Facebook Twitter
საქმე №ბს-826(კ-22) 24 ოქტომბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - გ. მ. ტ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 21 დეკემბერს გ. მ. ტ-იმ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №1000666122 გადაწყვეტილება; ბ) დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც გ. მ. ტ-ის მიმართ გაიცემა შრომითი ბინადრობის ნებართვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. მ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ. ტ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 განჩინებით გ. მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ასევე, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტზე, მე-18 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლზე, მე-5 მუხლზე, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტზე, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააგენტომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1-ლი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მიმართა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და მიღებული ინფორმაციის შედეგად „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება აპელანტისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას. შესაბამისად, მისი დასკვნა - წერილი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა ადმინისტრაციული ორგანოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელიც სადავო აქტის გამოცემის საფუძველი გახდა. მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნის შესაბამისად, რასაც განსაზღვრავს კანონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, მას შეეძლო მიეღო „გ. მ. ტ-ისთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ. ტ-იმ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, გ. მ. ტ-ი აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას რაც დადგენილია, როგორც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე წარმოდგენილი იყო ყველა საჭირო მტკიცებულება და დაცული იყო ყველა მოთხოვნა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის, სააგენტომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საქმეში წარმოდგენილი იყო ნასამართლობის ცნობა, რაც ადასტურებს, რომ კასატორი არ არის ნასამართლევი და მისი საქართველოში ყოფნა საფრთხეს არ უქმნის ქვეყნის უშიშროებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან არ გინდება, თუ რომელი კომპეტენტური ორგანოს დასკვნა არსებობს და თუ არსებობს, რა არის დასკვნაში მითითებული, რითაც გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორის საქართველოში ცხოვრება ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 6 ივნისის და 2021 წლის 18 ნოემბრის წერილები არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი. კონტრდაზვერვის სამსახურის წერილი არის ფორმალური აქტი, ფორმალური პასუხი. შესაბამისად, მითითება ბინადრობის ნებართვის გაცემაზე მიზანშეუწონლობის შესახებ არ არის დასაბუთებული და სრულყოფილად გამოკვლეული, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საქმის სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე გაიზიარა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი და უარი უთხრა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს სრულყოფილად უნდა შეესწავლა და დაესაბუთებინა გასაჩივრებული საქმის თითოეული გარემოება და მიეღო სამართლიანი და იურიდიულად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც არ განახორციელა. ამასთან, სასამართლომ არასწორად განმარტა „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ნორმის განმარტების შესაბამისად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა, საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ არასამართალდაცვითი მიზნებისათვის განხორციელებული სპეციალური სისტემაა, რომელიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/ და ტერორისტული ქმედებების გამოსავლენად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით (რომლის მიღების პროცესში არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საქმეში არსებული გარემოებები და არ იქნა გამოყენებული ნორმა განმარტებული) არსებითი ზიანი მიადგა კასატორს და გამოიწვია მისი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ვინაიდან, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები და არ მოახდინა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული და ობიექტური განხილვა, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) გ. მ. ტ-ი (დაბადებული ... წლის ...) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე; ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „ა...“ რეგისტრირებული იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012 წლის 13 დეკემბერს, რომლის საიდენტიფიცაციო ნომერია: ...; შპს „ა...ს“ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა. კ. ბ-ი (აშშ, ..., წილი - 100%); გ) შპს „ა...ს“ დირექტორის ტ. ბ-ის მიერ 2019 წლის 28 მარტს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ გ. მ. ტ-ი (...) მუშაობს შპს „ამ...ში“ (ს/კ...) 2019 წლის 15 თებერვლიდან ... ენის მასწავლებლად. მისი საათობრივი ანაზღაურება შეადგენს ხელზე ასაღებ 20 ლარს ინდივიდუალური და ხელზე ასაღებ 24 ლარს ჯგუფური გაკვეთილებისთვის, რაც საშუალოდ ყოველთვიურად შეადგენს ხელზე ასაღებ 350-400 ლარს (გააჩნია გაკვეთილების რაოდენობას); დ) სსიპ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 02 აპრილის N21-11/34447 წერილით ირკვევა, რომ შპს „ამ...ს“ (ს/კ ...) ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფიქსირდება სააგენტოს მიერ წერილში მითითებული სამეწარმეო აქტივობა - დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა, მიღებული ანგარიშფაქტურები, მიღებული/გამოწერილი ზედნადებები, მიღებული სპეც. ანგარიშფაქტურები. არ აქვს მინიჭებული რაიმე სახის სტატუსი, არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული; ე) ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ 2019 წლის 10 მაისს გაცემული №1511/2/10748 ნასამართლობის ცნობით ირკვევა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სასამართლოს 11/03/2019 წლის N9819634 ნასამართლობის ცნობის თანახმად და საელჩოს მიერ ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, გ. მ. ტ-ის (პასპორტის ...) ცნობის გაცემის თარიღამდე არ არის ნასამართლევი; ვ) 2019 წლის 10 მაისს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე გ. მ. ტ-იმა №1000666122 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა; ზ) საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 14 მაისს №1000666122/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა გ. მ. ტ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები; თ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 06 ივნისის NSSG 0 19 00100453 წერილით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია გ. მ. ტ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის მინიჭება; ი) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 08 ივნისის №1000666122 გადაწყვეტილებით, გ. მ. ტ-ის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე; კ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №3/5155-19) გ. მ. ტ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 8 ივნისის №1000666122 გადაწყვეტილება „გ. მ. ტ-ის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ. ტ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის განცხადებასთან დაკავშირებით; ლ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2020 წლის 14 იანვარს N01/7929 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა გ. მ. ტ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2020 წლის 22 იანვრის №SSG 3 20 00010805 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს გ. მ. ტ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია; ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს გ. მ. ტ-ის შესახებ 2020 წლის 27 იანვრის მდგომარეობით ინფორმაცია არ მოეპოვება; ო) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის №1000666122 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. მ. ტ-ის 2019 წლის 10 მაისის №1000666122 განცხადება და გ. მ. ტ-ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე; პ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/1608-20) გ. მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 იანვრის №1000666122 გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. მ. ტ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე; ჟ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით (საქმე N3ბ/2406-20) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება; რ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ((საქმე Nბს-568(კ-21)) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინება; ს) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 12 ნოემბრის №01/230467 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა გ. მ. ტ-ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 18 ნოემბრის №SSG 7 21 00167157 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს გ. მ. ტ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია; ტ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის №1000666122 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. მ. ტ-ის 2019 წლის 10 მაისის №1000666122 განცხადება და გ. მ. ტ-ის უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე;
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესაძლებლობას საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განმახორციელებელ უცხოელზე. საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად (კანონის 17.10 მუხ.). საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მიხედვით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან (13.5 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ინფორმაცია გამოთხოვილ იქნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან, რომლის 2021 წლის 18 ნოემბრის №SSG 7 21 00167157 წერილით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული გ. მ. ტ-ისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას, უკეთუ უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს და ამის შესახებ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წერილის საფუძველზე მოხდა სადავო აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიერ 09.09.2022წ. №ბს-826(კ-22) განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო გ. მ. ტ-ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობა დასაბუთებულია, ამდენად, კანონშესაბამისია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გასაჩივრებული აქტი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ ყოველთვის არ ქმნის განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად. ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წარდგენილ განცხადებაზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს არა მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული შედეგი, არამედ მისი დასაბუთებაც. განსახილველ შემთხვევაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძვლად არსებული ინფორმაციის გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. მ. ტ-ის მართლზომიერად ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დაშვების საფუძვლების არსებობას. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად მიზანშეწონილობის ფაქტორის გათვალისწინებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მიღებული საიდუმლო მასალების გაცნობის შედეგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, არსებობდა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სათანადო საფუძვლები. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გადაწყვეტილების მიღებისას სახელმწიფო სარგებლობს ფართო დისკრეციით. ამასთან, მართალია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისაგან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სადავო აქტი ეყრდნობა გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, რაც გამორიცხავს აქტის დასაბუთებაში კონკრეტული ინფორმაციის მითითების შესაძლებლობას.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება (1-ლი მუხ.), კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას (6.1 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოების მიერ საქმის განხილვისთვის იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, სასამართლო გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსი სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მართებულად არ აისახა. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს საქმის გარემოებათა არასათანადოდ გამოკვლევას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უსწორობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს გ. მ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ივნისის განჩინება;
3. გ. მ. ტ-ის (დაბ: ....წ., პასპორტის ნომერი: ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.08.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე


მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე


ქ. ცინცაძე