Facebook Twitter

№27აგ-12 19 სექტემბერი, 2012 წელი

ზ-ი მ., 27აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და განსასჯელ მ. ზ-ს შორის, რომლის თანახმად, მ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55–ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

2012 წლის 16 ივლისს მსჯავრდებულმა მ. ზ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვისა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული მ. ზ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისის განაჩენით მისი ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ელ ნაწილზე, მაგრამ სასამართლომ სასჯელის ზომაზე არ იმსჯელა. მსჯავრდებულის განმარტებით, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფილობით წარადგინა ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება; გარდა ამისა, ჰყავს სამი შვილი (აქედან ორი – არასრულწლოვანი), ორი შვილიშვილი, ისინი ამჟამად მსჯავრდებულის დასთან ცხოვრობენ, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და მისი შემოსავალი მხოლოდ შემწეობიდან მიღებული თანხაა; სასჯელის მოხდის პერიოდში მ. ზ-ს გაუკეთდა ურთულესი სამედიცინო ოპერაცია; მას მოხდილი აქვს შეფარდებული სასჯელის ნახევარზე მეტი და არასდროს დაურღვევია შინაგანაწესი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საჩივრის ავტორი ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ივლისის განაჩენი მ. ზ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე