Facebook Twitter

საქმე №ბს-1221(კ-21) 27 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი (მოსარჩელე) - მ. უ-ე

წარმომადგენელი - რ. ხ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ხონის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - გ. ფ-ე

მესამე პირი - შპს „I...“

წარმომადგენელი - თ. ე-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

1. მ. უ-ემ 2017 წლის 14 დეკემბერს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში შპს „I...-ის“ თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 ბრძანება.

სარჩელის თანახმად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 ბრძანებით დამტკიცდა ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე შპს „I...-ის“ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა 2018 წლის მარტის ჩათვლით, თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 13 ივნისის ბრძანებით შეჩერდა მშენებლობა და დაინიშნა ექსპერტიზა, კომპანია მშენებლობას მაინც აგრძელებდა. ექსპერტიზის მიერ შესწავლილ იქნა მხოლოდ ობიექტის კონსტრუქციული ნაწილი და დადგინდა, რომ მშენებლობა შესრულებული იყო ხარვეზებით და მოითხოვდა კორექტირებას. ამასთან, ექსპერტიზას არ შეუმოწმებია, რამდენად აკმაყოფილებდა მშენებლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებას, მათ შორის, არ შემოწმებულა, რამდენი იყო დაცილება მშენებლობასა და საცხოვრებელ სახლებს შორის.

მოსარჩელის მითითებით, რადგან იგი ცხოვრობს ასაშენებელი ობიექტის გვერდით და დაინტერესებული პირია, მონაწილეობა უნდა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, რისი საშუალებაც არ მიეცა. მის საცხოვრებელ სახლსა და წარმოებულ მშენებლობას შორის დაცილება ძალიან მცირეა, თუმცა აღნიშნული გარემოება პროექტის შედგენისას გათვალისწინებული არ იყო. საყურადღებოა, რომ მშენებლობასთან ახლოს გადის ცენტრალური გაზის მილები და უსაფრთხოების წესების დარღვევა სავალალო შედეგის მომტანი იქნება არა მხოლოდ მისთვის, არამედ - ხონის მოსახლეობისთვისაც. ამასთან, სამშენებლო ობიექტზე არც აბრა იყო გამოკრული გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აქტის გამოცემის დროს დარღვეულ იქნა მისი მომზადებისა და გამოცემის წესები.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში შპს „I...“ ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. უ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 23 მარტს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა შპს „I...-ის“ მინდობილმა პირმა საზოგადოების კერძო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 17); ბ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 მაისის №39 346 ბრძანებით დამტკიცდა შპს „I...-ის“ კერძო საკუთრებაში არსებული ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ტ.1, ს.ფ. 17); გ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 ბრძანებით შეთანხმებულ იქნა ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში მდებარე შპს „I...-ის“ თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა 2018 წლის მარტის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ. 19); დ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 13 ივნისის №39 441 ბრძანების პირველი პუნქტით შეჩერებულ იქნა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 ბრძანება შპს „I...-ის“ კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და აეკრძალა მშენებლობასთან დაკავშირებული რაიმე მოქმედების განხორციელება საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამავე ბრძანებით დაინიშნა ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (ტ.1, ს.ფ. 26); ე) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 აგვისტოს დასკვნის თანახმად, შპს „...ს“ მიერ მომზადებული ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში მდებარე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია ხარვეზებით და მოითხოვს კორექტირებას კვლევაში მოცემული შენიშვნების მიხედვით. პროექტის მიმართ დადგენილ იქნა შემდეგი სახის შენიშვნები: განმარტებით ბარათში არ არის წარმოდგენილი გეოლოგიური კვლევის შედეგები და განმარტება - რა გრუნტზე ხდება საპროექტო შენობების დაფუძნება. კონსტრუქციულ ნაწილში უნდა იყოს მოცემული 0.00 ნიშნულის შესაბამისი აბსოლუტური ნიშნული. უნდა დაარმირდეს მიღებული წესით და პნ ... მოთხოვნების გათვალისწინებით. ფილის კონფიგურაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ჭრილის გარდა მოცემული იყოს ფილის არსებითი გეგმა, ზედა და ქვედა არმატურის ბადეების ჩვენებით, დასამატებელია სამონტაჟო არმატურაც; სვეტებში მიღებული საკიდების ბიჯი ზედა და ქვედა საყრდენებზე შესამცირებელია; საძირკვლების ფილებში დასამატებელია გვერდითი დასაანკერებელი ვერტიკალური ჩანგლები არმატურის პირგადადების წესების დაცვით; სველი წერტილის შენობა: შენობის კუთხეებში დასამატებელია რკინაბეტონის გულარები, მზიდი კედლების გადაკვეთებში კედლების წყობა გასაძლიერებელია ბადეებით, ზღუდარები დასამატებელია, საძირკვლების ჩაღრმავება უნდა დაზუსტდეს გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 93-96); ვ) მოსარჩელე მ. უ-ეს თავისი დარღვეული უფლების თაობაზე საამისოდ უფლებამოსილი ორგანოსათვის - ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს; ზ) შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) მიერ ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში მდებარე მშენებარე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტზე 2017 წლის 30 მაისს გაცემული საექსპერტო დასკვნის თანახმად, თხევადი გაზის შესანახი მიწისქვეშა რეზერვუარის და ჩამომსხმელი სვეტიდან რეგლამენტირებული მანძილი უახლოეს შენობა-ნაგებობამდე, რომელიც არ განეკუთვნება თხევადი გაზის სადგურს, შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკურ რეგლამენტზე დაყრდნობით, სადაც 4-60 ტ-მდე ჭურჭლის განთავსება სადგურს გარეთ მდებარე შენობებამდე დასაშვებია 15 მ-ის მანძილზე. პროექტზე აღნიშნული დაშორება შეადგენს 20 მ-ს. რაც შეეხება თხევადი გაზის ჩამოსასხმელ სვეტს (დისპანსერი), მათი დაშორების მანძილი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 9 მ-ს. აღნიშნული მანძილი ასევე დაცულია. პროექტი შესრულებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტის (...ის სახანძრო და სამაშველო სამსახური) მოთხოვნების შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 97-100); თ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 ივნისის დასკვნის თანახმად, მანძილი ჩამოსასხმელი სვეტიდან ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №139-ში) მდებარე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის კედლამდე შეადგენს 25.5 მეტრს, ხოლო მანძილი ავზიდან ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №139-ში) მდებარე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის კედლამდე შეადგენს 21.8 მეტრს. მანძილები ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №141-ში) მდებარე გაზგასამართი სადგურის კომპლექსის ჩამოსასხმელი სვეტიდან და ავზიდან და ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №139-ში) მდებარე შენობა-ნაგებობის კედლებს შორის არ შეესაბამება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანების დანართ №5-ში განსაზღვრულ ნორმებს (ტ.1, ს.ფ. 365-372); ი) მ. უ-ე ფლობს ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტობრივად №139-ში) მდებარე საცხოვრებელ სახლს (სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ნ. კ-ეის, ქ. ა-ეის ჩვენებები).

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 30-ე მუხლზე, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ნ“ პუნქტზე, 48-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილების მე-6 პუნქტზე, „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 07 მარტის №50 დადგენილების პირველ მუხლზე მითითებით სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში სამოქმედოდ იქნა დაშვებული დადგენილების დანართით განსაზღვრულ ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტი, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტი (დანართის მე-6 პუნქტი). მოცემულ შემთხვევაში შპს „გ...ის’’ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) მიერ ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში მდებარე მშენებარე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტზე 2017 წლის 30 მაისს გაცემული საექსპერტო დასკვნის თანახმად, თხევადი გაზის შესანახი მიწისქვეშა რეზერვუარის და ჩამომსხმელი სვეტიდან რეგლამენტირებული მანძილი უახლოეს შენობა-ნაგებობამდე, რომელიც არ განეკუთვნება თხევადი გაზის სადგურს, შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკურ რეგლამენტზე დაყრდნობით... პროექტი შესრულებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტის (...ის სახანძრო და სამაშველო სამსახური) მოთხოვნების შესაბამისად. ის გარემოება, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 07 ივნისის დასკვნის თანახმად, მანძილები ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №141-ში) მდებარე გაზგასამართი სადგურის კომპლექსის ჩამოსასხმელი სვეტიდან და ავზიდან და ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტობრივად №139-ში) მდებარე შენობა-ნაგებობის კედლებს შორის არ შეესაბამება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანების დანართი №5-ში განსაზღვრულ ნორმებს, არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2019 წლის 07 ივნისს მიღებული დასკვნის თანახმად, მანძილი სადგურში განთავსებულ 4-60 ტ-მდე ჭურჭელსა და სადგურს გარეთ მდებარე შენობამდე შეადგენს 15 მ-ზე მეტს, რაც შპს „გ...ის“ დასკვნის თანახმად, შეესაბამება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკურ რეგლამენტს. აღნიშნული შესაბამისობა მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, სადავოდ ხდის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტის გამოყენებას თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტის შეფასებისათვის.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-11 პუნქტსა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ აქტი, რომელსაც არ შეესაბამება შპს „I...-ის“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტი, არის „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება, რომელიც წარმოადგენს რეგულირების ამ სფეროში აღმასრულებელი ხელისუფლების უფრო დაბალი იერარქის მიერ მიღებულ დოკუმენტს, ვიდრე „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 07 მარტის №50 და „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებები. ამასთან, ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც 2008 წლის 08 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/2935 ბრძანება, ძალადაკარგულია „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით (2010 წლის 04 აგვისტო).

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მისივე შუამდგომლობით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ნაწილზე აპელირება, რომლის თანახმად, მანძილები ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №141-ში) მდებარე გაზგასამართი სადგურის კომპლექსის ჩამოსასხმელი სვეტიდან და ავზიდან და ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტობრივად №139-ში) მდებარე შენობა-ნაგებობის კედლებს შორის არ შეესაბამება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანების დანართ №5-ში განსაზღვრულ ნორმებს, არ წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან არ ქმნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შემადგენლობას.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მ. უ-ეის მიერ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინებით მ. უ-ეის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და დამატებით მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე. კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მესამე პირმა შპს „I...-მა“ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (ობიექტის მშენებლობა), ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ აქტის გამოცემის დროს დაცული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი წესი, ასევე არასწორად დაადგინეს, რომ აქტის გამოცემის ფორმალურ მხარეს მოსარჩელე არ ხდიდა სადავოდ. გასაჩივრებული აქტის გამოცემის დროს არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება, არ მიუწვევიათ ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის, მოსარჩელეც. ამასთან, მშენებლობის დაწყებამდე არც აბრა იყო გამოკრული გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. სრულად იქნა დარღვეული სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება, კერძოდ, ამავე ბრძანების მე-5 დანართი, რაც დადასტურებულ იქნა ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითაც. სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკურ რეგლამენტს, დაუსაბუთებელია, რადგან საქართველოში მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით მოქმედებს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტები, რომელთა მიხედვითაც სრულად არის დარღვეული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და გასაჩივრებული ბრძანება არც ერთ ნორმატიულ აქტთან არ არის შესაბამისობაში. საყურადღებოა, რომ ხონის მუნიციპალიტის გამგებლის 2017 წლის 13 ივნისის ბრძანებით შეჩერდა მშენებლობა და დაინიშნა ექსპერტიზა, თუმცა კომპანია მშენებლობას მაინც აგრძელებდა. ექსპერტიზის მიერ შესწავლილ იქნა ობიექტის მხოლოდ კონსტრუქციული ნაწილი და დადგინდა, რომ მშენებლობა შესრულებულია ხარვეზებით და მოითხოვდა კორექტირებას. ექსპერტიზას არ შეუმოწმებია რამდენად აკმაყოფილებდა მშენებლობა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებას, მათ შორის, ამავე ბრძანების მე-5 დანართს. პროექტის და ფაქტობრივი მშენებლობის მიხედვით, მშენებლობა არ არის დაცილებული კანონმდებლობით განსაზღვრული მანძილით ბრძანების მე-5 დანართში მითითებულ არც ერთ ობიექტთან, განსაკუთრებით საცხოვრებელ სახლებთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომ ადგილებთან, ავტომაგისტრალთან. კასატორის საცხოვრებელ სახლსა და თხევადი გაზის სატუმბ სადგურს შორის დაცილება მცირეა, ამასთან, იქვე გადის ცენტრალური გაზის მილები და უსაფრთხოების წესების დარღვევა სავალალო შედეგის მომტანი იქნება არა მარტო მისთვის, არამედ - ხონის მოსახლეობისათვისაც.

კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება ძალადაკარგულია „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, რადგან აღნიშნულ ბრძანებაში ბოლო ცვლილება განხორციელდა 2018 წელს.

კასატორის მითითებით, სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ვინაიდან სადავო აქტი არის აღმჭურველი და მესამე პირს განხორციელებული აქვს მშენებლობა, მისი ბათილად ცნობა გამოიწვევდა მესამე პირისათვის ზიანის მიყენებას. მითითებული მსჯელობა ეწინააღმდეგება როგორც საქმის მასალებს, ისე მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მოქმედ კანონმდებლობას, რადგან, მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ იქნა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მაგრამ მესამე პირს არ შეიძლება კანონიერი ნდობა ჰქონდეს მის მიმართ, მის მიერ განხორციელებული უკანონო მოქმედების გამო, კერძოდ, მშენებლობის დაწყებისთანავე იქნა სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება და შეჩერდა მშენებლობა. მესამე პირი სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შაბათ-კვირას ახორციელებდა მშენებლობას, რის შესახებაც კასატორმა შეატყობინა ზედამხედველობის სამსახურს და ერთხელ გამოყენებულ იქნა კიდეც სახდელი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. უ-ეის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით მ. უ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. უ-ეის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. უ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები“, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, „სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)“. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2017 წლის 23 მარტს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა შპს „I...-ის“ მინდობილმა პირმა საზოგადოების კერძო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 17); ბ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 10 მაისის №39 346 ბრძანებით დამტკიცდა შპს „I...-ის“ კერძო საკუთრებაში არსებული ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ტ.1, ს.ფ. 17); გ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებით დამტკიცდა ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე შპს „I...-ის“ კერძო საკუთრებაში არსებული თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა 2018 წლის მარტის ჩათვლით, თანდართული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (ტ.1, ს.ფ. 19); დ) ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 13 ივნისის №39 441 მშენებლობის ნებართვის შეჩერებისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბრძანებით შეჩერებულ იქნა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის ბრძანება №39 351 შპს „I...-ის“ კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, აეკრძალა მას მშენებლობასთან დაკავშირებული რაიმე მოქმედების განხორციელება საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამავე ბრძანებით დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნის მისაღებად (ტ.1, ს.ფ. 26); ე) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 7 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შპს „...ს“ მიერ მომზადებული ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია ხარვეზებით და მოითხოვს კორექტირებას, კვლევაში მოცემული შენიშვნების მიხედვით. ამავე დასკვნის გამოკვლევითი ნაწილიდან დგინდება, რომ ექსპერტს პროექტის მიმართ გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: განმარტებით ბარათში არ არის მოცემული სამშენებლო მოედნის კლიმატური პირობები, ტერიტორიის სეისმურობა, ასევე არ არის წარმოდგენილი გეოლოგიური კვლევის შედეგები და განმარტება - რა გრუნტზე ხდება საპროექტო შენობების დაფუძნება; კონსტრუქციულ ნაწილში მოცემული უნდა იყოს 0.00 ნიშნულის შესაბამისი აბსოლუტური ნიშნული; ფურცელი 10, ელემენტი 1 უნდა დაარმირდეს მიღებული წესით და პნ ... მოთხოვნების გათვალისწინებით; ფურცელი 11, ფილის კონფიგურაციიდან გამომდინარე, აუცილებელია ჭრილის გარდა მოცემული იყოს ფილის არმირების გეგმა, ზედა და ქვედა არმატურის ბადეების ჩვენებით, დასამატებელია სამონტაჟო არმატურაც; ფურცელი 12 სვეტებში მიღებული საკიდების ბიჯი ზედა და ქვედა საყრდენებზე შესამცირებელია; საძირკვლის ფილებში (ელემენტი 4 და 5) დასამატებელია გვერდითი დასაანკერებელი ვერტიკალური ჩანგლები არმატურის პირგადადების წესების დაცვით; სველი წერტილის შენობა: შენობის კუთხეებში დასამატებელია რკინაბეტონის გულარები, მზიდი კედლების გადაკვეთებში კედლების წყობა გასაძლიერებელია ბადეებით, ზღუდარები დასამატებელია, საძირკვლების ჩაღრმავება უნდა დაზუსტდეს გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე. რეზერვუარის ნახაზი ესკიზურად არის წარმოდგენილი და არ განიხილება (ტ.1, ს.ფ. 93-96); ვ) შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) მიერ ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში მდებარე მშენებარე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტზე მომზადებული საექსპერტო დასკვნის თანახმად (2017 წლის 30 მაისი), ამავე მისამართზე მდებარე მშენებარე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტი შესრულებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტის (...ის სახანძრო და სამაშველო სამსახური) მოთხოვნების შესაბამისად. პროექტი შეფასებულია დადებითად და დასკვნაში მოცემული ორი შენიშვნის გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელია მასში აღწერილი სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ თხევადი გაზის შესანახი მიწისქვეშა რეზერვუარის და ჩამომსხმელი სვეტიდან რეგლამენტირებული მანძილი უახლოეს შენობა-ნაგებობამდე, რომელიც არ განეკუთვნება თხევადი გაზის სადგურს, შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკურ რეგლამენტზე დაყრდნობით, სადაც 4-60 ტ-მდე ჭურჭლის განთავსება სადგურს გარეთ მდებარე მშენებარე შენობებამდე დასაშვებია 15 მ-ის მანძილზე. პროექტზე აღნიშნული დაშორება შეადგენს 20 მ-ს. რაც შეეხება თხევადი გაზის ჩამომსხმელ სვეტს (დისპენსერი), მათი დაშორების მანძილი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 9 მ-ს, რაც ასევე დაცულია. სპეციალისტების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის ორი შენიშვნა: 1. პროექტზე არ არის დატანილი თხევადი გაზის წნევის ამწევი მოწყობილობა (კომპრესორი ან ტუმბო); 2. არ არის დატანილი ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდრანტები (ს.ფ. ტ.1, 97-100); ზ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 7 ივნისის დასკვნის თანახმად, მანძილი ჩამოსასხმელი სვეტიდან ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №139-ში) მდებარე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის კედლამდე შეადგენს 25.5 მეტრს, ხოლო მანძილი ავზიდან ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №139-ში) მდებარე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის კედლამდე შეადგენს 21.8 მეტრს. მანძილები ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №141-ში) მდებარე გაზგასამართი სადგურის კომპლექსის ჩამოსასხმელი სვეტიდან და ავზიდან და ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ფაქტიურად №139-ში) მდებარე შენობა-ნაგებობის კედლებს შორის არ შეესაბამება „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანების დანართ №5-ში განსაზღვრულ ნორმებს (ტ.1, ს.ფ. 365-372).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად (როგორც სადავო აქტის გამოცემის პერიოდში, ასევე დღეისათვის მოქმედი რედაქციით), მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა.

საქართველოს კანონის ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’’ მე-100 მუხლის შესაბამისად, მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანო არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 30-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე მშენებლობის ნებართვის რეგულირებას ახორციელებენ შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ როგორც სადავო პერიოდში, ასევე დღეისათვის მოქმედი, საკანონმდებლო ნორმებით მშენებლობის ნებართვის გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებაა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ხოლო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანების კანონიერება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე შპს „I...-ის“ კერძო საკუთრებაში არსებული თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა 2018 წლის მარტის ჩათვლით.

სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა; ხოლო ამავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა.

დადგენილია, რომ 2017 წლის 23 მარტს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მიმართა შპს „I...-ის“ მინდობილმა პირმა საზოგადოების კერძო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების თაობაზე. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შემდეგ, 2017 წლის 16 მაისის ბრძანებით ასევე დამტკიცდა თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით კომპანიის მიერ წარდგენილი იყო შპს „...ს“ მიერ მომზადებული ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტი.

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 30 მაისით დათარიღებული (ანუ მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ მომზადებული) შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) მიერ ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში მდებარე მშენებარე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტზე მომზადებული საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ამავე მისამართზე მდებარე მშენებარე თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტი შესრულებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტის (...ის სახანძრო და სამაშველო სამსახური) მოთხოვნების შესაბამისად. პროექტი შეფასებულია დადებითად და დასკვნაში მოცემული ორი შენიშვნის გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელია მასში აღწერილი სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ თხევადი გაზის შესანახი მიწისქვეშა რეზერვუარის და ჩამომსხმელი სვეტიდან რეგლამენტირებული მანძილი უახლოეს შენობა-ნაგებობამდე, რომელიც არ განეკუთვნება თხევადი გაზის სადგურს, შემუშავებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკურ რეგლამენტზე დაყრდნობით, სადაც 4-60 ტ-მდე ჭურჭლის განთავსება სადგურს გარეთ მდებარე მშენებარე შენობებამდე დასაშვებია 15 მ-ის მანძილზე. პროექტზე აღნიშნული დაშორება შეადგენს 20 მ-ს. რაც შეეხება თხევადი გაზის ჩამომსხმელ სვეტს (დისპენსერი), მათი დაშორების მანძილი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 9 მ-ს, რაც ასევე დაცულია. სპეციალისტების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის ორი შენიშვნა: 1. პროექტზე არ არის დატანილი თხევადი გაზის წნევის ამწევი მოწყობილობა (კომპრესორი ან ტუმბო); 2. არ არის დატანილი ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდრანტები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების საფუძველზე საქართველოში სამოქმედოდ იქნა დაშვებული დადგენილების დანართით განსაზღვრული ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები, რომელთა შორის არის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

,,ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, ავტოგასამართი სადგურის დაპროექტების დროს მინიმალური მანძილები მიწისქვეშა და მიწისზედა რეზერვუარების მქონე ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ შენობებსა და ნაგებობებს შორის, ხოლო მინიმალური მანძილები ავტოგასამართი სადგურიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნება ავტოგასამართ სადგურს განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაინტერესებული პირი უფლებამოსილი იყო ესარგებლა ზემოაღნიშნული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის ნორმატიული აქტით და წარედგინა მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის №50 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნის რეგლამენტის დაცვით შედგენილი მშენებლობის პროექტი, თუმცა ეს არ გამორიცხავდა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულებას, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქმეში წარმოდგენილია ...ის სახანძრო და სამაშველო სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რეგლამენტი (საინფორმაციო ფურცელი - FS – INF006) (ბენზინგასამართი სადგურები, ავტოგაზი, ავტომობილების საწვავით შევსების მოწყობილობები) (ტ. 1, ს.ფ 202-213), რომლითაც იხელმძღვანელა კომპანიამ თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტის მომზადებისას. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, საინფორმაციო ფურცლის მიზანია ცნოს (აღიაროს) სტანდარტები, რომლებიც ეხება ავტოგაზის მოწყობილობებით აღჭურვილ ბენზინგასამართ სადგურებს. საინფორმაციო ფურცლის 1-ლი ცხრილით დადგენილია დაშორებები შენობებიდან, საზღვრებიდან და ცეცხლის წყაროებიდან, ხოლო მე-2 ცხრილში აღნიშნულია ბენზინგასამართი სადგურები - მინიმალური დაშორების მანძილები. დგინდება, რომ 4-60 ტ-მდე ტევადობის ცისტერნის მინიმალური დაშორების მანძილი შენობებიდან, საზღვრებიდან, ღობეებიდან ან აალების ფიქსირებული წყაროებიდან შეადგენს 15 მ-ს, ხოლო 6.4 პუნქტის თანახმად, დისპენსერები უნდა იყვნენ მოშორებული საცხოვრებელი შენობებიდან სულ მცირე 9 მეტრით ან 6 მეტრით ნებისმიერი სხვა სახის დაკავებული შენობებიდან, როცა ამ შენობების ღიობები სათანადოდაა დაცული.

მიუხედავად იმისა, რომ შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) საექსპერტო დასკვნის თანახმად, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტის (...ის სახანძრო და სამაშველო სამსახური) მოთხოვნების შესაბამისად შესრულებული თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტი შეფასებულია დადებითად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რეგლამენტის გადასინჯვის თარიღია 2009 წლის იანვარი, ხოლო შემდეგი გადასინჯვის თარიღია 2010 წლის იანვარი. ანუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია ნებართვის გაცემის დროისათვის, კერძოდ, 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით იყო თუ არა ეს რეგლამენტი მოქმედი და ხომ არ იყო გადასინჯვის შედეგად მასში ისეთი სახის ცვლილებები განხორციელებული, რაც თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტს შეუსაბამოს გახდიდა მოთხოვნებთან. ასევე, არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თუ რამდენად შეესაბამება თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს სრულად. აღნიშნული საკითხის კვლევა მნიშვნელოვანია, რამდენადაც შეუძლებელია განხორციელდეს მშენებლობის ნებართვის გაცემა ისეთ პირობებში, როდესაც პროექტი რეგლამენტთან შესაბამისობაშია მხოლოდ ნაწილობრივ, მაგალითად, მინიმალური დაშორების მანძილის დაცვა აზრს კარგავს, თუ პროექტი შესაბამისობაში არ იქნება რეგლამენტის სხვა მოთხოვნებთან. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, შპს „გ...ის“ დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზა გაიარა პროექტის ტექნოლოგიურმა ნაწილმა, თუმცა დასაბუთება იმდენად მწირია, რომ შეუძლებელია დასკვნის ერთმნიშვნელოვნად გაზიარება. ამ მხრივ საყურადღებოა, რომ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკურ რეგლამენტზე მითითებას არ იძლევა არც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 7 აგვისტოს დასკვნა და მასში აღნიშულია, რომ ექსპერტმა გამოიყენა შემდეგი ლიტერატურა (სტანდარტები, რეგლამენტები) - ა) პნ 01.01.-09 - სეისმომედეგი მშენებლობა; ბ) CHиП 2.03.01-84 - რკინაბეტონის კონსტრუქციები; გ) CHиП II-7-81* - მშენებლობა სეისმურ რაიონებში.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია იმსჯელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითებაზე იმის შესახებ, რომ „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებას არ ჰქონდა იურიდიული ძალა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით (იურიდიული ძალა არა აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებული საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი გამოცხადებული ძალადაკარგულად), ვინაიდან, ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც 2008 წლის 08 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის №1-1/2935 ბრძანება, ძალადაკარგულია „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით (2010 წლის 04 აგვისტო ).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოდასახელებული ბრძანება მიღებულია 2008 წლის 8 დეკემბერს „საშიში საწარმოო ობიექტების უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო აქტი ძალადაკარგულია 2010 წლის 4 აგვისტოს №2911 საქართველოს კანონით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანებას ძალა არ დაუკარგავს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 მარტის №1-1/362 ბრძანებით განხორციელებული ცვლილების შედეგად №1-1/2935 ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:”. გათვალისწინებით იმისა, რომ 2012 წლის 5 აგვისტოს N6157 კანონით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონი, №1-1/2935 ბრძანებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 14 სექტემბრის №1-1/1817 ბრძანებით კვლავ განხორციელდა ცვლილება და პრეამბულა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-15 ნაწილის შესაბამისად, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:” საბოლოოდ, №1-1/2935 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 10/17/2019 №1-1/501 ბრძანებით. შესაბამისად, 2017 წლის 16 მაისის მდგომარეობით, ანუ როდესაც ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსცა №39 351 ბრძანება ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში შპს „I...-ის“ თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება მოქმედებდა და დაუსაბუთებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მითითება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ სადავო ბრძანების გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოში ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი არ ყოფილა, თუმცა სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია სადავო აქტის კანონშესაბამისობის კვლევის მიზნით ყურადღება გაამახვილოს იმ საექსპერტო დასკვნებზე, რომლებიც შედგენილია გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის შემდეგ და იძლევა საშუალებას შეფასდეს რამდენად სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 16 მაისის ბრძანების გამოცემის დროს.

დადგენილია, რომ შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) საექსპერტო დასკვნაში დაფიქსირდა შემდეგი სახის ორი შენიშვნა: 1. პროექტზე არ არის დატანილი თხევადი გაზის წნევის ამწევი მოწყობილობა (კომპრესორი ან ტუმბო); 2. არ არის დატანილი ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდრანტები.

სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად: (2) სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასების მიზანია მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების და შენობა-ნაგებობების მშენებლობის განხორციელების ეტაპების შეფასება საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს უზრუნველყოფისათვის; (3) სამშენებლო საქმიანობაში საექსპერტო შეფასება წარმოადგენს კანონმდებლობასთან, მათ შორის, ამ დადგენილებასთან და სამშენებლო რეგლამენტებთან შესაბამისობის დადასტურებას. ამავე დადგენილების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საექსპერტო შეფასება ატარებდეს ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით ხასიათს.

განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) საექსპერტო დასკვნაში დაფიქსირდა ორი სახის შენიშვნა, ანუ დასკვნა ერთმნიშვნელოვნად დადებით ხასიათს არ ატარებს. მართალია, აღნიშნული დასკვნა გასაჩივრებული ბრძანების გამოცემის დროს ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ იყო, თუმცა ფაქტია, რომ ამ დასკვნამ გამოავლინა ხარვეზები თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტში, ეს კი ცალსახად მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის არასწორი შეფასება მისცა პროექტს და გასცა მშენებლობის ნებართვა.

შპს „I...-ის“ მიერ წარდგენილი თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტი, რომ საჭიროებდა დამატებით გამოკვლევას, დადასტურდა თავად ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 13 ივნისის №39 441 მშენებლობის ნებართვის შეჩერებისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბრძანებით, რომლითაც შეჩერებულ იქნა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის ბრძანება №39 351 შპს „I...-ისათვის“ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ და დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნის მისაღებად.

მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „...ს“ მიერ მომზადებული ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში თხევადი გაზის სატუმბი სადგურის პროექტის კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია ხარვეზებით და მოითხოვს კორექტირებას, კვლევაში მოცემული შენიშვნების მიხედვით. ამავე დასკვნის გამოკვლევითი ნაწილიდან დგინდება, რომ ექსპერტს პროექტის მიმართ გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: განმარტებით ბარათში არ არის მოცემული სამშენებლო მოედნის კლიმატური პირობები, ტერიტორიის სეისმურობა, ასევე არ არის წარმოდგენილი გეოლოგიური კვლევის შედეგები და განმარტება - რა გრუნტზე ხდება საპროექტო შენობების დაფუძნება; კონსტრუქციულ ნაწილში მოცემული უნდა იყოს 0.00 ნიშნულის შესაბამისი აბსოლუტური ნიშნული; ფურცელი 10, ელემენტი 1 უნდა დაარმირდეს მიღებული წესით და პნ ... მოთხოვნების გათვალისწინებით; ფურცელი 11, ფილის კონფიგურაციიდან გამომდინარე აუცილებელია ჭრილის გარდა მოცემული იყოს ფილის არმირების გეგმა, ზედა და ქვედა არმატურის ბადეების ჩვენებით, დასამატებელია სამონტაჟო არმატურაც; ფურცელი 12 სვეტებში მიღებული საკიდების ბიჯი ზედა და ქვედა საყრდენებზე შესამცირებელია; საძირკვლის ფილებში (ელემენტი 4 და 5) დასამატებელია გვერდითი დასაანკერებელი ვერტიკალური ჩანგლები არმატურის პირგადადების წესების დაცვით; სველი წერტილის შენობა: შენობის კუთხეებში დასამატებელია რკინაბეტონის გულარები, მზიდი კედლების გადაკვეთებში კედლების წყობა გასაძლიერებელია ბადეებით, ზღუდარები დასამატებელია, საძირკვლების ჩაღრმავება უნდა დაზუსტდეს გეოლოგიური მონაცემების საფუძველზე. რეზერვუარის ნახაზი ესკიზურად არის წარმოდგენილი და არ განიხილება.

საქმეში წარმოდგენილია ხონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 21 დეკემბრის №39 1398 ბრძანება, რომლითაც ირკვევა, რომ ვინაიდან გამოსწორდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ყველა ხარვეზი, განახლდა ქ. ხონში, ...ას ქ. №...-ში თხევადი გაზის სატუმბი სადგურის მშენებლობა (ტ.1. ს.ფ. 186). მართალია, აღნიშნული ბრძანების თანახმად, მშენებლობა გაგრძელდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ კვლავ გამოუკვლეველი დარჩა რამდენად იყო ძალაში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტით (...ის სახანძრო და სამაშველო სამსახური) გათვალისწინებული სტანდარტები, კერძოდ, მისი ის რედაქცია, რომელსაც ეყრდნობა შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) საექსპერტო დასკვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ...ის სახანძრო და სამაშველო სამსახურის საინფორმაციო ფურცლის (ბენზინგასამართი სადგურები, ავტოგაზი, ავტომობილების საწვავით შევსების მოწყობილობები) გადასინჯვის თარიღად მითითებულია 2009 წლის იანვარი, შემდეგი გადასინჯვის თარიღია 2010 წლის იანვარი. ყოველივე აღნიშნული კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.

ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში, გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ამ აქტის საფუძველზე მესამე პირმა შპს „I...-მა“ განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედებები (ობიექტის მშენებელობა), ამასთან, ვინაიდან სადავო აქტით არსებითად არ დარღვეულა და რეალური ზიანი არ მიდგომია მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის ბათილად ცნობისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წინაპირობები, რადგან რიგ შემთხვევებში ამგვარი აქტის კანონსაწინააღმდეგო ხასიათიც კი ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის საფუძველი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

სადავო საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაირკვეს, გასაჩივრებული აქტი ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, როგორ უნდა შემოწმდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის არსებობა, კერძოდ, თუ მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამდენად, შეფასების საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი კანონიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპებს შორის კონფლიქტი. ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპის მეშვეობით უნდა დადგინდეს, თუ რომელი პრინციპის დაცვა არის კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტული, რომელი პრინციპია აღმატებული ხარისხის და რომლის უზრუნველყოფა არის დაცვის ღირსი. სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერების პრინციპი პრიორიტეტულია კანონიერი ნდობის პრინციპთან მიმართებით, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამგვარი გარემოებების დადასტურების შემთხვევაში გადის აღმჭურველი აქტი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი უკანონო აქტების ფარგლებიდან, რამდენადაც ადგილი აქვს საჯარო ინტერესების არსებითად დარღვევას. ამასთან, არსებითი ხასიათის დარღვევა მაშინაა სახეზე, თუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელია მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერების შემოწმებისას მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა სახის ზიანი ადგება მოსარჩელეს. მიყენებული ზიანის მოცულობა უნდა შედარდეს წინამდებარე დავაში მესამე პირის სახით მონაწილე შპს „I...-ისათვის“ მიყენებული ზიანის მოცულობასთან.

პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 ბრძანებით შპს „I...-ს“ აეკრძალა მშენებლობასთან დაკავშირებული რაიმე მოქმედების განხორციელება საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, თუმცა სამშენებლო სამუშაოების ჩატარება მაინც გაგრძელდა, რასაც მოჰყვა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 ოქტომბრის აქტი დაჯარიმების თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 170-171), რომლის თანახმად, მშენებლობა გრძელდებოდა თვითნებურად სანებართვო პირობების დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ვინაიდან შპს „I...-მა“ განახორციელა სამშენებლო სამუშაოები, ამ საფუძვლით მას შეიძლება კანონიერი ნდობა ჰქონდეს გასაჩივრებული აქტის მიმართ. რაც შეეხება, თუ რა სახის ზიანი ადგება მოსარჩელეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე სწორედ იმ გარემოებაზე მითითებით დავობს სასამართლოში, რომ თხევადი გაზის სატუმბი სადგური შენდება მისი სახლის მომიჯნავედ და დაცული არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული მანძილი ავტოგასამართ სადგურსა და მის საცხოვრებელ სახლს შორის, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერების პრინციპს უნდა მიენიჭოს პრიორიტეტული მნიშვნელობა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა მოსარჩელის კანონიერი უფლება იცხოვროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სზაკ-ის აღნიშნული დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. საკასაციო პალატის მითითებით, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული საკითხი მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად არ შეუსრულებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და ამ გარემოებათა შეფასების, ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ძალაში იყო თუ არა დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტექნიკური რეგლამენტი (...ის სახანძრო და სამაშველო სამსახური), მისი ის რედაქცია, რომელსაც ეყრდნობა შპს „გ...ის“ (A ტიპის ინსპექტირების ორგანო) საექსპერტო დასკვნა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ...ის სახანძრო და სამაშველო სამსახურის საინფორმაციო ფურცლის (ბენზინგასამართი სადგურები, ავტოგაზი, ავტომობილების საწვავით შევსების მოწყობილობები) გადასინჯვის თარიღად მითითებულია 2009 წლის იანვარი, შემდეგი გადასინჯვის თარიღია 2010 წლის იანვარი. ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპასუხემ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის, ძალაში მყოფი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები, მესამე პირის მიერ წარდგენილი პროექტის შესაბამისობა აღნიშნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნული გარემოება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქმნის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლებს.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ამდენად, სადავო საკითხის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის პირობებში, ხონის მუნიციპალიტეტის მერიას მ. უ-ეის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მ. უ-ეის მიერ საქალაქო (ტ.1. ს.ფ. 15-16), სააპელაციო (ტ.2. ს.ფ. 12) და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილით და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე და 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. უ-ეის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივნისის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. უ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 16 მაისის №39 351 ბრძანება და ხონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. მ. უ-ეის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

6. მოპასუხეს - ხონის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მ. უ-ეის სასარგებლოდ მ. უ-ეის მიერ საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 550 (100+150+300) (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე