№ბს-54(2კ-22) 11 მაისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები - ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2019 წლის 17 ივლისს გ. ე-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი რ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება; გ) ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილება, №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ე) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 31 დეკემბრის №... განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
სარჩელის თანახმად, ქ. გორისა და გორის რაიონის გამგეობის საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების კომისიის 1992 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით გორში, ...ის გზატკ. №...-ში არსებული ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ამავე ბინაში მცხოვრებ 18 მოქალაქისათვის 18-ადგილიანი ავტოფარეხის მშენებლობის მიზნით ფართის გამოყოფა, თითოეულზე 18-18 კვ.მეტრის ოდენობით. გაიცა მშენებლობის ნებართვაც, თუმცა მოსარჩელემ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ მოახდინა უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. 2018 წლის 31 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა გ. ე-ის წარმომადგენელმა მ. გ-ემ და მოითხოვა ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილზე, №...-ს მიმდებარედ მდებარე უძრავ ნივთზე (18 კვ.მ) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლინდა ზედდება და გაირკვა, რომ აღნიშნული ფართი რეგისტრირებული ჰქონდა რ. კ-ეს. ვინაიდან მხარეთა შორის მორიგება ვერ შედგა, მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა საჩივრით, თუმცა მას უარი უთხრეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. კ-ე.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ე-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - რ. კ-ე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება; 2. რ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ 2012 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება; 3. 2019 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილება №... ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ; 4. 2019 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ამავე გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალა, გ. ე-ის და რ. კ-ის მიერ წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, საკითხის ხელახლა განხილვისას შეისწავლოს მითითებულ უძრავ ქონებაზე უფლებადამდგენი დოკუმენტების - საკადასტრო მონაცემების სისწორე, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დასადგენად და მათი შესაბამისობა საქმეში არსებულ სხვა დოკუმენტებში ასახულ მონაცემებთან, ასევე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება თითოეული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ.
მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 2018 წლის 31 დეკემბრის №... განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა;
3. გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. კ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით რ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. კ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4.1. კასატორის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, 2012 წლის 30 მაისს გორის სარეგისტრაციო სამსახურის რეგისტრაციის შესახებ №... (30.05.2012) გადაწყვეტილებით, ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილის №...-ს მიმდებარედ არსებულ უძრავ ნივთზე (18 კვ.მ.), ... საკადასტრო კოდით დარეგისტრირდა რ. კ-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების სხდომის №25 ოქმი (გაფორმების თარიღი: 15.12.1992 წელი, გაცემული გორის რაიონის გამგეობის მიერ), №... ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი (გაფორმების თარიღი: 01.02.2012 წელი, დამოწმებული ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების შესახებ №1 ოქმი (გაფორმების თარიღი: 17.08.2011 წელი, დამოწმებული ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ, რეესტრის ნომერი ...) და №... სამკვიდრო მოწმობა (გაფორმების თარიღი 08.05.2012 წელი, დამოწმებული ნოტარიუს თ. მ-ის მიერ). ასევე მომზადდა შესაბამისი ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა.
რაც შეეხება გ. ე-ის №... განცხადების საფუძველზე დაწყებულ სარეგისტრაციო წარმოებას, 2019 წლის 3 იანვარს მომზადებული სიტუაციური ნახაზით დგინდება, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული (მესაკუთრე: რ. კ-ე) უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება. 2019 წლის 6 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, კერძოდ, კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ამასთან, მხარეთა შორის მედიაციაც ვერ შედგა. 2019 წლის 11 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა გ. ე-ის წარმომადგენლის მ. გ-ის №... ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... (06.06.2019) გადაწყვეტილების, ასევე რეგისტრაციის შესახებ N... (30.05.2012) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. №... ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების ფარგლებში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ N... (06.06.2019) გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო რეგისტრაციის შესახებ N... (30.05.2012) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სააგენტოს №... (14.06.2019) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელი სასამართლოს მითითება, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაცია განახორციელა მხოლოდ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, რაც იძლევა საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილობისა და გარემოებების ხელახლა მოკვლევის საფუძველს. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე, მხოლოდ იმ არგუმენტზე მითითებით, რომ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით ზედდება დგინდება სადავო უძრავ ნივთთან, მაშინ როცა, სასამართლომ ვერ მიუთითა ვერცერთი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთი უნდა მდებარეობდეს რ. კ-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. იმ პირობებში, როდესაც თავად დაინტერესებული პირია პასუხისმგებელი საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე, საფუძველს მოკლებულია მთელი პასუხისმგებლობის მარეგისტრირებელ ორგანოზე გადატანა, მითუმეტეს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო რეგისტრაციის დროიდან (30.05.2012) გასულია 8 წელზე მეტი, ხოლო მოსარჩელის სახელზე უფლება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული.
4.2. კასატორის - რ. კ-ის განმარტებით, იგი ფაქტობრივი ფლობით დაუფლებულია სადავო უძრავ ქონებას. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად მიიჩნია, რომ მხოლოდ სქემატური გეგმაზე აღნიშნული პირების თანმიმდევრობის მიხედვით უნდა მომხდარიყო რეგისტრაციის განხორციელება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორები - რ. კ-ე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სააპელაციო პალატის განჩინებას ასაჩივრებენ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. მოსარჩელეს არც გორის რაიონული და არც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებია. ამდენად, საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა იმსჯელოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე, სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილში.
დადგენილია, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა გ. ე-ის წარმომადგენელმა მ. გ-ემ და მოითხოვა ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილზე, №...-ს მიმდებარედ მდებარე უძრავ ნივთზე (18 კვ.მ) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 15-16, 124-134).
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 3 იანვარს მოამზადა სიტუაციური ნახაზი, რომლითაც სარეგისტრაციოდ წარდგენილ და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ზედდება (ტ.1. ს.ფ. 157-158).
დადგენილია, რომ ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილის №...-ს მიმდებარედ მდებარე 18,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ №...), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულია რ. კ-ის საკუთრების უფლება. უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 1992 წლის 15 დეკემბრის გორის რაიონის გამგეობის საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების სხდომის №25 ოქმი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი (რეესტრის ნომერი - ..., გაფორმების თარიღი: 01.02.2012წ., დამოწმებული ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ), ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების შესახებ №1 ოქმი (რეესტრის ნომერი №..., გაფორმების თარიღი: 17.08.2011 წელი, დამოწმებული ნოტარიუს ნ. ს-ის მიერ) და №... სამკვიდრო მოწმობა (გაფორმების თარიღი: 08.05.2012 წელი, დამოწმებული ნოტარიუს თ. მ-ის მიერ), უფლების რეგისტრაციის თარიღი 2012 წლის 30 მაისი (ტ.1. ს.ფ. 34-36, 37-37-38, 68-69, 240-274).
საქმეში წარმოდგენილია, 1992 წლის 15 დეკემბრის გორის რაიონის გამგეობის საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების №25 სხდომის ოქმი, რომლის თანახმად, გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია ქ. გორში, ...ის გზატკ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდეს 18 ადგილიანი ავტოფარეხის ნაგებობა ამავე სახლში მცხოვრები 18 მოქალაქისათვის თითოეულზე 18-18 კვ. მეტრის ოდენობით. ამავე ოქმში მითითებულია იმ 18 პირის ვინაობა ვისაც ავტოფარეხის მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი, მათ შორის არიან, (7) კოლია კილაბერიძე და (6) გ. ე-ი (ტ.1. ს.ფ. 39-42). გორის არქიტექტურისა და მშენებლობის საწარმოოს ჯგუფის მიერ შედგენილია, ქ. გორში, ...ის გზ. №...-ს გარაჟების პროექტი, რომელიც შეთანხმებულია მთავარ არქიტექტორთან 2001 წლის 21 ოქტომბერს. პროექტის მიხედვით, განაწილებულ გარაჟებს აწერია მფლობელთა სახელები, რომლის რიგითობა ემთხვევა 1992 წლის 15 დეკემბრის გორის რაიონის გამგეობის საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების სხდომის №25 ოქმის განაწილების სიას (ტ.1. ს.ფ. 39-42, 93-95, 44-47, 144-147, 155, 301-305).
საქმეში წარმოდგენილი, გორის რაიონის გამგეობის მიერ ქ. გორში, ...ის გზატკ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებთათვის ავტოფარეხის აშენების მიზნით გამოყოფილი ფართების განაწილების სია, რომელიც თანხვედრაშია ავტოფარეხის პროექტზე დატანილ სიასთან, კერძოდ, სიაში მოქალაქეთა სახელები დატანილია შემდეგი თანმიმდევრობით: მ., ჯ., ნ., ვ., პ., გ., კ., ლ., დ., ჯ., გ., თ., დ., მა., ნა., ს., ლი., ი. (ჩამონათვალი ემთხვევა ქ. გორისა და გორის რაიონის გამგეობის საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების 1992 წლის 15 დეკემბრის №25 ოქმში ჩამოთვლილ სახელებს ჩამოთვლილი თანმიმდევრობით).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. კ-ის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გვერდით მდებარეობს №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე 2012 წლის 2 მაისის მდგომარეობით არის პ. ხ-ი, უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია გორისა და გორის რაიონის გამგეობის საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების კომისიის სხდომის ოქმი №25, დამოწმების თარიღი 1992 წლის 15 დეკემბერი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი №..., დამოწმების თარიღი - 01.02.212წ., ოქმი №1 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების შესახებ №..., დამოწმების თარიღი - 17.08.2011წ (ტ.1. ს.ფ. 13-14).
2018 წლის 6 ივნისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია, კერძოდ, კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ამასთან, მხარეთა შორის მედიაციაც ვერ შედგა (ტ.1. ს.ფ. 18).
გ. ე-ის წარმომადგენლის მ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივართან დაკავშირებით (ს.ფ. 20-23) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ იმსჯელა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... (06.06.2019წ.) გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო რეგისტრაციის შესახებ №... (30.05.2012წ.) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, სააგენტოს №... (14.06.2019წ.) გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე (ტ.1. ს.ფ. 26-27, 28-33).
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედი, „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი; ამავე ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადასტრო აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ნივთის მესაკუთრეს.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მიწის ნაკვეთის მდებარეობის, კონფიგურაციის (ფორმის) და საზღვრების შესახებ ინფორმაციას იძლევა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელსაც მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს დაინტერესებული პირი და მის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად მის წარმდგენს (მესაკუთრეს), თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მარეგისტრირებელი ორგანოს ვალდებულებას მოახდინოს სააგენტოში დაცული ინფორმაციის სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტაციასთან შედარება.
მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ გ. ე-ი და რ. კ-ე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად იყენებენ ერთსა და იმავე დოკუმენტებს, მათ შორის, ქ. გორისა და გორის რაიონის გამგეობის საბინაო და ადმინისტრაციული საკითხების 1992 წლის 15 დეკემბრის №25 ოქმს, რომელშიც ჩამოთვლილია იმ 18 პირის ვინაობა, რომლებსაც გამოეყოთ ავტოფარეხის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ რ. კ-ეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ჰქონდა, როგორც ზემოაღნიშნული დოკუმენტი, ასევე ავტოფარეხის მშენებლობისათვის შედგენილი პროექტი, სადაც, გარდა იმისა, რომ მითითებულია ყველა ის პირი, ვისაც მიწის ნაკვეთი გამოეყო, ასევე მითითებულია გამოყოფილი მიწის ნაკვეთების განაწილების თანმიმდევრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2012 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია გამგეობის მიერ ავტოფარეხების მოქალაქეებზე განაწილების სია, ასევე ავტოფარეხების პროექტი, რომელიც ემთხვევა განაწილების სიას და მასზე დატანილია, სიაში მყოფთა სახელები. მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა დაადგინა მხოლოდ წარდგენილი საკადასტრო ნახაზის საფუძველზე იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციიდანაც კი ნათელი იყო, რომ პ. ხ-ის ქონების გვერდით პროექტის მიხედვით, ვერ დარეგისტრირდებოდა რ. კ-ის საკუთრების უფლება, რამდენადაც პროექტის მიხედვით, მათ შორის უნდა ყოფილიყო გ. ე-ის ავტოფარეხი. ამდენად, საკითხზე ხელახალი მსჯელობისას მარეგისტრირებელმა ორგანომ უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ აქტის გამოცემამდე უნდა გამოიკვლიოს, თუ ვისი საკუთრების უფლება ვრცელდება სადავო უძრავ ქონებაზე, შეაფასოს გ. ე-ისა და რ. კ-ის წარდგენილი დოკუმენტაცია, ავტოფარეხების შეთანხმებული პროექტი, სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები (მოსარგებლეები), გეოგრაფიული მდებარეობა და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება სადავო უძრავ ქონებაზე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 ივნისის №... გადაწყვეტილება და სადავო უძრავი ქონების რ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 30 მაისის №... გადაწყვეტილება. შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ივლისის №... გადაწყვეტილება.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
რაც შეეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილებას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 29.3 მუხლთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის №ბს-1695-1651(კ-10) გადაწყვეტილებასა და 2015 წლის 14 ივლისის №ბს-408-403(2კ-14) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეებზე გაკეთებული განმარტებებით, საკასაციო სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების (მათ შორის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების) კონტროლის/გადამოწმების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმების მიზნით მიმართოს როგორც მარეგისტრირებელ ორგანოს, ასევე სასამართლოს. სადავო ნორმა და მასში რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების შემოწმების დაქვემდებარება სასამართლოსადმი, მარეგისტრირებელ ორგანოს არ უზღუდავს ამგვარ აქტზე წარდგენილი საჩივრის განხილვის უფლებას. სასამართლოს მითითებით ის გარემოება, თუ რომელი ორგანო შეისწავლის რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერების საკითხს, დამოკიდებულია დაინტერესებული მხარის გადაწყვეტილებაზე. საჩივრით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის პირობებში, აღნიშნული ორგანო ვალდებული ხდება განიხილოს, არსებითად იმსჯელოს და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო სასამართლოში მომართვის შემთხვევაში, ასეთი ვალდებულება წარმოეშვება სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო კვლავაც ადასტურებს, რომ სასამართლოს კომპეტენციის არსებობა რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებასთან მიმართებაში, არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, შეისწავლოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე დაუშვებელია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ივნისის №... გადაწყვეტილების ნაწილშიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრებზე 11.02.2022წ. №0 საგადასახადო დავალებითა და №03821 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300-300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რ. კ-ესა (პ/ნ ...) და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210-210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. კ-ისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. რ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.02.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 17 თებერვალს №03821 სახადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე