Facebook Twitter

საქმე №ბს-592(კს-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი ქ . თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ.ბ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ.ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ.ბ-ის კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბერის დამატებით განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ.ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ.ბ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.

2022 წლის 24 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ.ბ-ემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით განმცხადებელ გ.ბ-ეს განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა საპროცესო ვადა 7 დღე, სააპელაციო პალატის განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან და დაევალა განცხადებაში მიეთითებინა: ა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებაზე; ბ. იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით და რა ფარგლებში მოითხოვდა განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას; გ. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, განცხადება დარჩებოდა განუხილველად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით გ.ბ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გ.ბ-ეს განცხადებაზე დადგენილი ხარვეზების შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 დღით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით გ.ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო; ხოლო გ.ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - გ.ბ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული და ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედანი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში, ასევე - შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით გ.ბ-ის შუამდგომლობა მოსამართლე მაია ვაჩაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ.ბ-ის კერძო საჩივარი. ამავე განჩინებით გ.ბ-ეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

2022 წლის 12 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორმა - გ.ბ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება მოითხოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად გ.ბ-ე გათავისუფლდება კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე. ამავე განცხადებით კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილება მოითხოვა. ამასთან, 2022 წლის 12 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგინა განცხადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ-ის შუამდგომლობა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ.ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გ.ბ-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა – გ.ბ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება მოითხოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად გ.ბ-ე გათავისუფლდებოდა კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ.ბ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ. აღნიშნული განჩინების მიხედვით, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა ტექნიკური ხასიათის უსწორობას, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინებაში უსწორობის გასწორების პროცესუალური წინაპირობა. საკასაციო სასამართლომ გ.ბ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხზე და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის არსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განხილვის უზრუნველსაყოფად გ.ბ-ეს უნდა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადებით გ.ბ-ემ განახორციელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვა კერძო საჩივარზე, რაც კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს უნდა განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს იგივე განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ბ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გ.ბ-ის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. კერძო საჩივრის ავტორს განემარტოს, რომ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს იგივე განჩინება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა