Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1138(კ-21) 28 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ო.შ-ა, მ.კ-ა, გ.შ-ა, ი.დ-ა, ნ.შ-ა, ა.შ-ა, ი.ხ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2020 წლის 24 აგვისტოს ო.შ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი აფხაზეთიდან დევნილია. ჰყავს მეუღლე - მ.კ-ა, შვილი - გ.შ-ა, რძალი - ი.დ-ა და სამი შვილიშვილი. იგი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანია. ომის ვეტერანია ასევე მისი შვილიც. 1993 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდნენ ქ. ზუგდიდში, მეუღლის მამიდის სახლში; 2000 წლიდან 2011 წლამდე - თბილისში, ...ის მესამე მიკრორაიონში, ქირით. 2011 წლიდან დღემდე ცხოვრობენ თბილისში, ...ის მასივში, მე-4 კვარტალში, კორპ..., ბინა №.... აღნიშნულ მისამართზე 2007 წლამდე ცხოვრობდნენ ქირის გარეშე, ხოლო 2017 წლიდან - ქირით, რომელსაც იხდის თავისი ინიციატივით.

მოსარჩელის განმარტებით, მან შეავსო განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე და მის ოჯახს მიენიჭა 6,5 ქულა (სხვის საკუთრებაში ცხოვრების გამო - 1,5; არასრულწლოვანი შვილიშვილების გამო - 2 ქულა; ვეტერანების ნაწილში - 1,5 და 1,5 ქულა), თუმცა აღნიშნულ განაცხადზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან პასუხი არ მიუღია, რის შემდეგ კვლავ მიმართა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 20 აგვისტოს წერილით ეცნობა, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ,,შვილის ოჯახთან ხელოვნური გაერთიანების გამო“.

მოსარჩელემ დაზუსტებული მოთხოვნით ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2183/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაზუსტა მოსარჩელეთა წრე და ო.შ-ასთან ერთად მოსარჩელეებად დასახელდნენ: მ.კ-ა, გ.შ-ა, ი.დ-ა, ნ.შ-ა, ა.შ-ა, ი.ხ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო.შ-ას, მ.კ-ას, გ.შ-ას, ი.დ-ას, ნ.შ-ას, ა.შ-ასა და ი.ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2183/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ ო.შ-ა, მეუღლე - მ.კ-ა, შვილი - გ.შ-ა, რძალი - ი.დ-ა და შვილიშვილები: ნ.შ-ა, ა.შ-ა და ი.ხ-ა არიან ერთი ოჯახი და ეწევიან ერთიან მეურნეობას. საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ ის პირები, რომლებიც ოჯახის წევრებად ჰყავს მითითებული ო.შ-ას, ცხოვრობენ სხვა მისამართზე. ო.შ-ა ცხოვრობს ...ში, ხოლო მისი შვილი და რძალი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ...ის ქუჩაზე ი.დ-ას მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებულ საკუთრებაში ე.ი. ორ ერთმანეთისგან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ისინი მუდმივად არ ცხოვრობენ ერთად და არ წარმოადგენენ ერთ ოჯახს. სასამართლო, ერთ ოჯახად მიჩნევის საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას, ი.დ-ას დეიდასთან ლ.ვ-თან გასაუბრების ოქმს და ო.შ-ას საცხოვრებელ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., ...ის მასივი, მე-... კვ. კორპ. №.... ბ.№...) მეზობლებთან გასაუბრების ოქმებს, მაშინ როცა საერთოდ არ შეაფასა და არ გაითვალისწინა სააგენტოს მიერ წარდგენილი მონიტორინგის ოქმები, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებდნენ.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №6) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც მას, პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს, რაც არასწორია, ვინაიდან, სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომლის განსახლებაც გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროებაა. მიუხედავად იმისა, რომ დევნილმა ოჯახმა შეიძლება დააგროვოს საკმარისი ქულები, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ადგენს ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობას, კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის გარემოებებით დადგინდა, რომ მხარემ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა კომისიას ოჯახის რიცხოვნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოხდა ოჯახის ხელოვნური გაერთიანება. ცალსახად და უტყუარად დასტურდებოდა, რომ შვილი - გ.შ-ა და რძალი - ი.დ-ა არ ცხოვრობდნენ განმცხადებელთან ერთად და მათი ოჯახის შეყვანა განაცხადში განმცხადებლის მიერ ოჯახის ხელოვნურად გაერთიანების მიზნით მოხდა, რაც თავისთავად დამატებითი ქულების მიღებას ემსახურებოდა.

კასატორის განმარტებით, მართალია, მხარის ოჯახმა დააგროვა 6.5 ქულა, რაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ კომისიას მათი მოთხოვნა განეხილა, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციისა და საქმეში არსებული დოკუმენტაციის საფუძველზე დევნილთა საკითხის განმხილველმა კომისიამ მხარეს სრულიად დასაბუთებულად უთხრა უარი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნაზე ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2183/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახი განმარტებულია, როგორც განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი). ამავე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა გულისხმობდა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემას ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველა დევნილს აქვს ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. დაუშვებელია ოჯახის ხელოვნურად დაყოფა ან ოჯახების გაერთიანება მისი (მათი) წევრების ნების საწინააღმდეგოდ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი N1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი N6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი N7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ო.შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახის შემადგენლობაში შედიან მეუღლე - მ.კ-ა, შვილი - გ.შ-ა, რძალი - ი.დ-ა, შვილიშვილები - ნ... და ა.შ-ები და ი.ხ-ა (გ.შ-ას გერი).

ო.შ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების, შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 6.5 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები - 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები (3 არასრულწლოვანი) – 2 ქულა, ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი (ო.შ-ა) - 1.5 ქულა, ომში მონაწილეობა, ომის ვეტერანი (გ.შ-ა) - 1.5 ქულა.

ო.შ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ შეავსო შესაბამისი კითხვარი.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე 2019 წლის 18 ივლისის მონიტორინგის ფორმით დასტურდება, რომ მოსარჩელეების მიერ ფაქტობრივ საცხოვრებლად მითითებულ მისამართზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., ...ის მასივი, მე-4 კვარტ., კორპუსი N..., ბინა N..., განხორციელებული ვიზიტისას ადგილზე დახვდათ მ.კ-ა და გ.შ-ა, ამასთან, ი.დ-ა და მისი შვილები დასასვენებლად იმყოფებოდნენ მამა-პაპისეულ სახლში - ...ის რაიონი, სოფ. ..., ხოლო თავად - ო.შ-ა იმყოფებოდა ქ. ...ში.

2019 წლის 9 აგვისტოს ადგილზე გამოცხადების ოქმით დასტურდება, რომ მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა ო.შ-ას რძლის - ი.დ-ას მიერ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებულ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის N15, ბინა N..., 31 კვ.მ, სადაც არავინ დახვდათ. მეზობლებთან გასაუბრებისას კი გაირკვა, რომ ბინაში ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, მათ ყავთ ბავშვები, მაგრამ იმ დროს წასულები იყვნენ დასასვენებლად.

მონიტორინგის ჯგუფი დამატებითი მოკვლევის მიზნით 2019 წლის 3 ოქტომბერს კვლავ იმყოფებოდა მოსარჩელეების მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, სადაც ვიზიტისას დახვდათ ო.შ-ა და მისი მეუღლე - მ.კ-ა, შვილი - ნ.შ-ა და შვილიშვილები - გ... და მ.კ-ბი. ო.შ-ას განმარტებით, მისი შვილი - გ.შ-ა იმყოფებოდა სამსახურში, მორიგე იყო ...ში, ხოლო რძალი და შვილიშვილები იმყოფებოდნენ ნათესავის დაბადების დღეზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ო.შ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების გამო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობას, რამდენადაც აღნიშნულმა გარემოებამ შეიძლება გავლენა იქონიოს ამავე „წესით“ განსაზღვრულ ქულათა რაოდენობასა და გადაცემული ფართის ოდენობაზე. დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, გადაამოწმოს განმცხადებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დაადგინოს, ვინ არიან განმცხადებელთან მუდმივად მცხოვრები პირები, ადგილი ხომ არ აქვს ოჯახის ხელოვნურ გაყოფას ან გაერთიანებას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ ო.შ-ას მხრიდან ადგილი ჰქონდა ოჯახის ხელოვნურ გაერთიანებას. ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფის მიერ შედგენილ ოქმებს და მის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სხვა მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე და მისი შვილი, რძალი და შვილიშვილები არ წარმოადგენენ ერთ ოჯახს.

საქმეში მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი, 2020 წლის 30 ნოემბერს, ო.შ-ას რძლის დეიდასთან - ლ.ვ-თან, გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ იგი 2016 წლიდან ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. N15, ბინა N83, რომელიც მემკვიდრეობით ეკუთვნოდათ მას და მის დას. ქონების გაყოფის შემდეგ ბინა დარჩა ლ.ვ-ის საკუთრებაში, ხოლო დისშვილი - ი.დ-ა დაქორწინდა გ.შ-აზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. ფართის სიმცირის გამო, გ... თავის ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. მოსარჩელეების მეზობლებთან გასაუბრების ოქმებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელეები მუდმივად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის მასივი, მე-... კვარტალში, კორპ. N23, ბინა N7. აღნიშნულს ასევე ადასტურებს, ამხანაგობა ,, ...ის“ თავმჯდომარე.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამოთახიანი ბინებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა, მაშინ როდესაც მოსარჩელეთა ოჯახს მინიჭებული აქვს 6.5 ქულა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე უტყუარად ვერ ადასტურებს მოსარჩელეთა ოჯახის ხელოვნური გაერთიანების ფაქტს, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა, ზემოთ მითითებული ნორმატიული აქტით იმპერატიულად დადგენილი პრიორიტეტულობის პრინციპი. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დევნილებს შეუქმნას ეკონომიკური და სოციალური გარანტიები გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კუთხით. მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან მიმართებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: ბ. სტურუა


მ. ვაჩაძე


გ. აბუსერიძე