№ბს-56(კ-22) 13 ოქტომბერი, 2022 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ა.მ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 22 მარტს ა.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიმართ.
მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №674 ბრძანების („ა.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“) ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მოსარჩელე ა.მ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით, მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურების შესახებ) გამოცემის დავალება და ა.მ-ის მიმართ მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის (გამოხატული - მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონო ბრძანების გამოცემაში) შედეგების აღმოფხვრა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ა.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 21 თებერვლის №674 ბრძანება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ა.მ-ის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალა ა.მ-ის სასარგებლოდ მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის შეფასებით, აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ... ის სამმართველოს ...ის თანამდებობა გაუქმდა/შემცირდა უსაფუძვლო იყო და არ უნდა ყოფილიყო გაზიარებული. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე ა.მ-ი იკავებდა, არ შემცირებულა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცებულ ახალ საშტატო ნუსხაში და იგი არსებობდა ...ის სამმართველოს სახით. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სამმართველოს ...ის საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე ა.მ-ი იკავებდა, რეორგანიზაციის შედეგად არ გაუქმებულა, არამედ მისი ფუნქცია-მოვალეობები სრულად გადაეცა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის სამმართველოს უფროსს. ამასთან, აღნიშნულ საშტატო ერთეულზე დანიშნული იქნა სხვა - უფრო დაბალი რანგის საშტატო ერთეულზე დასაქმებული პირი, რაც არ შეესაბამებოდა ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ლიკვიდაციის შემდეგ, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებანი გადაეცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, როგორც უფლებამონაცვლეს. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2018 წლის 12 ოქტომბრის №1511 ბრძანებით დამტკიცდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები, აღნიშნული ბრძანების თანახმად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ჩამოყალიბდა სახელწოდებით ...ის დეპარტამენტი, თუმცა სტრუქტურული ერთეულები ...ის დეპარტამენტში დარჩა იმავე სახელწოდებებით - 29 საშტატო ერთეულით. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2018 წლის 12 ოქტომბრის გამოცემულ იქნა №4515 ბრძანება, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა გადაყვანისა და დანიშვნის შესახებ“. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ა.მ-ი გადაყვანილ/დანიშნულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის, ...ი ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე და სარგოდ განისაზღვრა ... ლარის ოდენობით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დაამტკიცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულება, სადაც მითითებულ იქნა, რომ აღნიშნული ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდა 2019 წლის 22 თებერვლიდან. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები განსხვავდება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების სტრუქტურული ერთეულებისგან. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 14 თებერვლის №295 განკარგულებით მიიღო თანხმობა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა, თანამდებოვბრივი სარგოები და შრომის ანაზღაურების ფონდები, 2019 წლის 15 თებერვლიდან განესაზღვრა განკარგულების დანართი №1-ის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, 2019 წლის 16 თებერვალს №157 ბრძანებით დაამტკიცა სპეციალურ პენიტენციური სამსახურის ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. აღნიშნული დებულებიდან და ახალი საშტატო ნუსხიდან გამომდინარე მოხდა შტატების შემცირება.
უდავოა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არსებული გენერალურ ინსპექციას 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის თანახმად, შეეცვალა სახელი და გახდა ...ის დეპარტამენტი, ხოლო გენერალურ ინსპექსიის 4 სტრუქტურული ერთეულიდან (სამმართველოები), დარჩა სამი სტრუქტურული ერთეული, კერძოდ, 2018 წლის 12 ოქტომბრის №4511 ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხაში ჩამოყალიბდა ...ის დეპარტამენტის სახელწოდებით. თუმცა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურის, 2018 წლის 22 დეკემბრის №366 დებულებისა და 2019 წლის 16 თებერვალს დამტკიცებულ ახალ საშტატო ნუსხაში არ არის და გაუქმებულია, შემცირებულია ...ის დეპარტამენტის ...ი ...ის სამმართველო, რომელიც შედგებოდა 3 საშტატო ერთეულისაგან და ახალი საშტატო ნუსხის თანახმად ...ის დეპარტამენტში დარჩა გენერალური ინსპექციაში არსებული 3 სამმართველო კერძოდ: ა) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო (იყო და დარჩა, თუმცა მოხდა მხოლოდ სამმართველოს დასახელების დაკონკრეტება და მათი ფუნქციებთან სახელწოდების შესაბამისობაში მოყვანა, რის გამოც ახალ საშტატო ნუსხაში ჩაიწერა თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სამმართველო); ბ) ინსპექტირების სამმართველო (იყო და დარჩა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოხდა მხოლოდ სამმართველოს დასახელების შეცვლა ისე, რომ ფუნქციები არ შეცვლილა და ახალ საშტატო ნუსხაში ჩაიწერა - სამსახუროებრივი შემოწმების სამმართველო); გ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო (იყო და დარჩა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოხდა მხოლოდ სამმართველოს დასახელების შეცვლა ისე, რომ ფუნქცია მოვალეობები არ შეცვლილა, ახალ საშტატო ნუსხაში ჩაიწერა - მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველო). აღნიშნული სამმართველოებიდან ...ის დეპარტამენტი, რომელიც შედგებოდა 29 საშტატო ერთეულისაგან, ...ი ...ის სამმართველოს 7 საშტატო ერთეულის გაუქმების შემდგომ ახალი საშტატო ნუსხის თანახმად გახდა სამი სამმართველო 22 საშტატო ერთეულით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს ფუნქციები მოიცავდა ...ი ...ის სამმართველოს ფუნქციებს ანუ იდენტური იყო, რის გამოც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გაუქმებულიყო ...ი ...ის სამმართველო.
უდავოა, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ...ის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული კერძოდ, ...ი ...ის სამმართველო გაუქმდა თავისი 7 საშტატო ერთეულით. რაც ნიშნავს შტატების შემცირებას, თუმცა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვალდებულების მიუხედავად, ...ი ...ის სამმართველოს რიგითი თანამშრომლები, რომლების საშტატო ერთეულიც შემცირდა, მათი სურვილით შესაბამის პოზიციაზე სხვადასხვა სამმართველოებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე გადაიყვანა. ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის ა.მ-ის განთავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან, აღნიშნულის საფუძველი არის, მხოლოდ და მხოლოდ ...ი ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობის გაუქმება/შემცირება (2020 წლის 20 ოქტომბრის №1/286254 წერილი) და სხვა ტოლფასი/სამმართველოს ...ის თანამდებობის ვაკანტური ადგილის არ არსებობა.
ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, „სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოს ...ის განათლების დონე საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულია უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება, ხოლო ...ი ...ის სამმართველოს ...ის განათლების დონე საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული იყო უმაღლესი განათლება“, აღნიშნულ ორი სამმართველოს ...ის თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების სხვაობა თვალსაჩინოა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შესაფასებელ საგანს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლიანობის შემოწმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ა.მ-ი 2015 წლის 11 თებერვლიდან 2018 წლის 12 ივლისამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2018 წლის 12 ივლისიდან გათავისუფლებამდე - 2019 წლის 22 თებერვლამდე, დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ი ...ის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში განსაზღვრული იყო 4 სამმართველო: 1) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო; 2) სისტემური მონიტორინგის სამმართველო; 3) ინსპექტირების სამმართველო და 4) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო. მონიტორინგის დეპარტამენტში სულ განსაზღვრული იყო 29 საშტატო ერთეული, აქედან, დეპარტამენტის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - 1 საშტატო ერთეული, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოში სულ - 7 საშტატო ერთეული (მათ შორის 1 სამმართველოს უფროსი, თანამდებობრივი სარგო თვეში - 2000 ლარი), სისტემური მონიტორინგის სამმართველოში სულ - 7 საშტატო ერთეული (მათ შორის 1 სამმართველოს უფროსი, თანამდებობრივი სარგო თვეში - 2000 ლარი), ინსპექტირების სამმართველოში სულ - 5 საშტატო ერთეული (მათ შორის 1 სამმართველოს უფროსი, თანამდებობრივი სარგო თვეში - 2000 ლარი) და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველოში სულ - 8 საშტატო ერთეული (მათ შორის 1 სამმართველოს უფროსი, თანამდებობრივი სარგო თვეში - 2000 ლარი).
,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანებით დადგინდა, რომ დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია, მათ შორის, 2019 წლის 15 თებერვლიდან, რეორგანიზირებული უნდა ყოფილიყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტი, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა შტატების შემცირება და ამის საფუძველზე მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება. 2019 წლის 10 იანვარს მოსარჩელე ა.მ-ს წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად, შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. რეორგანიზაციის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის 4 სამმართველოდან გაუქმდა ერთი - ...ი ...ის სამმართველო და დარჩა 3 სამმართველო შეცვლილი დასახელებებით, კერძოდ: 1) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის სამმართველო; 2) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო; 3) მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველო. ამასთან, ახალი საშტატო ნუსხის თანახმად, ...ის დეპარტამენტს დაემატა ორი სამმართველო - 1) სტატისტიკის სამმართველო - 6 საშტატო ერთეული და 2) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო - 14 საშტატო ერთეულით. რეორგანიზაციამდე არსებული - ...ი ...ის სამმართველოს ფუნქციები სრულად გადაეცა ახლად შექმნილ მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველოს, სადაც, რეორგანიზაციის შედეგად დარჩა სულ - 6 საშტატო ერთეული, მათ შორის, სამმართველოს ...ის - 1 საშტატო ერთეული (თანამდებობრივი სარგო თვეში - 3100 ლარი).
...ის დეპარტამენტის ...ი ...ის სამმართველოს ფუნქციებით აღიჭურვა, რეორგანიზაციის შედეგად განსაზღვრული მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველო. დადგენილია, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველოს ...ის პროფესიული განათლების დონე საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული იყო უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება, ხოლო ...ი ...ის სამმართველოს ...ის განათლების დონე საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული იყო უმაღლესი განათლება. თავის მხრივ, მოსარჩელე ა.მ-ს მიღებული აქვს უმაღლესი ...ი განათლება (მაგისტრი) ...ის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, 2019 წლის 21 თებერვალს, შტატების შემცირების საფუძვლით, გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ა.მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას და მისი სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიებს (მუხლი 1).
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით. სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო, მე-3 მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ, სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება, ხოლო, 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს სამსახურის, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის, პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს სწორედ რეორგანიზაციის შედეგად მისი შტატის გაუქმება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. იგივე შინაარსის დანაწესს შეიცავს - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.
რეორგანიზაციის არსთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. ამავე კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. რეორგანიზაციად არ ჩაითვლება საჯარო დაწესებულების ან მისი სტრუქტურული ერთეულის მხოლოდ დაქვემდებარების ან სახელწოდების შეცვლა ან/და საჯარო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულისათვის ახალი ფუნქციის დაკისრება.
საკასაციო სასამართლო საჯარო სამსახურში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაცია გულისხმობს დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლას, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში შტატების შემცირება, რაც წარმოადგენს დაწესებულების საქმიანობის ოპტიმიზაციის, მისი კვალიფიკაციური კადრით დაკომპლექტების ერთ-ერთ ღონისძიებას. ამასთან, საჯარო დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს მხოლოდ იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისი საშტატო ერთეული გაუქმდება. ...საშტატო ერთეული გაუქმებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ფუნქციური დატვირთვით ამგვარი თანამდებობა აღარ არსებობს და ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრება სხვა უფლება-მოვალეობები და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები/გადაწყვეტილებები 13.07.2017 წ. №390-387(კ-17); 19.09.2017წ. №ბს-388-385(კ-17); 23.07.2020 წ. №ბს-38(კ-20)).
რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს, ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება მოვალეობების შესრულებას, შესაბამისად, კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები 8.07.20152. №ბს-449-442 (კ-15); 23.07.2020 წ. №ბს-38(კ-20)).
შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა ცალსახად ადგენს, თუ რა სახის სტრუქტურული ცვლილებები არ ჩაითვლება რეორგანიზაციად. ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ რეორგანიზაცია უნდა ემსახურებოდეს საჯარო სამსახურის ინტერესებს, სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფას.
საკასაციო სასამართლო, უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ი ...ის სამმართველოს ...ის საშტატო ერთეული, რომელსაც მოსარჩელე ა.მ-ი იკავებდა, არ შემცირებულა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანებით დამტკიცებულ ახალ საშტატო ნუსხაში და იგი არსებობს მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველოს სახით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის ...ი ...ის სამმართველოს ...ის საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები სრულად გადაეცა რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტის მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსს.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ...ის დეპარტამენტში განსაზღვრული იყო 4 სამმართველო: 1) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო; 2) სისტემური მონიტორინგის სამმართველო; 3) ინსპექტირების სამმართველო და 4) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო. ხოლო, შემდგომში, 2019 წლის 16 თებერვლის №457 ბრძანების საფუძვლეზე ...ის დეპარტამენტის 4 სამმართველოდან გაუქმდა ერთი (1) და დაემატა ორი (2) სამმართველო. შესაბამისად, დარჩა შემდეგი 5 სამმართველო: 1) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის; 2) სამსახურებრივი შემოწმების; 3) მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის; 4)სტატისტიკის; 5) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის. მოცემული სახით სამმართველოთა ფორმირების პირობებში, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამმართველოს უფროსის პროფესიული განათლების დონე საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული იყო უმაღლესი სამედიცინო ან იურიდიული განათლება, ხოლო ...ი ...ის სამმართველოს ...ის განათლების დონე საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული იყო - უმაღლესი განათლება. თავის მხრივ, მოსარჩელე ა.მ-ს მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი) ...ის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისწინებით, კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამებოდა ახალი სამმართველოს უფროსისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი