Facebook Twitter

საქმე №25აგ-12 21 სექტემბერი, 2012 წელი

ნ-ე კ., 25აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ კ. ნ-ეს შორის, რომლის თანახმად, კ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, კ. ნ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე 5 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 ოქტომბრიდან.

2012 წლის 23 ივლისს მსჯავრდებულმა კ. ნ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სსკ–ის 353-ე მუხლით (სსკ-ის 2071-ე მუხლი, 1961 წლის რედაქცია) ჩადენილი დანაშაული „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით ამნისტირებულია, რის გამოც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება სსკ–ის 353-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში; ამასთან, უთითებდა, რომ შესაძლებელი იყო საპროცესო შეთახმების გაფორმება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ნ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული კ. ნ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას უკრაინაში არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი; არის საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული ომის მონაწილე; დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მსახურობდა ყოფილ 114-ე ბატალიონში; მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე გამართულ ბრძოლებში; ჰყავს მოხუცი, პენსიონერი დედა და უმუშევარი ძმა; დანაშაული ჩაიდინა 19 წლის წინ; პირველადაა სამართალში და ჩადენილ დანაშაულს ინანიებს; ძებნის პერიოდში დანაშაული არ ჩაუდენია; ჰყავს მეუღლე და სამი შვილი; ხასიათდება დადებითად. „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მიღების დროს კ. ნ-ე იყო დაკავებული და მის მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა. ამ კანონით სსკ-ის 353-ე მუხლი (სსკ-ის 2071-ე მუხლი, 1961 წლის რედაქცია) ამნისტირებულია. ზემოაღნიშნული მოტივებით მსჯავრდებული კ. ნ-ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და ვერც მსჯავრდებული მიუთითებს, კანონით გათვალისწინებული რომელი გარემოება გამოვლინდა კ. ნ-ის მიმართ 2008 წლის 25 ივნისს განაჩენის გამოტანის შემდეგ, რაც საფუძვლად დაედებოდა სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვას.

რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონს, მისი გამოყენების პროცედურა მკაფიოდაა განსაზღვრული ამავე კანონში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა აღნიშნული კანონის გამოყენების შესახებ და რაც აღნიშნულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ კ. ნ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე