Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე #ბს-1146(კს-22) 7 ოქტომბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე.

2022 წლის 19 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2163 მუხლის საფუძველზე, ი.კ-ის, რ.ა-ის, ა.კ-ის, ჟ.კ-ის, გ.ბ-სა და ა.ვ-ის, შპს „ დ...“ს მიმართ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ი.კ-ე (პ/ნ...), რ.ა-ი (პ/ნ...,.../უკრაინა), ა.კ-ე (პ/ნ ...), ჟ.კ-ე (პ/ნ....), გ.ბ-ე (პ/ნ...) და ა.ვ-ე (პ/ნ...) აღიარებულ იქნენ, შპს „დ...ის“ (ს/ნ...) ცრუმაგიერ პირებად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის ბრძანებაზე სააპელაციო სასამართლოში საჩივარი წარადგინეს ი.კ-ემ, რ.ა-მა, ა.კ-ემ, ჟ.კ-ემ, გ,ბ-ემ, ა.ვ-ემ, შპს „დ...“მ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს „დ...“ის, ი.კ-ის, ა.კ-ის, ჟ.კ-ის, გ.ბ-ს, ა.ვ-ის წარმომადგენელ მ.მ-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; №3/ბ-390-22წ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შპს „დ...“ის, ი.კ-ის, ა.კ-ის, ჟ.კ-ის, გ.ბ-ს, ა.ვ-ის და რ.ა-ის სააპელაციო საჩივრებისა გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 ივლისის ბრძანების გაუქმების თაობაზე, შეჩერდა შპს დ...“ის (ს/კ...) 2021 წლის 21 დეკემბრის საგადასახდო შემოწმების აქტზე (სააღრიცხვო №...), 2021 წლის 24 დეკემბრის №40669 ბრძანებასა და 2021 წლის 24 დეკემბრის №081-389 საგადასახადო მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დგინდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაყენებულია პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილი პრაქტიკის მიხედვით (იხ. მაგ.: სუსგ 01.10.2015წ. #ბს-408-402(კ-15), 31.05.2018წ. #ას-614-614-2018, 10.09.2019წ. #ბს-939(3კ-19), 10.09.2019წ. #ბს-371(კ-19), 10.09.2019წ. #ბს-1007(2კ-19), 27.09.2019წ. #ბს-794(კ-19), 27.09.2019წ. #ბს-522 (კ-19) და სხვ.), საპროცესო კანონმდებლობაში ისეთი სახის ცვლილების შეტანა, რომელიც კონკრეტულ დავებს საკასაციო პალატის ქვემდებარობიდან გამორიცხავს, იწვევს საკასაციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების დასრულებას, საჩივრის განუხილველად დატოვებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია ცრუმაგიერ პირებად ცნობა. საგადასახადო კოდექსის როგორც ცვლილებამდე, ასევე ამჟამად მოქმედი რედაქციიდან გამომდინარე ცრუმაგიერი პირების დადგენა სასამართლოს პრეროგატივას შეადგენს, თუმცა კანონმდებლობაში 28.06.2019წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად არსებითად შეიცვალა სასამართლოს მიერ მსგავსი დავების განხილვის, გადაწყვეტისა და გასაჩივრების წესი. 28.06.2019წ. ცვლილებების განხორციელებამდე საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის განხილვის განსხვავებულ, სპეციალურ წესს. აღნიშნულ სარჩელებს პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავდა სასარჩელო წარმოების წესით, სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე და სადავო საკითხთან დაკავშირებით იღებდა არსებით გადაწყვეტილებას, რომელიც საჩივრდებოდა როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული წესი შეიცვალა 28.06.2019წ. საგადასახადო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

საგადასახადო კოდექსში 28.06.2019წ. №4906-IIს საქართველოს კანონით (ამოქმედდა 04.07.2019წ.) განხორციელებული ცვლილებისა და დამატებების საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და განისაზღვრა, რომ პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (მე-3 ნაწ.). საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს 28.06.2019წ. #4908-IIს კანონის (ამოქმედდა 04.07.2019წ.) პირველი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოდექსს დაემატა VII​​​16 თავი - „ადმინისტრაციული სამართალწარმოება პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით“. ახალი მოწესრიგებით განისაზღვრა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების საკითხის გადაწყვეტის სპეციალური, სასარჩელო წარმოებისაგან განსხვავებული წესი, დადგინდა, რომ ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს ბრძანებას და არა გადაწყვეტილებას (2163 მუხ.). აღნიშნული ბრძანება საჩივრდება ერთჯერადად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება (2165.9 მუხ.). ამდენად, 04.07.2019წ. ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ დავების განხილვა აღარ შედის საკასაციო სასამართლოს კომპეტენციაში. შესაბამისად, საპროცესო ნორმების დროში მოქმედების წესის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კერძო საჩივარი, უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან საკასაციო სასამართლო მოკლებულია მისი არაქვემდებარე დავის განხილვის პროცესუალურ შესაძლებლობას.

მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 282 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი. განსახილველ შემთხვევაში არსებითი დავის საგანია მოპასუხეთა ცრუმაგიერ პირებად ცნობა. კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებული დავების განხილვის უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამჟამად აღარ აქვს. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს სცილდება ცრუმაგიერ პირებად აღიარებასთან დაკავშირებულ დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების შეფასება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხ.). ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი, გასაჩივრების შეზღუდვა არა მხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს და კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ არა მხოლოდ საკასაციო, არამედ კერძო საჩივრის განხილვის შესაძლებლობასაც. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ 2022 წლის 19 სექტემბრის განჩინების მე-3 პუნქტში გასაჩივრების უფლების განმარტება, დამოუკიდებლად არ წარმოშობს განჩინების გასაჩივრების უფლებამოსილებას, რადგან განჩინების/გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობას ქმნის შესაბამისი ნორმატიული საფუძველი და არა სასამართლოს განმარტება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2165 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე