Facebook Twitter

№ბს-237(2კ-22) 8 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - გენადი მაკარიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ი.ჭ-ას, ე.ჭ-ას, ირ.ჭ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 15 იანვარს ი.ჭ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილობითი მიმართვა მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

სარჩელის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის წერილით ი.ჭ-ას ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №...) არ განხილულა მისი ოჯახის ქ. თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი. აღნიშნულის საფუძვლად წერილში მითითებულია, რომ ოჯახი ფაქტობრივად არ ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში, რაც არ შეესაბამება რეალობას.

მოპასუხეთა წრის დაზუსტების შედეგად, მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა მხოლოდ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე.ჭ-ა და ირ.ჭ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ი.ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილობითი მიმართვა, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე და დაევალა მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი მოსარჩელის ოჯახთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი.ჭ-ამ, ე.ჭ-ამ და ირ.ჭ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა ი.ჭ-ას, ე.ჭ-ასა და ირ.ჭ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე, მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტზე და განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით დგინდება, რომ სახელმწიფოს მიერ შესახლების შემდეგ, მოსარჩელეთა საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის გამზ. №... (..., კორპ. №...). საქმეში წარმოდგენილია ი.ჭ-აზე გაცემული 1996 წლის 2 აპრილით დათარიღებული საბინაო ორდერი №.., უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..., სამმართველო კორპუსი №.., სართული ..., ოთახი №.... საქმეში ასევე წარმოდგენილია 09.10.2019 წ., 11.11.2019 წ., 11.12.2019 წ., დათარიღებული სს „ თ..ის“, შპს „ თ..სა“ და „ G...“-ის გადახდის ქვითრები, რითაც დასტურდება, რომ აბონენტი ი.ჭ-ა (აბონენტის ნომერი - ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №…, კორპუსი №…, მოიხმარდა ელექტროენერგიას და ერიცხებოდა გადასახადები.

სააპელაციო პალატის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული ინფორმაციის თანახმად, ი.ჭ-ას ან მისი ოჯახის წევრის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. მართალია, ე.ჭ-ას გააჩნდა ორი უძრავი ნივთი, (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა, კორპუსი „…“, ბინა №… და ქ. თბილისი, ..., პირველი მ/რ, კორპუსი №…, ბინა №…), რომლებიც გაასხვისა, მაგრამ, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული უძრავი ქონების ფიქტიურად გასხვისების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მხოლოდ ეჭვი არ შეიძლება გახდეს პირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №…-ში მდებარე ობიექტთან მიმართებით განხორციელებული მოკვლევის დროს მოსარჩელის ოჯახის შესახებ რაიმე ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ იქნა მოპოვებული. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, მის ოჯახს მინიჭებული ჰქონდა 2 ქულა კრიტერიუმში - მძიმე საცხოვრებელი პირობები. შესაბამისად, ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად არ არის საკმარისი მხოლოდ მონიტორინგის სააგენტოს მიერ მოსარჩელის ოჯახის შესახებ ინფორმაციის არ ქონა. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღებამდე მოწმის სტატუსით უნდა გამოეკითხა მოსარჩელის მეზობლად მცხოვრები პირები, დაედგინა რეალურად, ვინ ცხოვრობდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. №…-ში (..., კორპ. №…), ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელეთა მიერ ნგრევადი საცხოვრებელი ობიექტის დროებით დატოვებას, სხვაგან საცხოვრებლად გადასვლას და სხვ. მიზეზის დაუდგენლობის პირობებში, მოსარჩელის მისამართზე არყოფნა იმთავითვე არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს განსახლების ობიექტის მიტოვებად, რამეთუ, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტს წარმოადგენს, სრულიად ბუნებრივია, მასში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოტივით დროებით მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება და სადმე ქირით, ან ქირის გარეშე ახლობელი ადამიანის საკუთრებაში ცხოვრება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილობითი მიმართვა არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი ვერ იქნება მიჩნეული ინფორმაციული ხასიათის მქონე შეტყობინებად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, მხარის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას სასამართლო არასწორად დაეყრდნო დევნილის მოწმობას და ორდერს. მითითებული დოკუმენტები არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის რეალური საცხოვრებელი ადგილის დადგენის უტყუარ საშუალებად. ქ. თბილისში, ...ის გამზ. №…-ში მდებარე კორპ. №… (...) 2018 წლის იანვარში დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ განიხილა, როგორც ნგრევადი ობიექტი და იქ მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი განიხილა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე, ხოლო 2018 წლის 5 ივნისის სხდომის ოქმის საფუძველზე დახურა აღნიშნული ობიექტი. საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული შენობის დახურვისა და იქ ფაქტობრივად მცხოვრები დევნილების განსახლების დროს, მოსარჩელე ამ მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა, შესაბამისად, მას პრეტენზია არ ჰქონია და სააგენტოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. მან მხოლოდ 2020 წელს გაასაჩივრა სააგენტოს წერილობითი მიმართვა და კრიტერიუმების გარეშე მოითხოვა მისი ნგრევადი ობიექტიდან განსახლება.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-5 და მე-12 პუნქტებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტსა და 52-ე მუხლზე მითითებით კასატორმა აღნიშნა, რომ სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, შესაბამისად, უფლების დამდგენი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არსებობს, რომლის გასაჩივრების საშუალება მხარეს მიეცემოდა კანონით დადგენილი წესით. აღნიშნულის გამო სააგენტომ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.

კასატორის განმარტებით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა კრიტერიუმების მინიჭების გარეშე განსახლება იყო, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა შეეფასებინა სააგენტოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ობიექტის დახურვის დროს მოსარჩელის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ იძებნებოდა, რაც თავისთავად გამორიცხავდა ნგრევად ობიექტში მის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მიმართა ყველა საშუალებას საქმის რეალური გარემოებების დასადგენად. შესაბამისად, სასამართლომ სააგენტოს დაავალა იმ საკითხის ხელახალი შესწავლა, რომელიც სააგენტოს მიერ სრულად იქნა მოკვლეული და შესწავლილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ჭ-ამ, ე.ჭ-ამ და ირ.ჭ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორების განმარტებით, დევნილთა გრძელვადიანი უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართის გამოყოფის თაობაზე ი.ჭ-ამ 2013 წლის 10 სექტემბერს მიმართა სამინისტროს განაცხადით, რომელსაც ერთვოდა ყველა აუცილებელი საბუთი, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოდან პასუხი არ მიუღია. მოსარჩელემ ბინის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს მიმართა კიდევ 5-ჯერ: 2018 წლის 26 ივლისს, 2019 წლის 27 მარტს, 29 ივლისს, 15 ნოემბერს და 4 დეკემბერს. უკანასკნელ განცხადებაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 1 დეკემბრის №03/326 წერილით ეცნობა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №…) არ განხილულა ი.ჭ-ას ოჯახის ქ. თბილისში, ...ის გამზ. №…-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი, რადგან ოჯახი ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არ ცხოვრებდა და განაცხადი განიხილებოდა საერთო წესით მინიჭებული ქულების შესაბამისად.

კასატორების განმარტებით, ი.ჭ-ას ოჯახი (მეუღლე - ე.ჭ-ა და შვილი - ირ.ჭ-ა) ჩართულია დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში და მინიჭებული აქვთ 3,5 ქულა (კრიტერიუმში „საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს“ - 2 ქულა, კრიტერიუმში „ომის ვეტერანი“ - 1,5 ქულა). ...ის დატოვების შემდგომ თავისი ოჯახით ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ...ის გამზ. №… (...), კორპ. №…, ... №... საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე დადგენილია, რომ ი.ჭ-ა და მისი ოჯახის წევრები არიან დევნილები, ყოფილი კომპაქტური განსახლების ობიექტის მართლზომიერი მფლობელები, შესაბამისად, „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით (საცხოვრებელ ფართის საკუთრებაში გადაცემა) უზრუნველყოფის პროგრამაში.

საკასაციო საჩივრის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 1 დეკემბრის №03/326 წერილი შეიცავს ორ უკანონო და უსაფუძვლო მოტივს, კერძოდ, პირველი - ობიექტზე მოსარჩელის ოჯახის ფაქტობრივად არცხოვრება; მეორე - ოჯახის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის არქონა. პირველი მოტივის თაობაზე სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, სასამართლო სავსებით სწორად ამბობს, რომ ნგრევად ობიექტში არცხოვრება და სხვაგან ქირით, ან ქირის გარეშე ცხოვრება, არ ნიშნავს განსახლების ობიექტის მიტოვებას. ხოლო მეორე მხრივ, მოპასუხეს სთავაზობს მეზობლების მოწმის სტატუსით გამოკითხვას. ნგრევადი ობიექტი ნიშნავს იქ ცხოვრების შეუძლებლობას, შესაბამისად, მასში განთავსებული დევნილები ექვემდებარებიან სახელმწიფოსგან განსახლებას დროებით ან/და გრძელვადიან საცხოვრისში, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ - მიმართეს თვითდახმარებას და დროებით გადასული არიან სხვაგან, თუ ასეთი შესაძლებლობის არქონისას იძულებულნი არიან სიცოცხლის, ჯანმრთელობის რისკის ფასად, მყისიერი საფრთხის არსებობის პირობებში, იცხოვრონ ამ ობიექტში სახელმწიფოსგან მოკლე თუ ხანგრძლივი დროით. ალოგიკურია ასეთი ობიექტიდან განსახლების პირობად მასში ცხოვრების მიჩნევა და დევნილისთვის, რომელიც ობიექტის მართლზომიერი მფლობელია, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კრიტერიუმების გარეშე, უპირობო განსახლების კანონისმიერ მოთხოვნაზე კანონით გაუთვალისწინებელი დათქმის გაკეთება და საკუთარი თავის ახალი უფლებამოსილებით აღჭურვა - უარი უთხრას ასეთ დევნილებს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ამ ობიექტში არ ცხოვრების გამო. დევნილს, რომელიც ნგრევადი კომპაქტური ობიექტის მართლზომიერი მფლობელია, ეკუთვნის გრძელვადიანი საცხოვრისი, მიუხედავად იმისა, ცხოვრობს ამ შენობაში, თუ განერიდა საფრთხეს და დროებით ცხოვრობს სხვაგან, თუნდაც იმყოფება საზღვარგარეთ. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს ჰქონდა ინფორმაცია მოსარჩელის ოჯახის შესახებ, ასევე მათი მობილური ტელეფონის ნომრებიც. მოსარჩელის ოჯახი მითითებულ ობიექტზე სახელმწიფოს მიერ არის განსახლებული და ამჟამადაც ცხოვრობს ამ ავარიულ შენობაში, რაზეც მიუთითებს საქმეში არსებული მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი.ჭ-ა და მისი ოჯახი განეკუთვნება ზემოაღნიშნული „წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კატეგორიას და ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო კრიტერიუმების გარეშე, რადგან ცხოვრობენ ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ, პრაქტიკულად ამორტიზებულ, უსაფრთხო ექსპლუატაციისათვისა და საცხოვრებლად უვარგის შენობაში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ი.ჭ-ას, ე.ჭ-ას, ირ.ჭ-ას საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ი.ჭ-ას, ე.ჭ-ას, ირ.ჭ-ას საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მაშინ, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ი.ჭ-ა, მისი მეუღლე - ე.ჭ-ა და შვილი - ირ.ჭ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (ს.ფ. 16-21); ბ) 2013 წლის 10 სექტემბერს ი.ჭ-ამ, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, შეავსო განცხადება, სადაც მიუთითა, რომ არის ოჯახის უფროსი და ოჯახი შედგება ე.ჭ-ასა (მეუღლე) და ირ.ჭ-ასგან (შვილი), საცხოვრებელ მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ...ის გამზ. №.., ..., კორპუსი №… (ს.ფ. 25-26); გ) საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარის შესაბამისად, ი.ჭ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის გამზირი №…, ..., კორპუსი №… (ს.ფ. 27-38); დ) საქმეში წარმოდგენილია ი.ჭ-ას სახელზე გაცემული თბილისის ...ის სამმართველოს 1996 წლის 2 აპრილის №… ორდერი, უძრავ ქონებაზე: კორპუსი №…, სართული №…, ოთახი №… (ს.ფ. 23); ე) 2018 წლის 2 მაისის განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახი შეფასდა 0 ქულით და სარეიტინგო ქულად განისაზღვრა 0.00 ქულა, აღნიშნულ ელექტრონულ ფორმაში მითითებულია, რომ სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი, განაცხადს აკეთებს ერთ შვილსა და მეუღლესთან ერთად. ე.ჭ-ას გააჩნდა ორი საკუთრება - 1. მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. კორპუსი „…“, ბინა №…, გაასხვისა გ.ო-ზე; 2. მისამართი: ქ. თბილისი, ..., ... მ/რ, კორპუსი №..., ბინა №..., გაასხვისა ბ.ს-ზე (ს.ფ. 92); ვ) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილით ი.ჭ-ას ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ი.ჭ-ას ოჯახის, ქალაქ თბილისში, ...ის №...-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან, კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №...) არ განხილულა, მოსარჩელის ოჯახის ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტიურად არცხოვრების გამო, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ქალაქ თბილისში, ...ის ...-ში მდებარე ობიექტთან მიმართებაში განხორციელებული მოკვლევების დროს მოპოვებული, მოსარჩელის ოჯახის შესახებ არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არ მოიპოვება. ი.ჭ-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი შევსებული ჰქონდა ქ. თბილისში მდებარე ობიექტზე. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების წესის საფუძველზე, კრიტერიუმების გათვალისწინებით და ი.ჭ-ას ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით, ოჯახს 2 ქულა მიენიჭა შემდეგ კრიტერიუმში: მძიმე საცხოვრებელი პირობები. ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე, ქ. თბილისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახების სულადობის გათვალისწინებით (ს.ფ. 41).

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. ამ მიზნით სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცდა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ (დანართი №1), რომლის 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ობიექტი არის ნგრევადი, რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით (ს. ფ. 44).

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სახეზეა, როდესაც იგი მიმართულია ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ და აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებულმა ღონისძიებამ უშუალო სამართლებრივი შედეგი უნდა წარმოშვას. „..აქტის ეს აუცილებელი ელემენტი სახეზე არ არის მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება ემსახურება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას ან ადგილი აქვს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის მიზნით განსახორციელებელ მოქმედებას..“ (სუს 23.07.2020წ. Nბს-38(კ-20) გადაწყვეტილება).

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი.ჭ-ას განაცხადზე სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ უპასუხა 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილით, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილ ი.ჭ-ას ოჯახის, ქალაქ თბილისში, ...ის №...-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან, კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №...) არ განხილულა. ამდენად, წერილმა წარმოშვა კონკრეტული სამართლებრივი შედეგი, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება 2019 წლის 16 დეკემბრის №03/326 წერილის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად მიჩნევის შესახებ.

რაც შეეხება დავის არსებით მხარეს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსახილველ შემთხვევაში სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თბილისის ...ის სამმართველოს მიერ 1996 წლის 2 აპრილს ი.ჭ-ას სახელზე გაცემულ №... ორდერზე, უძრავ ქონებაზე: კორპუსი №..., სართული №..., ოთახი №.... საქმეში ასევე წარმოდგენილია 2019 წლის სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებით დათარიღებული სს „თ..ის“, შპს „თ..სა“ და „G...“-ის გადახდის ქვითრები, რომლებითაც დასტურდება, რომ აბონენტი ი.ჭ-ა (აბონენტის ნომერი - ...), მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის გამზ, №..., კორპუსი №..., მოიხმარდა ელექტროენერგიას და ერიცხებოდა გადასახადები (ს.ფ. 51-53). აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მოხდა საკითხის სრულყოფილად შესწავლა და გამოკვლევა.

საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო თავადვე ადასტურებს ქალაქ თბილისში, ...ის გამზ. №...-ში მდებარე ობიექტის ნგრევადობის ფაქტს, რაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, თუნდაც დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ოჯახმა ისარგებლოს სხვის საკუთრებაში არსებული ფართით. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და, შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას.

საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმად, მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მისაღებად ე.ჭ-ას მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად ან მოჩვენებითად დადების ფაქტი, აღნიშნული საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა წინააღმდეგობაშია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებთან.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ი.ჭ-ას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოსარჩელის განაცხადთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხი არ განუხილავს, რაც მან უნდა განახორციელოს ახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ, სადავო აქტში მითითებული და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგენილი გარემოებების ფარგლებში იმსჯელა აქტის კანონიერებაზე. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას კი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შეაფასოს დადგენილი გარემოებები და კანონიერების და მიზანშეწონილობის პრინციპის გათვალისწინებით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქმის გარემოებების შესწავლის შემდეგ, ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ი.ჭ-ას, ე.ჭ-ას, ირ.ჭ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე