საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-207(კ-21) 18 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ნ.მ-ე
თავდაპირველი მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩნება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2018 წლის 3 აგვისტოს ნ.მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის ნ.მ-ესთან ...ის რაიონში, სოფელი ...ში მდებარე 5 000 კვ.მ ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 აგვისტოს განჩნებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ნ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ნ.მ-ესთან (პ/ნ ...) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე ...ის მუნიციპალიტეტის სოფელი ..., ს/კ. ..., ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივლისის №20/07/03 განკარგულების საფუძველზე; სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 პუნქტზე, მე-2 მუხლის „გ" ქვეპუნქტზე, მე-18 მუხლზე და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვის ფორმებსა და წესს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, გარდა კანონით მისთვის სპეციალურად მინიჭებული უფლებამოსილებისა, სხვაგვარად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზება. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააგენტოსათვის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალება ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა გვერდის ავლით. კასატორის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემოდა ხელშეკრულების ხელმოწერისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ასევე, ხელშეკრულების 6.5 მუხლის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულების ძალაში შესვლა დაუკავშირეს მის ხელმოწერასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, ხელშეკრულება ვერ მიიჩნევა დადგენილი წესის საფუძველზე დადებულად და აღნიშნულ ქონებაზე არასდროს წარმოშობილა ნ.მ-ის საკუთრების უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივლისის №20/07/03 განკარგულებით განისაზღვრა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ...სა და ...ის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარე აღნიშნული განკარგულების დანართში მითითებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, დანართში მითითებულ საპრივატიზებო საფასურად, ამავე დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანართის თანახმად, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) გადაეცა ნ.მ-ეს. ამასთან, დანართით განისაზღვრა საპრივატიზებო პირობა - საპრივატიზებო საფასურის გადახდის დაფარვა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.მ-ეს შორის 2012 წელს წერილობითი ფორმით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...). ხელშეკრულების თანახმად, ,,მყიდველი“ ვალდებული იყო გადაეხადა საპრივატიზებო საფასური, რომელიც ხელშეკრულების მიზნებისათვის შეადგენდა 500 ლარს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ,,მყიდველს“ საკუთრების უფლება გადაეცემოდა ხელშეკრულების ხელმოწერის და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამასთან, მყიდველი ვალდებული იყო საჯარო რეესტრში დაერეგისტრირებინა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება და დაეფარა რეგისტრაციის ხარჯი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების მიხედვით, თუ მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენდა საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, მყიდველისათვის საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის მიცემული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში გაუქმდებოდა ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება დარეგისტრირდებოდა სახელმწიფო საკუთრებად. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხევაში, სახელმწიფო ქონების შემძენი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილებოდა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად, ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება დაუბრუნდებოდა პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ქონების ნ.მ-ისათვის საკუთრებაში გადაცემაზე უარი ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ნ.მ-ეს შორის 2012 წელს წერილობითი ფორმით შედგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში არ იძებნებოდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლი არ შეიცავდა ნ.მ-ის ხელმოწერას. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივლისის №20/07/03 განკარგულების მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განკარგულების შესრულების მიზნით, დაევალა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 20 ივლისის №20/07/03 განკარგულებით სახელმწიფომ გამოხატა ნება, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნ.მ-ისათვის, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული საომარი მოქმედებების დროს ცხინვალში 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული გ.რ-ის მეუღლისათვის გადაცემის შესახებ, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვალდებული იყო უზრუნველეყო ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ხელშეკრულები გაფორმება, რაც, საბოლოოდ, უძრავი ქონების ნ.მ-ის სახელზე რეგისტრაციით დასრულდებოდა. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ვერ ადასტურებს ნ.მ-ის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის ფაქტს. ამგავრ ჩანაწერს არ შეიცავს თავად ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ნ.მ-ის მიერ არ შესრულებულა საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება, თუმცა ასეთ შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდისათვის მყიდველს უნდა მისცემოდა დამატებითი ვადა, რაც აგრეთვე არ განხორციელებულა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ოქტომბრის განჩნება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა