Facebook Twitter

¹16აგ-12 17 სექტემბერი, 2012 წელი

კ-ი დ., 16აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა _ 3 000 ლარი;

ამავე განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3 000 ლარი. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2008 წლის 19 მარტიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენით შეიცვალა: დ. კ-ისა და დ. კ-ის ქმედებები დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯათ: დ. კ-ს _ 8 წლით, ხოლო დ. კ-ს _ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მათვე დამატებით სასჯელად განესაზღვრათ ჯარიმა _ 3-3 ათასი ლარი.

აღნიშნულ განაჩენზე საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით.

2012 წლის 13 აგვისტოს მსჯავრდებულმა დ. კ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვის შუამდგომლობით და მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის დანიშვნა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 და 2009 წლების კანონების გამოყენებით იმ მოტივით, რომ ახალი კანონით შეიცვალა მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ, დ. კ-ისა და დ. კ-ის ქმედებები სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო საჩივრებში მსჯავრდებული დ. კ-ი აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 310-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, სასჯელი განესაზღვრა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 და 2009 წლების კანონების საფუძველზე, რის გამოც მოითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის ორჯერ განახევრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონებში ასახულია მათი გამოყენების წესი და პირობები, რის შესახებ ნორმები სპეციალურია. ამ ნორმების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დ. კ-ისა და დ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე