საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-581(კ-21) 27 სექტემბერი, 2022 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ე.ი-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მესამე პირები - ს.ჩ-ა (საქმეში წარმოდგენილი 19.11.2019წ. გაცემული პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, ს.ა-ამ შეიცვალა გვარი), ე.ა-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ე.ი-მა 2019 წლის 4 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და ამავე ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 14 მაისის №2191 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე, №... საკადასტრო კოდის მქონე შენობა-ნაგებობით (...ში მდებარე სოფელ ...ში), მოსარჩელის საკუთრების უფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - განკარგულების გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმის განხილვაში მესამე პირებად ჩაებნენ ს.ა-ა და ე.ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.ი-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინებით ე.ი-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ი-მა, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ...ში, სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაზე გამოცხადებულ მეორე აუქციონში და აღნიშნული უძრავი ქონება შეიძინა სრულიად კანონიერად, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გააუქმა სადავო ბრძანება და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 35-ე, 69-ე, 71-ე მუხლებზე და საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, თუმცა არასწორად განმარტა ეს კანონი, რადგან არ გაითვალისწინა, რომ იძულებითი აუქციონის რამდენიმე ეტაპი ჩატარდა, უძრავი ქონება გაიყიდა და უკვე ჰყავდა მესაკუთრე. დასახელებულ გარემოებებზე მითითებით კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ივლისის განჩინებით ე.ი-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ი-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავი ნივთის შესაძენად ჩატარებული ხელახალი საჯარო აუქციონის გამოცხადებისა და მისი შედეგის გაუქმების კანონიერება, რომელზეც სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ნივთის შემძენი გახდა ე.ი-ი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საერთო სასამართლოების აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა. რაც შეეხება აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს, იმავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თუმცა ამავე კანონით გათვალისწინებულია აღსრულების შეჩერების საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება, კრედიტორის მოთხოვნით, ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს, თუ იგი არ მოითხოვს აღსრულების გაგრძელებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი პირდაპირ ადგენს კრედიტორის უფლებამოსილებას მოითხოვოს მისი განცხადების საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერება, თუმცა მხოლოდ ერთჯერადად და არა უმეტეს 3 თვის ვადით. კრედიტორისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ რეგულაციის დაწესებით კანონმდებელმა გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს და წარმართავს სწორედ კრედიტორის განცხადების საფუძველზე და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის იძულებით აღსრულების მიზნით. შესაბამისად, კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების მისივე განცხადებით შეჩერების შესახებ უფლებამოსილების მინიჭებაც, სწორედ კრედიტორის ინტერესებიდან გამომდინარეობს და მისი ინტერესების უპირატეს დაცვას ემსახურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღსრულებას დაექვემდებარა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორს წარმოადგენდა ს.ა-ა, ხოლო მოვალეს - ე.ა-ი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 5 აპრილს ს.ა-ამ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს და მოითხოვა დროებით (2 თვით) აუქციონზე არ ყოფილიყო გატანილი №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. 2019 წლის 8 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიიღო №A18134071-036/001 განკარგულება, რომლის თანახმად, შემძენის მიერ უძრავი ქონების ღირებულების გადაუხდელობის გამო გაუქმდა 2019 წლის 21 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგები და იმავე დღეს გამოცხადდა ხელახალი საჯარო აუქციონი. 2019 წლის 10 აპრილს კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა წერილით მიმართა ს.ა-ას და აცნობა, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე უკვე ჩატარდა პირველი აუქციონი და პირველი განმეორებითი აუქციონი, ასევე ჩატარებულ იქნა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომლის შედეგები გაუქმდა, ვინაიდან კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში შემძენმა არ გადაიხადა აუქციონზე გამოტანილი უძრავი ქონების ღირებულება. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, უძრავი ქონება აუქციონზე განთავსებულია ხელახლა. ამავე წერილით, განმცხადებელს განემარტა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსი და მიეთითა, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. იმავე დღეს, კერძოდ, 2019 წლის 10 აპრილს ს.ა-ამ კვლავ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და თანხის მოძიების მიზნით (...), აუქციონის შეწყვეტა, ასევე 3 თვის ვადით სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა. აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილევაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ს.ა-ას კვლავ უარი ეთქვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილებაზე მითითებით. ამის შემდეგ, 2019 წლის 8 აპრილს გამოცხადებული ხელახალი საჯარო აუქციონი ჩატარდა და უძრავი ქონება იმავე წლის 16 აპრილს გაიყიდა, რომლის მესაკუთრე გახდა ე.ი-ი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ცნო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ანიჭებდა უფლებამოსილებას საკუთარი ინიციატივით, სასამართლო კონტროლის გარეშე, განსაკუთრებული ვითარებისა თუ განსაკუთრებული შემთხვევის გამო, მიეღო გადაწყვეტილება იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდგომ ამ აუქციონის/სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ განუხილავს და შეუფასებია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი. შესაბამისად, იგი დღემდე მოქმედ რეგულაციას წარმოადგენს და კავშირი არ აქვს ძალადაკარგულად გამოცხადებულ ნორმებთან.
საკასაციო პალატა დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, ამასთან, დავის არსის თავისებურების გათვალისწინებით, რომ აღსრულებას დაქვემდებარებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა ყოფილ მეუღლეებს შორის საზიარო უფლება იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ასევე კრედიტორის - ს.ა-ას მიერ 2019 წლის 10 აპრილს წარდგენილი განცხადების არსებობის პირობებში მაშინ, როცა მესამედ გამოცხადებული ხელახალი საჯარო აუქციონი არ იყო ჩატარებული, აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებები ქმნიდა სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ...ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, ს.ა-ას მიერ განცხადების წარდგენისას, არ გაითვალისწინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულაცია, არასწორად მიუთითა ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველ პუნქტზე და უსაფუძვლოდ უთხრა უარი კრედიტორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რასაც შედეგად მოჰყვა ხელახალი აუქციონის ჩატარება და უძრავი ნივთის გასხვისება. აქვე მნიშვნელოვანია მიეთითოს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, ადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებას, გამოსცეს განკარგულება ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში გამოაცხადოს ახალი აუქციონი, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად. ამდენად, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას აღმასრულებლის მიერ განხორციელდა უკანონო სააღსრულებო მოქმედება, რასაც არსებითი გავლენა ჰქონდა აღნიშნული სააღსრულებო საქმის შედეგზე. ამასთანავე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 183 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უფლებამოსილება - თავისი ინიციატივით გააუქმოს აღმასრულებლის მიერ განხორციელებული სააღსრულებო მოქმედება, რაც მოპასუხემ მართებულად გამოიყენა და თავისი ინიციატივით გააუქმა, სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, ხელახალი საჯარო აუქციონის შედეგი. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რომლითაც მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება, აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე, ...ში მდებარე სოფელ ...ში №... საკადასტრო კოდის მქონე შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელე ე.ი-ის საკუთრების უფლების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არსებითად უკავშირდება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 14 მაისის №2191 ბრძანების კანონიერებას, რომლითაც გაუქმებულ იქნა იმ აუქციონის გამოცხადება და შედეგი, რომელზეც სარეალიზაციოდ გატანილი უძრავი ნივთის შემძენი გახდა ე.ი-ი. ამდენად, სადავო აქტის კანონიერების პირობებში, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის მასალების თანახმად, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის სააღსრულებო ფურცლის დედანი, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 8 ივლისს დაუბრუნდა ს.ა-ას. შესაბამისად, ამ ეტაპზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულებულია და ბიუროს აღარ გააჩნია აღსრულების ქვემდებარე აქტი, რაც სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და განხორციელების საფუძველს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ე.ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება;
3. ე.ი-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2021 წლის 14 ივლისს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე