Facebook Twitter

¹19აგ-12 17 სექტემბერი, 2012 წელი

მ-ი ბ., 19აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ბ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 2 წლით, ხოლო საბოლოოდ _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 11 დეკემბრიდან იმავე წლის 13 დეკემბრამდე და სასჯელის ათვლა დაეწყო 2006 წლის 21 მარტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ განაჩენზე ცნობილ იქნა დაუშვებლად. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით ბ. მ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა ერთი წლით.

2012 წლის 12 ივლისს მსჯავრდებულმა ბ. მ-მა მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილ განაჩენთა გადასინჯვის შუამდგომლობით, მოითხოვა მისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირება და სასჯელის დანიშვნა “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 და 2009 წლების კანონების გამოყენებით იმ მოტივით, რომ “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების” შესახებ საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონით შეიცვალა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 12 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: ბ. მ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად; შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემის მომენტისათვის ბ. მ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა ერთი წლით და განესაზღვრა 5 წლით, 2 თვითა და 17 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელის 2012 წლის 2 აგვისტოსათვის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი, 7 თვე და 16 დღე “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონების გამოყენებით განახევრდა და ბ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 4 თვითა და 26 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 2 აგვისტოდან.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული მიუთითებს, რომ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის ამოქმედების დროისათვის მოსახდელი ჰქონდა 3 წლით, 1 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც, შეწყალების აქტის გამო, უნდა შემცირებულიყო 1 წლით და 2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახდელი რჩებოდა 2 წლით, 1 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ამდენად, ბ. მ-ის აზრით, მას სასჯელი მოხდილი აქვს, რის გამოც ითხოვს გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონში არ არის მითითებული, რომ მსჯავრდებულ პირებს უნდა გაუნახევრდეთ კანონის ამოქმედების დროისათვის მოუხდელი სასჯელი. ამასთან, შინაარსობრივად “მოუხდელი სასჯელის განახევრება” იმთავითვე გამორიცხავს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების დროს პირის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას (დანიშნული სასჯელის განახევრებისაგან განსხვავებით).

გარდა აღნიშნულისა, ბ. მ-ის მიმართ “ამნისტიის შესახებ” კანონის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი გამოვლინდა სწორედ გასაჩივრებული განაჩენის გამოტანის შედეგად და ამასთან, ეს გადაწყვეტილებაა სასჯელის საბოლოო ზომის მოხდის ათვლის წერტილი.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ბ. მ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე