Facebook Twitter

¹31აგ-12 17 სექტემბერი, 2012 წელი

კ-ე გ., 31აგ-12 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 2 ივნისიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენით.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის განაჩენით გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა ამავე სასამართლოს 2007 წლის 8 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი, 7 თვე, 29 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით, 7 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 4 აპრილიდან.

2012 წლის 20 აგვისტოს მსჯავრდებულმა გ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონის საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენი შეიცვალა: გ. კ-ის ქმედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის 1-ელ ნაწილზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული გ. კ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიმართ არ გამოუყენებიათ “ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონები, რის გამოც მოითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“ამნისტიის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონების გამოყენების წესი და პირობები განსაზღვრულია ამავე კანონებში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ.

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 314-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენი გ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

გ. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან (2007 წლის 3 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;

სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე დ. სულაქველიძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

პ. სილაგაძე