Facebook Twitter

№ბს-280(კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. შ-ა, ე. ლ-ე, ნ. შ-ა, ნუ. შ-ა, ფ. ფ-ი, ა. შ-ა, ე. შ-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ჯ. შ-ამ 2019 წლის 31 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2265/ო ბრძანება; ბ) სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალოს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის თანახმად, ჯ. შ-ა არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. 2019 წელს მან განაცხადით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა 7 პირზე ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით (ოთხოთახიანი ბინით) უზრუნველყოფა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2265/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) ჯ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება კანონშეუსაბამო და დაუსაბუთებელია, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/10187-19, მოსარჩელე - ჯ. შ-ა, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის სხდომაზე დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე, კერძოდ, მოსარჩელეებად განისაზღვრნენ ჯ. შ-ა, ე. ლ-ე, ნ. შ-ა, ნუ. შ-ა, ფ. ფ-ი, ა. შ-ა და ე. შ-ა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ას, ე. ლ-ის, ნ. შ-ას, ნუ. შ-ას, ფ. ფ-ის, ა. შ-ასა და ე. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. შ-ას, ე. ლ-ის, ნ. შ-ას, ნუ. შ-ას, ფ. ფ-ის, ა. შ-ასა და ე. შ-ას მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. შ-ას, ე. ლ-ის, ნ. შ-ას, ნუ. შ-ას, ფ. ფ-ის, ა. შ-ასა და ე. შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ჯ. შ-ას, ე. ლ-ის, ნ. შ-ას, ნუ. შ-ას, ფ. ფ-ის, ა. შ-ასა და ე. შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2265/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჯ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: მეუღლე - ე. ლ-ე, შვილები - ნ. შ-ა და ნუ. შ-ა, რძალი - ფ. ფ-ი და შვილიშვილები - ა. შ-ა და ე. შ-ა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელა ქ. თბილისში საცხოვრებელი ბინის, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის - დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილების თაობაზე. 23 ოთხოთახიანი ბინის განაწილების მიზნით განხორციელდა 79 განცხადების მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 5 და მეტი ქულა. ჯ. შ-ას ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 10,5 ქულა, თუმცა აღნიშნული ოქმითა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის განაწილებაზე იმ მოტივით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

პალატამ მიუთითა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით, ამ წესის შესაბამისად არ განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილებოდა იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.

პალატის განმარტებით, როგორც ადმინისტრაციულმა ორგანო, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ჯ. შ-ას მეუღლემ, ე. ლ-ემ, 2014 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ა-ას სახელზე გაასხვისა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ...ის დასახლება, ...ი, მე-3 კვარტალი, მე-8 კორპ., ბინა №34, წილი - ....

პალატის განმარტებით, 2015 წლის 17 თებერვალს ჯ. შ-ამ ... განცხადებაში, რომლითაც ითხოვდა საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებლად მიუთითა, თბილისი, ...ის ქ. 25, ბინა №34. ამავე განცხადებით დადგენილი იყო, რომ ოჯახის თვიურ ხარჯში გათვალისწინებული იყო 350 ლარი ბინის ქირის სახით. 2015 წლის 17 თებერვალს ნუ. შ-ამ TS -... განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ფაქტობრივ მისამართად მიუთითა ...ის I მ/რ, კ. 10, ბ. 10 (ქირა), ამავე განცხადებაზე თანდართული კითხვარის თანახმად, ქირის საფასური შეადგენდა 300 ლარს (მშობლები იხდიან ქირას).

2016 წლის 28 თებერვალს ე. ლ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, განცხადებაში დროებით საცხოვრებელ ადგილად მიუთითა ...ი, ...ის ქ. 25, ბინა №34 და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის მის ოჯახს მიმართული ჰქონდა ჯ. შ-ასა და ნუ. შ-ას აპლიკაციების გაერთიანების თაობაზე და ითხოვა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რამდენადაც შვიდსულიან ოჯახს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს, უწევდა ერთ სახლში ქირით ცხოვრება. საქმის მასალებში ასევე წარმოდგენილია ნ. ა-ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №25, ბინა №34, ნამდვილად ცხოვრობს ჯ. შ-ა, დაბ. ..., თავის შვიდსულიან ოჯახთან ერთად და ქირის სახით იხდის 350 ლარს. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 30 მარტის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, დგინდებოდა, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №25, კორპუსი №8, ბინა №34-ში, აღნიშნულ მისამართზე სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ გამოცხადდა ნ. შ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახის დანარჩენი წევრები წასულები იყვნენ სამძიმარზე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ლ-ის მიერ საცხოვრებელი ფართი ნ. ა-აზე გასხვისებული იყო არათუ აპელანტების განცხადების განხილვამდე, არამედ აღნიშნული განცხადების წარდგენამდე. საქმის მასალებში წარმოდგენილი დოკუმენტებით კი დასტურდებოდა, რომ ჯ. შ-ას შვიდსულიანი ოჯახი (მათ შორის 2 არასრულწლოვანი) განცხადების წარდგენისა და განხილვის დროისათვის ცხოვრობდა ქირით. გარდა ამისა, პალატამ ყურადღება მიაქცია პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის - ზ. ლ-ის ახსნა-განმარტებას, რომელმაც განმარტა, რომ მოსარჩელის მეუღლემ - ე. ლ-ემ ზემოთ მითითებული უძრავი ქონება შეიძინა ზ. ლ-ის დის სახსრებით და მის სასარგებლოდ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებთან მიმართებით არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება, რამდენადაც მოსარჩელეებს არც განცხადების წარდგენის და არც მისი განხილვის დროისათვის საკუთარი სახსრებით შეძენილი საცხოვრებელი ფართი არ გააჩნდათ.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, ამავე კონვენციის მე-3 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე მითითებით პალატამ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების - ა. და ე. შ-ას ინტერესები არ ყოფილა გათვალისწინებული არც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას. შესაბამისად, არსებობდა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, ჯ. შ-ას მეუღლემ - ე. ლ-ემ 2014 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ა-აზე (ე. ლ-ის დის რძალზე) გაასხვისა მის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება, ...ი, მე-3 კვარტალი, მე-8 კორპ., ბინა №34. საქალაქო სასამართლომ სწორად გამოიყენა ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი მინისტრის №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი N1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც (უშუალოდ დევნილმა ან მისმა ოჯახის წევრმა) საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, რაც ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ასეთი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები და მდგომარეობა განსხვავებულია იმ დევნილი ოჯახებისგან, რომელთაც არ აქვთ და არ ჰქონიათ საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა.

სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ე. ლ-ემ საკუთრება გაასხვისა განაცხადის წარდგენამდე, მაგრამ არასწორი შეფასება მისცა აღნიშნულ ფაქტს, რადგან სწორედ ქონების გასხვისების შემდეგ აკეთებს ხოლმე განაცხადს დევნილი ოჯახი, რათა შემდეგ მის განაცხადს საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხის განხილვისას დაბრკოლება არ შეექმნას და შეფასდეს დადგენილი წესით. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის განაცხადი შეფასდებოდა 0 ქულით და საერთოდ არ დაექვემდებარებოდა არც მონიტორინგს და, შესაბამისად, არც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია არ განიხილავდა მას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ჯ. შ-ამ 2015 წლის 17 თებერვალს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. განაცხადის დამუშავების შედეგად მან მოიპოვა 10.5 ქულა: საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები, 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,,შშმპ’’, მნიშვნელოვნად გამოხატული - 1.5 ქულა; ომში დაღუპული წევრი/წევრები, გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში - 3 ქულა. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს: მეუღლე, ორი შვილი, ორი შვილიშვილი. განაცხადს აკეთებს მათთან და არადევნილ რძალთან, ფ. ფ-თან ერთად. განაცხადს ასევე დაემატა შვილიშვილი - ე. შ-ა. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში არ ფიქსირდება. განცხადების საფუძველზე გაერთიანდა ჯ. შ-ას და შვილის - ნუ. შ-ას განაცხადები. ე. ლ-ე 2014 წლამდე ფლობდა საკუთრებას, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის დასახლება ...ი, მე-3 კვარტალი, კორპ. №8, ბინა №34, რომელიც 2014 წლის 13 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა ნ. ა-ას.

2019 წლის 10 ივნისს მოსარჩელის მისამართზე: ქ. თბილისი, ...ი 3, მე-4 მ/რ, კორპ. №410, ბინა №14 განხორციელდა მონიტორინგი. აღნიშნულ მისამართზე განმცხადებლის ოჯახი ცხოვრობს 2018 წლიდან ქირით, ი. რ-ის საკუთრებაში. 2016-2018 წლებში ცხოვრობდნენ ასევე ქირით, მისამართზე: თბილისი, ...ი 3, მე-3 მ/რ კორპ. №325ა, ბინა №34. განმცხადებელი და მისი მეუღლე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 1987 წლიდან. ე. ლ-ეს ჰყავს 3 და: ზ. ლ-ე, რომელიც ცხოვრობს თბილისში (სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ფართში); ც. ლ-ე, რომელიც ასევე ცხოვრობს ოჯახთან ერთად სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ფართში და თ. ლ-ე, რუსეთის მოქალაქე, ცხოვრობს ოჯახთან ერთად რუსეთში. განმცხადებლის შვილს, ნუ. შ-ას, ჰყავს მეუღლე ფ. ფ-ი, რომლის მშობლები ცხოვრობენ ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1590 ლარს.

დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგის სამსახური იმყოფებოდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ი 3, მე-3 კვ. ბინა №34 (...ის ქუჩა), სადაც დახვდათ დ. ნ-ი. ამ უკანასკნელის განმარტებით, 1 წელია ცხოვრობს ქირით აღნიშნულ მისამართზე და ქირას 500 ლარის ოდენობით უხდის განმცხადებლის მეუღლის დას, ზ. ლ-ეს. იგი აღნიშნულ უბანში ცხოვრობს 20 წელია, ხოლო ჯ. შ-ა ამავე მისამართზე ოჯახთან ერთად გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა. იგი იცნობს ე. ლ-ესაც, ვინაიდან, როდესაც ეძებდა ბინას, ადგილზე დახვდა ე. ლ-ე და სწორედ მან მიაქირავა ბინა.

მონიტორინგის მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას, რომელმაც 2019 წლის 10 ოქტომბერს იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა მოსარჩელისათვის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მოსარჩელის ოჯახის ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, კერძოდ, განმცხადებელი ჯ. შ-ა რეალურად ფლობს საკუთრებას, რომელიც 2014 წლამდე რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის - ე. ლ-ის სახელზე, ხოლო შემდგომ მან ბინა გადააფორმა დის - ზ. ლ-ის რძლის - ნ. ა-ას სახელზე. მანვე, შემდგომში ბინა გააქირავა დ. ნ-ზე, რაც დასტურდება მონიტორინგის მასალების მიხედვით. აღნიშნულ ფაქტს თავად დ. ნ-იც ადასტურებს მონიტორინგის სამსახურთან გასაუბრების შედეგად, სადაც იგი განმარტავს, რომ მან რეალურად სახლი იქირავა ჯ. შ-ას მეუღლის - ე. ლ-ისგან.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის შესახებ“ 2013 წლის 9 აგვისტოს ბრძანების მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. ვინაიდან, აღნიშნულ შემთხვევაში არ დადგინდა მოსარჩელის ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა, კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების მიღებისას (ოქმი №39) იმოქმედა ბრძანებისა და ზოგადად, კანონმდებლობის შესაბამისად. ის ფაქტი, რომ ოჯახი სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებელია, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ამ შემთხვევაში ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება, დაელოდონ თავიანთ რიგს და რიგითობის გათვალისწინებით მიიღონ საცხოვრებელი ფართი. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება არასრულწლოვანთა უფლებების გაუთვალისწინებლობის თაობაზე, რადგან აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულია ქულათა შეფასებისას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტსა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობები. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“ (ძალადაკარგულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 04/08/2021 №01-30/ნ ბრძანებით). აღნიშნული წესის დანართი №1-ის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ამავე წესის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა.

ზემოაღნიშნული 09.08.2013წ. №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებულია „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემულია ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 1.5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ. შ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და მისი ოჯახი წევრები არიან: მეუღლე - ე. ლ-ე, შვილები - ნ. შ-ა და ნუ. შ-ა, რძალი - ფ. ფ-ი და შვილიშვილები - ა. შ-ა და ე. შ-ა.

ჯ. შ-ას ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 10.5 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ქირა - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები (ოჯახის 2 წევრი) – 1 ქულა; შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული - 2 ქულა; გორგასლის III ხარისხის ორდენი - 1.5 ქულა; ომის ვეტერანი - 1.5 ქულა, ომში დაღუპული ოჯახის წევრი - 3 ქულა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელა ქ. თბილისში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის - დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილების თაობაზე. 23 ოთხოთახიანი ბინის განაწილების მიზნით განხორციელდა 79 განცხადების მონიტორინგი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 5 და მეტი ქულა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 25 ნოემბრის №04-2265/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №39) ჯ. შ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

2015 წლის 17 თებერვალს ჯ. შ-ამ ... განცხადებაში, რომლითაც ითხოვდა საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებლად მიუთითა, თბილისი, ...ის ქ. 25, ბინა № 34. ამავე განცხადების თანახმად, ოჯახის თვიურ ხარჯში გათვალისწინებული იყო 350 ლარი ბინის ქირის სახით. 2015 წლის 17 თებერვალს ნუ. შ-ამ ... განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ფაქტობრივ მისამართად მიუთითა: ...ის I მ/რ, კ. 10, ბ.10 (ქირით), ამავე განცხადებაზე თანდართული კითხვარის თანახმად, ქირის საფასური შეადგენდა 300 ლარს (მშობლები იხდიან ქირას).

ე. ლ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და მოითხოვა, რომ მისი მეუღლის, ჯ. შ-ას სახელზე შევსებული განაცხადი გაეერთიანებინათ მისი შვილის ნუ. შ-ას განაცხადთან ერთად.

2014 წლის 13 ოქტომბერს ე. ლ-ესა და ნ. ა-ას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ნ. ა-ას საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დასახლება ...ი, მასივი III, კვარტალი III, კორპუსი №8, ბინა №34. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 18 თებერვლის სანოტარო წესით დამოწმებული ნ. ა-ას განცხადება, რომლითაც მან დაადასტურა, რომ მის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №25 ბინა №34 ნამდვილად ცხოვრობდა ჯ. შ-ა ოჯახთან ერთად (7 სული) და ქირის სახით უხდიდა 350 ლარს.

საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 30 მარტის ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების’’ ოქმით დგინდება, რომ მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №25, კორპუსი №8, ბინა №34, სადაც სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად მივიდა ნ. შ-ა, რომელმაც განაცხადა, რომ ოჯახის წევრები წასულები იყვნენ სამძიმარზე.

2019 წლის 10 ივნისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმაში აღნიშნულია, რომ 2016-2018წწ. ოჯახი ცხოვრობდა შემდეგ მისამართზე: ...ი 3, III მ/რ, კორპ. №325ა, ბინა №3, ქირით, ხოლო 2018 წლიდან ფორმის შედგენის მომენტამდე ოჯახი ცხოვრობს ი. რ-ის საკუთრებაში ქირით, მისამართზე: თბილისი, ...ი 3, IV მ/რ, კორპ. 410, ბინა №14.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ განმცხადებელი ჯ. შ-ა რეალურად ფლობს საკუთრებას, რადგან მისი მეუღლის -ე. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული ბინა გასხვისებულ იქნა დის, ზ. ლ-ის რძლის - ნ. ა-ას სახელზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ე. ლ-ის მხრიდან თვალთმაქცური ან მოჩვენებითი გარიგების დადების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე. პალატა მიუთითებს, რომ დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე. დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ ნიშნავს, რომ ისინი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი არიან და არ საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან გადაუდებელ დახმარებას.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის მოსარჩელის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის. მოპასუხე მხარე შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი მითითებით, მოსარჩელესთან შედარებით, სხვა პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრიორიტეტის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს უნდა დაევალოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების ოჯახის ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე