საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე ¹307აპ-12 ქ. თბილისი
დ-ი თ.-307აპ-12 24 სექტემბერი, 2012 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გ. შ-ის
პროკურორ _ ნ. მ-ის
ადვოკატების _ ც. შ-ის, შ. გ-ისა და ე. ბ-ის
მსჯავრდებულების _ თ. დ-ის, ე. ქ-ის, ნ. ბ-ისა და გ. თ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების: თ. დ-ის, ე. ქ-ის, ნ. ბ-ისა და გ. თ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განაჩენით თ. დ-ი, ამჟამად პატიმარი; ე. ქ-ი, ამჟამად პატიმარი; ნ. ბ-ი, ამჟამად პატიმარი; გ. თ-ე, ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯათ 3-3 (სამ-სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ისინი სასჯელს იხდიან 2012 წლის 16 თებერვლიდან.
განაჩენით მსჯავრდებულებს: თ. დ-ს, ე. ქ-ს, ნ. ბ-სა და გ. თ-ეს მსჯავრი დაედოთ მოწმის მიერ სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე №..., ბრალდებულების _ ლ. რ-ს, ნ. და ზ. ჯ-ების მიმართ, ა. ი-ის საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დასაკითხად წარადგინეს ე. ქ-ი, გ. თ-ე, ნ. ბ-ი და თ. დ-ი, რომლებიც ჩვენების მიცემამდე სასამართლომ გააფრთხილა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, მითითებულმა მოწმეებმა, ლ. რ-სათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, საქმის არსებითი განხილვის დროს იმ მოტივით, რომ გაემართლებინათ ლ. რ-ს მიერ ა. ი-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის თაღლითურად დაუფლების ფაქტი, სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენება და აღნიშნეს, რომ გარდა ნ. ჯ-ის მიერ მიცემული 8.500 აშშ დოლარისა, ა. ი-ის შვილს _ ზ. ი-ს სხვადასხვა პირისაგან ლ. რ-ს მეშვეობით ნასესხები ჰქონდა 8.000 აშშ დოლარი, მათ შორის ე. ქ-ისაგან _ 1.500 აშშ დოლარი, ნ. ბ-ისაგან _ 3.000 აშშ დოლარი, გ. თ-ისაგან _ 2.000 აშშ დოლარი, ხოლო თ. დ-ისაგან _ 1.500 აშშ დოლარი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა: ე. ქ-მა, ნ. ბ-მა, თ. დ-მა და გ. თ-ემ.
აპელანტები ითხოვდნენ:
ე. ქ-ი _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან;
ნ. ბ-ი _ სასჯელის შემსუბუქებას;
გ. თ-ე _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას მინიმალური სასჯელის განსაზღვრის სახით;
თ. დ-ი _ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა: თ. დ-მა, ე. ქ-მა, ნ. ბ-მა და გ. თ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორებმა საჩივრებით ითხოვეს: თ. დ-მა _ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან; ე. ქ-მა _ სასჯელის შეცვლა პირობითი მსჯავრით, ალტერნატივად კი _ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა; ნ. ბ-მა _ სასჯელის შემსუბუქება, ხოლო გ. თ-ემ _ განაჩენში ცვლილების შეტანა მინიმალური სასჯელის განსაზღვრის სახით.
პროკურორმა ნ. მ-ემ შესაგებლებით ითხოვა მსჯავრდებულების: თ. დ-ის, ე. ქ-ის, ნ. ბ-ისა და გ. თ-ის საკასაციო საჩივრების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
2012 წლის 23 სექტემბერს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ. მ-ემ საქართველოს სსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეადგინა წერილობითი შეთანხმება ბრალზე გარიგების თაობაზე მასა და მსჯავრდებულ თ. დ-ს შორის.
პროკურატურამ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალეულობის ხარისხი, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული თ. დ-ი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, 2012 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. მ-ეს შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
2012 წლის 24 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ თ. დ-ს შორის 2012 წლის 23 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნ. მ-ესა და მსჯავრდებულ თ. დ-ს შორის.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ნ. მ-ემ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა, რომ მსჯავრდებული თ. დ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს ჯარიმა _ 2.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე მსჯავრდებულმა თ. დ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. შ-ემ.
სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. მ-ის მომართვის წერილითა და მოხსენებითი ბარათით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულების: თ. დ-ის, ნ. ბ-ის, ე. ქ-ის დაკითხვის ოქმებით, მოწმეების: კ. ძ-ის, ნ. ჯ-ის, ხ. ც-ის დაკითხვის ოქმებითა და საქმის სხვა მასალებით მსჯავრდებულთათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია.
საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება.
პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათს, მისთვის გათვალისწინებულ სასჯელს და საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. მსჯავრდებული თ. დ-ი აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
ამდენად, პალატის აზრით, პროკურორმა სწორი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები გააკეთა ბრალსა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების: ე. ქ-ის, ნ. ბ-ისა და გ. თ-ის ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა _ შ. გ-მა და ე. ბ-ემ ითხოვეს სასჯელების შემსუბუქება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, მსჯავრდებულთა პიროვნებები, მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და დანაშაულის პრევენციის მიზნებიდან გამომდინარე, მათ სწორად შეუფარდა ისეთი სასჯელი (ამ მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი), რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავეთა რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. მ-ის შუამდგომლობა მსჯავრდებულ თ. დ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების: ე. ქ-ის, ნ. ბ-ისა და გ. თ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის I ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 209-216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ნ. მ-ესა და მსჯავრდებულ თ. დ-ს შორის.
თ. დ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვროს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების გამოყენებით თ. დ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა _ 2.000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პირობითი მსჯავრის პერიოდში მსჯავრდებულ თ. დ-ის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი