Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-212(კს-22) 18 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობა

პროცესუალური მოწინააღმდეგე - შ.ე-ის უფლებამონაცვლე მ.ვ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2019 წლის 19 აგვისტოს შ.ე-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის მიმართა და მოითხოვა შ.ე-ის ..ოს რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31/01202024 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის შ.ე-ის ..ოს რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების ...ის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში, სხვა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური თანამდებობრივი სარგოს მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შ.ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „შ.ე-ის ..ოს რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31/01202024 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა შ.ე-ის გათავისუფლებამდე არსებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ასევე შ.ე-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს ყოველთვიური ოდენობით და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის 1000 ლარის ოდენობით შ.ე-ის სასარგებლოდ ანაზღაურება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება, მოსარჩელე შ.ე-ის ..ოს რაიონის გამგეობაში ...ის განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ..ოს რაიონის გამგეობის მიერ.

შ.ე-ის მეუღლემ - მ.ვ-ემ 2021 წლის 24 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და წარადგინა ნოტარიუს ე.ყ-ს მიერ 2021 წლის 11 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, მ.ვ-ემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო ა.წ. გარდაცვლილ შ.ე-ის სამკვიდრო სრულად, ხოლო შვილმა, ნ.ვ-მ დაადასტურა სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ.ვ-ემ მოითხოვა შ.ე-ის უფლებამონაცვლედ ცნობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა 2021 წლის 2 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და შ.ე-ის გარდაცვალების გამო მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე მოსარჩელის შ.ე-ის გარდაცვალების გამო შეწყდა საქმის წარმოება იმ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც ეხებოდა შ.ე-ის ..ოს რაიონის გამგეობაში ...ის განყოფილების ...ის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, ხოლო „შ.ე-ის ..ოს რაიონის გამგეობის ...ის განყოფილების ...ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის 2020 წლის 20 ივლისის №ბ31.01202024 ბრძანების ბათილად ცნობისა და მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან - 2014 წლის 15 სექტემბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი შრომითი გასამრჯელოს იძულებითი განაცდურის ყოველთვიური ოდენობით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობისთვის დავალების ნაწილში შ.ე-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა მ.ვ-ე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობამ.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უფლებამონაცვლეობის საკითხის განხილვისას სასამართლომ არ იმსჯელა „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონთან მიმართებაში; კერძოდ, მართალია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით და უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, თუმცა საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს მხარეებისა და მესამე პირების შეცვლას იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს ქმნის უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა და ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის, სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უდავოდ პირადი ხასიათისაა, ეკუთვნის მხოლოდ მოსარჩელეს, მემკვიდრეობით არ გადადის და პიროვნების გარდაცვალების შემდეგ წყდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-19 მუხლი პირის გარდაცვალების შემთხვევაში მხოლოდ ამ კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილ პირად უფლებათა დაცვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების უფლება - არ შედის ამ ჩამონათვალში. მოხელესა და საჯარო დაწესებულებას შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივ საკითხებს, რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე მოხელის უფლების დაცვის სამართლებრივ გარანტიებსაც ქმნის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. ზემოაღნიშნული კანონის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით. უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაკავშირებულია დარღვეული უფლების დაცვის საჭიროებაზე. უფლების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით შესაძლებელია, თუკი დარღვეულია მოხელის სუბიექტური საჯარო-სამართლებრივი უფლება. არავის არ აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს სხვისი უფლების დასაცავად, შესაბამისად აღნიშნული უფლება არ შეიძლება მემკვიდრეობით იქნეს გადაცემული. ასევე, ამავე მუხლის (118) მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში...“ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მითითებული მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხოლოდ სასამართლოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემდგომ შესაძლებელია მასზე გაიცეს განაცდური ხელფასი. ამდენად, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“' კანონი განაცდური თანამდებობრივი სარგოს გაცემას უშვებს მხოლოდ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში და შემდგომ. საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად განაცდური ხელფასის მოთხოვნა არ შეიძლება განხილული იქნას დამოუკიდებელ მოთხოვნად და იგი გამომდინარეობს მხოლოდ სამსახურში აღდგენის მოთხოვნიდან. როდესაც სამსახურში აღდგენის ნაწილში საქმის წარმოება წყდება ანუ ობიექტური გარემოების გამო მოხელის სამსახურში აღდგენა ვეღარ განხორციელდება, აღნიშნული უფლება-მოვალეობები არ შეიძლება გადაეცეს მოსარჩელის მემკვიდრეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მატერიალური კანონი საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს გამორიცხავს. ამდენად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მატერიალურ კანონზე საუბრისას პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციალური კანონი, თუმცა განჩინების მე-2 პუნქტის მიხედვით სააპელაციო სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მემკვიდრეობითი სამართლის ზოგად მუხლებზე დაყრდნობით და საერთოდ არ განიხილავს აღნიშნულ საკითხს სპეციალური ნორმებთან - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებაში. გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის საფუძველზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი - „მოსარჩელე შ.ე-ის ..ოს რაიონის გამგეობაში ...ის განყოფილების ...ის ან მის ტოლფასს თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ“. გაუგებარია იმ პირობებში, როდესაც საქმის წარმოება თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში შეწყდა, ხოლო გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე განაცდური ხელფასის მოთხოვნის ნაწილში უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა მ.ვ-ე, 2020 წლის 28 დეკემბერს გარდაცვლილი ადამიანის თანამდებობაზე აღდგენის და შესაბამისად განაცდური ხელფასის დაანგარიშების თარიღი როგორ შეიძლება განისაზღვროს. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შრომითი ხასიათის დავიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების უფლების მქონე პირის უფლებამონაცვლის დადგენის კანონიერების საკითხი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვ.) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობა - ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, გ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, I ნაწილი, 2014წ., გვ.166; სუსგ საქმეზე №ას-1050-2019, 09.09.2019წ). აღსანიშნავია, რომ მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-27-2019, 15.11.2019 წ.).

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული ნოტარიუს ე.ყ-ს მიერ 2021 წლის 11 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მ.ვ-ემ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო შ.ე-ის სამკვიდრო სრულად, შესაბამისად, მ.ვ-ემ მემკვიდრეობით მიიღო მეუღლის, შ.ე-ის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებებში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავისუფლებულ საბანკო ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია და იგი გულისხმობს მესაკუთრეთა თავისუფლებას განკარგონ საკუთრების უფლება, მიიღონ მისგან სარგებელი და ამ მიზნით გაითვალისწინონ, გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული მათი საკუთრების უფლების დაცვის შესაძლებლობები. ამასთან, საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ; საჩივრის №7975/06 გვ. 16). ,,საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება ,,არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა და ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და ,,კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, № 2527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მართალია თანამდებობიდან გათავისუფლება, რომლის უკანონობის დადგენის შემდგომ სამსახურში აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება, წარმოადგენს პირის პირადი უფლებიდან გამომდინარე დავას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, შ.ე-ეს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება, რომელიც, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს ქონებას, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის („სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“) და 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების („მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ“) საფუძველზე, საპროცესო უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები სახეზე არ არის - ადგილი აქვს კანონის ძალით მოთხოვნის უფლების გადასვლას უფლებამონაცვლეზე (უფლებამონაცვლე გარდაცვლილის მეუღლეა და, შესაბამისად, მისი კანონისმიერი (პირველი რიგის) მემკვიდრეა).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა), შ.ე-ის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობას მ.ვ-ის სასარგებლოდ უნდა დაევალოს მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლებიდან - მისი გარდაცვალების დღემდე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი სათანადოდ ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლის არსებობას. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ..ოს რაიონის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა