Facebook Twitter

№ბს-140(კ-22) 13 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ოქროპირიძე, ქეთევან ცინცაძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2020 წლის 13 ოქტომბერს გ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

სარჩელის თანახმად, გ. მ-ი 1994 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2012 წლიდან 1 ნოემბრიდან 2020 წლის 1 ივნისამდე - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. მუშაობისას მას არცერთი დისციპლინური სახდელი არ აქვს მიღებული და არაერთხელ არის დაჯილდოებული სხვადასხვა სიგელით. ასევე, მიღებული აქვს მედალი 20 წლის უმწიკვლო მუშაობისთვის. 2020 წლის 28 მაისს გ. მ-ს ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ ვინაიდან იგი დაინახა მაღალჩინოსანმა, როგორ საუბრობდა მობილური ტელეფონით პირად საკუთრებაში არსებული ავტომანქანით მოძრაობისას, ამიტომ დროებით, მაქსიმუმ 2 კვირით უნდა ჩამოშორებოდა დაკავებულ თანამდებობას და აყვანილი იქნებოდა კადრების განკარგულებაში, ხოლო ამ პერიოდის შემდეგ დაბრუნდებოდა დაკავებულ თანამდებობაზე. გ. მ-ი ენდო რა ხელმძღვანელობას, ყოველგვარ მოტივზე მითითების გარეშე პატაკით მოითხოვა კადრების განკარგულებაში აყვანა. შედეგად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის MIA 9 29 91176601 ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკი გ. მ-ი გათავისუფლდა თანამდებობიდან, აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 28 მაისიდან შს მინისტრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 74-ე მუხლისა და მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად. თუმცა, გ. მ-ი არც დათქმულ ვადაში და არც შემდგომი თვეების განმავლობაში არ დააბრუნეს თანამდებობაზე, რის გამოც მან 2020 წლის 15 სექტემბერს განცხადებით მიმართა დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მოითხოვა, ეცნობებინათ, კონკრეტულად, რა თანამდებობაზე გააგრძელებდა სამსახურს, რადგან არანაირი შემოთავაზება არ ჰქონდა მიღებული. მხოლოდ ამის შემდეგ გ. მ-ი 2020 წლის 25 სექტემბერს მიიწვიეს დეპარტამენტში და შესთავაზეს მისი კვალიფიკაციისთვის შეუფერებელი, ბევრად დაბალი თანამდებობა, კერძოდ, სსიპ შემოსავლების სამსახურში უფროსი ინსპექტორის თანამდებობა, რაზედაც გ. მ-მა უარი განაცხადა და წერილობით დააფიქსირა, რომ მას ნებით არ ჰქონდა პატაკი დაწერილი კადრების განკარგულებაში აყვანასთან დაკავშირებით, რომ ის შეიყვანეს შეცდომაში და ითხოვა თავისი კვალიფიკაციის შესაფერის თანამდებობაზე აღდგენა. ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას გაერკვია, რა იძულებას და ცრუ დაპირებას ჰქონდა ადგილი გ. მ-თან მიმართებაში, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 29 სექტემბრის №MIA 1 20 02303187 ბრძანებით, შს მინისტრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 35-ე მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის და მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გ. მ-ი დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა - ა) ბათილად იქნეს ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 29 სექტემბრის №MIA 1 2002303187 ბრძანება; გ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; დ) დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე გ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 29 სექტემბრის №MIA 1 2002303187 ბრძანება; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გ. მ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის ან მისი არ არსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მოსარჩელე გ. მ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მოსარჩელე გ. მ-ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე: ბ) 2020 წლის 28 მაისს, მოსარჩელე გ. მ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა; გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, 2020 წლის 1 ივნისის ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა მოსარჩელე გ. მ-ი და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 28 მაისიდან; დ) 2020 წლის 15 სექტემბერს, მოსარჩელე გ. მ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ითხოვა სამსახურის გაგრძელება; ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, 2020 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე- გ. მ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან; ვ) „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება მოსარჩელე გ. მ-ს არ ჩაბარებია მის დათხოვნამდე.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით. მოსარჩელე - გ. მ-ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე, პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლება და მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა, საამისოდ უფლებამოსილი პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, მოსამსახურის სურვილი, აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით, უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, პირის მიერ გამოხატული სურვილი, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 28 მაისს, მოსარჩელე გ. მ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, 2020 წლის 1 ივნისის ბრძანებით, პირადი პატაკის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა მოსარჩელე გ. მ-ი და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 28 მაისიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ მოსარჩელის მიერ, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული გამოხატული ნამდვილი ნების რეალიზაციის მიზნით განეხორციელებინა. ამასთან, „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება მოსარჩელე გ. მ-ს არ ჩაბარებია მის დათხოვნამდე. შესაბამისად, მან ადმინისტრაციულ ორგანოს სამსახურის გაგრძელების მოთხოვნით, კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლამდე აცნობა. ამდენად, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლდა და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ისეთ პირობებში, როდესაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლებამდე და კადრების განკარგულებაში აყვანამდე, მის მიერვე იქნა უარყოფილი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე მისი ნების ნამდვილობა გაეთავისუფლებინათ იგი თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში აეყვანათ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ მოხელის პირადი განცხადებით მისი სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას კანონმა, შესაბამისი განცხადების სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან განთავისუფლებამდე გარკვეული პერიოდი დაუკავშირა, რათა მოხელეს ჰქონდეს შესაძლებლობა რაციონალური გადაწყვეტილება მიიღოს სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის 42-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნა, ისევე, როგორც მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა, უფლებამოსილი თანამდებობის პირის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, მოსარჩელე - გ. მ-ი იმავე დღიდან გაათავისუფლა თანამდებობიდან და აიყვანა კადრების განკარგულებაში, როდესაც მან პატაკით მიმართა დაწესებულების ხელმძღვანელს. ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ერთი მხრივ, მოსარჩელე გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის არ დაიცვა ზემოთ აღნიშნული კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა, ხოლო, მეორე მხრივ, თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლამდე შეიტყო მისი ნება სამსახურის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც არ გაითვალისწინა და იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და აიყვანა კადრების განკარგულებაში. ამასთან, ოთხი თვის განმავლობაში, კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მის ნებას არ წარმოადგენდა და მას სურდა სამსახურის გაგრძელება.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებზე და განმარტა, რომ მოსარჩელე- გ. მ-ი პირად განცხადებასთან (პატაკთან) დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის მითითებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში ისეთ პირობებში, როდესაც მას, თანამდებობიდან გათავისუფლებამდე და კადრების განკარგულებაში აყვანამდე, განცხადებით ჰქონდა გამოხატული ნება, არ დაეტოვებინა სამსახური. ამასთან, მისი აღნიშნული განცხადება, ასევე არ იქნა გამოკვლეული, შეფასებული და გათვალისწინებული სამსახურიდან მოსარჩელის დათხოვნის თაობაზე დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების დროს, რაც სასამართლოს უქმნის იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილებების განხორციელება კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნიოს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 601 მუხლებზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე და 33-ე მუხლებზე მითითებით, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 და „შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 29 სექტემბრის №MIA 1 2002303187 ბრძანებები.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე. მასვე უნდა დაევალოს მისთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 58-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელია მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ჩაითვალოს და პირს დაეკისროს გასაჩივრების ვადის ათვლა იმ თარიღიდან, როდესაც მისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ გამხდარა აქტის შინაარსი და მისი საფუძვლები. თუკი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განხორციელდება აქტის ისეთი სახით გაგზავნა, ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე პირისთვის, რომ ცნობილი არ იქნება ამ აქტის საფუძვლების შესახებ, აღნიშნული მიუთითებს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების არასრულყოფილებაზე, რაც შედეგობრივად არ უნდა აისახოს დაინტერესებული პირის კანონიერ უფლებებზე, არ უნდა შეიზღუდოს ამ უფლებების რეალიზებით. განსახილველ შემთხვევაში, 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანების გ. მ-ისთვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გაგზავნის დროისთვის (02.06.2020წ.) (იხ. ს.ფ. 80), გ. მ-ი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში 2020 წლის 28 მაისიდან. ამასთან, აპელანტი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში თავად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ. მ-ი 2020 წლის 28 მაისს დაწერილი პატაკიდან 4 თვის განმავლობაში არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და შესაბამისად, ასევე არ გააჩნდა წვდომა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასთან, სადაც 2020 წლის 2 ივნისს გაეგზავნა 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენებისა და 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანების გ. მ-ისთვის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება მოსარჩელე გ. მ-ს არ ჩაბარებია მის დათხოვნამდე.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე, ამავე კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 34-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე მითითებით პალატამ განმარტა, რომ 2020 წლის 25 სექტემბრის ოქმით (თანამდებობის შეთავაზების შესახებ) (იხ. ს.ფ. 65) გ. მ-მა ცალსახად და არაორაზროვნად აღნიშნა, რომ მისი განცხადება (პატაკი) კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე არ შეესაბამებოდა მის ნებას და მის მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას, კერძოდ, აღნიშნული ფორმულირებულია შემდეგნაირად: „ვინაიდან მე ჩემი ნებით არ გავსულვარ კადრების განკარგულებაში და დამაწერინეს იძულებით, ვითხოვ ტოლფას სამსახურს“. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს გ. მ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ითხოვა სამსახურის გაგრძელება. ამასთან, გ. მ-მა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2020 წლის 28 მაისის პატაკის შედგენისას შეცდომაში იქნა შეყვანილი და გააჩნდა მოლოდინი იმისა, რომ რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდა დაკავებულ თანამდებობას (იხ. 23.09.2021წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2020 წლის 25 სექტემბერს გ. მ-მა დააფიქსირა პოზიცია პატაკის მისი ნების საწინააღმდეგოდ დაწერის თაობაზე, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 29 სექტემბრის №MIA 1 2002303187 ბრძანების მიღებამდე, კერძოდ, 4-თვიანი ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლებამდე ადმინისტრაციული ორგანოსთვის უკვე ცნობილი იყო 2020 წლის 28 მაისს შედგენილი პატაკის და მის საფუძველზე მიღებული ბრძანების სადავოობა. მიუხედავად აღნიშნულისა, კადრების განკარგულებაში მყოფი გ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ცალსახაა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა კადრების განყოფილებაში ყოფნის პერიოდში არ გამოიკვლია და არ შეაფასა გ. მ-ის ის განმარტება და პოზიცია, რომ მას იძულებით დააწერინეს პატაკი და რომ თანამდებობიდან გათავისუფლება და კადრების განკარგულებაში აყვანა მის ნებას არ წარმოადგენდა და სურდა სამსახურის გაგრძელება. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კადრების განყოფილებაში მყოფი, ხანგრძლივი გამოცდილების მქონე მოხელე (იხ. წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, ს.ფ. 70-71), კადრების განყოფილებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო სამსახურიდან ისე გაათავისუფლა, რომ არც დაინტერესებულა, რამ განაპირობა მის მიერ პატაკის დაწერა კადრების განყოფილებაში აყვანის თაობაზე, აღნიშნული განხორციელდა თუ არა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად და ა.შ. არ ჩაუტარებია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური აქტის გამოსაცემად, რა დროსაც დეპარტამენტი ვალდებული იყო მიუკერძოებლად გამოეკვლია ყველა ფაქტობრივი გარემოება კანონიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პალატის შეფასებით, აღნიშნული სრულიად კანონსაწინააღმდეგოა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ განცხადების დაწერა კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე, მართალია, არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისა და ზეწოლისგან დაცულად. შესაბამისად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა თაობაზე გამოსაცემი აქტი მიღებულ იქნეს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოვლენათა ჯაჭვის ლოგიკური, სამართლებრივი და ასევე სამართლიანი ანალიზი მეტყველებს, რომ კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ იყო გ. მ-ის ნამდვილი ნება, არამედ იყო შეცდომაში შეყვანის შედეგად განპირობებული ნება, რამაც გამოიწვია მისი ნამდვილი ნების ამ სახით, დამახინჯებულად ფორმირება. შესაბამისად, გ. მ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები არის დაუსაბუთებელი და გაუმართლებლად ზღუდავს მის კონსტიტუციით დაცულ შრომის უფლებას, რაც სასამართლო კონტროლის მეშვეობით უნდა აღმოიფხვრას.

სააპელაციო პალატის შეფასებით, გ. მ-ის მიერ დეპარტამენტისთვის პატაკით მიმართვის ფაქტი ვერ ჩაითვლება ერთადერთ პირობად მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების უპირობოდ გამოსაცემად, რადგან მოსარჩელის განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია და ავტომატურად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე არ განაპირობებს. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გ. მ-ი იმავე დღიდან გაათავისუფლა თანამდებობიდან და აიყვანა კადრების განკარგულებაში, როდესაც მან პატაკით მიმართა დაწესებულების ხელმძღვანელს. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის არ დაიცვა ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე მითითებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე. ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გ. მ-ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე 2020 წლის 28 მაისის პირადი პატაკის საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის პირველი ივნისის №1176601 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 2020 წლის 15 სექტემბრის განცხადების საფუძველზე, რომლითაც მან ისურვა სამსახურის გაგრძელება და გარკვეულ თანამდებობაზე დანიშვნა, დეპარტამენტის მხრიდან მისთვის შეთავაზებულ იქნა იმ დროისთვის ვაკანტური თანამდებობა, კონკრეტულად, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს სსიპ შემოსავლების სამსახურის ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობა, რაზეც მან უარი განაცხადა და, შესაბამისად, სრულიად კანონიერად კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის (4 თვის) გასვლის შემდგომ გამოცემულ იქნა დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 29 სექტემბრის №2303187 ბრძანება გ. მ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ.

გ. მ-მა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა 2020 წლის 2 ოქტომბრის განცხადებით და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით მოითხოვა მისი ნამსახური წლების დაანგარიშება. დეპარტამენტმა დაიანგარიშა გ. მ-ის ნამსახური 27 წელი 9 თვე 7 დღე და დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 29 სექტემბრის №2303187 ბრძანებასთან (შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ) ერთად 2020 წლის 29 ოქტომბრის წერილით გადაუგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს და მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.

კასატორის განმარტებით, მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად ვერ ექნებოდა თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. მოტყუების საფუძველზე გამოვლენილი ნების სამართლებრივად დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხის რეგულირების დროს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს, რომ მოტყუების საფუძვლით საქმეზე დამდგარი შედეგის (აქტის) ბათილობისთვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამოვლენაში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს მეორე მხარის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში ნების გამომვლელი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი თანმდევი შედეგებისგან. ამასთან, მოტყუების საფუძველზე გამოვლენილი ნების სამართლებრივი შედეგის (აქტის) ბათილობას კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო. კანონმდებლობა იცნობს სამართლებრივი შედეგის ბათილობას, მისი საფუძვლის ნების გამოვლენაზე იძულების განხორციელების გამო. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აქტის ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. იძულებად ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო მიზნით მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით. შესაბამისად, თუ ნების გამოვლენისას საშუალება და მიზანი შეუსაბამოა, ეს გარემოება ნების გამოვლენის შედეგი ბათილობის საფუძველს წარმოადგენს.

მოწინააღმდეგე მხარის განცხადებით მის მიერ გამოვლენილი ნება, პატაკის დაწერა არ წარმოადგენდა მის ნამდვილ ნებას და აღნიშნული ქმედება მან განახორციელა იძულების შედეგად. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, იდენტურ დავებში ამოცანას წარმოადგენს გაიმიჯნოს შემთხვევები, როცა პირის ნება ფორმირებულია მისი განწყობებით, დამოკიდებულებებით, პერსპექტიული გეგმებით, თვითშეფასების ხარისხით და სხვა და როცა ნების ფორმირება განპირობებულია, ერთი მხრივ: ა) საჯარო სამსახურებრივი ვალდებულებების დაბალი შეგნებით, ადმინისტრაციის მიმართ უპირობო მორჩილების გამოხატვით; ბ) ანგარების (დაწინაურება, ხელფასის მომატება, პრემიის გადაცემა და სხვა) და მეორე მხრივ, საჯარო მოსამსახურის იძულებით და მუქარით.

მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიმართ ნების გამოვლენა მასზე გამოვლენილი იძულების შედეგი იყო, მოსარჩელე მხარეს ეკისრება, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით უნდა შეძლოს მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კასატორის განმარტებით, კანონშეუსაბამოა სასამართლოს განმარტება, რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის პირველი ივნისის №1176601 ბრძანება მოსარჩელე გ. მ-ს არ ჩაბარებია მის დათხოვნამდე და შესაბამისად, მან სამსახურის გაგრძელების მოთხოვნით, ადმინისტრაციულ ორგანოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლამდე აცნობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 1 ივნისის №1176601 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა განუხილველად უნდა დარჩენილიყო, კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გ. მ-ს აღნიშნული ბრძანება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ჩაბარდა 2020 წლის 2 ივნისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილ იქნა 2020 წლის 12 ოქტომბერს. შესაბამისად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლი. ამასთანავე, სასამართლოს მსჯელობა სადაც აღნიშნულია, რომ თითქოსდა „კადრების განკარგულებაში გადაყვანა არ იყო გ. მ-ის ნამდვილი ნება, არამედ იყო შეცდომაში შეყვანის შედეგად განპირობებული ნება, რამაც გამოიწვია მისი ნამდვილი ნების ამ სახით, დამახინჯებულად ფორმირება“, წარმოადგენს მხოლოდ გ. მ-ის მიერ სასამართლოში გამოთქმულ მოსაზრებას და არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებებით ან გარემოებებით.

სასამართლომ არასწორად იმსჯელა გ. მ-ის მიერ 2020 წლის 15 სექტემბერს დაწერილ განცხადებაზე. აღნიშნული განცხადების შინაარსიდან ცალსახად ჩანს, რომ გ. მ-ის მხრიდან არ მომხდარა მის მიერ 2020 წლის 28 მაისს დაწერილ პატაკში გამოვლენილი ნების უარყოფა. აღნიშნული განცხადებით მან ისურვა 28 სექტემბრიდან სამსახურის გაგრძელება სხვა თანამდებობაზე და მოითხოვა ინფორმაცის მიწოდება, თუ რა თანამდებობა იქნებოდა შეთავაზებული მისთვის დეპარტამენტის მხრიდან.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის (სამსახურიდან გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე) პირველი და მეორე პუნქტები. ამასთან, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერს დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ №995 ბრძანების პირველი პუნქტის მე-3 პრიმა პუნქტი. დასახელებული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლი არ ვრცელდება გ. მ-ის მიერ 2020 წლის 28 მაისს დაწერილ პატაკზე დეპარტამენტის მხრიდან რეაგირების ვალდებულებებზე. გარდა ამისა, რომც ვრცელდებოდეს აღნიშნული ნორმა, მოცემულ შემთხვევაში დეპარტამენტის 2020 წლის პირველი ივნისის №1176601 ბრძანება მაინც კანონიერად ითვლება, ვინაიდან გ. მ-ის 2020 წლის 28 მაისის პატაკში მოთხოვნილი ჰქონდა მისი კადრების განკარგულებაში აყვანის კონკრეტული დღე 28 მაისი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის მიხედვითაც კი, ექვემდებარებოდა დაუყონებლივ გათავისუფლებას და არა 14 დღის შემდეგ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის განჩინებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) მოსარჩელე გ. მ-ი მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე; ბ) 2020 წლის 28 მაისს მოსარჩელე გ. მ-მა პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ითხოვა 2020 წლის 28 მაისიდან კადრების განკარგულებაში აყვანა; გ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე), 74-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტი №266 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2020 წლის 1 ივნისის ბრძანებით პირადი პატაკის საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა გ. მ-ი და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში 2020 წლის 28 მაისიდან; დ) 2020 წლის 15 სექტემბერს მოსარჩელე გ. მ-მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას არანაირი შეთავაზება არ აქვს მიღებული, ითხოვა ეცნობებინათ მისთვის 2020 წლის 28 სექტემბრიდან რა თანამდებობაზე გააგრძელებდა სამსახურს; ე) გ. მ-ის, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მონაწილეობით 2020 წლის 25 სექტემბერს შედგა ოქმი, რომლის თანახმად, გ. მ-ისათვის შეთავაზებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ...ის სამმართველოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობა. ამავე ოქმზე გ. მ-მა მიუთითა, რომ ვინაიდან იგი მისი ნებით არ გასულა კადრების განყოფილებაში და პატაკი დააწერინეს იძულებით, ითხოვს ტოლფას სამსახურს; ვ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის (სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო), 37-ე მუხლისა (კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან) და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტი №266 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, 2020 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე - გ. მ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.

საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს საკითხზე ჰქონდა თუ არა კანონის დადგენილი წესით ჩაბარებული გ. მ-ს 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ. აღნიშნული სადავო საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანია გასაჩივრებული აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენისათვის, რაც, თავის მხრივ, იძლევა საშუალებას გაირკვეს დაცულია თუ არა აქტის გასაჩივრებისათვის განსაზღვრული ვადა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწორედ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით აქტის გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, ანუ აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას და იმისდა მიხედვით, ეთანხმება თუ არა აქტში მოცემულ სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას, იღებს გადაწყვეტილებას გაასაჩივროს თუ არა აქტი. შესაბამისად, არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა, რადგან აქტის არგაცნობისას პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებრივი გარანტიებით, მათ შორის, უფლებით, სადავო გახადოს აქტის კანონიერება.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით. აღნიშნული წესით გამოცემული სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში იმ პირის მისამართზე გაგზავნის მომენტიდან, რომელსაც უშუალოდ შეეხება სამსახურში მიღების/დანიშვნის ან სამსახურიდან გათავისუფლების/დათხოვნის (მათ შორის, თანამდებობიდან გადაყენების) შესახებ სამართლებრივი აქტი.

კასატორი უთითებს, რომ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერის მიხედვით, გ. მ-ს 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ჩაბარდა 2020 წლის 2 ივნისს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანების გ. მ-ისთვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გაგზავნის დროისთვის (02.06.2020წ.) (იხ. ს.ფ. 80), გ. მ-ი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილი იყო კადრების განკარგულებაში და შესაბამისად, არ გააჩნდა წვდომა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასთან.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ევალება დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველეყო მის მიერ გამოცემული აქტის კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება და გამოცემა.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია კასატორმა დაადასტურა, რომ გ. მ-ს სადავო აქტი გაეგზავნა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ გ. მ-ს ჰქონდა წვდომა ამ ელექტრონულ სისტემასთან. შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა გ. მ-ისათვის სადავო აქტის ჩაბარება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანხმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაგზავნასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს. ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მართალია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი უშვებს აქტის ჩაბარებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, თუმცა გათვალისწინებით იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომ გ. მ-ს 2020 წლის 2 ივნისის მდგომარეობით, ანუ როდესაც სადავო აქტი აიტვირთა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, აღარ ჰქონდა წვდომა ამ სისტემასთან, დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტაცია ბრძანების მოსარჩელეზე კანონის დადგენილით წესით ჩაბარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის დაძლევა, კერძოდ, ვერ წარმოადგინა ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ. მ-ისათვის 2020 წლის 1 ივნისის №MIA 9 2001176601 ბრძანების ჩაბარების თარიღს.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ამავე კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვის ვადით.

ამავე ბრძანების 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ხოლო ამავე ბრძანების 37-ე მუხლის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის, სამხედრო მოსამსახურის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 25-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. საკასაციო სასამართლო აგრეთვე მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში, მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე. ამ მხრივ მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ, მუშაკის, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი დასაქმება შეწყდა საპატიო მიზეზების გარეშე, მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება.

აღნიშნულ დანაწესთა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ინდივიდთა შრომითი უფლებების დაცვისათვის ქმედითი მექანიზმების შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს. ხსენებული ვალდებულების ზედმიწევნითი განხორციელების საჭიროება სახელმწიფოს მხრიდან თავს იჩენს მით უფრო საჯარო სექტორში, სადაც სახელმწიფო ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, კერძოდ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ერთი მხრივ, თავად ქმნის დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვის გარანტიებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი თავად გვევლინება დამსაქმებლის როლში, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მხრიდან დასაქმებულ საჯარო მოხელეთა უფლებების, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის სავალდებულოობის ხარისხს“.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. მ-ის კადრების განკარგულებაში აყვანას საფუძვლად დაედო მისი 2020 წლის 28 მაისის განცხადება, ხოლო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის, 2020 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით გ. მ-ი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილი 2020 წლის 15 სექტემბრის განცხადებით დასაქმებულმა მოითხოვა სამსახურის გაგრძელება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით გარანტირებულია ყოველი პირის უფლება თავისი თავისუფალი და ნამდვილი ნების საფუძველზე გააგრძელოს დაკავებულ თანამდებობაზე სამსახური ან დატოვოს კონკრეტული თანამდებობა. დასაქმებულის, მოცემულ შემთხვევაში კი საჯარო მოსამსახურის სურვილი, შეწყვიტოს დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნა, გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, რაც მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს ან პირიქით უარი თქვას შრომაზე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, ისევე როგორც დასაქმებულის დანიშვნა/გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ვალდებულია პატივი სცეს საჯარო მოსამსახურის ამ უფლებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ პირის მიერ გამოხატული სურვილი გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უნდა ეფუძნებოდეს მის ნამდვილ ნებას, რომელიც თავისუფალია რაიმე სახის გარე ზემოქმედებისაგან.

ბუნებრივია, რომ დასაქმებულის მიერ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვისას, ადმინისტრაციული ორგანო ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული დაადგინოს დასაქმებულის ნამდვილი ნება, რასაც ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ პირადი განცხადებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში სავალდებულო არ არის განცხადებაში აისახოს სამსახურიდან წასვლის მიზეზი. ამგვარი საჭიროება, ანუ დასაქმებულის ნების ნამდვილობის დადგენის საჭიროება დგება იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ფაქტობრივი მოცემულობა იძლევა ეჭვის წარმოშობის საფუძველს განმცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურე მხოლოდ მაშინ შეიძლება იქნეს დათხოვნილი სამსახურიდან, თუ მხარეთა შორის სადავო არ არის მისი კადრების განკარგულებაში აყვანის პირობა და საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. მ-მა, რომელიც წლების მანძილზე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და გათავისუფლებამდე (კადრებში გადაყვანამდე) იკავებდა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობას, 2020 წლის 28 მაისს განცხადებით ყოველგვარი განმარტების გარეშე მოითხოვა კადრების განკარგულებაში გადაყვანა, ხოლო 2020 წლის 15 სექტემბრის განცხადებით მოითხოვა სამსახურის გაგრძელება და 2020 წლის 25 სექტემბრის ოქმში დააფიქსირა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ დაწერა განცხადება კადრების განკარგულებაში გადასვლაზე, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით დამსაქმებლის მიერ გამოკვლეული და შეფასებული უნდა ყოფილიყო, თუ რით იყო განპირობებული გ. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილი და რამდენად ჰქონდა ადგილი ნების თავისუფალ გამოვლენას.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ვინაიდან 2020 წლის 25 სექტემბერს გ. მ-მა დააფიქსირა პოზიცია პატაკის მისი ნების საწინააღმდეგოდ დაწერის თაობაზე, აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 29 სექტემბრის №MIA 1 2002303187 ბრძანების მიღებამდე, კერძოდ, 4-თვიანი ვადის გასვლის გამო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის უკვე ცნობილი იყო 2020 წლის 28 მაისს შედგენილი პატაკის და მის საფუძველზე მიღებული ბრძანების სადავოობა. მიუხედავად აღნიშნულისა, კადრების განკარგულებაში მყოფი გ. მ-ი დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო. ანუ მოსარჩელე სამსახურიდან დათხოვნილია მისი ნების საწინააღმდეგოდ იმ პირობებშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის სურვილის საფუძველზე გამოსცა მისი კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვინაიდან კადრების განკარგულების ვადის გასვლამდე, კანონით დადგენილი წესით არ გამოიკვლია და არ შეაფასა გ. მ-ის მიერ გამოხატული ნება, არ დათხოვნილიყო სამსახურიდან. ფაქტია, რომ გ. მ-ს არ სურდა სამსახურიდან დათხოვნა და ეს გამოხატა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება - დაითხოვოს მოსამსახურე სამსახურიდან კადრებში ყოფნის ვადის გასვლის გამო, მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელდა იმ მიზნით, რომლისთვისაც ჰქონდა მინიჭებული იგი ადმინისტრაციულ ორგანოს, კერძოდ, პირადი პატაკის საფუძველზე, კადრების განკარგულებაში მყოფი მოსამსახურის, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო, სამსახურიდან დათხოვნის უფლებამოსილება უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს მხოლოდ შესაბამისი მოსამსახურის სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებული ნების რეალიზაციის მიზნით და არა მის საწინააღმდეგოდ. გ. მ-ის მისი ნების საწინააღმდეგოდ დათხოვნას ვერ აბათილებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მისთვის შეთავაზებულ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, ...ის სამმართველოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის ...ის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობა, კერძოდ, სადავო არ არის ის გარემოება, რომ გ. მ-ი კადრებში გადაყვანამდე დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ასევე დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელისათვის შეთავაზებული თანამდებობა არ იყო ტოლფასი კადრების განკარგულებაში გადაყვანამდე დაკავებულ თანამდებობასთან. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიუთითებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ კადრების განკარგულებაში გადაყვანას, მისთვის არატოლფასი თანამდებობის შეთავაზება, ვერ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით დასაქმებულის სამსახურიდან წავლის ნამდვილი ნების გამოკვლევად.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ გ. მ-ის ნამდვილი ნება - ჯერ გადასულიყო კადრების განკარგულებაში და შემდეგ დაეტოვებინა თანამდებობა, დადასტურდა მის მიერ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილი წერილით ნამსახური წლების დაანგარიშების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ გ. მ-ის სურვილი, მიეღო სახელმწიფო კომპენსაცია არ ნიშნავს, რომ მან საკუთარი სურვილით დატოვა დაკავებული თანამდებობა. ამასთან საყურადღებოა, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით განცხადება სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში წარდგენილია 2020 წლის 2 ოქტომბერს, ანუ სადავო გათავისუფლების ბრძანების გამოცემის შემდეგ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა გ. მ-ის კადრების განკარგულებაში გადაყვანის, სამსახურიდან გათავისუფლების და შემდგომ დათხოვნის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გასაჩივრებული აქტები უკანონოა და სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება სადავო საკითხს უნდა გავრცელებულიყო თუ არა მოცემულ შემთხვევაში გ. მ-ის მიმართ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის მეორე ნაწილი (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას) საკასაციო სასამართლო ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ აღნიშნულ საკანონმდებლო დანაწესთან მითითებულ დასკვნებს და განმარტებებს (საქმე №ბს-898(კ-19)), თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ იმ პირობებშიც კი, როდესაც არ არსებობს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადის დაცვის საჭიროება, ადმინისტრაციული ორგანო არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით დაადგინოს მოხელის ნამდვილი ნება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, როდესაც უდავოდ დასტურდება, რომ გ. მ-ი ჯერ კიდევ კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიუთითებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ პატაკის დაწერის თაობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების გზით გამოეკვლია და შეეფასებინა მოსარჩელის ნამდვილი ნება კადრების განკარგულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებულის განცხადება სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამინისტროს მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხორციელდება ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – მის ტოლფას თანამდებობაზე.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელე გ. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მისი სამსახურში აღდგენის თაობაზე. ამასთან, ვინაიდან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა გ. მ-ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე (კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მიღებული 2 თვის შრომითი გასამრჯელოს გამოკლებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში), შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ქ. ცინცაძე