საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-959(კ-22) 19 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ.ჭ-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგე - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ინ.ჭ-ამ 2019 წლის 25 სექტემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა 2019 წლის 11 ივნისის საკონტროლო შესყიდვის შესახებ ოქმის, სერია №..., 2019 წლის 11 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, სერია №...-სა და 2019 წლის 06 სექტემბრის №... ბრძანების ბათილად ცნობა და სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით, რაც კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ჭ-ას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ნ.ჭ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 06 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება ნ.ჭ-ას გაეგზავნა 2021 წლის 23 დეკემბერს. საფოსტო შეტყობინების მიხედვით, გზავნილი 2021 წლის 27 დეკემბერს ჩაჰბარდა ნ.ჭ-ას შვილს - ლ.გ-ას, რაც დასტურდება გზავნილზე აღნიშნული ხელმოწერით (ს.ფ. 231).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით ნ.ჭ-ამ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ამასთან კასატორმა იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენისთვის გაცდენილი ვადის აღდგენა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, საპატიოდ ჩათვლა; აღნიშნულის დასასაბუთებლად ნ.ჭ-ამ წარმოადგინა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ 2021 წლის 24 დეკემბერს ნ.ჭ-ამ მიიღო მენჯ-ბარძაყის დაზიანება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ჭ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება ნ.ჭ-ას გაეგზავნა საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე. აღნიშნული გზავნილი ნ.ჭ-ას შვილს - ლ.გ-ას ჩაჰბარდა 2021 წლის 27 დეკემბერს (ს.ფ. 231), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2021 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2022 წლის 17 იანვარს (ორშაბათი) 24:00 საათზე, ხოლო ნ.ჭ-ამ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2022 წლის 30 აგვისტოს (ს.ფ. 244).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზაირებს კასატორის მოსაზრებას საკასაციო საჩივრის დადგენილ ვადაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წარუდგენლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა იმპერატიული სახისაა, რომლის გაგრძელების ან აღდგენის უფლებამოსილება სასამართლოს არც საკუთარი ინიციატივით და არც მხარეთა მოთხოვნით არ გააჩნია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ.ჭ-ამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჭ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა