Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-166(2კ-21) 17 ოქტომბერი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე) (საკასაციო საჩივარი 12.03.2021წ. განჩინებით დარჩა განუხილველად)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.მ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ.მ-მა 2017 წლის 13 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და ამავე სამსახურის 2016 წლის 27 იანვრის №001057 მითითების, 2016 წლის 29 თებერვლის №001057 შემოწმების აქტის, 2016 წლის 3 აგვისტოს №001057 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1-54 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სარჩელის მიხედვით, ლ.მ-ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2016 წლის 27 იანვარს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საბოლოოდ, მოსარჩელე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის იმავე წლის 3 აგვისტოს დაჯარიმდა 8000 ლარით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მან 2016 წლის 17 თებერვალს, მითითების შედგენის შემდეგ, განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიშენების ლეგალიზების მოთხოვნით, ვინაიდან მშენებლობა განხორციელებული იყო 2005 წელს და იგი ექვემდებარებოდა ლეგალიზებას. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით, მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1-54 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 3 აგვისტოს №001057 დადგენილება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ლ.მ-ის მიმართ 2016 წლის 27 იანვარს შედგა №001057 მითითება ქალაქ თბილისში, ...ის 3-ში, I მკ/რ-ის კორპუს №21-ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების გამო. სამართალდარღვევის გამოსასწორებლად ლ.მ-ს დაევალა 30 დღის ვადაში სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან ნაგებობის დემონტაჟი. ლ.მ-მა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების მოთხოვნით 2016 წლის 17 თებერვალს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა 2016 წლის 29 თებერვალს შეადგინა №001057 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა ნაწილობრივ შესრულების ფაქტი. კერძოდ, დადასტურდა, რომ მოხსნილი იყო მავთულბადის ღობე, ხოლო კაპიტალური კიბის და ბაქნის მოწყობის, მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვის, ფანჯრის და კიბის ღიობის გამოჭრის და კაპიტალური მიშენების ნაწილში მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები არ იყო შესრულებული. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 11 მარტის №2459700 ბრძანებით ლ.მ-ის განცხადება განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ სრულყოფილი არქიტექტურული პროექტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი, შესწორებული კრების ოქმი და ყველა ფასადის სრულყოფილად ამსახველი ფოტოსურათები სამსახურში წარდგენილი არ იყო, რის შემდეგაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ 2016 წლის 18 აპრილს განმეორებით გადამოწმდა ობიექტი და დაფიქსირდა 2016 წლის 27 იანვრის მითითების შეუსრულებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 3 აგვისტოს №001057 დადგენილებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლ.მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქალაქ თბილისში, ...ის 3-ში, I მკ/რ-ის კორპუს №21-ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის, ამავე დადგენილებით ლ.მ-ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 3 აგვისტოს დადგენილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ლ.მ-მა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 იანვრის №1-54 ბრძანებით ლ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2017 წლის 27 იანვარს უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების მოთხოვნით ლ.მ-მა კვლავ მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომელმაც 2017 წლის 28 თებერვლის №3119612 ბრძანებით ლ.მ-ის განცხადება დააკმაყოფილა და ქალაქ თბილისში, ... 3-ში, I მ/რ-ის კორპუს №21-ზე უნებართვოდ მიშენებული ფართი ლეგალიზებულად ჩაითვალა. ლეგალიზებამ სრულად მოიცვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლ.მ-ის მიმართ №001057 მითითებით გათვალისწინებული უნებართვო სამუშაოები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15, 25-ე, 26-ე, 44-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ლ.მ-მა მითითების შედგენის მომენტიდან დაიწყო მოქმედება დარღვევის აღმოსაფხვრელად, კერძოდ, მითითებით განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზებით გაქარწყლებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 3 აგვისტოს №001057 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებების - ჯარიმის გადახდისა და უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის მოსარჩელისათვის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, უკანონოა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 3 აგვისტოს №001057 დადგენილება, ასევე მასზე წარდგენილი „საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1-54 ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ადმინისტრაციულმა ორგანოებმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე, 74-ე მუხლებსა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის დანაწესებზე მითითებით განმარტავს, რომ კანონი სანებართვო პირობების დარღვევით ან/და შეუსრულებლობით სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას მიიჩნევს სამშენებლო სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახედ და უკავშირებს მას შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში, ლ.მ-ი დაჯარიმდა, როგორც უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი. ამასთან სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი მოსარჩელემ დაადასტურა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამართულ სხდომებზე. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს სამშენებლო სამუშაოების უნებართვო წარმოებაზე, რაც სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს. კასატორი მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სახეზე იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობა, რის გამოც არსებობდა ლ.მ-ის 8000 ლარით დაჯარიმებისა და მისთვის განხორციელებული უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალების საფუძველი.

კასატორის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 3 აგვისტოს №001057 დადგენილებისა და აღნიშნულ დადგენილებასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 10 იანვრის №1-54 ბრძანების გამოცემის შემდეგ, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №3119612 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ლ.მ-ის მიერ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები, არ უნდა გახდეს მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან სადავო არ არის ლ.მ-ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები კანონიერია, რადგან ისინი მიღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად. შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ კერძო საკუთრებაში არსებულ კორპუსის ბინაზე განხორციელებული სამუშაოების უნებართვო მშენებლობად განხილვისა და მისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის სანქციის დაკისრების კანონიერება, უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების საფუძვლით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 27 იანვარს შედგა №001057 მითითების აქტი, რომლითაც ლ.მ-ს განესაზღვრა 30 დღიანი ვადა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოსაყვანად ან მითითების შედგენის მომენტისათვის არსებული სანებართვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ 2016 წლის 29 თებერვალს შედგა №001057 შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა ნაწილობრივ შეუსრულებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2016 წლის 17 მაისს განიხილა ლ.მ-ის მიმართ 2016 წლის 27 იანვარს შედგენილი მითითებისა და 2016 წლის 29 თებერვლის №001057 შემოწმების აქტის შედეგები. განხილვისას ლ.მ-მა განმარტა, რომ სადავო სამშენებლო სამუშაოები განახორციელა 2005 წლამდე, აპირებდა ობიექტის ლეგალიზებას, რისთვისაც ითხოვა დამატებითი ვადა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანებით სამშენებლო სამართალდარღვევის განხილვის ვადა გაგრძელდა 2 თვით. საბოლოოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 3 აგვისტოს მიღებულ იქნა №001057 დადგენილება, რომლითაც პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლ.მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით ქალაქ თბილისში, ...ის 3-ში, I მკ/რ-ის კორპუს №21-ში უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისთვის. ამავე დადგენილებით ლ.მ-ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 იანვრის №1-54 ბრძანებით ლ.მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №139 დადგენილებით), რომელიც არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებს. მითითებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა კი, მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ, დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. შესაბამისად, ახალი მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის) დაწყებამდე, პირი ვალდებულია, მიმართოს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მშენებლობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით და მშენებლობა დაიწყოს მხოლოდ ნებართვის მოპოვების შემდეგ.

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, რომლის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარით.

დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზეც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამასთანავე, სამართალდარღვევა გამოსწორებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მითითებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის მიუხედავად, სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემამდე დამრღვევი აღმოფხვრის სამართალდარღვევას (25.7 მუხ.).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ლ.მ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენა - სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ქალაქ თბილისში, ...ის 3-ში, I მ/რ-ის №21 კორპუსზე კაპიტალური კიბისა და ბაქნის, მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვის, ფანჯრისა და კარის ღიობების, მსუბუქი კონსტრუქციის მავთულბადის ღობისა და კაპიტალური მიშენების მოწყობა, რის საფუძველზეც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართალდამრღვევის მიმართ შედგა მითითება, შემდგომ შემოწმების აქტი და დარღვევის გამოუსწორებლობის გამო დადგენილებით მას შეეფარდა სანქცია. საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუმცა, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტის არსებობას, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები დღეის მდგომარეობით ლეგალიზებულია, რაც სადავო დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი ვალდებულების - უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის დავალების გაქარწყლების საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) 25-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.მ-მა 2016 წლის 17 თებერვალს სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის 3-ში, I მ/რ-ის №21 კორპუსზე 2007 წლის პირველ იანვრამდე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზება მოითხოვა. მოსარჩელის განცხადება განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ არქიტექტურის სამსახურში წარდგენილი არ იყო სრულყოფილი არქიტექტურული პროექტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი, შესწორებული კრების ოქმი და ყველა ფასადის სრულყოფილად ამსახველი ფოტოსურათები. საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზების მოთხოვნით, ლ.მ-მა დადგენილების მიღების შემდეგ, 2017 წლის 27 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, რომელმაც, თავის მხრივ, 2017 წლის 28 თებერვლის №3119612 ბრძანებით ლ.მ-ის განცხადება დააკმაყოფილა და ქალაქ თბილისში, ...ის 3-ში, I მ/რ-ის №21 კორპუსზე უნებართვოდ მიშენებული ფართი ლეგალიზებულად ჩათვალა. აღსანიშნავია, რომ ლეგალიზებამ სრულად მოიცვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლ.მ-ის მიმართ №001057 მითითებით გათვალისწინებული უნებართვო სამუშაოები.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, უპირველეს ყოვლისა, არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება, რა დროსაც კანონმდებლობა თითოეული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებამდე საჭიროდ მიიჩნევს შესაბამისი პროცედურების დაცვას. ამ დროს დამრღვევს ეძლევა დარღვევის გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შესაძლებლობა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებები გამორიცხავს ლ.მ-ისთვის სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის დემონტაჟის სახით პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლიანობას, რამდენადაც სადავო მშენებლობის განხორციელებისა და დადგენილების მიღების შემდეგ მოსარჩელემ მიმართა შესაბამის ორგანოს და მისგან შესაბამისი რეაგირება ითხოვა, რაც, საბოლოოდ, დაკმაყოფილდა კიდეც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვტილების მიღების წესით“ განსაზღვრულია უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესაძლებლობა. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ობიექტის ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი აღნიშნული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს, რომელიც მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შესაბამისი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (გარდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მოთხოვნებისა). საქმის მასალებში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 27 იანვრის №3119612 ბრძანება, რომლითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა ლ.მ-ის განცხადებით მოთხოვნილი უნებართვოდ მიშენებული ფართი. აღნიშნული გარემოება კი გამორიცხავს სამართალდამრღვევისთვის დემონტაჟის დავალების კანონიერებას.

რაც შეეხება ლ.მ-ის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის - 8000 ლარის კანონიერებას, ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა კვლავ მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის მიღება. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გამოიწვევს დაჯარიმებას - 8000 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 და მე-11 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. დასახელებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით, სამართალდამრღვევი პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ სამართალდარღვევა ვერ გამოსწორდა მითითებით განსაზღვრულ ვადაში, თუმცა მნიშვნელოვანია კანონმდებლის ის დათქმა, რომ ასეთ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოსწორებული უნდა იყოს დადგენილების მიღებამდე. დადგენილების მისაღებად კი, ამავე კანონით განსაზღვრულია კონკრეტული ვადა და ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდულია ამ ვადით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ლ.მ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რის საფუძველზეც შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის მიმართ შედგა მითითება, შემდგომ შემოწმების აქტი და დარღვევის გამოუსწორებლობის გამო დადგენილებით დემონტაჟთან ერთად მას შეეფარდა ჯარიმა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაბამისი სანქციების გამოყენების მიზანს ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევასთან ერთად, წარმოადგენს ზოგადად სამშენებლო სამართალში წესრიგის დამყარება და სამშენებლო სამართალდარღვევის პრევენცია, რისთვისაც აუცილებელია მოქალაქეთა მიერ ჩადენილ ყოველ კონკრეტულ სამართალდარღვევაზე გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები კანონით განსაზღვრული სანქციების გამოყენების სახით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენის და შემდეგ ამ სამართალდარღვევის კანონით დადგენილი წესით და ვადებში გამოუსწორებლობის შემთხვევაში მათ მიმართაც გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ჯარიმა, თავისი არსით, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შეფარდებული სანქციაა, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო სავარაუდო სამართალდამრღვევს მითითების მიცემის შედეგად ავალებს წარმოადგინოს მშენებლობის განხორციელების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან განახორციელოს დემონტაჟი. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის გამო, დამრღვევი დაჯარიმდება. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა სამართალდამრღვევის მიერ მითითების შეუსრულებლობა - მას არ წარუდგენია ადმინისტრაციულ ორგანოში განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სწორედ ჯარიმის დაკისრების საფუძველს ქმნიდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელე - ლ.მ-ი სხვა სამართლებრივი საფუძვლით თავისუფლდება დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, დადგენილია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამშენებლო სამართალდაღვევაზე, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეზე, უნდა გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ.მ-ის მიმართ მითითების გაცემა, შემოწმების აქტის შედგენა და ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილების გამოცემა მოხდა 2019 წლის 15 იანვრამდე, ამასთან, ლ.მ-ის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება გასაჩივრებულია, ამდენად, მისი მოქმედება შეჩერებულია და ჯერ არ არის აღსრულებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცულია ლ.მ-ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დაბადების თარიღია 1954 წლის 31 მაისი. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისა და საურავისაგან, თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი: ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან. ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, კანონი უნდა ამოქმედებულიყო მისი გამოქვეყნებისთანავე. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი გამოქვეყნდა 2019 წლის 1 ოქტომბერს. ამდენად, ლ.მ-ის დაბადების თარიღის და „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის ამოქმედების თარიღის გათვალისწინებით, დგინდება, რომ ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ლ.მ-ი იყო საპენსიო ასაკის, მისი ასაკი აღემატებოდა 60 წელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს ლ.მ-ისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში, კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, კერძოდ, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება,

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე