საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1237(3კს-22) 27 ოქტომბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები - ნ. ნ-ი, ა. მ-ი, ზ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (შუამდგომლობის ავტორი) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოპასუხეები - შპს „ფ...“, შპს „გ...“, გ. ფ-ი, ნ. ფ-ი
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2018 წლის 28 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს „ფ...ს“, შპს „გ...ს“, გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის VII16 თავის შესაბამისად წარმოდგენილ შუამდგომლობად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 ივნისის ბრძანებით შპს „ფ...“, შპს „გ...“, გ. ფ-ი, ნ. ფ-ი, ზ. ფ-ი, ა. მ-ი და ნ. ნ-ი აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნულ ბრძანებაზე საჩივარი წარადგინეს ა. მ-იმა, ზ. ფ-იმა, ნ. ნ-იმა, გ. ფ-იმა და ნ. ფ-იმა, რომელთაც 2021 წლის 18 ივნისის ბრძანების გაუქმება მოითხოვეს. ასევე, აღნიშნულმა პირებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინება და მისი გაუქმება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის ბრძანებით აღნიშნულ პირთა საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის ბრძანება.
გ. ფ-იმა, ნ. ფ-იმა, ზ. ფ-იმა, ა. მ-იმა და ნ. ნ-იმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2022 წლის 16 მარტის ბრძანების განმარტება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებით აღნიშნული განცხადება არ დაკმაყოფილდა.
გ. ფ-იმა, ნ. ფ-იმა, ა. მ-იმა, ზ. ფ-იმა და ნ. ნ-იმა კერძო საჩივრებით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება და ამავე პალატის 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინება. ასევე კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23 მარტის განჩინება ზ. ფ-ის, ნ. ნ-ისა და ა. მ-ის მიერ. ამავე პირებმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2022 წლის 16 მარტის ბრძანება და აღნიშნული ბრძანების გაუქმება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველად; გ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. ფ-ის, ა. მ-ისა და ნ. ნ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის საოქმო განჩინებაზე დარჩა განუხილველად; ზ. ფ-ის, ნ. ნ-ისა და ა. მ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებაზე დარჩა განუხილველად; ზ. ფ-ის, ნ. ნ-ისა და ა. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის ბრძანებაზე დარჩას განუხილველად.
2022 წლის 24 და 28 ივნისს ნ. ნ-იმა, ა. მ-იმა და ზ. ფ-იმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოადგინეს დაზუსტებული კერძო საჩივრები და აღნიშნეს, რომ ამავე პალატის წარმოებაშია მათი კერძო საჩივრები, რომლებითაც მოითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმებას და რომლითაც მათ უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის ბრძანების განმარტებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი დაზუსტებული კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის, ა. მ-ისა და ზ. ფ-ის კერძო საჩივრები დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ნ-ის, ა. მ-ისა და ზ. ფ-ის კერძო საჩივრებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 15 აპრილს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა წარმოდგენილი კერძო საჩივრები.
საკასაციო პალატამ კერძო საჩივრების განუხილველად დატოვების დასაბუთებისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII16 თავზე, რომლითაც მოწესრიგებულია პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2163 მუხლის შესაბამისად, ბრძანებას პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის 2165 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, აღნიშნული ბრძანების ეგზემპლარის მხარისთვის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. ამასთან, დასახელებული მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და სრულდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში. სააპელაციო პალატის მიერ მსგავს დავებზე მიღებული ბრძანება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოცემული აქტების კანონიერებას.
საკასაციო პალატამ დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც იმპერატიულადაა განსაზღვრული კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრები წარმოდგენილია ორსაფეხურიანი დავის ფარგლებში გამოცემულ განჩინებებზე. ამ მოცემულობით კი, კერძო საჩივრის წარმოდგენის შესაძლებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ნ-ის, ა. მ-ისა და ზ. ფ-ის კერძო საჩივრები უნდა დარჩენილიყო განუხილველად, რამდენადაც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნდა კომპეტენცია, შეეფასებინა პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე გამოცემული სააპელაციო სასამართლოს ბრძანებისა თუ განჩინების კანონიერება.
რაც შეეხება საკასაციო პალატაში დამატებით წარმოდგენილ დაზუსტებულ კერძო საჩივრებს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზუსტებული კერძო საჩივრებისა და თავდაპირველი კერძო საჩივრების მოთხოვნები ერთი და იმავე შინაარსისაა. ამასთან, აღნიშნულ კერძო საჩივრებზე საკასაციო პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა და 2022 წლის 15 აპრილის დასაბუთებული განჩინებით განუხილველად დატოვა დასახელებული კერძო საჩივრები. განჩინების ასლები კი მხარეებს გაუგზავნა იმავე წლის 24 მაისს. ამრიგად, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღების შედეგად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრებზე პალატამ უკვე იმსჯელა №ბს-370(კ-5კს-22) ადმინისტრაციული საქმის განხილვისას, ამასთან, ვინაიდან, ორივე შემთხვევაში მოთხოვნილია ერთი და იმავე საკითხის გადაწყვეტა, საკასაციო პალატა აღნიშნულზე ხელმეორედ მსჯელობას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის, ა. მ-ისა და ზ. ფ-ის კერძო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმებისა და იმავე სასამართლოსთვის 2022 წლის 16 მარტის ბრძანების განმარტების დავალების შესახებ, განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 2163 და 2165 მუხლებით და
დაადგინა:
1. ნ. ნ-ის, ა. მ-ისა და ზ. ფ-ის დაზუსტებული კერძო საჩივრები, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე