Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-686(კს-21) 28 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.მ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირები - ნა.მ-ი; ა.დ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება

დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2012 წლის 17 დეკემბერს და 2013 წლის 11 მარტს ნ.მ-ემ სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 დეკემბრის და 2013 წლის 15 მარტის განჩინებებით ნ.მ-ის სარჩელები განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 აპრილის განჩინებით აღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

საჩხერის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ, ნ.მ-ემ, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ მოითხოვა: ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ (სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში განთავსებულ №... ფართზე არსებულ ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 24 აგვისტოს ნ.მ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 26 ივნისს ა.დ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე №... ...ო ობიექტზე ა.დ-ისა და ნ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებულ უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერთან დაკავშირებით სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დავალება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ქ....აში, ...ის ქუჩაზე, მდებარე ...ის პირველ სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ა.დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის №..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....; ბათილად იქნა ცნობილი ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ....აში, ...ის ქუჩაზე, მდებარე ...ის პირველ სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ნა.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის №..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...; სსიპ საჯარო რეესტრის ...ის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უარი ეთქვა ა.დ-ისა და ნა.მ-ისთვის ქ....აში, ...ის ქუჩაზე, მდებარე ...ის პირველ სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე; მოსარჩელის მოთხოვნა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსათვის ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დავალებაზე, არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნა.მ-მა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომელთაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის და ნა.მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივნისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ....აში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ №...) ა.დ-ის სახელზე 2009 წლის 26 ივნისს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №...; თარიღი: 26.06.2009); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 25 აგვისტოს №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე ქ....აში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე (ს/კ №...) ნა.მ-ის სახელზე 2009 წლის 25 აგვისტოს განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი (განაცხადის რეგისტრაციის №...; თარიღი; 24.08.2009); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა ა.დ-ის 2009 წლის 26 ივნისის №... და ნა.მ-ის 2009 წლის 24 აგვისტოს №... განცხადებებთან დაკავშირებით; ნ.მ-ის მოთხოვნა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნა.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნა.მ-ის და ნ.მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით ნა.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში (ნ.მ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში). აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნა.მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით ნა.მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივნისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის (უფლებამონაცვლე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი) და ნა.მ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ.მ-ის სარჩელი (ბათილად იქნა ცნობილი ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2009 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება - ...აში, ...ის ქუჩაზე, მდებარე ...ის ... სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ნა.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი ..., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ...) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.მ-ის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქ....აში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ის ... სართულზე №... არასაცხოვრებელ ფართზე ა.დ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

2020 წლის 3 ნოემბერს ნ.მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებლის განმარტებით, ახლადაღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/16-17), რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნა.მ-ის მოთხოვნა ...აში, ...ის ქუჩაზე არსებული ...ის პირველ სართულზე №... ფართზე, ს/კ ...., ნ.მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ნა.მ-მა გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო საჩივრის პარალელურად ნა.მ-მა კვლავ მიმართა სასამართლოს ნ.მ-ის საკუთრებაში რიცხულ ფართზე რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ე.ი. იმავე მოთხოვნით, იმავე დავის საგანზე და იგივე საფუძვლით. საჩხერის რაიონული სასამართლომ 2018 წლის 26 ივლისს გადაწყვეტილებით (საქმე №3/3-18) ნა.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დასახელებული გადაწყვეტილება ნა.მ-მა გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ნ.მ-ეს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთდროულად არსებობდა ნა.მ-ის ორი იდენტური სააპელაციო საჩივარი ადმინისტრაციულ საქმეებზე №3/16-17 და №3/3-18, რაც სსსკ-ის 186.1 მუხლის ,,გ“ პუნქტის საფუძველზე დაუშვებელი იყო. აღნიშნული გარემოება ცნობილი იყო როგორც რაიონული ისე სააპელაციო სასამართლოებისთვის. განმცხადებლის განმარტებით, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ნ.მ-ეს გადაეცა 2020 წლის 5 ოქტომბერს. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გამორიცხავდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებას (საქმე N3/ბ-390-18), რომელიც ასევე კანონიერ ძალაშია და ამ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმცხადებელ ნ.მ-ის მიერ დანიშნული ექსპერტიზის შედეგები წარმოადგენდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის N3/ბ-390-18 გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველს. გარდა ზემოაღნიშნულისა, განმცხადებლის განმარტებით, დამოუკიდებელი ექსპერტის დ.რ-ის მიერ 2020 წლის 14 ივლისს შედგენილი დასკვნა წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-332-16) გაუქმების და ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით, ნ.მ-ის განცხადება ცნობილ იქნა დასაშვებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებით ნ.მ-ის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება (საქმე N3/16-17), რომელსაც განმცხადებელი ახლადაღმოჩენილ გარემოებად ასახელებს, კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით (აპელანტმა ნა.მ-მა გამოიხმო სააპელაციო საჩივარი და შეწყდა N3/ბ-522-17 ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო საქმის წარმოება). აღნიშნული განჩინების ასლი ნ.მ-ეს გადაეგზავნა კანონით დადგენილი წესით 2020 წლის 31 ივლისს და პირადად მას ჩაჰბარდა 2020 წლის 7 აგვისტოს (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ). ამდენად, მხარეს ამ გადაწყვეტილების (მისი პოზიციით ახლად აღმოჩენილი გარემოების) შეტყობიდან 1 თვეში უნდა მიემართა სასამართლოსთვის.

ექსპერტიზის დასკვნასთან, როგორც ახლად აღმოჩენილ გარემოებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განცხადებაზე დართული დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის, ი/მ დ.რ-ის 2020 წლის 14 ივლისის N006/1-0 ექსპერტიზის დასკვნა, ვერ ჩაითვლებოდა ახლადაღმოჩენილ გარემოებად, რამდენადაც მხარეს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო ასეთი დასკვნა, როგორც მტკიცებულება, წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვისას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.მ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადების განხილვისას დარღვეულია რიგი საპროცესო ნორმები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის 1-თვიანი ვადის ათვლასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით, რომელიც საჩივრდებოდა კერძო საჩივრით და უცნობი იყო თუ როდის შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინება კანონიერ ძალაში. განცხადების ავტორისთვის, კანონიერ ძალაში შესული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა 2020 წლის 6 ოქტომბერს და კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სასამართლოში განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების განხილვის დავალებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სამართლებრივი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია: ერთი მხრივ, ეფექტური მართლმსაჯულებით, რომლის საბოლოო მიზანი არის სწორი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე; მეორე მხრივ, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილებისადმი სანდოობით, რომელიც ვლინდება სადავო საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტაში და ამით სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობაში. სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მე-19, 25-ე პ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული საფუძვლების არსებობისას (სუსგ №ბს-232(2კს-21), 10.02.2022).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ნ.მ-ის განცხადება ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ (რომლის თანახმად, მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ) და „ვ“ ქვეპუნქტებს (რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ მართალია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2021 წლის 18 მაისის განჩინებაში, ამავე სასამართლოს 2020 წლის 30 ივლისის განჩინებაზე მსჯელობისას ყურადღება გაამახვილა ნ.მ-ისათვის განჩინების ასლის გადაგზავნის და ჩაბარების თარიღზე, რასაც დაუკავშირა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426.2 მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის ათვლა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ.მ-ის განცხადება 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით დასაშვებად ცნო, განიხილა არსებითად და 2021 წლის 18 მაისის განჩინებით არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას განმცხადებლისათვის 2020 წლის 30 ივლისის განჩინების ჩაბარების თარიღთან დაკავშირებით, გავლენა არ მოუხდენია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსკ-ის 264-ე მუხ.) და მატერიალური (სსკ-ის 266-ე მუხ.) კანონიერი ძალა. პირველი შემთხვევა გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა, რომლის წინაპირობაა გადაწყვეტილების ფორმალური კანონიერი ძალა, უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი (სსკ-ის 266-ე მუხ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავოდ (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი). საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, საპროცესო წესების დაცვით მოითხოვოს საქმის წარმოების განახლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.

ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში ასევე შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) ფორმალურ კანონიერ ძალაში შესვლა არ უკავშირდება მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის დისპოზიციაში მოცემული რეგულაციიდან გამომდინარე განმარტავს, რომ დასახელებული ნორმების საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისათვის ერთი მხრივ უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და მეორე მხრივ ამ ფაქტის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს მხარე. თუ მხარემ იცის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჯერ არ არის კანონიერ ძალაში შესული, მხოლოდ გადაწყვეტილების არსებობის ცოდნის ფაქტი, ვიდრე იგი არ შევა კანონიერ ძალაში, ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლის დაწყების საფუძველი, რადგან სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტი იმპერატიულად ავალდებულებს მხარეს სასამართლოს წარუდგინოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.

2. რაც შეეხება საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის საფუძველს, ნ.მ-ეს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთდროულად არსებობდა ნა.მ-ის ორი სააპელაციო საჩივარი იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რაც დაუშვებელი იყო. სწორედ, ამ საფუძვლით და დამოუკიდებელი ექსპერტის - დ.რ-ის 2020 წლის 14 ივლისის №006/1-0 ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ითხოვს განმცხადებელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს არსებობს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 სექტემბერს დაზუსტებული სარჩელით (საქმე №3/16-17) ნა.მ-მა მოითხოვა: 1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 22 სექტემბრის №... წერილის ბათილად ცნობა და 2. ...აში, ...ის ქუჩაზე არსებულ ...ში №... ფართზე (საკადასტრო კოდი №....) ნ.მ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ნა.მ-მა გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება. დასახელებულ დავაში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ნა.მ-ი მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ქ....აში, ...ის ქუჩაზე მდებარე ე.წ. ...ი თავის დროზე იყო ერთი პირის მ.ყ-ის საკუთრება. 2006 წელს მ.ყ-ესა და ნ.მ-ეს შორის გაფორმდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე №... ...ო ფართზე ნასყიდობის ხელშეკრულება და ფართი აღირიცხა საჯარო რეესტრში ნ.მ-ის სახელზე. 2009 წლის 25 აპრილს მ.ყ-ესა და ა.დ-ეს შორის ასევე გაფორმდა N... ფართზე ხელშეკრულება და ფართი აღირიცხა ა.დ-ის სახელზე საჯარო რეესტრში. 2009 წლის 22 აგვისტოს ა.დ-ემ გაასხვისა აღნიშნული უძრავი ქონება ნა.მ-ზე. ერთი და იგივე უძრავ ნივთს მინიჭებული ჰქონდა სხვადასხვა საკადასტრო კოდი. ნ.მ-ე ითხოვდა ნა.მ-ზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რის გამოც ნა.მ-მა თავის მხრივ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ს/კ N.... რეგისტრირებული უძრავი ქონების ძალადაკარგულად ცნობა მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რადგან იგი წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ გარემოებაზე საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორი თავის დასაბუთებაში უმთავრესად მსჯელობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. განსახილველ საქმეში ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს მიერ 2016 წლის 2 დეკემბერს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით შევიდა კანონიერ ძალაში. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე წინამდებარე საქმის წარმოების განახლების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე ნ.მ-ემ, დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა: ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ (სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 თებერვლის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე ...ში განთავსებულ №... ფართზე არსებულ ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის ... სართულზე №..-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 24 აგვისტოს ნ.მ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე მშენებარე ...ის ... სართულზე №...-ში განთავსებულ არასაცხოვრებელ ფართზე ...ის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 26 ივნისს ა.დ-ის სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. ...აში, ...ის ქუჩაზე მდებარე №... ...ო ობიექტზე ა.დ-ისა და ნ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის დავალება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ...ის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებულ უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერთან დაკავშირებით მისი სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხის განხილვის დავალება, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის მოპასუხეებზე დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ.მ-ის სარჩელი, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებად მითითებული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილით კი ირკვევა, რომ მოსარჩელე იყო ნა.მ-ი, შესაბამისად, ერთსა იმავე სარჩელზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნებოდა. ამასთან, საქმის მასალებით ასევე არ დგინდება დასახელებულ გადაწყვეტილებათა ურთიერთწინააღმდეგობა, რამეთუ ნა.მ-ს (საქმე №3/16-17) და ნ.მ-ეს სხვადასხვა სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდათ და შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად განსხვავებულ საფუძვლებს მიუთითებდნენ.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოხმობილი ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და მტკიცებულებების ახლად აღმოჩენის საფუძვლით. მითითებული სამართლებრივი დანაწესი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების რევიზიის შესაძლებლობას ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არსებული გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების ან/და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის თაობაზე პროცესის მონაწილე პირისათვის ობიექტურად არ იყო ცნობილი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებებს ახლად გამოვლენილი გარემოებებისგან განასხვავებს ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებები ობიექტურად არ არსებობს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში და ისინი წარმოიშობა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მაშინ, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებები არსებობს საქმეზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, თუმცა მათ შესახებ მხარისათვის არ არის ცნობილი. საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება არის იურიდიული ფაქტი, რომელიც არსებობდა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა საქმის გადაწყვეტისათვის, თუმცა მის შესახებ არ იყო და არც შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი საქმის განხილვისას და მისი აღმოჩენა მოხდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნაში უტყუარად უნდა იყოს დადასტურებული, რომ ახლად აღმოჩენილი მტკიცებულება ან გარემოება არსებობდა საქმის განხილვის დროისათვის, ხოლო მხარემ მისი არსებობის შესახებ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა.

ამ კუთხით ასევე გასათვალისწინებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 იანვრის №ბ-1825-7(ა-21) განჩინება, სადაც განიმარტა, რომ „საკასაციო სასამართლომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას სადავო აქტების კანონიერება შეაფასა იმჟამად არსებული მდგომარეობით, ხოლო საქმეზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ წარმოშობილი განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები, რაც რეალურად ვერ იარსებებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს, არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. შპს „...ს“ მიერ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად დასახელებული გარემოება თავისი არსით მიეკუთვნება არა ახლად აღმოჩენილ, არამედ ახლად გამოვლენილ გარემოებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს წარმოდგენილ განცხადებაზე, რადგან სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი გარემოებების არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, ხოლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით საერთოდ არ არის გათვალისწინებული.“

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორის, ი/მ ,,დ.რ-ის’’ 2020 წლის 14 ივლისის N006/1-0 ექსპერტიზის დასკვნა, ვერ ჩაითვლება ახლადაღმოჩენილ გარემოებად, რამდენადაც მხარეს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო ასეთი დასკვნა, როგორც მტკიცებულება, წარედგინა სასამართლოში საქმის განხილვისას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოცემული თავი, რომელიც განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) საქმის წარმოების განახლებას, წარმოადგენს არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საქმის განხილვის მორიგ ეტაპს, არამედ დასრულებული საქმის წარმოების საგამონაკლისო სახეს, რომელიც დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში კი არ არსებობს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე სამართალწარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობები.

4. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მისი დასწრების გარეშე საქმის განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, ,,საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას“.

საქმეში არსებული მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ.მ-ის განცხადება და მისი განხილვა დაინიშნა 2021 წლის 19 თებერვალს, 13:30 საათზე, აღნიშნულის შესახებ ეცნობა ნ.მ-ის წარმომადგენელს, ნ.გ-ეს, რომელმაც 2021 წლის 12 თებერვალს იშუამდგომლა სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა და სხდომა გადაინიშნა სხვა დროისათვის. ნ.მ-ის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და განცხადება განხილულ იქნა ნ.მ-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

საკასაციო სასამართლო სწორედ აღნიშნული მუხლისა და საქმის მასალებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განეხილა განმცხადებლის დასწრების გარეშეც, ვინაიდან, მხარისთვის სასამართლოს სხდომის დღე ცნობილი იყო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ის გარემოება, რომ მას ჰქონდა შუამდგომლობა კვლავ საქმის გადადების თაობაზე, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ვალდებულია ყოველთვის დააკმაყოფილოს მხარის შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც იმავე საფუძვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე გადაინიშნა სასამართლო სხდომა სხვა დროისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე (გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს მოქმედი რედაქცია) მითითებით განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს საპროცესო ნორმების დარღვევას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.მ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და ნ.მ-ის განცხადებაზე ხელახლა მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 423-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. მაკარიძე