¹17აგ-12 19 სექტემბერი, 2012 წელი
ნ-ი დ., 17აგ-12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 20 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 6 თვით, 273-ე მუხლით _ 6 თვით, ხოლო საბოლოოდ _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 26 მარტიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენით.
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო პალატის განაჩენიდან მსჯავრდებულ დ. ნ-ს ამოერიცხა ნარკოტიკული საშუალების გასაღება, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ _ თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
გარდა ამისა, მსჯავრდებულ დ. ნ-ს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 და 2009 წლების კანონების საფუძველზე ორჯერ გაუნახევრდა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 10 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 ნოემბრიდან.
2012 წლის 9 აგვისტოს მსჯავრდებულმა დ. ნ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით და მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირება, დანიშნული სასჯელის მოხდილად ჩათვლა და გათავისუფლება იმ მოტივით, რომ ახალი კანონით შეიცვალა იმ ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, რომლის შეძენა-შენახვისათვისაც იყო იგი მსჯავრდებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 16 აგვისტოს განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამავე სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის განაჩენი შეიცვალა მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში: დ. ნ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის განჩინებით დ. ნ-ისათვის განსაზღვრული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა _ დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული დ. ნ-ი ითხოვს მის მიმართ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონების გამოყენებასა და სასჯელის შემცირებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონების გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონებში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენით შეიცვალა სააპელაციო პალატის 2008 წლის 26 მარტის განაჩენი მაშინ, როდესაც უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა და საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა 2008 წლის 11 ნოემბერს და სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის განჩინება შეიცვალოს: დ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან (2007 წლის 2 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამავე რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე დ. სულაქველიძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე