვევაში, ხოლო ზედნადების შევსების ვალდებულების გავრცელება დაუშვებელია სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყისა ან/და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებზე.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, საკასაციო პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ სადავო პერიოდში მოქმედი კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე (დღეს მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი), რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.ნ-ის მიმართ 2016 წლის 7 ნოემბერს შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, იგი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთვა 4300 ლარის ღირებულების ტრანსპორტირებული საქონელი. საქმეში წარმოდგენილი ხე-ტყის წარმოშობის N.... და N.... დოკუმენტებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია გაცემულია სოციალური ჭრის საფუძვლით ხე-ტყის მასალის მოპოვებისთვის მოსარჩელე მ.ნ-ის სახელზე. ამასთან, დაბა ...ის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის 02.02.2017 წლის N72 ცნობით დასტურდება, რომ მ.ნ-ი ნამდვილად ფლობს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს და საცხოვრებელ სახლს ...ში, სოფელ ...ში, ხოლო წარმოდგენილი ფოტოსურათებით დასტურდება, რომ საცხოვრებელ სახლი საჭიროებს შეკეთებას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, კერძოდ, არ დასტურდება ხე-ტყის მასალის რეალიზაციის, შემოსავლისა თუ მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირების ფაქტი. შესაბამისად გასაზიარებელია მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ მასალა არ ყოფილა მოპოვებული სამეწარმეო მიზნებისათვის, არამედ განკუთვნილი იყო საცხოვრებელ სახლის შესაკეთებლად, ამდენად გამოირიცხება ზედნადების შევსების სავალდებულოობა, შესაბამისად, არ არსებობდა პირის დაჯარიმებისა და საქონლის ჩამორთმევის სამართლებრივი წინაპირობა.

საკასაციო პალატა, მოსარჩელის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ფაქტთან დაკავშირებით, არ იზიარებს კასატორის მოსაზრებებს და დამატებით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირის სამართალდამრღვევად მიჩნევა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში. მოცემულ საქმეზე, საგადასახადო ორგანოებს არ წარმოუდგენიათ მ.ნ-ის მიერ საქონლის სამეწარმეო მიზნით ტრანსპორტირების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. აღნიშნული კი, გამორიცხავს მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას და ქმნის სადავო აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობისა და ჩამორთმეული ხე-მასალის მ.ნ-ისათვის დაბრუნების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა