Facebook Twitter

№ბს-758(კ-22) 27 სექტემბერი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.მ-მა 2021 წლის 10 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2245/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.მ-ისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის ...დან დევნილი, მარტოხელა, მარჩენალდაკარგული, ვეტერანი. პენსიონერი. ამჟამად ცხოვრობს ...ის რაიონში, სოფელ ...ში, მეგობრის სახლში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არის საზღვრისპირა სოფელი. 1991 წლიდან გამოიცვალა არაერთი საცხოვრებელი ადგილი. 2019 წლის ნოემბრისა და 2020 წლის ივნისის თვეში მოსარჩელემ შეავსო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი და შემოწმების შედეგად განესაზღვრა 4 ქულა. 2021 წლის 26 თებერვალს მოსარჩელეს ჩაბარდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 11 ნოემბრის №03/17439 წერილი და 9 ნოემბრის №03-2245/ო ბრძანება საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მ.მ-ს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ...სა და ...ის მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2245/ო ბრძანება; დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ.მ-ისათვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება.

პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა მ.მ-ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის საფუძვლით.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე - მ.მ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა ..., ...ის ქ. №11, ხოლო რაც შეეხება მის დროებით საცხოვრებელ მისამართს იგი ფაქტობრივად დროებით ცხოვრობს ...ში, სოფელი ...ის მე-15 ქ. №8-ში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №52 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით მ.მ-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. შესაბამისად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 9 ნოემბრის №03-2245/ო ბრძანებით, ...სა და ...ის მუნიციპალიტეტებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მოსარჩელეს ამ ეტაპზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლზე, ამავე კანონის მე-4 მუხლზე, სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1) და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთ მოცემულობაში არ გააჩნდა დისკრეციული უფლებამოსილება, ქულების განსაზღვრის შემდეგ, დამატებით შეეფასებინა გადაუდებელი განსახლების საჭიროების აუცილებლობა (გამონაკლისია მხოლოდ, დევნილის დროებითი განსახლების წესი, რაც სხვა შემთხვევას წარმოადგენს). კონკრეტულ ეტაპზე, პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც დაგროვილი ჰქონდა ქულათა ის რაოდენობა, რომელიც საკმარისი იყო კონკრეტულ ეტაპზე, ბინის მისაღებად. პალატის მოსაზრებით, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მისი საჭიროებების პრიორიტეტულობის განსაზღვრა ნორმატიული აქტით ამომწურავად იყო ნორმატიულ-სამართლებრივად განსაზღვრული და მის მიღმა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამატებით დევნილი ოჯახის საჭიროებების პრიორიტეტულობის დადგენა, რომელიც არ შეესაბამებოდა აღნიშნულ ნორმატიულ აქტს და არ გამომდინარეობდა მისგან, არღვევდა კანონიერების პრინციპს და სცდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებს.

პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უდავოდ იყო დადგენილი მოსარჩელის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არის ომის ვეტერანი და მარტოხელა ხანდაზმული პირი. ამდენად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, მ.მ-ის მდგომარეობა შეფასდა 4 ქულით, კერძოდ, საცხოვრებლის ფინანსური პირობები 1,5 ქულა; მარტოხელა პენსიონერი - 1 ქულა; ომში მონაწილე ომის ვეტერანი - 1,5 ქულა. პალატის მითითებით, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებდა სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობდა სხვის ბინაში ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდებოდა შეფასების საერთო სისტემაში (გათვალისწინებულია 1,5 ქულა), რის გამოც მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლებოდა გამხდარიყო დევნილის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავდა.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ.მ-ს საკუთრებაში არ ჰქონდა რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობდა მეგობრის ნ.ს-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. მოსარჩელის მდგომარეობა შეფასდა 4 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად, რამეთუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №52 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა.

პალატამ მიიჩნია, რომ დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული ყოფილიყო ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. პალატის განმარტებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდებოდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი პირის არაერთი ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, რამეთუ მისი შვილები დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით და საკუთრებაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთები. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის განაცხადს აკეთებდა მარტო და მისთვის მინიჭებული ქულებიდან ასევე დგინდებოდა, რომ იყო მარტოხელა ხანდაზმული პირი. პალატის მოსაზრებით, სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების გარეშე, გაზიარებული ვერ იქნებოდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, ფაქტობრივად უზრუნველყოფილი იყო ადეკვატური საცხოვრებლით, მით უფრო, რომ უდავოდ დადგენილი იყო მოსარჩელის მიერ არაერთი დროებითი საცხოვრებელის გამოცვლის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს ფაქტი - მოსარჩელე რამდენად სასწრაფოდ საჭიროებდა საცხოვრებლით უზრუნველყოფას. სასამართლოსთვის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მ.მ-ს ჰქონდა საკმარისი ქულათა ოდენობა.

კასატორის განმარტებით, ყველა დევნილი ოჯახის მიმართ, რომელთაც აქვთ დევნილის სტატუსი და არ არიან დაკმაყოფილებულნი საცხოვრებელი ფართით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, თუმცა საკითხის მომწესრიგებელი აქტი, სადავო პერიოდში მოქმედი მინისტრის 320-ე ბრძანება ითვალისწინებს რიგითობას. მითითებული ნორმა საჭიროებაზეა მორგებული და საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სააგენტო იკვლევს დევნილი ოჯახის რეალურ მდგომარეობას, რათა პირველ რიგში, ფართით დააკმაყოფილოს ის ოჯახები, რომელთაც მძიმე საცხოვრებელი პირობები აქვთ, ხელი არ მიუწვდებათ სხვა ალტერნატიულ საცხოვრებელზე და საჭიროებენ სასწრაფო განსახლებას. შესაბამისად, დევნილი ოჯახები კმაყოფილდებიან არამარტო მათი ქულების რაოდენობის მიხედვით, არამედ საჭიროების მიხედვით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების მიხედვით დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახს ხელი მიუწვდება არაერთ ალტერნატიულ საცხოვრებელზე. მას ჰყავს შვილები, რომელთა მიმართ სააგენტომ შეასრულა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით, თუმცა მოსარჩელე უკმაყოფილო აღმოჩნდა შესყიდული საცხოვრებელი ფართით და აღნიშნა, რომ გადაცემულ ფართში არ არის საცხოვრებელი პირობები.

კასატორის განმარტებით, მოსარჩელე ფლობდა საკუთრებას, რომელიც სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაასხვისა. მოსარჩელის ორივე შვილი სახელმწიფოს მიერ დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი სახლით. გარდა ამისა, როგორც საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით ირკვევა, მ.მ-ის შვილს მა.მ-ეს არაერთი მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სხვადასხვა დროს. მოსარჩელის რძალი ლ.ჯ-ე ფლობდა საკუთრებას მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ N46-ში 2016 წლიდან, რომელიც 2020 წელს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა ნ.მ-ზე და ნი.მ-ზე გამოსყიდვის უფლებით.

კასატორი მიუთითებს მინისტრის №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელე მ.მ-ის შვილმა საკუთარი სახსრებით შეიძინა მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტის მიხედვით განხილულ უნდა იქნეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოკითხა განმცხადებელი, ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება და გამოკითხვა. აღნიშნული ადასტურებს რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა მის ხელთ არსებული ყველა საშუალება საკითხის სრულყოფილად შესასწავლად და გამოსაკვლევად. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

ამავე კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). იმისათვის, რომ ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა ჯგუფი განხილულ იქნეს დევნილ ოჯახად, ამ კანონის მიზნებისათვის, აუცილებელია ერთობლივად ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 N 01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის (დანართი N1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

ზემოაღნიშნული ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.

საქმეში წარმოდგენილია მ.მ-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე არის იძულებით გადაადგილებული პირი, დევნილი. იძულებით გადაადგილებამდე მ.მ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ..., ...ის ქ. №11, ხოლო მის დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს ..., ... მე-15 ქ. №8 (ს.ფ. 17).

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ.მ-ის განცხადების საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მოსარჩელის ერთსულიანი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 4.00 ქულა (საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ნათხოვარი - 1.50 ქულა; მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან - 1.00 ქულა; ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი - 1.50 ქულა) (ს.ფ. 74).

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს მიღებულ იქნა №03-2245/ო ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, (ოქმი №52) მ.მ-ს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ...სა და ...ის მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს. ფ. 16, 41-47).

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №52 სხდომის ოქმით დგინდება, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე იმ საფუძვლით, რომ განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა შვილების ალტერნატიული საკუთრებების გამო (ს. ფ. 41-47).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მდგომარეობა შეფასებულია 4 ქულით, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 28 სექტემბრის №52 ოქმის მიხედვით, ერთოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 2,5 და მეტი ქულა. ასევე დადგენილია, რომ მ.მ-ს საკუთრებაში არ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამოც ამჟამინდელი საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობს სხვისი კუთვნილი უძრავი ქონებით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ დევნილი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილია და არ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება დევნილი პირის არაერთი ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, რამეთუ მისი შვილები დაკმაყოფილებული არიან საცხოვრებელი ფართით და საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება (ს.ფ. 18-19, 30-31), რომ მოსარჩელე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის განაცხადს აკეთებდა მარტო. ამასთან, მ.მ-ს 1 ქულა მიენიჭა სწორედ შემდეგი კრიტერიუმის გამო: „მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან“. ასევე დავას არ იწვევს მხარეთა შორის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ორივე შვილი ცხოვრობს ცალკე ოჯახად, კერძოდ, მოსარჩელის შვილი - ზ.მ-ე და მისი მეუღლე არადევნილი ლ.ჯ-ე ოთხ შვილთან ერთად - ნ.., ნი.., ლ... და ს... მ-ბი, ცხოვრობენ ცალკე ოჯახად. ასევე, მოსარჩელის შვილი - მ.მ-ე და მისი არადევნილი მეუღლე გ.ს-ი სამ შვილთან ერთად - ს..., ლ... და ი... ს-ბი, ცხოვრობენ ქვემო ...ში. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელის შვილებმა ისარგებლეს შესყიდვის პროგრამით და მათ გადაეცათ უძრავი ქონება, არ ნიშნავს, რომ მ.მ-ს გაუჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებით ალტერნატიული ფართის არსებობის ფაქტი, რაც გამორიცხავდა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში სააპელაციო პალატის მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული კასატორის მოსაზრება დევნილის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმა განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით და სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე