Facebook Twitter

საქმე ¹14აგ-12 ქ. თბილისი

ზ-ა ჯ., 14აგ-12 23 ივლისი, 2012 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ზ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ჯ. ზ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25-ე, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 9 დეკემბრიდან. მსჯავრდებულს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 5 000 ლარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

2012 წლის 24 მაისს მსჯავრდებულმა ჯ. ზ-ამ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.

აღნიშნული შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

კასატორი თავის საჩივარში მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა სსსკ-ის 313-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით _ შუამდგომლობის გაგზავნიდან 1 თვისა და 18 დღის შემდეგ; 2010 წლის 1 ოქტომბრამდე მოქმედი სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსამართლეები არ იყვნენ უფლებამოსილნი, განეხილათ შუამდგომლობა; არ არსებობს სისხლის სამართლის საქმე, რომლისგანაც გამოყოფილია ჯ. ზ-ას ბრალდების საქმე; რევიზიის შუალედური აქტით დადგენილია, რომ 2006 წლის დეკლარაციის შეუდგენლობის გამო არ გადამოწმებულა ამავე წლის შემოსავალი, ხარჯები და მოგება; არ არსებობს ინვენტარიზაციის აქტი და სასაქონლო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა; არც ერთი საბუღალტრო დოკუმენტით არ არის დადგენილი 466 მ3 წიწვოვანი ფიცრის დანაკლისი, მაგრამ ამის მიუხედავად, მისი რეალიზაციის შედეგად დღგ-სა და სხვა სახის გადასახადი _ 18600 ლარი ჩაირიცხა ბიუჯეტში; საბრალდებო დასკვნა და განაჩენი ეწინააღმდეგება დოკუმენტებს, რადგან ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, არ არსებობს 466 მ3 წიწვოვანი ფიცრის დანაკლისი, ე.ი. დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, თ. ხ-ა მიმალვაში არ ყოფილა და არც შემოწმების საფუძველი არსებობდა; საბუღალტრო დოკუმენტები ინახება გამოყოფილ საქმეში; მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ჯ. ზ-ა მოითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისის განჩინების გაუქმებას და საქმის გაგზავნას თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად; იგი ასევე ითხოვს, რომ საკასაციო საჩივარი არ განიხილოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეებმა იმ მოტივით, რომ ისინი მონაწილეობდნენ ჯ. ზ-ასა და ნ. გ-ას მიმართ გადაწყვეტილებების გამოტანაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2012 წლის 24 მაისს, ხოლო 28 მაისს _ შუამდგომლობა და თანდართული მასალები 4 ტომად. სააპელაციო პალატამ შუამდგომლობა განიხილა 2012 წლის 5 ივნისს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მითითება სასამართლოს მიერ სსსკ-ის 313-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევის შესახებ.

პალატა აღნიშნავს, რომ არც ადრე და არც ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ კრძალავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეტანილი შუამდგომლობისა და საჩივრის იმ მოსამართლეების მიერ განხილვას, რომლებსაც საქმე განხილული აქვთ არსებითად.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო საჩივარში არც ერთი ამგვარი გარემოება არ არის მითითებული. მსჯავრდებული ვერ მიუთითებს, კანონში აღნიშნული რომელი ახალი გარემოება გამოვლინდა 2010 წლის 21 დეკემბერს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ფაქტობრივად, ჯ. ზ-ა მოითხოვს საქმის კვლავ არსებითად განხილვას და მტკიცებულებების ხელახლა შეფასებას, რის შესაძლებლობასაც, საპროცესო კანონიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ჯ. ზ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ჯ. ზ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე